დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-154(კ-23) 26 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. შ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი – შპს „გ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კ. შ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის 29.03.2021 წლის №16033045/828829 ბრძანების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო ბრძანება“) ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 01.03.2016 წელს მოპასუხეს განცხადებით მიმართა აპლიკანტმა შპს „კ...მა“ რესპონდენტის - მოსარჩელის მიმართ. განცხადებით მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება, 2529.82 ლარის დაკისრების მიზნით.
2.2. გ...ის დირექტორის მიერ 01.02.2016 წელს გაცემული ცნობის თანახმად, 19.02.2015 წელს სს „გ...ში“ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ სს „პ...დან“ განაღდებული თანხის შესაბამისი ტრანზაქცია შპს „კ...ის“ სერვისის სასარგებლოდ, თანხა - 300 ლარი.
2.3. სადავო ბრძანების თანახმად, რესპონდენტს - მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2529.82 ლარის ოდენობით აპლიკანტის - შპს „პ...ს“ მიმართ. მოპასუხის 08.07.2021 წლის №16033045/828829 ბრძანების თანახმად, სადავო ბრძანებაში შესწორდა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, აპლიკანტის შპს „პ...ს“ ნაცვლად მიეთითა შპს „გ...“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - დაეკისროს რესპონდენტს - მოსარჩელეს დავალიანების გადახდა 2529.82 ლარის ოდენობით აპლიკანტის - შპს „გ...ს“ მიმართ.
2.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში სსსკ) დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. სასამართლომ აქვე მიუთითა სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 73-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებზე.
2.5. დადგენილია, რომ 19.09.2018 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა №... შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. დგინდება, რომ მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, ადრესატს - მოსარჩელეს გზავნილი რამდენჯერმე არ ჩაჰბარდა. მოსარჩელეს გზავნილი არ ჩაჰბარდა არც შემდეგ მისამართზე - თბილისი, ...ს №6. საბოლოოდ, შეტყობინება, დათარიღებული 27.01.2021 წლით, მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, - მიტანილია 11 საათსა და 33 წუთზე. ასევე, დადგენილია, რომ №... შეტყობინება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაგზავნილია შპს „ს...ის“ მეშვეობით.
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 2021 წელს შეცვლილი იყო გზავნილების ჩაბარების ფორმატი, კერძოდ, აღნიშნული ხდებოდა ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. სწორედ აღნიშნულით აიხსნება 27.01.2021 წლის გზავნილზე კურიერის მითითება, რომ გზავნილი პირადად გადაეცა ადრესატს.
2.7. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კურიერი - ე. ს-ა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის გზავნილის გადაცემის მიზნით, რამდენჯერმე იმყოფებოდა მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, თუმცა ადრესატი არ იმყოფებოდა სახლში. მანვე მიუთითა, რომ, როგორც მეზობლებისგან გაიგო, მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე წლებია არ ცხოვრობს. ამასთან, მოწმემ ვერ გაიხსენა კონკრეტულად 27.01.2021 წელს პირადად მოსარჩელისთვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი.
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდებოდა ადრესატისთვის - მოსარჩელისთვის მოპასუხის შეტყობინების გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულება (შპს „ჯ...ს“ მენეჯერის მიერ 19.06.2021 წელს გაცემული №11 ცნობა), რომლითაც დგინდება, რომ იგი 27.01.2021 წელს იმყოფებოდა თბილისში, შპს „ჯ...ს“ ...ზე მდებარე ობიექტზე. აღნიშნული დადასტურებულია ობიექტზე არსებული ყოველდღიური აღწერის ჟურნალითაც. სასამართლომ მხედველობაში მიიღო კორონავირუსის გავრცელების პირობებში დაწესებული გზავნილის ჩაბარების განსხვავებული წესი, თუმცა მოწმის ჩვენების, მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში, ადრესატისთვის შეტყობინების ჩაბარების საკითხი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინაიდან ეჭვქვეშ დგებოდა საფოსტო უკუგზავნილში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რესპონდენტს შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რის გამოც, არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. დადგენილია, რომ გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევამდე მოსარჩელეს შეტყობინება გაეგზავნა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მისამართზე უშედეგოდ, კერძოდ, მისამართზე - თბილისი, ...ს 6, სადაც ჩაბარება ვერ მოხერხდა ბინის ნომრის მიუთითებლობის გამო; მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, ადრესატს გზავნილი ასევე რამდენჯერმე არ ჩაჰბარდა და კურიერის მითითებით, დატოვა შეტყობინება. საბოლოოდ, შეტყობინება, მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, მიტანილ იქნა 11 საათსა და 33 წუთზე. უკუგზავნილი მიმღების ხელმოწერას არ შეიცავს პანდემიიდან გამომდინარე პირდაპირი კონტაქტის გარეშე გზავნილის ჩაბარების განსხვავებული წესის გამო.
4.2. პალატის მითითებით, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებულად ჩათვლა, უპირველესად, გულისხმობს გზავნილის მიტანას ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. დადგენილია, რომ „კ...იდან“ თანხის მიღების დროისთვის მოსარჩელის მიერ მითითებული იყო მისამართი - თბილისი, ...ს 6. გამარტივებული წარმოების დაწყებისას აპლიკანტის მიერ რესპონდენტის ერთ-ერთ პირველად მისამართად ასევე მითითებულია - თბილისი, ...ს 6. გარდა ამისა, განაცხადში აღნიშნულია მოსარჩელის მობილურის ნომერიც, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც სატელეფონო კავშირი არ განხორციელებულა მასთან ბინის ნომრის დაზუსტების მიზნით და ამ მისამართზე არც განმეორებით ვიზიტს არ ჰქონია ადგილი.
4.3. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული კურიერის - ე. ს-ას განმარტებაზე, ასევე - მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს „ჯ...ს“ 19.06.2021 წლის ცნობაზე, რომლის თანახმად, 27.01.2021 წელს მოსარჩელე იმყოფებოდა შპს „ჯ...ს“ ...ზე მდებარე ობიექტზე; ამავეს ადასტურებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაცია და ყოველდღიური აღწერის ჟურნალი, რომლის მიხედვით, 27.01.2021 წელს, 13:00 საათზე, თაბორზე, სამუშაო ყოველდღიური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ მუშებსა და ხელოსნებს, მათ შორის, მოსარჩელეს.
4.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა ადრესატისთვის - მოსარჩელისთვის მოპასუხის შეტყობინების გადაცემის ფაქტი. ამდენად, ადრესატისთვის შეტყობინების ჩაბარების საკითხი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინაიდან ეჭვქვეშ დგებოდა საფოსტო უკუგზავნილში მითითებული ინფორმაციის სისწორე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც რესპონდენტისთვის შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარება ვერ დადასტურდა, არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის 29.03.2021 წლის ბრძანების კანონიერებას იმ საფუძვლით, რომ იგი ინფორმირებული არ იყო მის მიმართ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.
9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
10. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება სსსკ-ით დადგენილი წესით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელების გამო, გადახდევინების ბრძანების გამოცემის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დასტურდება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარება (სუსგ №ბს-494(კ-25), 17.09.2025წ.). მხარეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის, შეტყობინების, წინადადების, გადაწყვეტილებისა და სხვა დოკუმენტების სააღსრულებო წარმოების მხარეებისათვის ჩაბარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (სუსგ №ბს-610(კ-23), 23.04.2024წ.).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კანონის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს რამდენჯერმე არ ჩაჰბარდა. საბოლოოდ, შეტყობინება მოსარჩელისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა შპს „ს...ის“ საფოსტო უკუგზავნილზე დაყრდნობით (იხ. შესაგებელი (ს.ფ. 72) და საკასაციო საჩივარი (ს.ფ. 329)), რომელზეც მითითებულია, რომ გზავნილი, მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, 27.01.2021 წელს, 11:33:41 საათზე, ადრესატს - მოსარჩელეს ჩაჰბარდა პირადად, თუმცა მიმღების ხელმოწერას დოკუმენტი არ შეიცავს (ს.ფ. 130).
14. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ჯ...ს“ 19.06.2021 წლის ცნობაზე, რომლის თანახმად, 27.01.2021 წელს მოსარჩელე იმყოფებოდა შპს „ჯ...ს“ ...ზე მდებარე ობიექტზე, რასაც ადასტურებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაცია (ყოველდღიური ინსტრუქტაჟი) და ყოველდღიური აღწერის ჟურნალი (ს.ფ. 43). სამუშაოს ყოველდღიური ინსტრუქტაჟის მიხედვით, 27.01.2021 წელს, 13:00 საათზე, თაბორზე, ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ მუშებსა და ხელოსნებს, მათ შორის, მოსარჩელეს (ს.ფ. 44). ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული კურიერის - ე. ს-ას განმარტების თანახმად, მოსარჩელისთვის გზავნილის გადაცემის მიზნით, რამდენჯერმე იმყოფებოდა მისამართზე - ზუგდიდი, ...ს ჩიხი №8, თუმცა ადრესატი არ იმყოფებოდა სახლში. მანვე მიუთითა, რომ, როგორც მეზობლებისგან გაიგო, მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე წლებია არ ცხოვრობს. ამასთან, მოწმემ ვერ გაიხსენა კონკრეტულად 27.01.2021 წელს პირადად მოსარჩელისთვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი.
15. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელისთვის შეტყობინების გადაცემის ფაქტი და საეჭვოა საფოსტო უკუგზავნილში მითითებული ინფორმაციის სისწორე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მხარისათვის სსსკ-ით დადგენილი წესით ჩაუბარებლობა დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია (შდრ. სუსგ №ბს-494(კ-25), 17.09.2025წ; №ბს-160(კ-24), 17.09.2024წ; №ბს-349(კ-22), 17.05.2023წ; №ბს-875(კ-20), 25.03.2021წ.), ამრიგად, სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022 წლის განჩინება.
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ: 205263873) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №02075, გადახდის თარიღი 02.02.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე