დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1212(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1212(2კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ი.გ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 16 ივლისს ი.გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთი მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მეუღლესთან და შვილებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი - ქ. სოხუმი და დროებით გადასულიყო ქ. ზუგდიდში. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე, ა.მ-ა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა სამუშაოდ წასულიყო რუსეთის ფედერაციაში ოჯახისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის მიზნით.

ი.გ-ა აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი დაკარგა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. თუმცა, მისივე განმარტებით, მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს სტატუსის აღდგენის მოთხვონით და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ მოიპოვა მთელი რიგი მტკიცებულებები განაცხადის სამართლებრივი საფუძვლიანობის დასადასტურებლად, მაგრამ სააგენტოსგან მიიღო პასუხი, რომ მისი მოთხოვნა ერთხელ უკვე იყო განხილული და განმეორებით იმავე საკითხზე აღარ იმსჯელებდნენ.

ამრიგად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 14 ივნისის IDP 0 24 00642883 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი.გ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 14 ივნისის IDP 0 24 00642883 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა №582556 განცხადების განხილვის შედეგად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.გ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.გ-ამ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა ი.გ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ი.გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს ი.გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, ვინაიდან ი.გ-ას არ ჰქონდა გავლილი დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია.

2023 წლის 12 ივნისს, გასაუბრების დროს, ი.გ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. ზუგდიდში. 1966-1976 წლებში სწავლობდა ზუგდიდის №... სკოლაში და ცხოვრობდა მშობლების სახლში მისამართზე: ...ის ქ. №2. 1979 წელს ჩაირიცხა ...ის ... ინსტიტუტში. 1981 წელს დაოჯახდა ... წელს ზუგდიდში დაბადებულ ა.მ-აზე, რომლის მშობლები ზუგდიდში ცხოვრობდნენ მისამართზე: ...ის ქ. №..., ა.მ-ა გარდაიცვალა 2020 წელს, არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. ჰყავს ორი შვილი, მ.მ-ა და რ.მ-ა, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში და არ აქვთ დევნილის სტატუსი.

ი.გ-ას თქმით, 1986 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან ერთად წავიდა სოხუმში და ცხოვრობდნენ მეუღლის ბიძის სახლში მისამართზე: ...ის ქ. №..., ბ. №... თვითონ მუშაობდა ...ში, ხოლო მეუღლე ...ში, საიდანაც მიიღო ერთ ოთახიანი ბინა, თუმცა ზუსტი მისამართი ვერ დაასახელა. შვილები ომამდე სწავლობდნენ სოხუმის №... სკოლაში, ხოლო ომის მერე კლასი ისწავლეს ზუგდიდის სკოლაში. ამჟამად, ი.გ-ა დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები.

ი.გ-ას განცხადებაზე თანდართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №0000386 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ი.გ-ა 1986 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა სოხუმში მისამართზე: ...ის ქ. №..., ბ.№....

სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2023 წლის 21 თებერვლის №190206 წერილით მიიღო ი.გ-ას მეზობლებთან გასაუბრების ოქმები, სადაც აღნიშნულია, რომ ი.გ-ა ...ის ქ. №... ცხოვრობდა წლების მანძილზე 1993 წლამდეც და მის შემდეგაც. გასაუბრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით სააგენტომ მიიჩნია, რომ ი.გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. სოხუმი. სოხუმში დროებით ცხოვრობდნენ მეუღლის ბიძის სახლში. სააგენტომ მიუთითა, რომ მათ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წერილიც. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის IDP 4 23 00000457 ბრძანებით დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 30 მარტის IDP 1 23 00336498 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ი.გ-ას.

2024 წლის 30 მაისს ი.გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განმარტა, რომ თავდაპირველი ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ შეძლო წარედგინა სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 თებერვლის ორდერი/ბრძანება №... და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ასევე ადასტურებენ მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს ქ. სოხუმში ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ვიანიდან, არსებობდა ახლად გამოვლენილი/მოპოვებული მტკიცებულებებიდა გარემოებები, განმცხადებელმა მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. განცხადებას დაერთო შემდეგი დოკუმენტაცია: ი.გ-ას პირადობის მოწმობა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ი.გ-ას დევნილის მოწმობა, ი.გ-ას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის პასპორტი ოფიციალური თარგმანით, სადაც მითითებულია, რომ აფხაზეთის ასსრ ქალაქი სოხუმის აღმასრულებელი საბჭოს მმაჩის განყოფილების მიერ დადასტურებულია განმცხადებლის ქორწინება და მითითებულია ოჯახური მდგომარეობის თაობაზე, სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 თებერვლის ბრძანება/ორდერი №..., სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 524 00486657 წერილი, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა(გაცემულია 07.05.2002 წელს), ქ. სოხუმის №... ...ის „...ის“ გაცემული მოწმობა, ფოტომასალით განმცხადებლის შვილების შესახებ, „ჩემი პირველი მასწავლებელი“ ფოტომასალით განმცხადებლის შვილის სოხუმში სწავლის დამადასტურებლად, განმცხადებლის მეუღლის ა.მ-ას დიპლომი №..., ქალაქ სოხუმში მდებარე საქართველოს ...ის ინსტიტუტის დამთავრების შესახებ. სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 თებერვლის №... ორდერი/ბრძანების თანახმად, ა.მ-ამ მიიღო ერთოთახიანი ბინა ...ის ქუჩა №...-ში, ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: მეუღლე გ. ი., ვაჟი მ.რ.ა. და ქალიშვილი მ. მ.ა.

ი.გ-ას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის პასპორტის ოფიციალური თარგმანით, ირკვევა რომ აფხაზეთის ასსრ ქალაქი სოხუმისაღმასრულებელი საბჭოს მმაჩის განყოფილების მიერ დადასტურებულია განმცხადებლის ქორწინება და მითითებულია ოჯახური მდგომარეობის თაობაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 14 ივნისის IDP 0 24 00642883 წერილით ი.გ-ას ეცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სააგენტოს მიერ განხილულ და გადაწყვეტილ იქნა, რომლის თაობაზეც მას ეცნობა 2023 წლის 6 აპრილის №369353 წერილით.

ამავე წერილით განიმარტა, რომ ი.გ-ას განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე არარსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს ი.გ-ასთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განეხილა ი.გ-ას №582556 განცხადება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის 2024 წლის 30 მაისის განცხადებით წარდგენილი მტკიცებულებები და აფხაზეთის დატოვებასთან და მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული გარემოებები. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტია, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის და შეგეგბებული სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიცია და მართლებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საჭიროების შესახებ;

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სამუშაოს მოცულობა და მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ი.გ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის მინიჭებით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

2025 წლის 16 დეკემბერს ი.გ-ამ შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რამეთუ ი.გ-ას მოსაზრებით, მის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია სრულად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ქ. სოხუმი მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, ი.გ-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განსახილველი დავის სამართალწარმოებისთვის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გაღებული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ი.გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 14 ივნისის IDP 0 24 00642883 წერილის კანონიერება და მოპასუხისათვის ი.გ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1896-1849(კ-10) და №ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი არის სპეციალური სამართლებირვი აქტი, სადაც კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად აუცილებელია, რომ მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი.გ-ა დაიბადა ... წელს ქ. ზუგდიდში. ი.გ-ას განმარტებით 1986 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან, ა.მ-ასთან ერთად წავიდა სოხუმში და იქ ცხოვრობდა მეუღლის ბიძის სახლში მისამართზე: ...ის ქ. №..., ბ. №.... ი.გ-ა მიუთითებს, რომ თავად მუშაობდა ...ში, ხოლო მეუღლე ...ში, საიდანაც მიიღო ერთ ოთახიანი ბინა. საგულისხმოა, რომ ი.გ-ას დევნილის სტატუსი შეუწყდა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო ...ის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №0000386 ცნობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი.გ-ა 1986 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა სოხუმში ...ის ქ. №...-ში;

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 18 თებერვლის №... ორდერი/ბრძანებას, რომლის თანახმად, ა.მ-ამ მიიღო ერთოთახიანი ბინა ...ის ქუჩა №...-ში; ზემოაღნიშნული დოკუმენტით მ-ების ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: მეუღლე გ.ი., ვაჟი - მ.რ.ა. და ქალიშვილი - მ. მ.ა.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სასამართლოთა სამართლებრივი დასკვნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 14 ივნისის IDP 0 24 00642883 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის №582556 განცხადების განხილვის შედეგად ი.გ-ას მოთხოვინის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რამეთუ, ადმინისტრაციული ორგანო მოვალეა სრულად შეისწავლოს და არსებითად განიხილოს ი.გ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდგომ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

რაც შეეხება ი.გ-ას მოთხოვნას ადვოკატის სამართლებრივი დახმარებისთვის სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დამატებით დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო პალატა საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების მოთხოვნის ნაწილში არ იზიარებს ი.გ-ას მოსაზრებას სააგენტოსთვის დამატებით 600 ლარის დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის სირთულისა და სპეციფიკის, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, გონივრულად და დავის გადაწყვეტის შედეგთან პროპორციულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ი.გ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1200 ლარის ოდენობით დაკისრებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული თანხის ოდენობა სრულად შეესატყვისება სამივე ინსტანციის სასამართლოში განხორციელებული წარმომადგენლობითი საქმიანობის ინტენსივობასა და მოცულობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი.გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. ი.გ-ას შუამდგომლობა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა