დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1087(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ხ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ნ. ჩ-ი, ვ. ჩ-ი, გ. ჩ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 30 აგვისტოს ნ. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ნ. ჩ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ვლ. ჩ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ვლ. ჩ-ის უფლემონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და ვლ. ჩ-ის უფლებამონაცვლეეებად ცნობილ იქნენ გ. ჩ-ი, ნ. ჩ-ი და ვ. ჩ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ნოემბრის №... და 2021 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვისას 06.11.2018 წლის №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების ფარგლების შესწავლა, მათ შორის, ფაქტობრივი მდგომარეობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების არსებობა, მისი კონფიგურაცია და საზღვრები, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის გაჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვლ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ის, უფლების დამდგენი დოკუმენტების - საკომლო წიგნის ჩანაწერებისა და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნიათ საკუთრების უფლება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ხოლო ნ. ხ-ის საკუთრებაში ერიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 68 კვ.მ, №1 შენობა-ნაგებობით, საერთო ფართი 47.2 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 30.11.2018 წელი. საარქივო ცნობა №39/152378.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის კანონიერებას, რომლითაც მისი განმარტებით საერთო სარგებლობის გზა მოექცა მესამე პირების საკუთრებაში. ვლ. ჩ-იმა (ამჟამად გარდაცვლილია) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2014 წლის 25 თებერვლის № ... გადაწყვეტილებით დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დაირეგისტრირა საკუთრების უფლება 1148 კვ.მ უძრავი ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო №AA2014001747-04 საარქივო ცნობა (გაფორმების თარიღი: 23/01/2014, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი კასპის არქივი) და ჩუქების ხელშეკრულება №1-248 (გაფორმების თარიღი: 07/05/1999, ნოტარიუსი რ. ზ-ი).
2014 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, ვლ. ჩ-ის ქონების საკადასტრო აღწერის მიხედვით, მისი საცხოვრებელი სახლის ფართობია 124.40 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 187.56 კვ.მ, ნაგებობის ფართობი 44.28 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 60.76 კვ.მ, მთლიანი ფართობი 1147.77 კვ.მ, დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ამ ქონების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები/მესაკუთრეები: ვ. მ-ი, ნ. ხ-ი, გზა, ი. ა-ი, საკადასტრო აღწერას ესწრებოდნენ: გ. დ-ი, ლ. დ-ი და ვლ. ჩ-ი.
2018 წლის 05 ნოემბერს №... ნ. ჩ-ის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. წარდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი 1/3-ზე ნაკლებად იცვლიდა კონფიგურაციას. საჯარო რეესტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (06.11.2018) გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, შეიცვალა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია (ფართობი: 1148 კვ.მ) და მესაკუთრის გრაფაში ვლ. ჩ-ითან (4/5 წილი) ერთად მიეთითა ნ. ჩ-ი 1/5 წილით.
საქმეზე წარმოდგენილია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები 2014 წლის 25 თებერვლის № ... და 2018 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების მიხედვით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მათი კონფიგურაცია განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სადავო ფართი არ იყო ასახული 2014 წლის 25 თებერვლის №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ უძრავ ქონების შემადგენლობაში. მიწის ნაკვეთის აღნიშნული ნაწილი დარეგისტრირდა მხოლოდ 2018 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად (არსებითად) შეიცვალა №... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები.
სააპელაციო პალატის მითითებით, საარქივო ცნობა არ შეიცავდა ზუსტ საკადასტრო მონაცემებს და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მასთან დაცული მონაცემებით გადაემოწმებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების და ნახაზების სისწორე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მახასიათებლები, იდენტურობის დასადგენად მასალები უნდა გადაგზავნოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უკვე რეგისტრირებულ მონაცემში განხორციელდა ცვლილება და 2014 და 2018 წლის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მათ შორის, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებიც.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მარეგისტრირებელ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით არ გამოურკვევია წარმოადგენდა თუ არა სადავო მიწის მონაკვეთი საერთო სარგებლობის გზას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისის მიერ 2018 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გორის რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ე.წ. საერთო სარგებლობის გზის არსებობა/არარსებობაზე და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ ცვლილების რეგისტრაცია, რა დროსაც შეიცვალა ნაკვეთის კონფიგურაცია და საკადასტრო მონაცემები, თავისთავად გამორიცხავს რეგისტრაციის კანონიერებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გორის რაიონული სასამართლო თავის მოტივაციას მთლიანად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 06 ნოემბრის №o... გადაწყვეტილებით, „მნიშვნელოვნად (არსებითად) შეიცვალა ... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები", თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგო. სააგენტოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 (მე-2 პრიმა) პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-5-4 (კ-17) დასაშვებად მიიჩნია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. აგრეთვე, „მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მონაცემების კორექციას“ („სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის (2019 წლის 19 დეკემბერი №o5500-Iს) განმარტებითი ბარათი).
კასატორი აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ მტკიცების ტვირთი მთლიანად გადააკისრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა და მიუთითა ვერცერთ სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომლითაც გაამყარებდა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქმეში არსებული უმინიშვნელოვანესი მტკიცებულება - მესამე პირმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს დაურთო ...ს მეცხოველეობის სოფლის მეურნეობისადმი 1986 წლის 30 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული თუ ვის საკუთრებაში დარჩა მისასვლელი გზა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ნ. ხ-ის მამის - გ. ხ.-ს ძე ხ-ის თხოვნა დაკმაყოფილდა და დაუმტკიცდა მემკვიდრეობით მამისაგან ხ. გ.-ს ძე ხ-ისაგან 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ამჟამად რეგისტრირებულია ... კოდით), მარანი 60 კვ.მ (კოდი ...) და 300 კვ.მ (კოდი ...). ამავე ბრძანებით გადაწყდა, რომ კომისიის წევრების აზრით უნდა დაკმაყოფილებულიყო გ. ხ-იის თხოვნა და მას თავის (გ.ხ ხ-იის) მარანში მისასვლელი გზით ესარგებლა ვ. ჩ-ის (ვ. ჩ-ის მემკვიდრე არიან ნ. და ვ. ჩ-იები) სამანქანე გზიდან. აღნიშნული დოკუმენტი ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ნ. ხ-ის, როგორც გ. ხ-ის მემკვიდრეს მარანში მისასვლელი გზა გადაეცა სარგებლობის უფლებით, ხოლო თავად ვლ. ჩ-ის აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საკუთრების უფლებით. ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო ტერიტორია არის დაუდგენელი, რადგან თავად ნ. ხ-ის არც საჯარო რეესტრში და არც სასამართლო სხდომების ეტაპზე არ წარმოუდგენია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი, რაც ცხადყოფდა თუ რა ნაწილი იყო სადავო, თუმცა სასამართლომ ასეთი ნახაზის წარმოუდგენლად და სადავო ფართის ზუსტად დაიდენტიფიცირების გარეშე იმსჯელა მიწის ნაკვეთზე ჩ-იების საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზეც, რომ თავად მოსარჩელეს სადავო უძრავ ნივთზე (არც მის ნაწილზე) არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოსარჩელე აცხადებს, რომ მისი მიზანი არის სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უზრუნველყოფა, რადგან მის კუთვნილ მარანთან მისასვლელი გზა, სადავო რეგისტრაციით მოესპო. ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი ინტერესი მოითხოვოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლებით განსაზღვრულია სერვიტუტის ინსტიტუტი (მუხლი 247 სერვიტუტი; მუხლი 180 – აუცილებელი გზა), რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოსარჩელემ კანონიერად გამოიყენოს სხვისი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების გაუქმების გარეშე. დამატებით, აღნიშნული მუხლები უზრუნველყოფს, რომ მოსარჩელეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით, რაც უზრუნველყოფს სხვისი ნაკვეთით სარგებლობას, აღნიშნულზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სამართლებრივი საფუძველს მოკლებულია.
კასატორი მიუთითებს საქმეზე თანდართულ ... (წინა საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო კოდის მქონე საკადასტრო გეგმაზე, რომელიც მხარეთა განმარტებით წარმოადგენს მარანს, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ. ხ-ის საკუთრების უფლებით. წარმოდგენილი საკადასტრო გეგმითა და სიტუაციურ ნახაზებით ნათლად დგინდება, რომ ნ. ხ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა მდებარეობს გზის პირას და წინ დაახლოებით 2 მეტრის თავისუფალი მიწის ნაკვეთია დარჩენილი. ნათელია, რომ სურვილის შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა კუთვნილ მარანში შესასვლელად გამოიყენოს გზის პირიდან 2 მეტრის დაშორებით არსებული, მის საკუთრებაში რეგისტრირებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი (ეზოში და შემდგომ მარანში შესასვლელად კარი მოაწყოს გზის მხრიდან). მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ მარნამდე მისასვლელი გზის არ არსებობის გამო ითხოვს ... (წინა საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ნ. ჩ-ის წარმომადგენელის - ლ. ჩ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება და ცვლილება შევიდა ხსენებული უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, შეიცვალა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია (ფართობი: 1148 კვ.მ) და მესაკუთრის გრაფაში ვლ. ჩ-ითან (4/5 წილი) ერთად მიეთითა ნ. ჩ-ი 1/5 წილით (რეგისტრაციის საფუძვლები: ჩუქების ხელშეკრულება №1-248, გაფორმების თარიღი: 07/05/1999, ნოტარიუსი რ. ზ-ი; საარქივო ცნობა №AA2014001747-04, გაფორმების თარიღი: 23/01/2014, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი კასპის არქივი; სამკვიდრო მოწმობა №181234442, გაფორმების თარიღი: 05/10/2018, ნოტარიუსი ნ.კ-ი).
მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული სარეგისტრაციო ცვლილებით მის სარგებლობაში არსებულ მარანთან მისასვლელი გზა და მარნის შესასვლელი კარი მოექცა მესამე პირების - ნ. ჩ-ის და ვლ. ჩ-ის საკუთრებაში. აღნიშნული რეგისტრაციით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კერძოდ შეეზღუდა მის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებასთან და მარანთან მისასვლელი გზით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მითითებით, მარანს შესასვლელი კარი აქვს საერთო სარგებლობის გზის მხრიდან და რადგან ნ. ჩ-ის საკუთრებაში აღირიცხა ეს ტერიტორია, შეუძლებელი გახდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობასთან არამარტო ავტომანქანით, არამედ ფეხით გადაადგილებაც.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების მიღმა დატოვა საკითხის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი არაერთი გარემოება. საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საყურადღებოა ...ს სახალხო კოლმეურნეობის გამგეობის 1957 წლის 05 ოქტომბრის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, 0.142 კვ.მ ფართობის მქონე საკარმიდამო ნაკვეთი გაიყო ორ ძმას - ა. და ხ. ხ-იებს შორის: ა. ხ-ის მიეცა სახლის გასწვრივ აღმოსავლეთის და დასავლეთის ნაწილი მხარეს 0,0712 კვ.მ ნაგებობის ქვეშ გავლით, ხოლო ხ. ხ-ის მიეცა დასავლეთის ა. ხ-იის საზღვრიდან 0,0712 კვ.მ. ამასთან, მთავარი გზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით დარჩა გზა, რომლითაც უნდა ესარგებლათ ა. ხ-ის, ხ. ხ-ისა და გი. ჩ-ის სახლში მისასვლელად (ტომი 2; ს.ფ. 227). ამდენად, ხსენებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ხ-იებისა და ჩ-იების კუთვნილ ტერიტორიებს შორის არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, ხომ არ ექცეოდა სადავო მიწის ნაკვეთი ზემოაღნიშნული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მაცხოვრებლების კ. მ-ის (პ/ნ: ...), ნ. მ-ი (პ/ნ: ...), ჯ. ხ-ის (პ/ნ: ...) ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პირები ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამავე მისამართზე ამ პირებს საკუთრებაში აქვთ როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი აწარმოებენ სხვადასხვა სახის მეურნეობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 06.11.2018 წლის გადაწყვეტილებით N..., ნ. ჩ-ის (პ/ნ: ...) საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ს/კ: ... მოხდა ცვლილების რეგისტრაცია და ქონების კონფიგურაციის შეცვლით მის საკუთრებაში დარეგისტრირდა გზა, რომლითაც სარგებლობდა ნ. ხ-ის ოჯახის გარდა, რამდენიმე ოჯახი. შედეგად, აღნიშნულ ოჯახებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ ნაკვეთებთან მისასვლელი ერთადერთი გზა (ტომი 3; ს.ფ. 69). აღნიშნული ერთობლივი განცხადებით განმცხადებელთა მიერ მოთხოვნილ იქნა საკითხის ხელახლა განხილვისას საქმეში დაინტერესებულ პირებად გარდა ნ. ხ-ისა, ჩართულ იქნენ თავადაც, ვინაიდან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განმცხადებლებს ფაქტობრივად წაერთვათ მათ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აგრეთვე საჭიროებდა სათანადო წესით განხილვასა და შეფასებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით უნდა გამოარკვიოს წარმოადგენდა თუ არა სადავო მიწის მონაკვეთი საერთო სარგებლობის გზას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება - მესამე პირების საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.09.2025წ. №46337 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.09.2025წ. №46337 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა