დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1119(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - შპს „რ...“, ნ.ჟ-ი, გ.მ-ე, მ.ო-ო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „რ...-მა“, ნ.ჟ-იმა, გ.მ-ემ და მ.ო-ომ 22.11.2021 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.11.2021 წლის №6/72006 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის შპს „რ...-ის“, ნ.ჟ-ის, გ.მ-ისა და მ.ო-ოს სახელზე ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ, №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2023 წლის განჩინებით, სარჩელი გადაეგზავნა განსჯად რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.09.2024 წლის გადაწყვეტილებით შპს „რ...-ის“, ნ.ჟ-ის, გ.მ-ის და მ.ო-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.11.2021 წლის №6/72006 გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შპს „რ...-ს“ და მის დამფუძნებლებს ნ.ჟ-ის, გ.მ-ეს და მ.ო-ოს შესაძლებლობა ექნებათ დაირეგისტრირონ ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ, №...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2025 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.09.2024 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონზე (ძალადაკარგულია 30.05.1997 წელს), რომლის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, პრივატიზება არის მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საწარმოს მუშაკებს შეეძლოთ ინიციატივის წესით განცხადების შეტანა ამ საწარმოს პრივატიზების შესახებ, ხოლო გადაწყვეტილებას საწარმოს პრივატიზების შესახებ იღებდა კომისია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.11.2021 წლის №6/72006 გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, რომ ერთი თვის ვადაში მოხდა №... მაღაზიის დროებითი ამხანაგობის სამართლებრივ ფორმად ჩამოყალიბება, თუმცა მოგვიანებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამმართველოს 1997 წლის თებერვლის №20 ბრძანებით გაუქმდა 14.03.1996 წლის №39/103-პ ნომრით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იმ საფუძვლით, რომ კომანდიტური საზოგადოება ,,...ის" ქალაქ რუსთავის სასამართლოში რეგისტრაციისას არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ რუსთავის ...ოს №... მაღაზიის პრივატიზაციისას შექმნილი დამფუძნებელთა ხელშეკრულების მე-4-9 პუნქტის მოთხოვნები და კომპანიაში არ იყო შეყვანილი ამხანაგობის ექვსი წევრი. გარდა აღნიშნულისა, გათვალისწინებული არ იქნა მხარეთა შორის წლების მანძილზე არსებული სასამართლო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც სადავო მაღაზია მიჩნეულია მხარეთა თანასაკუთრებად და ასევე ის გარემოება, რომ საკუთრების მოწმობის გაუქმებას პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოუწვევია (ასეთი სადავოც არ გამხდარა). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა მოპასუხის მითითება 14.03.1996 წლის №39/103-პ ნომრით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სააგენტოს არქივში დაუცველობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული დოკუმენტებით, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებებით უტყუარად დგინდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, პრივატიზაცია სადავო არ გამხდარა, ქონების ღირებულება გადახდილია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მისი არქივში დაუცველობა არ წარმოშობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2013 წლის №ბს-898-880(კ-12) გადაწყვეტილების შინაარსზე, სადაც სასამართლომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებებით განპირობებულად მიიჩნია ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუმოწმებელი დოკუმენტაციის არქივში დაუცველობისას. ის საკითხი, რომ 14.03.1996 წლის №39/103-პ ნომრით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სააგენტოს არქივში დაცული არ არის, არ შეიძლება მოსარჩელეთა პასუხისმგებლობის საგანი გახდეს, ვინაიდან მისი არქივში დაცვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და არა მოსარჩელეს ევალებოდა. ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება საპრივატიზაციო ქონების ღირებულების გადაუხდელობის შესახებ, ვინაიდან 18.04.1995 წლის №98 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად დგინდებოდა, რომ დროებითმა ამხანაგობამ 1995 წლის 22, 23 და 27 მარტს გადარიცხა 1 471 000 000 კუპონი და სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის საქალაქო სამმართველომ დროებით ამხანაგობას გადასცა ქ. რუსთავის ...ოს მაღაზია №... (შენობა, სარდაფი და ინვენტარი), მდებარე: ქ. რუსთავი, მე-...მ/რ, №...
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო აქტის კანონშესაბამისობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულება დამტკიცებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 29.05.1994 წლის №178 ბრძანებულებით. დებულების მე-16-17 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება ითვლებოდა ბათილად, ამხანაგობას არ უნაზღაურდებოდა შესყიდული ქონების საფასური და შეძენის შემდეგ ობიექტზე გაწეული ხარჯები. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს 07.02.1997 წლის №20 ბრძანებით გაუქმდა №39/103-პ საკუთრების მოწმობა. ამავე ბრძანებით განმეორებით დადგინდა ამხანაგობის ვალდებულება უზრუნველეყო №... მაღაზიის დროებითი ამხანაგობის სამართლებრივ ფორმად ჩამოყალიბება, რაც დაინტერესებულ პირთა მიერ არ შესრულდა, შესაბამისად, ბათილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც. კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მომზადდა სააგენტოს გასაჩივრებული წერილი, სადაც მხარეს განემარტა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, დაინტერესების შემთხვევაში კი მისი პრივატიზების მიზანშეწონილობის საკითხზე სააგენტო იმსჯელებდა მიმდინარე პერიოდისათვის პრივატიზების პროცესის მარეგულირებელი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ელექტრონული აუქციონის ფორმით. კასატორი სზაკ-ის 53-ე, 96-ე, სასკ-ის 32-ე მუხლებზე მითითებით თვლის, რომ სააგენტოს გასაჩივრებული წერილი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, შესაბამისად, მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, 16.02.1995 წელს ნ.ჟ-ის, ნ.ა-ის, მ.დ-ის, ვ.ე-ის, ლ.ნ-ის, ი.გ-ის, გ.მ-ისა და მ.მ-ის მონაწილეობით შეიქმნა დროებითი ამხანაგობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესით შეძენა, კერძოდ კი ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ, №...-ში მდებარე №... მაღაზიის შესყიდვა. 17.02.1995 წლის ხელშეკრულებით დაფუძნდა შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობა, სადაც ამხანაგობის წევრთა წილები გადანაწილდა შემდეგი პროცენტულობით: ნ.ჟ-ი - 24,9 პროცენტი, ი.გ-ე - 24,9 პროცენტი, გ.მ-ე - 24,9 პროცენტი, მ.მ-ე - 24,9 პროცენტი, ლ.ნ-ი - 0,1 პროცენტი, ვ.ე-ე - 0,1 პროცენტი, მ.დ-ე - 0,1 პროცენტი, ნ.ა-ე - 0,1 პროცენტი. 18.04.1995 წელს სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსსა და მაღაზია №...-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ ნ.ჟ-ის შორის გაფორმდა №42 ხელშეკრულება მაღაზიის ნასყიდობის თაობაზე. 18.04.1995 წლის №98 მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიერ დროებით ამხანაგობას გადაეცა ქ. რუსთავის ...ოს მაღაზია №..., მდებარე: ქ. რუსთავი, მე-... მ/რ, №... აქტის შინაარსით დგინდება, რომ დროებითმა ამხანაგობამ 22, 23 და 27 მარტს გადარიცხა 1 471 000 000 კუპონი და სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის საქალაქო სამმართველომ დროებით ამხანაგობას გადასცა ქ. რუსთავის ...ოს მაღაზია №..., კერძოდ, ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ, №...-ში მდებარე შენობა, სარდაფი და ინვენტარი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამმართველოს 07.02.1997 წლის №20 ბრძანებით გაუქმდა 14.03.1996 წლის №39/103-პ ნომრით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იმ საფუძვლით, რომ კომანდიტური საზოგადოება ,,...ის" ქალაქ რუსთავის სასამართლოში რეგისტრაციისას არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ რუსთავის ...ოს №... მაღაზიის პრივატიზაციისას შექმნილი დამფუძნებელთა ხელშეკრულების მე-4-9 პუნქტის მოთხოვნები და კომპანიაში არ შეიყვანეს ამხანაგობის ექვსი წევრი, რომელთა ქონებრივი წილი თანასაკუთრებაში შეადგენდა: გ.მ-ე - 24,9 პროცენტი, მ.მ-ე - 24,9 პროცენტი, ლ.ნ-ი - 0,1 პროცენტი, ვ.ე-ე - 0,1 პროცენტი, მ.დ-ე - 0,1 პროცენტი, ნ.ა-ე - 0,1 პროცენტი. ამავე ბრძანებით დადგენილ იქნა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მომხდარიყო №... მაღაზიის დროებითი ამხანაგობის სამართლებრივ ფორმად ჩამოყალიბება დამფუძნებელთა ხელშეკრულების მე-4-9 პუნქტებისა და ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ნ.ა-ემ, ლ.ნ-იმა, მ.დ-ემ და ვ.ე-ემ თავიანთი მოთხოვნები და უფლებები სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოსაგან შეიძინეს, გადასცეს ნ.ჟ-ის, ამასთან, 31.10.2014 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ.ჟ-ი წარმოადგენს ი.გ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, რომელმაც როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. ამდენად, ნ.ჟ-იმა და ამხანაგობის დარჩენილმა წევრებმა - გ.მ-ემ და მ.ო-ომ ჩამოაყალიბეს შპს "რ...", რომელიც სამეწარმეო რეესტრში 25.10.2021 წელს დარეგისტრირდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.11.2021 წლის №6/72006 სადავო წერილით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ მოთხოვნა შპს ,,რ...-ისათვის" სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში მისი პრივატიზების მიზანშეწონილობის საკითხზე სააგენტო იმსჯელებდა მიმდინარე პერიოდისათვის პრივატიზების პროცესის მარეგულირებელი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ელექტრონული აუქციონის ფორმით. საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მისამართი: ქალაქ რუსთავი, მე-... მ/რ, №..., პირველი სართული, ფართი 67.62 კვ.მ.) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო მაღაზიის ფართი წარმოადგენს მათ საკუთრებას და მოპასუხის უარით ილახება მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლება საკუთრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს 09.08.1991 წლის კანონის მე-2 კარი შეეხებოდა პრივატიზების წესსა და ფორმებს. ამ კარში შემავალი მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს მუშაკებს შეეძლოთ ინიციატივის წესით შეეტანათ განცხადება ამ საწარმოს პრივატიზების შესახებ და საწარმოს მუშაკთა განცხადება საწარმოს პრივატიზების შესახებ განსახილველად მიიღებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერდა საწარმოს მუშაკთა ნახევარზე მეტი. იმავე მუხლის მე-8 პუნქტი კი ითვალისწინებდა სახელმწიფო საწარმოს მუშაკების მიერ ამავე საწარმოს პრივატიზებას - მათთვის მიყიდვას ან უსასყიდლოდ გადაცემას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 29.05.1994 წელს გამოცემულ იქნა “პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მეთაურის №178 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცდა “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულება, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, რომელიც აერთიანებდა ობიექტში მომუშავეთა 50 პროცენტზე მეტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიერ 17.02.1995 წლის ხელშეკრულებით დაფუძნებული შრომითი კოლექტივის დროებით ამხანაგობას გადაეცა ქ. რუსთავის ...ოს მაღაზია №... (მდებარე: ქ. რუსთავი, მე-.../რ, №...). 14.03.1996 წელს კი №39/103-პ ნომრით საკუთრების მოწმობა გაიცა კომანდიტურ საზოგადოება „...ზე“ (აღნიშნული იურიდიული პირი შეიქმნა დროებითი ამხანაგობის წევრების მიერ, რათა მის სახელზე მომხდარიყო შეძენილი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა), თუმცა მოგვიანებით საკუთრების მოწმობა გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ კომანდიტური საზოგადოება ,,...ის" ქალაქ რუსთავის სასამართლოში რეგისტრაციისას არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ რუსთავის ...ოს №... მაღაზიის პრივატიზაციისას შექმნილი დამფუძნებელთა ხელშეკრულების მე-4-9 პუნქტის მოთხოვნები და კომპანიაში არ შეიყვანეს ამხანაგობის ექვსი წევრი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ განუხილავს ერთობლიობაში, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მართალია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამმართველოს 07.02.1997 წლის ბრძანებით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაუქმდა და დაფუძნებული კომანდიტური საზოგადოება ლიკვიდაციას დაექვემდებარა, თუმცა მანამდე გაფორმებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, საკუთრების უფლების წარმომშობი ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუქმებულა, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე გარიგება სადავო არ გამხდარა და ძალაშია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები 1995 წლიდან ფლობენ სადავო ქონებას, რასაც მოპასუხეც ეთანხმება. მართალია, ქონება სახელმწიფოს სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა მას ამ ქონებით სარგებლობაზე პრეტენზია არ ჰქონია. მეტიც, საქმეში დაცულია სასამართლოს გადაწყვეტილებები, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარეობდა არაერთი სამოქალაქო დავა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საზიარო ქონების გაყოფასა თუ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რა დროსაც სადავო უძრავი ქონება მიჩნეულია მოსარჩელეთა თანასაკუთრებად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. „საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 02.07.2007 წლის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ). ამასთან, საკუთრების უფლებით დაცული სფერო იცავს არა მხოლოდ არსებულ საკუთრებას, არამედ ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების მიღების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ („მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Maurice v. France), no. 11810/03, 6.10.05, §§63-66; „პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Plechanow v. Poland), no. 22279/04, 7.7.09, §83;). მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში დაცული დოკუმენტებით, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებებით უტყუარად დგინდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა მიერ ქონების ღირებულება გადახდილია, ამასთან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და პრივატიზაციის პროცესი სადავოდ არ გამხდარა და მოსარჩელეები წლების მანძილზე ფლობდნენ სადავო ქონებას. ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების დადასტურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარი დაუსაბუთებელია და შესაბამისობაში არ მოდის სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დოკუმენტის დაუცველობა არ წარმოშობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 474-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ რომ ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 29.05.1994 წლის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-16-17 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება ითვლება ბათილად, ბათილად უნდა ჩათვლილიყო მოსარჩელეთა მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მეთაურის №178 ბრძანებულების 1.1 პუნქტში მიეთითა, რომ ამ ბრძანებულებით დამტკიცებული “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულება ძალაში იყო ამავე ბრძანებულებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს 07.02.1997 წლის №20 ბრძანების გამოცემის დროს დასახელებული დებულება იყო გაუქმებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო ზინა აყენებს მოსარჩელეებს, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე
გიორგი მიქაუტაძე