დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.01.2026
საქმის ნომერი
ბს-806(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-806(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

დავის საგანი - უნებართვო მშენებლობის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „..-მა“ 15.11.2022 წელს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 26.08.2022 წლის №88 მითითების აქტისა და №154 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 30.08.2022 წლის №155 და №157 შემოწმების აქტების ბათილად ცნობა, უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისათვის შპს „...-ს“ დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 ბრძანების და მშენებლობის შეჩერების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.322225011 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 20.06.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 20.06.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისათვის შპს „...-ს“ დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 ბრძანება და მშენებლობის შეჩერების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.322225011 ბრძანება, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე შპს „...-ს“ მიმართ შეადგინა მითითება, რომლის მოთხოვნების შესრულების მიზნით გადაამოწმა შემთხვევის ადგილი და გამოსცა შემოწმების აქტები. საბოლოოდ კი, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება შპს „...-ს“ დაჯარიმებისა და მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითება და შემოწმების აქტი ერთად აღებული არის ადმინისტრაციული ორგანოს შუალედური აქტები, რომელთა საფუძველზეც სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად დამრღვევს აქვს გონივრული ვადა იმისთვის, რომ ნებაყოფლობით შეასრულოს ადმინისტრაციული ორგანოს მითითება. სწორედ აღნიშნული აქტები უქმნიან პირს დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას და იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ იქნება გამოსწორებული, წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შუალედურ აქტებს მივყავართ საბოლოო შედეგის მომტან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტამდე, შესაბამისად, მათი შეფასება უნდა მოხდეს ძირითადი აქტის კანონიერებასთან ერთობლიობაში, ვინაიდან სასამართლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების მიხედვით ადგენს მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ მითითების და შემოწმების აქტებზე, როგორც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, ვერ იმსჯელებდა და მათზე ყურადღებას გაამახვილებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 და №ბ32.322225011 ბრძანებების კანონიერების შეფასებისას. შესაბამისად, ხსენებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მითითების და შემოწმების აქტების თანახმად, ქალაქ მარნეულში ...ის ქ. №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია, რაც უარყო შპს „...-ს“ წარმომადგენელმა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. მარნეულში ...ის ქ. №...-ში მდებარეობდა არაერთი კომპანია და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედავებული რეკონსტრუქცია სხვა კომპანიის ფართში მიმდინარეობდა. სააპელაციო პალატამ საოქმო განჩინებით მხარეებს დაავალა ადგილზე ვიდეოგადაღება და შესაბამისი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, უძრავი ქონება, რომლის ვიდეოგადაღებაც მოხდა, ამჟამინდელი მდგომარეობით, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იყო მარნეულის ...ის ,,...-ის“ სარგებლობაში. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ვიდეოგადაღების პროცესში, აღნიშნა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა სწორედ მოცემულ ადგილზე, რასაც მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ წარმოდგენილ 01.07.2022 წლის იჯარის ხელშეკრულებაზე, სადაც მეიჯარედ დაფიქსირებულია შპს ,,...“, ხოლო მოიჯარედ შპს ,....“. საიჯარო ფართს წარმოადგენს სწორედ ის შენობა, რომელთან მიმართებაშიც შედგენილი და მიღებული იქნა სადავო აქტები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულება საყურადღებო იყო მისი დადების პერიოდისა და შინაარსის გათვალისწინებით. კერძოდ, ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფართი მოიჯარეს გადაეცემოდა კაპიტალურად გარემონტებულ მდგომარეობაში. ხელშეკრულებას თან ერთვოდა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 01.07.2022 წელს მეიჯარემ გადასცა ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობის მე-5 სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი - 725,37 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 748,63 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...). მოიჯარემ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონება გარემონტებულ მდგომარეობაში. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე ირკვევა, რომ შენობა-ნაგებობა, რომელთან დაკავშირებითაც 26.08.2022 წელს შედგა მითითება უნებართვოდ მიმდინარე რეკონსტრუქციის თაობაზე, გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცა მოიჯარეს - შპს ,,...-ს“ 01.07.2022 წელს, რომელიც კვლავ წარმოადგენს ფართის მოსარგებლეს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ ფართი 01.07.2022 წლის მდგომარეობით იმყოფებოდა გარემონტებულ მდგომარეობაში, მაშინ 26.08.2022 წლის მდგომარეობით მიმდინარე უნებართვო რეკონსტრუქციაზე აპელირება საპირისპიროზე მეტყველებს, რაც დადგენას და სათანადო შეფასებას საჭიროებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სარწმუნოდ უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტი და მასთან მიმართებაში შეფასება უნდა მიეცეს იჯარის ხელშეკრულებას, როგორც შინაარსობრივად, ისე ყურადღება უნდა გამახვილდეს მიღების პერიოდზე. ამასთან, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს 07.09.2022 წლის №ბ32.322225011 ბრძანების შეფასებაც იმ მხრივ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მშენებლობა იყო შეჩერებული, შესაბამისად, მასზე კონტროლი იმავე ორგანოს ევალებოდა, ხოლო ასეთი მოცემულობის პირობებში დღეს არსებული მდგომარეობით ფართი გარემონტებულ მდგომარეობაშია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. №...) ნამდვილად წარმოადგენს შპს „...-ს“ საკუთრებას. 26.08.2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის შემოწმება, რა დროსაც დაფიქსირდა დარღვევა. შესაბამისად, შპს „...-ს“ მიმართ შედგა მითითების აქტი და დამრღვევს სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოსადგენად განესაზღვრა 3 დღის ვადა. 30.08.2022 წელს შპს „...-ს“ მიმართ შედგა №157 შემოწმების აქტი და დადგინდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ხოლო ვინაიდან დამრღვევი ადგილზე არ იმყოფებოდა, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქტი გაკრულ იქნა ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება, რამეთუ იგი რეგისტრირებული არ იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში. კასატორი აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულების შესახებ არ იყო ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული იყო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, რომელსაც მხარეებმა სასურველი თარიღი მიანიჭეს. კასატორი თვლის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 და №ბ32.322225011 ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მათი გაუქმების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა ...გავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ...გავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-... სართულზე არსებული 854.61 კვ.მ. ფართი (ს.კ. №...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...-ს“ სახელზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, შპს „...-ს“ მიმართ 26.08.2022 წელს შედგენილია №88 მითითება, №... კოდის მქონე უძრავ ქონებაში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუქციის წარმოებისათვის. შპს „...-ს“ დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მშენებლობის კანონიერებაზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა 3 დღის ვადაში. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს „...-ს“ მიმართ 26.08.2022 წელს შედგა №154 შემოწმების აქტი, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მიმდინარე უნებართვო რეკონსტრუქციის შეჩერების შესახებ. ამავე სამსახურის მიერ შპს „...-ს“ მიმართ 30.08.2022 წელს შედგენილია №155 და №157 შემოწმების აქტები. შემოწმების აქტებში მითითებულია, რომ არ იყო შესრულებული №88 მითითების აქტი, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე მიმდინარე უნებართვო რეკონსტრუქციის თაობაზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.322225011 ბრძანების თანახმად შეჩერდა ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებული უნებართვო რეკონსტრუქცია სამართალდარღვევის ფაქტის აღმოფხვრამდე. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 ბრძანების თანახმად, უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისათვის შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2022 წლის №ბ32.32222508 ბრძანებით შპს „...“ დაჯარიმდა ქ. მარნეულში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაში უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისათვის. დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო დადგენილებით შპს „...“ უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმდა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელმაც უნებართვოდ აწარმოა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

ამრიგად, კანონმდებლობა ამომწურავად მიუთითებს იმ სუბიექტთა წრეზე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (სუსგ 21.01.2020 წლის №ბს-468-465(კ-17)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არსებული ობიექტის მშენებლობის ანდა რეკონსტრუქციის განხორციელების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად არ დადგენილა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თუ ვინ, როდის, რა მოცულობით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. მითითების და შემოწმების აქტებში ნახსენებია მხოლოდ სიტყვა „რეკონსტრუქცია“, რას მოიცავს აღნიშნული და კონკრეტულად რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მითითებული არ არის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო-სურათი, რომლებზეც ასახულია შენობის გაურემონტებელი ნაწილი, სავარაუდოდ დერეფანი, თუმცა კონკრეტულად რომელ სართულზე და რა ფართშია სურათები გადაღებული, არ დგინდება. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „...-ს“ კუთვნილი ფართი მდებარეობს შენობის მე-... სართულზე, მე-... სართულის საერთო ფართი არის 1272.866 კვ.მ., საიდანაც მოსარჩელის საკუთრებაშია სადავო 854.61 კვ.მ.. ამდენად, საქმეში დაცული ფოტო-სურათებით შეუძლებელია დადგენა თუ კონკრეტულად რომელ ფართში არსებული მდგომარეობაა მათზე აღბეჭდილი. სასამართლოსთვის წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით შპს „...-ს“ ფართში არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფართი კეთილმოწყობილია და არის მარნეულის ...ის სარგებლობაში. ამასთან, საქმეში დაცულია 01.07.2022 წლის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დგინდება, რომ შპს „...-მა“ როგორც მოიჯარემ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი იჯარის უფლებით გადასცა შპს „...-ის“ (მოიჯარეს). ამავე ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ფართი 01.07.2022 წელს მოიჯარეს გადაეცა გარემონტებულ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტები გამოცემულია ამავე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში და მითითებულია, რომ სადავო ფართში მიმდინარეობდა რემონტი. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებები ურთიერთშეუსაბამოა, შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენას საჭიროებს სამართალდარღვევის ფაქტი, მისი განხორციელების დრო, ასევე სამართალდამრღვევი სუბიექტის ვინაობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ამასთან, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მართებულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არსებითად შეაფასოს და განიხილოს როგორც მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, ასევე, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის იჯარის ხელშეკრულება. რაც შეეხება კასატორის აპელირებას იჯარის ხელშეკრულების სათანადო წესით დაურეგისტრირებლობასა და ხელშეკრულების სამართალდარღვევის ფაქტის შემდგომ დათარიღებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებული იყო 6 თვის ვადით, ამდენად, იგი არ ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 11.5 მუხლის შესაბამისად. ამასთან, დაუსაბუთებელია ხელშეკრულების თარიღის სიყალბეზე მითითება, რამეთუ სიყალბე უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს განაჩენით ან ექსპერტიზის დასკვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე