დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბ-92-6(ა-26)
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-92-6(ა-26) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

განმცხადებელი - გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება; უსწორობის გასწორება;

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება საქმეზე ბს-592(კს-22)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერის დამატებით განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2022 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით განმცხადებელ გ. ბ-ეს განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა საპროცესო ვადა 7 დღე, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა განცხადებაში მიეთითებინა: ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებაზე; ბ. იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით და რა ფარგლებში მოითხოვდა განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; გ. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, განცხადება დარჩებოდა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო; ხოლო გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ. ბ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული და ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში, ასევე - შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლე მაია ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი. ამავე განჩინებით გ. ბ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2022 წლის 12 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა - გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ. ბ-ე გათავისუფლდება კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. ამავე განცხადებით კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილება მოითხოვა. ამასთან, 2022 წლის 12 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა განცხადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას წაერთვა უფლება სააპელაციო სასამართლოს იმავე განჩინების გასაჩივრებისა; გ. ბ-ეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2026 წლის 23 იანვარს გ. ბ-ემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა 2022 წლის 27 მაისის განჩინებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. გარდა ამისა, მხარემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე და ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა; კერძოდ, გ. ბ-ე მიუთითებს, რომ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტი დედნის ძალის მქონეა და საქმეში არსებულ მონაწილე მხარეთა რაოდენობის შესაბამისი ეგზემპლარის ატვირთვა დამატებით საჭირო არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის მიერ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული; ამასთან, არ უნდა დაკმაყოფილდეს გ. ბ-ეის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების გაუქმებას, რომლითაც გ. ბ-ეის კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი. ამავე განჩინებით გ. ბ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, გ. ბ-ეს ხარვეზი ჩაერთვალა შევსებულად; ხოლო განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ზემოაღნიშნულ კანონისმიერ საფუძველთაგან არცერთი არ არის წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ეის განცხადებაში მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. მითუფრო, 2022 წლის 27 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ჩაითვალა აღმოფხვრილად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი დამატებით მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, კერძოდ კერძოდ, გ. ბ-ე მიუთითებს, რომ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტი დედნის ძალის მქონეა და საქმეში არსებულ მონაწილე მხარეთა რაოდენობის შესაბამისი ეგზემპლარის ატვირთვა დამატებით საჭირო არ არის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც გადაწყვეტილების, ასევე განჩინების გამოტანის შემდეგ, იმავე სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების შესახებ ახალი განჩინების მიღებით შესაძლებელია გასწორდეს მხოლოდ იმგვარი ხასიათის მექანიკური ან/და არითმეტიკული შეცდომა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილების შინაარსს და გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, კერძოდ, ასეთად მოიაზრება ცალკეული სიტყვის, მაიდენტიფიცირებელი მონაცემის, თარიღის არასწორი მითითება და არა დადგენილი ფაქტის ან სამართლებრივი შეფასების შეცვლა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, ხოლო თუ საკითხი შეეხება არსებითი ხასიათის შეცდომის დაშვებას, მისი გასწორების კომპეტენცია, გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი ინსტიტუტის გათვალისწინებით, მინიჭებული აქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში დაშვებული მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის 27 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ჩაითვალა აღმოფხვრილად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის №ბს-592(კს-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო და გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის №ბს-592(კს-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა