დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1215(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. დ-ა, ლ. კ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. დ-ამ და ლ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის IDP 5 22 00677378 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მოსარჩელეების - გ. დ-ასა და ლ. კ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ას და ლ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის IDP 5 22 00677378 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მოსარჩელეების - გ. დ-ასა და ლ. კ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეებს გასაჩივრებული ჰქონდათ სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის IDP 5 2200677378 წერილი, რომელიც თავისი შინაარსით არის საინფორმაციო ხასიათის. აღნიშნული წერილით მოსარჩლეებს ეცნობათ, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტების მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირს, გ. დ-ას სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, თავის ოჯახთან ერთად (შემადგენლობა: კ-ა ლ., კ-ა ქ., კ-ა ლა. და კ-ა მ.), გადაეცა ფულადი კომპენსაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის სრული დაცვით მოიკვლია ადმინისტრაციული მასალები, რის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელეებს - ლ. კ-ას და გ. დ-ას გადაეცათ ფულადი კომპენსაცია. მითითებული ფაქტობრივი გარემოება კი, ადასტურებს, რომ სახეზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ პირობა, რომლის თანახმად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელეები - გ. დ-ა და ლ. კ-ა დევნილებად რეგისტრირებულნი არიან მისამართზე - ქ. თბილისი, სასტუმრო „...“ (სარეგისტრაციო №...). საქმეში წარმოდგენილია სს „თ...ს“ გენერალური დირექტორის 2009 წლის 12 თებერვლის წერილი №1/18, სადაც განმარტებულია, რომ ქ. თბილისის ...ის შენობაში განთავსებულ ყოფილ სასტუმრო „...ში“ მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ ოჯახის წევრებთან ერთად გადაეცათ საკომპენსაციო თანხა. ასევე, სს „თ...ს“ 2024 წლის 23 ოქტომბრის წერილში განმარტებულია, რომ დევნილთა კომპენსაციის საკითხებზე მუშაობდა სპეციალური ჯგუფი და ყველა დოკუმენტური მასალა, მათ შორის, სიები საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით, 2007 წელს გადაგზავნილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. აღნიშნული მასალები მათ არქივში არ იძებნება და ამასთან, დოკუმენტაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა არის გასული. მითითებული წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ნოტარიუს ლ. ც-ესთან, რომლის ბიურო მდებარეობდა ...ს ქ. №...-ში, ხდებოდა დოკუმენტების ასლების დამოწმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესზე სააგენტომ იშუამდგომლა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუს ლ. ც-ეის სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილი ყოფილიყო მოსარჩელეებთან, მათ ოჯახის წევრებსა და სავაჭრო ცენტრ „თ...ს“ შორის გაფორმებული რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააგენტომ 2024 წლის 27 დეკემბრის IDP 2 24 01377339 წერილით თავად მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსს ლ. ც-ეს, არსებობის შემთხვევაში გადაეგზავნა დოკუმენტაცია ან/და წერილობითი პასუხი, მის სანოტარო ბიუროში არის თუ არა დაცული მოსარჩელეების - გ. დ-ას (პ/ნ ...) და ლ. კ-ას (პ/ნ ...), ან მათი ოჯახის წევრების (ქ. კ-ას (პ/ნ...), ლა. კ-ას (...) და მ. კ-ას (პ/ნ ...) მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიღების შესახებ მათსა და „თ...ს“ შორის გაფორმებული რაიმე სახის დოკუმენტი. აღნიშნული წერილის პასუხად, 2025 წლის 9 იანვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუს ლ. ც-ეის სანოტარო ბიუროდან მიღებულ იქნა საპასუხო №120/1 წერილი, თანდართული დოკუმენტებით, სადაც განმარტებულია, რომ 2007 წლის 13 ივლისს ლა. კ-ასთან, რეგისტრაციის ნომრით №... და ქ. კ-ასთან, რეგისტრაციის ნომრით №..., შესრულებულია სანოტარო აქტები დახმარების გაწევის შესახებ. აღნიშნული სანოტარო აქტის (აქტების) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილმა განაცხადა, რომ იგი უფლებამოსილია დადოს წინამდებარე გარიგება და სწორედ მის მფლობელობაში იმყოფება მოიჯარისათვის გადასაცემი უძრავი ქონება. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ დასახელებული პირებიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრებს, რომელსაც თანხმობა ჰქონდა მიღებული მოსარჩელეებისგან, რომ მათ მაგივრად განეხორციელებინა საკომპენსაციო თანხის მიღება. საყურადღებოა, რომ ფულადი კომპენსაცია გადაეცა დევნილ ოჯახს და არა ამ ოჯახის ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. ასევე დახმარების გაწევის შესახებ სანოტარო აქტში ხაზგასმით არის მითითებული, რომელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, სასტუმრო „...ს“ ... სართულის №... ოთახი. სააგენტოში დაცული საანკეტო მონაცემების მიხედვით ასევე დგინდება, რომ 2004 წელს შევსებული დევნილის საანკეტო მონაცემებში გ. დ-ა ფიქსირდება სასტუმრო „...ში“. სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელეები, გ. დ-ა და ლ. კ-ა დევნილებად რეგისტრირებულნი არიან მისამართზე ქ. თბილისი, სასტუმრო „...“ (სარეგისტრაციო ნომერი - ...). შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს და მათ ოჯახის წევრებს დაკავებული ჰქონდათ სასტუმრო „...ს“ ... სართულის №... ოთახი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე უზრუნველყოფილნი არიან და მათ მიმართ ვერ განხორციელდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია გადაეცა დევნილ ოჯახს და არა ოჯახის ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას და არა ოჯახის ცალკეული წევრებისას. სწორედ ამიტომ, კანონით განიმარტა დევნილი ოჯახი და ყველა ნორმატიულ აქტში ჩაიდო ეს ცნება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ პუნქტის გათვალისწინებით, გ. დ-ასა და ლ. კ-აზე ფულადი კომპენსაცია გაიცა მათი ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ იმ მდგომარეობით, რა ფაქტიური და იურიდიული მგომარეობითაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელ ადგილზე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, ასევე, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის IDP 5 2200677378 წერილი არის დასაბუთებული და გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
პირველ რიგში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოების მითითების შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ლ. და ქ. კ-აების მიერ საკომპენსაციო თანხის მიღების ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელეებისა და ზემოდასახელებული პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) გ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A335404 მოწმობით, სადაც დევნილის სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია №..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, ისანი, ...ის ქ. №..., ბინა №62 (ს.ფ. 16). ლ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A229725 მოწმობით, სადაც დევნილის სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია №..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, ..., მისამართის გარეშე (ს.ფ. 17); ბ) 1997 წლის 06 ოქტომბერს შევსებული დევნილის განცხადება-საოჯახო ანკეტის თანახმად, ერთ ოჯახად (№323) რეგისტრირებულნი არიან: ლა. კ-ა, ქ. კ-ა, თ. დ-ა, მ. კ-ა, თ. კ-ი, ა. ბ-ა (საცხოვრებელი რაიონი - ..., რაიონის კოდი - ...; დროებითი მისამართი - თბილისი, ..., სასტუმრო „...“). ამავე ანკეტის თანახმად, 2002 წლის 15 აპრილიდან (შევსების თარიღი) ოჯახის წევრებად (№7 და №8) მითითებულნი არიან ლ. კ-ა და გ. დ-ა (წინა საოჯახო ნომერი - ...). საცხოვრებელი რაიონის გრაფაში მითითებულია ..., რაიონის კოდი - ...; დროებითი მისამართი - ,,თბილისი, სასტუმრო ...’’ (ს.ფ. 111-114); გ) 2007 წლის 18 ოქტომბრის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლ. კ-ას სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია - №..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - გულრიფში, ს. ..., დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ..., განსახლების ფორმა - კერძო (ს.ფ. 56). 2007 წლის 20 ივლისის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლა. კ-ას სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია - №..., დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ..., განსახლების ფორმა - კერძო (ს.ფ. 116). 2013 წლის 17 დეკემბრის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, ს. ...ში, დროებით საცხოვრებელ ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, ..., მისამართის გარეშე. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, დიდუბე, ...ს ქ. №..., ბინა №22, განსახლების ფორმა - კერძო (ს.ფ.57); 2013 წლის 22 ნოემბრის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლა. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. №..., ბინა №2, დროებით საცხოვრებელ ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, .... ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №62, განსახლების ფორმა - კერძო (ს.ფ. 115); დ) 2007 წლის 12 ივნისის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ქ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია გულრიფშის რაიონი, სოფელი ...; დროებით საცხოვრებელ ადგილად - ..., სარეგისტრაციო ნომერი ... (ს.ფ. 118); ე) 2009 წლის 10 დეკემბრის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, მ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია გულრიფშის რაიონი, სოფელი ...; დროებით საცხოვრებელ ადგილად - ...ს რაიონი, სარეგისტრაციო ნომერი - ... (ს.ფ. 117); ვ) 2023 წლის 17 მარტის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის №IDP 9 23 00289570 წერილის თანახმად, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ. დ-ასა და ლ. კ-ას მიღებული აქვთ საკომპენსაციო თანხა ქ. თბილისში, სასტუმრო „...ში“ დაკავებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ. ამავე წერილში აღნიშნულ იქნა, რომ გ. დ-ას 2007-2013 წლების რეგისტრაციის ანკეტა არქივში არ იძებნება (ს.ფ. 51); ზ) სავაჭრო ცენტრი ,,თ...ს’’ 2009 წლის 12 თებერვლის №1/18 წერილით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ეცნობა, რომ ქ. თბილისის ...ის შენობაში განთავსებულ ყოფილ სასტუმრო „...ში“ და „დედათა და ბავშვთა“ ოთახში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობითი სია მიწოდებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალისტების მიერ. აღნიშნული სიების შესაბამისად, კომპანიის სპეციალური ჯგუფის მიერ მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი კომპენსაციების გადახდა (ს.ფ. 52). აღნიშნულ წერილზე თანდართულ შპს „...ში“ განთავსებული დევნილების სიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: ოთახის ნომერი №..., ოჯახის ნომერი №323, სახელი გვარის გრაფაში - ლ. კ-ა, ქ. კ-ა, ლა. კ-ა, მ. კ-ა, გ. დ-ა, სულადობა - 7, დაკავებული ოთახების რაოდენობა - 1, დაკავებული ფართი - 12,69 კვ.მ (ს.ფ. 53); თ) 2022 წლის 21 დეკემბრის IDP 5 22 00677378 მიმართვით, გ. დ-ას ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა მისი 2022 წლის 24 ნოემბრის №572281 განცხადება, რომელიც ეხებოდა იძულებით გადაადგილებული პირის გ. დ-ას ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხს. დევნილთა მონაცემთა ბაზისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტური ინფორმაციის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირს, გ. დ-ას სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის სანაცვლოდ თავის ოჯახთან ერთად (შემადგენლობა: კ-ა ლ., კ-ა ქ., კ-ა ლა., კ-ა მ.) გადაეცა ფულადი კომპენსაცია. სააგენტოში დაცული საანკეტო მონაცემების მიხედვით კი დგინდება, რომ 2004 წელს შევსებული დევნილის საანკეტო მონაცემებში გ. დ-ა ფიქსირდება სასტუმრო „...ში“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული მოთხოვნა - გ. დ-ასთვის დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსაციის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 20-21); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 30 სექტემბრის IDP 9 24 01028081 წერილის თანახმად, მოსარჩელეებს: გ. დ-ას (პ/ნ ...), ლ. კ-ას (პ/ნ ...) და მათი ოჯახის წევრებს - ქ. კ-ას (პ/ნ ...), ლა. კ-ას (...) და მ. კ-ას (პ/ნ ...), დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქ. თბილისში, სასტუმრო „...ში“ დაკავებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია, თუმცა კომპენსაციის გაცემის თარიღზე, საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის რაოდენობასა და კომპენსაციის მიმღებ პირებზე ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ არის. რაც შეეხება, იმ საკითხის - გ. დ-ა (პ/ნ ...), ლ. კ-ა (პ/ნ ...) ქ. კ-ა (პ/ნ ...), ლა. კ-ა (პ/ნ ...) და მ. კ-ა (პ/ნ ...), იყვნენ თუ არა ერთი ოჯახის წევრები იმ დროისათვის (ერთ ოჯახად რეგისტრაცია), ვინაიდან ზემოჩამოთვლილ პირებზე ფულადი კომპენსაციის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ არის დაცული, აღნიშნული პირები საკომპენსაციო თანხის გაცემისას წარმოადგენდნენ თუ არა ერთი ოჯახის წევრებს დაზუსტებით ვერ განსაზღვრავენ, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზისა და სააგენტოში დაცული ზემოაღნიშნული პირების საოჯახო ანკეტებიდან გამომდინარე, გ. დ-ა (პ/ნ ...), ლ. კ-ა (პ/ნ ...), ქ. კ-ა (პ/ნ ...), ლა. კ-ა (პ/ნ ...) და მ. კ-ა (პ/ნ ...) 2002 წლიდან ფიქსირდებიან ერთ საოჯახო ნომერზე. გ. დ-ამ (პ/ნ ...) 2019 წ. შეიცვალა საოჯახო ნომერი, ხოლო ყველა სხვა ზემოჩამოთვლილი პირი ფიქსირდება თავდაპირველ საოჯახო ნომერზე. მხარეებს შორის დადებული საკომპენსაციო თანხის ხელშეკრულება სააგენტოში დაცული არ არის (ს.ფ. 108); კ) სს „თ...ს“ 2024 წლის 23 ოქტომბრის №1/47 წერილის თანახმად, დევნილთა კომპენსაციის საკითხებზე მუშაობდა სპეციალური ჯგუფი და როგორც მათთვის ცნობილია ყველა საკითხი, მათ შორის, სიები, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემა და ყველა დოკუმენტური მასალა 2007 წელს გადაგზავნილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. აღნიშნული მასალები მათ არქივში არ იძებნება, ამასთან, გასულია დოკუმენტაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა. ნოტარიუს ლ. ც-ესთან, რომლის ბიურო მდებარეობდა ...ს ქ. №...-ში, ხდებოდა დოკუმენტების ასლების დამოწმება და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამე დოკუმენტის მიკვლევა ამ ბიუროში (ს.ფ. 129); ზ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუს ლ. ც-ეის 2025 წლის 9 იანვრის №120/1 წერილის თანახმად, 2007 წლის 13 ივლისს ლა. კ-ასთან (რეგისტრაციის ნომრით №...) და ქ. კ-ასთან (რეგისტრაციის ნომრით №...) მიმართებით შესრულებულია სანოტარო აქტები ,,დახმარების გაწევის შესახებ’’ (ს.ფ. 179). 2007 წლის 13 ივლისს ქ. კ-ას (შემდგომში ,,დევნილი’’) და სს ,,თ...ს’’ წარმომადგენელს - ვ. თ-ეს შორის გაფორმებულია ,,დახმარების გაწევის შესახებ’’ სანოტარო აქტი (რეგისტრაციის ნომერი №...) (ს.ფ. 180-185); 2007 წლის 13 ივლისს ლა. კ-ას (შემდგომში ,,დევნილი’’) და სს ,,თ...ს’’ წარმომადგენელს - ვ. თ-ეს შორის გაფორმებულია ,,დახმარების გაწევის შესახებ’’ სანოტარო აქტი (რეგისტრაციის ნომერი №...) (ს.ფ. 187-192); ,,დახმარების გაწევის შესახებ’’ სანოტარო აქტების (რეგისტრაციის ნომერი №... და №...) თანახმად, ,,დევნილმა’’ განაცხადა, რომ თანახმაა, მის მიერ ფაქტიურად დაკავებული ფართი, მდებარე თბილისის ...ის შენობაში, გადასცეს სს „თ...ს“ და მიიღოს ერთჯერადი დახმარება. სანოტარო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დევნილმა’’ განაცხადა, რომ უფლებამოსილია დადოს წინამდებარე გარიგება იმდენად, რამდენადაც მას მიღებული აქვს წერილობითი უფლებამოსილება იმის თაობაზე, რომ განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულება, რაც დასტურდება შესაბამისი ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტით და სწორედ მის მფლობელობაში იმყოფება მოიჯარისათვის გადასაცემი უძრავი ქონება. ამავე სანოტარო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოიჯარე, ქველმოქმედების სახით, დევნილს გაუწევს ერთჯერად ფულად დახმარებას, მას შემდეგ, რაც დევნილი დარჩება საცხოვრებლის გარეშე, ხოლო მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დახმარების ოდენობა განისაზღვრება 9000 აშშ დოლარით (ს.ფ. 179-193).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი, ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის ცნებისთვის საჭიროა კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა - დევნილის სტატუსის მქონე განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე და ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი ძირითადად ეფუძნება გარემოებას, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტების მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირს - გ. დ-ას სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, თავის ოჯახთან ერთად (შემადგენლობა: კ-ა ლ., კ-ა ქ., კ-ა ლა., კ-ა მ.) გადაეცა ფულადი კომპენსაცია. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული მოთხოვნა - გ. დ-ასთვის დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსაციის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს, რასთან მიმართებითაც პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების, ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით, მათ შორის, არც განცხადება-საოჯახო ანკეტებით, არც სავაჭრო ცენტრ ,,თ...ს” 2009 წლის 12 თებერვლის №1/18 წერილითა და მასზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისში მდებარე სასტუმრო „...“. შესაბამისად, ვინაიდან საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე კასატორის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, შეუძლებელია მოსარჩელეები მიჩნეულ იქნას კომპენსირებულ პირებად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 30 სექტემბრის IDP 9 24 01028081 წერილზე, რომლის თანახმად, ვინაიდან გ. დ-აზე, ლ. კ-აზე, ქ. კ-აზე, ლა. კ-ასა და მ. კ-აზე ფულადი კომპენსაციის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ არის დაცული, აღნიშნული პირები საკომპენსაციო თანხის გაცემისას წარმოადგენდნენ თუ არა ერთი ოჯახის წევრებს დაზუსტებით ვერ განსაზღვრავენ.
რაც შეეხება 2007 წლის 13 ივლისს ლა. კ-ასთან (რეგისტრაციის ნომრით №...) და ქ. კ-ასთან (რეგისტრაციის ნომრით №...) გაფორმებულ სანოტარო აქტებს ,,დახმარების გაწევის შესახებ’’, მართალია, აღნიშნული სანოტარო აქტების თანახმად ლა. კ-ამ და ქ. კ-ამ თანხმობა განაცხადეს მათ მიერ თბილისის ...ის შენობაში დაკავებული ფართის სანაცვლოდ თანხის მიღებაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეები იმ დროისათვის იყვნენ ლა. კ-ას და ქ. კ-ას ოჯახის წევრები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორმა ვერ უზრუნველყო იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უტყუარად დაადასტურებდა სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეთა კომპენსირებულ პირად მონიშვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა