დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1141(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1141(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ.ი-ე, ნ.ბ-ე

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ი-ემ და ნ.ბ-ემ 23.05.2022 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.04.2022 წლის №709 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, ფართობით 3898 კვ.მ., (მდებარე: ქ. თბილისი, ..., №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ) აღიარებულ იქნება გ.ი-ის და ნ.ბ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023 წლის გადაწყვეტილებით გ.ი-ის და ნ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ი-ის და ნ.ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილებით გ.ი-ის და ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ი-ის და ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.04.2022 წლის №709 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 15.04.2022 წლის №709 განკარგულებით, გ.ი-ესა და ნ.ბ-ეს უარი უთხრა ქ. თბილისში, ...ში, №...-ის მიმდებარედ 3898 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო აქტით დასტურდება, რომ კომისიის უარი დაეფუძნა მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის საზ. მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმას, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გ.ი-ისა და ნ.ბ-ის განცხადება, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, რომლის 05.03.2021 წლის №16-01210641057 წერილით კომისიას ეცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა სარეკრეაციო (რზ-2) ზონა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხსენებული გარემოება არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია, უარი დააფუძნა იმ ფაქტს, რომ 1991 წლის მდგომარეობით მიწა საძოვარს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტებს წარმოდგენილი ჰქონდათ 17 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე - საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამ თვალსაზრისით საქმე არ განუხილავს, არ შეუსწავლია შესაბამისი გარემოებები. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სააპელაციო შესაგებელი შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც გააქარწყლებდა აპელანტების პოზიციას მასზედ, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენისა და შეფასების გარეშე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეთა განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ 1991 წლის გეგმაზე ფორმალური მითითებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობას აწესრიგებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილება, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საძოვრის დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არ ხდება საკუთრების უფლების აღიარება. კასატორმა მიუთითა, რომ 1991 წლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს, თუმცა არ არსებობდა მსგავსი ტიპის ნორმატიული აქტი, რომელიც წინამდებარე გენერალური გეგმის ძალადაკარგულობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის შესახებ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები და საქმეში დაცული მტკიცებულებები. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას აპელანტების მიერ წარდგენილ ამონაწერებზე და აღნიშნავს, რომ იმის დასადგენად იმყოფებოდნენ თუ არა აპელანტები ამონაწერებში მითითებული პირების იდენტურ მდგომარეობაში, სასამართლოს უნდა შეესწავლა თითოეულ საქმეზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც მას არ გამოუკვლევია. კასატორის მოსაზრებით, სადავო განკარგულების მიღებისას კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო იმ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდა დავის საგანთან. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილება დასაბუთებულია და განმარტებულია თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 10.02.2020 წელს გ.ი-ემ და ნ.ბ-ემ №... განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ (3898 კვ.მ.), უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მოითხოვეს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2020 წლის №... მიმართვით, ვინაიდან დაინტერესებული პირების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, გადაეგზავნა გ.ი-ისა და ნ.ბ-ის განცხადება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გ.ი-ის და ნ.ბ-ის განცხადება, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 05.03.2021 წლის №16-01210641057 წერილის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ში, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ 3898 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა სარეკრეაციო (რზ-2) ზონა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.03.2022 წლის №17 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-19 საკითხი), გ.ი-ეს და ნ.ბ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის საზ. მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. შესაბამისად, „საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.03.2022 წლის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე, კომისიამ 15.04.2022 წელს მიიღო №709 განკარგულება, რომლითაც გ.ი-ესა და ნ.ბ-ეს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ...ში, №...-ის მიმდებარედ 3898 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მე-2 მუხლის "გ" ქვ.პ.).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონის ...ის მეცხოველეობის საზ. მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით სადავო ტერიტორია წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისიის გადაწყვეტილება. მართალია, 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის ნაკვეთს, თუმცა ამავდროულად საქმეში დაცულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 05.03.2021 წლის წერილი, რომლის თანახმად მითითებულ ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა სარეკრეაციო (რზ-2) ზონა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.07.2022 წლის წერილის მიხედვით, მიწათსარგებლობის გეგმა მოიცავს მხოლოდ 1991 წლის ჩათვლით არსებულ ინფორმაციას, შემდგომ პერიოდზე ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ არის. შესაბამისად, მითითება სადავო მიწის ნაკვეთის კატეგორიის გამო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ, ატარებს ფორმალურ ხასიათს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შესწავლილი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად რეგისტრირებულია კერძო პირთა საკუთრება, რომელთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არ ჩაითვლება თანასწორობის პრინციპის დარღვევად, თუ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი (იხ. სუსგ 08.04.2020 წლის №ბს-1163(კ-18)). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ ირკვევა თუ რამ განაპირობა განსხვავებული მიდგომა სადავო საქმეზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.03.2022 წლის №17 სხდომის ოქმის თანახმად, გ.ი-ე მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა 2006 წელს აშენდა მოსარჩელეების მიერ. სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია დანგრეული შენობა-ნაგებობებიც, რომლებიც დანგრევამდე გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვის დამუშავებისათვის. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების (აშენებული, დანგრეული) სამართლებრივი მდგომარეობა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეისწავლა ზემოთ მოყვანილი საკითხები, რაც მოწმობს სადავო აქტების გამოცემაას სზაკ-ის 53-ე, 96-97-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ამასთან, მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებით აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, აღნიშნული თავის მხრივ არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კვლავ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ. 20.04.06წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.18წ. №ბს-368-368(კ-18); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18), 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ხელახლა ჩატარება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე