დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1298(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1298(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ. ა. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ა. ო-იმ 2024 წლის 23 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: „ფ. ა. ო-ისთვის საქართველოში ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 05 სექტემბრის N03/00006853/2024-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2024 წლის 19 სექტემბრის №01-449 ბრძანების ბათილად ცნობა, ფ. ა. ო-ის სახელზე ვიზის გაცემის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ. ა. ო-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ა. ო-იმა 2024 წლის 07 აგვისტოს N1000968767 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 08 აგვისტოს N1000968767 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ა. ო-ის 2024 წლის 07 აგვისტოს N1000968767 განცხადება და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2024 წლის 12 აგვისტოდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე. მითითებული გარემოებებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 08 აგვისტოს N1000968767 გადაწყვეტილების საფუძველზე ფ. ა. ო-ის წარმოეშვა ქვეყნის დატოვების ვალდებულება, შესაბამისად, აღარ არსებობდა მოპასუხე მხარის მხრიდან ვიზის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიუთითა, რომ ფ. ა. ო-ი ფლობდა საქართველოს ბინადრობის მოწმობას (იხ. ს.ფ. 58), რომლის საფუძველზეც მას საქართველოში კანონიერად ყოფნა შეეძლო 2024 წლის 11 ივლისამდე. 2024 წლის 11 ივლისის შემდგომ მას აღარ გააჩნდა საქართველოში ლეგალურად ყოფნის სამართლებრივი დოკუმენტი, რის გამოც ფ. ა. ო-ის მიერ ვერ იქნა შევსებული ხარვეზი საქმისწარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 05 სექტემბრის N03/00006853/2024-04 გადაწყვეტილებით, კანონიერად ეთქვა უარი ვიზის გაცემაზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოდან გასვლის გადავადება არის უცხოელის შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ისარგებლოს შეღავათით მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეძლოს საქართველოში ყოფნის აუცილებლობის განმაპირობებელი გარემოებების აღმოფხვრა იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს იმ ინტერესებს, რომლებსაც ხსენებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტაცია მითითებული კუთხით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის თაობაზე, რამდენადაც მითითებული სამართლებრივი ნორმა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისას გამოყენებულ საშეღავათო პირობის საქართველოს ვიზის გაცემის მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას არ ადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით საქართველოდან გასვლის გადავადების უფლება მოპოვებულია კონკრეტული მიზნით, რა მიზნითაც პირი იმყოფება საქართველოში და წარმოადგენს საქართველოდან გასვლის შეუძლებლობის განსაკუთრებული პირობის არსებობის დადასტურებას. შესაბამისად, საქართველოში ვიზის მოპოვების მიზნებისთვის, კანონით დადგენილი 45-დღიანი ვადის აღსადგენად ან შესავსებად აღნიშნული გადაწყვეტილების გამოყენება დაუშვებელია.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოში მყოფი უცხოელის მიერ საქართველოს ვიზის მიღებისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა სადავო შემთხვევაში, ფ. ა. ო-ისათვის განისაზღვრებოდა ბინადრობის ვადის მოქმედების პერიოდში (2024 წლის 11 ივლისამდე) და იგი არ შეიძლება შევსებულიყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 08 აგვისტოს №1000968767 გადაწყვეტილებით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის განსაზღვრული საშეღავათო ვადით, 2024 წლის 12 ოქტომბრამდე, როგორც ეს მოსარჩელე მხარეს აქვს გაგებული. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 05 სექტემბრის N03/00006853/2024-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. ა. ო-ის მიერ.

კასატორისთვის ბუნდოვანია ის გარემოებები, რომ ერთი მხრივ, სააგენტომ კასატორის მიმართ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნა, რაც პირდაპირ გულისხმობს კასატორის საქართველოში დარჩენის მიზნის არსებობას (სწავლის გაგრძელება), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ვიზის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ეს მიზანი აღარ არსებობდა ან ვერ დასტურდებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა სწავლის მიზნით, დღესაც აგრძელებს სწავლას და აღნიშნული ადასტურებს ვიზის გაცემის მიზნის რეალურად არსებობას. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ განაცხადი დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი, მიზნის არქონა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ მიზეზად. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ განუხილავს არსებითად, არის თუ არა სწავლა ის სამართლებრივი მიზანი, რომელიც ვიზის გაცემას უნდა ამართლებდეს. კასატორის მოსაზრებით, ვადის გასვლის ფაქტი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ავტომატურად აღარ არსებობდა ვიზის გაცემის მიზანი. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ იკვეთება მტკიცებულებათა და ნორმათა ანალიზი, შესაბამისად, განჩინება დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის/ყოფნის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობაა ვიზის მიღება, რომელსაც გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ვიზის გაცემასთან, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მითითებული „წესის“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია ვიზის კატეგორიები და ვიზის გაცემის ზოგადი პირობები, კერძოდ ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: დიპლომატიური (A კატეგორია); სპეციალური (B კატეგორია); ორდინალური (C კატეგორია); საიმიგრაციო (D კატეგორია); ტრანზიტული (T კატეგორია). „წესის“ მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე. ამავე „წესის“ 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტროს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემის მიზნით, სავიზო განაცხადი წარედგინება უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა. მითითებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სავიზო განაცხადის განხილვის დროს ვიზის გამცემი ორგანო იკვლევს, არსებობს თუ არა ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ამავე „წესის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო ვიზა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. ა. ო-ი არის ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე. შპს ა...ის 2024 წლის 05 აგვისტოს N2002/01-01-4008 ცნობის თანახმად, ა...ის ... ფაკულტეტის დიპლომირებული ...ის (...) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ფ. ა. ო-ი 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებულია მე-... სემესტრის სტუდენტად. სწავლის დამთავრების ვადა: ....

დადგენილია აგრეთვე, რომ ფ. ა. ო-იმა 2024 წლის 07 აგვისტოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე N1000968767 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 08 აგვისტოს N1000968767 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ა. ო-ის 2024 წლის 07 აგვისტოს N1000968767 განცხადება და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2024 წლის 12 აგვისტოდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2024 წლის 21 აგვისტოს ფ. ა. ო-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და მოითხოვა საქართველოს ვიზის გაცემა. 2024 წლის 26 აგვისტოს, საკონსულო დეპარტამენტის მიერ ფ. ა. ო-ის გაეგზავნა შეტყობინება საქმისწარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით და 5 დღის ვადაში მოეთხოვა წარედგინა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი 2024 წლის 11 ივლისის შემდგომ ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 05 სექტემბრის სადავო N03/00006853/2024-04 გადაწყვეტილებით ფ. ა. ო-ის უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღარ არსებობდა, ან ვერ დასტურდებოდა მიზანი, რომლის უზრუნველსყოფადაც უნდა გაცემულიყო საქართველოს ვიზა. აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 2024 წლის 09 სექტემბერს ფ. ა. ო-ია ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 19 სექტემბრის სადავო №01-449 ბრძანებით, ფ. ა. ო-ის 2024 წლის 09 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოდან გასვლის გადავადების გამო, ქვეყნის დატოვების ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება გულისხმობს, რომ უცხოელს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა და ერთჯერადად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის შესაბამისად, გადაუვადდა გასვლა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო ესაჭიროება დამატებითი დრო საქართველოდან გამგზავრების ორგანიზებისათვის და არა საქართველოში დარჩენის შესაძლებლობების მოძიებისათვის (სუსგ 2025 წლის 9 დეკემბრის საქმე N1082(კ-25).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელის მიერ საქართველოში საიმიგრაციო ვიზის მოპოვების პროცესუალური წინაპირობაა მისი ქვეყანაში კანონიერად ყოფნა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ბინადრობის ვადის ამოწურვის შემდგომ მსგავსი უფლებამოსილება აღარ გააჩნდა. საგულისხმოა, რომ კასატორს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა 2024 წლის 11 ივლისს (იხ. ს.ფ. 58), ხოლო საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2024 წლის 12 აგვისტოდან. აღნიშნული ადასტურებს, რომ სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის, კასატორს უკვე დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის უწყვეტობის პრინციპი. გასვლის ვალდებულების გადავადება (12 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე) თავისი არსით არის არა ყოფნის უფლების აღდგენა, არამედ ქვეყნის დატოვების პროცედურული გაგრძელება, რაც გამორიცხავს ახალი ვიზის გაცემის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება წარმოადგენს სპეციალურ საშეღავათო რეჟიმს. მისი მიზანია არა პირის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა ან ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება ახალი ნებართვების მისაღებად, არამედ მხოლოდ გარანტიების შექმნა იმ პირისთვის, რომელსაც უკვე წარმოეშვა ქვეყნის დატოვების იმპერატიული ვალდებულება, თუმცა ობიექტურ მიზეზთა გამო სჭირდება დამატებითი დრო ქვეყნის დასატოვებლად. შესაბამისად, საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება იმ კანონიერი ყოფნის დამადასტურებელ საბუთად, რომელიც არსებითია საქართველოს ვიზის მისაღებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კასატორის მიერ სავიზო განაცხადის წარდგენა იმ დროს, როდესაც მას უკვე წარმოშობილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულება, წარმოადგენდა ვიზის გაცემაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

გარდა ამისა საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხოელმა საქართველოს ვიზის მისაღებად შესაბამის ორგანოს უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა. აღნიშნული პირობა, მოცემულ საქმეზე, მოსარჩელის მიერ დარღვეულია, კერძოდ, მან ვიზის მიღების მოთხოვნით სამინისტროს მიმართა 2024 წლის 21 აგვისტოს, მას შემდეგ რაც უკვე წარმოეშვა ქვეყნის დატოვების ვალდებულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სწავლის გაგრძელების სურვილისა, მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება და სურვილი ვერ იქნება კანონით იმპერატიულად დადგენილი წესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. საკასაციო პალატა აგრეთვე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ვიზის გაცემის მიზანს განიხილავს კანონიერად ყოფნის ვადის ფარგლებში. ვადის გასვლის შემდგომ სწავლის გაგრძელების სუბიექტური სურვილი ვერ წარმოშობს ვიზის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, არსებობდა საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფ. ა. ო-ის (F. A. O-I, დაბადებული: ...წ., პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს 2025 წლის 13 ნოემბრის №30339953158 საგადახდო დავალებით შპს „მ...ს“ (ს/ნ: ...) მიერ ფ. ა. ო-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება;

3. ფ. ა. ო-ის (F. A. O-I, დაბადებული: ...წ., პასპორტის №...) დაუბრუნდეს 2025 წლის 13 ნოემბრის №30339953158 საგადახდო დავალებით შპს „მ...ს“ (ს/ნ: ...) მიერ ფ. ა. ო-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე