დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1144(კ-კს-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1144(კ-კს-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უნებართვო მშენებლობა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-იმა 11.08.2022 წელს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 25.02.2022 წლის №03 მითითების, 28.02.2022 წლის ბრძანების, 06.04.2022 წლის შემოწმების აქტის, 11.07.2022 წლის განხილვის ოქმის და 20.07.2022 წლის №დ-16.16222011 ბრძანების ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.06.2023 წლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2022 წლის №03 მითითება, 28.02.2022 წლის ბრძანება, 06.04.2022 წლის შემოწმების აქტი, 11.07.2022 წლის განხილვის ოქმი და 20.07.2022 წლის №დ-16.16222011 ბრძანება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.06.2023 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 20.07.2022 წლის ბრძანებით ზ. გ-ი დაჯარიმდა 4000 ლარით ქ. ბორჯომში, ...ს მიმდებარედ, კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის გამო და მასვე დაევალა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი. ზ. გ-ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, თუმცა მიუთითებს, რომ მის სასარგებლოდ შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობა, რაც წარმოადგენს საკითხის ხელახლა განხილვის საფუძველს. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული განმარტება და მიუთითა, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს რა საჯარიმო თანხის გადახდის, ასევე დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებას, შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრებისას დაინტერესებული პირისთვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა მერიის სადავო აქტები. შესაბამისად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პალატის მოსაზრებით, უდავოდ წარმოშობს სადავო საკითხის ხელახლა განხილვის აუცილებლობას არსებული ფაქტობრივი მოცემულობის შეცვლილ სამართლებრივ რეგულაციასთან თავსებადობის შემოწმების მიზნით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის კანონიერება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობით (მისი არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტებისა, ლეგალიზებას არ საჭიროებს და კანონიერად მიიჩნევა. ამასთან, ამავე მუხლით განსაზღვრულია ობიექტის 2023 წლის 1 დეკემბრამდე აშენების ფაქტის დადასტურების გზები და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიჩნევის კრიტერიუმები, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი პირობები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. ბორჯომში, ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ფიზიკური პირის - ზ. გ-ის კერძო საკუთრებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, განთავსებულია სწორედ საცხოვრებელი დანიშნულების მქონე 216 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული მუხლის მიზნებისთვის სადავო შენობა-ნაგებობის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიჩნევას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ზ. გ-ი უძრავ ნივთს იყენებს სასტუმროს დანიშნულებით. რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შენობა-ნაგებობა არ ექცეოდა მხოლოდ ფიზიკური პირის საკუთრებაში, პალატამ აღნიშნა, რომ ზ. გ-ის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა განცხადება მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მოთხოვნით, რათა სადავო შენობა-ნაგებობა სრულად ყოფილიყო მოქცეული მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის მიმდინარეობს დავა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ზ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება განხორციელდება იმგვარად, რომ სადავო შენობა-ნაგებობა აღარ გადავა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და ტყის ფონდში, აღნიშნული გასათვალისწინებელი იქნება სადავო საკითხის შეფასებისას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლი. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული მხოლოდ ფიზიკური პირის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და კვეთდა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და ტყის ფონდის მიწას. კასატორი თვლის, რომ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი შენობა-ნაგებობა ფაქტობრივად მაინც დარჩება განთავსებული სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რაც შეუძლებელს გახდის ე.წ. სამშენებლო ამნისტიის ფარგლების მასზე გავრცელებას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ არის რელევანტური.

კასატორმა აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს და მისი გამოყენება ხდება სასტუმროს დანიშნულებით. კასატორის მოსაზრებით დაუშვებელია სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობების ერთმანეთში აღრევა. "ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 03.06.2019 წლის №261 დადგენილებით განსაზღვრული სამშენებლო ზონების ქვეზონებში ჩამოთვლილ ნებადართულ სახეობებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო ცალ-ცალკეა მითითებული. კასატორის მოსაზრებით, საცხოვრებელი დანიშნულება გააჩნია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსაც, თუმცა ეს ვერ მოაქცევს ხსენებული ამნისტიის კანონის ფარგლებში, ვინაიდან ამნისტიას ექვემდებარება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და არა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს თავად შეეძლო საქმის გარემოებების შეფასება, აქტების ბათილად ცნობისა და საქმის ხელახლა განსახილველად მხარისათვის დაბრუნების გარეშე. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ ბათილად ცნო არა მარტო დადგენილება დაჯარიმება-დემონტაჟის შესახებ, არამედ მითითება, შემოწმების აქტი და ბრძანება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რაც უკანონოა, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, გარდა დადგენილებისა, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს და ვერ დაექვემდებარება კანონით დადგენილ გასაჩივრების წესებს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბორჯომში, ...ს მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ზ. გ-ი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ზ. გ-ის მიმართ 25.02.2022 წელს შედგა მითითება ქ. ბორჯომში, ...ს მიმდებარედ კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის გამო. მითითების თანახმად მესაკუთრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარედგინა კანონმდებლობის დაცვით შედგენილი მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები ან/და უნდა მოეხდინა მშენებლობის დემონტაჟი. ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 28.02.2022 წლის ბრძანებით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზ. გ-ის მიმართ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) უნებართვოდ წარმოებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 06.04.2022 წლის №01 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ზ. გ-ის მიერ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლის (მეორე კლასის) სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დასადასტურებლად წარდგენილი არ იქნა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 20.07.2022 წლის ბრძანებით ზ. გ-ი დაჯარიმდა 4000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 20.07.2022 წლის №დ-16.16222011 ბრძანებით ზ. გ-ი დაჯარიმდა ქ. ბორჯომში, ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისათვის. დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვით უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო დადგენილებით ზ. გ-ი დაჯარიმდა უნებართვო მშენებლობისთვის და მასვე დაეკისრა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობით გამოწვეული ზოგადი საფრთხე გამომდინარეობს სამშენებლო სამართლის ფორმალური და მატერიალური ზოგად-აბსტრაქტული დებულებების დარღვევისგან და ქმნის საფუძველს უფლებაში ჩარევისა და მშენებლობის აკრძალვისათვის. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით. მოქმედებს პრევენციული აკრძალვის მოდელი ნებართვის გაცემის დათქმით, ნებართვის გაცემით პირს ექმნება სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ფორმალური საფუძველი. (იხ. სუსგ 25.06.2024 წლის №ბს-240(2კ-24)).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. გ-იმა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კობა ხაჩიძისგან, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ქონება შეიძინა სახელმწიფოსგან აუქციონის წესით. 21.10.2020 წელს ზ. გ-იმა განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია წარდგენილი პროექტის საფუძველზე, რომლის თანახმად შენობა იყო ერთსართულიანი საერთო ფართით 55 კვ.მ.. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 13.02.2021 წლის №ბ16. 16210441 ბრძანებით შეთანხმდა სამშენებლო პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ. ბორჯომში, ე.წ. ...ზე, ზ. გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის (ს.კ. №...). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მშენებლობა აწარმოა შეთანხმებული პროექტის დარღვევით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 216 კვ.მ. ფართის ორსართულიანი შენობა-ნაგებობა. საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნისა და ფოტოსურათების მიხედვით შენობა შედგება სარდაფის, საცხოვრებელი და მანსარდის სართულებისგან. აღსანიშნავია, რომ არც თავად მოსარჩელე არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არცერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (სუსგ 21.01.2020 წლის №ბს-468-465(კ-17)). ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ 21.01.2020 წლის №ბს-468-465 (კ-17)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართლის ღონისძიების განხორციელების საფუძვლების შემოწმება მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას. მშენებლობის ნებართვის უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან. ის, როგორც საფრთხის თავიდან აცილების პრევენციული საშუალება, შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი პროცედურების გავლით გამოირიცხოს მშენებლობის განხორციელებით დამდგარი საფრთხეები. შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ლეგალური. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებელობა, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებისა და აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების საფუძველზე განიხილოს განხორციელებული მშენებლობის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. იმ შენობის დემონტაჟი, რომლის კანონმდებლობით დადგენილ მატერიალურ მოთხოვნებთან (მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობა, განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი, გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი, შენობის დაშვებული ფუნქციური დანიშნულება და სხვ. მსგავსი პირობები) სრულად შესაბამისობა დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაძლოა არღვევდეს თანაზომიერების პრინციპს (იხ სუსგ 29.12.2021 წლის №ბს-160(კ-19), 25.10.2023 წლის №ბს-859(კ-20)). მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეფასებულა ობიექტის შესაბამისობა კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულია 23.12.2024 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარე №1 შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შენობის მზიდი კონსტრუქციები მდგრადი და სეისმომედეგია, შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედი „სეისმომედეგი მშენებლობის“ მოთხოვნებათან და ეძლევა დადებითი შეფასება.

ამასთან, ზ. გ-ისათვის შენობის დემონტაჟის დავალებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმებს, რომლებიც შედეგად იწვევენ დემონტაჟის ვალდებულებისგან დამრღვევის გათავისუფლებას. საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი შესაძლებლობების ზ. გ-ის მიმართ გამოყენების საკითხის გარკვევას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ 15.12.2023 წლის კანონით ცვლილება შევიდა და კოდექსს დაემატა 1418 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობებით (მისი არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველო მთავრობის მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტებისა, არ საჭიროებს ლეგალიზებას და მიიჩნევა კანონიერად. "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 17.10.2024 წლის №352 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული ის გეოგრაფიული არეალები და მათი სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიები, სადაც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის საჭიროა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა), ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის, გარდა კოდექსის 1418 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმისა, საჭიროა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. ამგვარი დასკვნა I კლასის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არ მოითხოვება.

კასატორი მითითებული საკანონმდებლო ცვლილების სადავო შემთხვევაზე გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს და ერთ შემთხვევაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს და მისი გამოყენება ხდება სასტუმროს დანიშნულებით, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებს, რომ შენობა-ნაგებობა არ ექცევა მხოლოდ ფიზიკური პირის საკუთრებაში, კერძოდ, ობიექტი კვეთს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს.კ. №64.25.06.682) და სახელმწიფო ტყის ფონდს (200.62.62.038). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ მითითების და შემოწმების აქტებზე, სადაც მოპასუხე თავად უთითებს, რომ უნებართვო მშენებლობა წარმოებულია კოტეჯის ტიპის საცხოვრებელ სახლზე. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მე-5 ნაწილი კონკრეტულად უთითებს თუ რა მიიჩნევა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად ამ მუხლის მიზნებისთვის, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება საქართველოს მთავრობის 03.06.2019 წლის №261 დადგენილებაზე, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და სასტუმროს ტერმინთა განმარტებებს ადგენს ზემოაღნიშნული დადგენილებით მოწესრიგებული ურთიერთობის მიზნებისთვის. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო შენობა-ნაგებობის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიჩნევას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ზ. გ-ი უძრავ ნივთს იყენებს სასტუმროს დანიშნულებით. ობიექტი არის ინდივიდუალური საკუთრების საგანი და შესაბამისობაშია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ კრიტერიუმებთან.

რაც შეეხება იმას, რომ შენობა-ნაგებობა არ ექცევა მხოლოდ ფიზიკური პირის საკუთრებაში, გადადის სახელმწიფო მიწის ნაკვეთსა და ტყის ფონდის მიწაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ შედგენილი სადავო აქტები (მითითება, შემოწმების აქტი, დაჯარიმების და დემონტაჟის შესახებ ბრძანება) არ შეიცავს იმაზე მითითებას, რომ ზ. გ-იმა უნებართვო მშენებლობა აწარმოა საკადასტრო საზღვრების გაცდენით. ამასთან, საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ზ. გ-ის მოთხოვნილი ჰქონდა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ზ. გ-ის შორის მიმდინარეობს დავა, რომელიც დასრულებული არ არის. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაფასებელია ის გარემოება, გადადის თუ არა ზ. გ-ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა სხვა საკადასტრო საზღვრებში, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოსარჩელის მარეგისტრირებელ ორგანოსთან არსებული დავის მიმდინარეობის საკითხი და მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში მისი გავლენა შენობა-ნაგებობის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მართებულობასთან დაკავშირებით. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაფასებელია განხორციელებული მშენებლობის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე შეცვლილი ვითარების, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობის მოცემულ შემთხვევაზე გავრცელების საკითხი, რა დროსაც საქმის მასალების გამოკვლევის საფუძველზე დასადგენია შენობა-ნაგებობის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი განთავსების პერიოდი, მშენებლობის კლასი, საცხოვრებელი სახლის მდგრადობა და სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილი სხვა დამატებითი კრიტერიუმები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე