დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1240(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1240(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.მ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო.მ-ემ 10.10.2022 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2022 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.2022 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც 964 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-2 გასასვლელი, №...-ის მიმდებარედ, რეგისტრირებული იქნება ო.მ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2023 წლის განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა.

მოსარჩელემ 05.12.2023 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე დამატებით მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.06.2022 წლის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ამავე სხდომის ოქმით, ნაძალადევის რაიონის გამგეობას შეეცვალა საპროცესო სამართლებრივი სტატუსი და საქმეში ჩაება მოპასუხე მხარედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.2024 წლის გადაწყვეტილებით ო.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხს გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.06.2022 წლის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ო.მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2022 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ო.მ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.2022 წლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2025 წლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.2024 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, სარეგისტრაციო სამსახურმა 30.05.2022 წელს წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას მოსარჩელის მიერ წარდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში, კერძოდ, მიწის ნაკვეთის №129 მიღება-ჩაბარების აქტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის მიზნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 15.06.2022 წლის №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა მიწის ნაკვეთთა იდენტურობა, ვინაიდან გამგეობას არ ჰყავდა შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სპეციალური აპარატურით დაადგენდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავდა ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ამასთან, საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობას ადმინისტრაციული ორგანო ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა შეიქმნა 01.03.2013 წელს და შესაბამისად, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მხოლოდ მითითებული პერიოდიდან წარმოებული დოკუმენტაცია ინახებოდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ავალდებულებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი გამოიკვლიოს და წარდგენილი თუ მის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში ნაძალადევის რაიონის გამგეობას არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სავალდებულო ღონისძიებების ჩატარების, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების, ასევე მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისგან ინფორმაციის მოპოვებისა და დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის გარეშე ფაქტობრივად უარი ეთქვა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე. სადავო ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენისას, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა მეზობელ ნაკვეთებთან მისი ფარგლების ურთიერთშეჯერება სასაზღვრო მიჯნის გათვალისწინებით, რა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობისა და კონფიგურაციის დაზუსტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.06.2022 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი დეტალურად შეიცავს იმ მიზეზებზე მითითებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონის გამგეობა ვერ ახერხებს დაადასტუროს მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებაში იდენტურობა. კასატორმა მიუთითა, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობა 01.03.2013 წელს შეიქმნა და შესაბამისად გამგეობაში მხოლოდ აღნიშნული პერიოდიდან წარმოებული დოკუმენტაცია ინახებოდა, 2013 წლამდე მონაცემები გადაცემულია საქართველოს ეროვნული არქივისთვის. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საზღვრები დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014 წლის №16-41 დადგენილების შესაბამისად, მოხდა ახალი ტერიტორიების შემოერთება, რომელთა შესახებაც ნაძალადევის რაიონის გამგეობას არ გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო (2014 წლამდე არსებული) მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოითხოვა მათ ხელთ არსებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია და ინფორმაცია შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოთხოვნილი დოკუმენტაცია არც მათთან არ აღმოჩნდა დაცული. ამდენად, ვინაიდან საარქივო დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, ხოლო ნაძალადევის რაიონის გამგეობა არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო, ამასთან, მას არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების თანამშრომელი, რომელიც ნაკვეთის გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად გამგეობას მიმართავს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ასეთი საჭიროება არ არსებობდა. კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში დაცული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს ჰქონდა სამართლებრივი და ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ მიეღო გადაწყვეტილება და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილზე მითითებით არ შეეწყვიტა საქმის წარმოება. მარეგისტრირებელი ორგანოსა და სასამართლოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული გამგეობის ჩართულობის აუცილებლობა. კასატორი თვლის, რომ მხოლოდ ადგილზე დათვალიერებით გამგეობა ვერ შეძლებს იდენტურობის დადგენას. მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე პასუხის გაცემა მოითხოვს მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის დროს არსებული დოკუმენტების, საკომლო წიგნების, მიწის სარეგისტრაციო მოწმობების, საგადასახადო სიების, მებაღეობის დოკუმენტების და სხვა სახის უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძვლების შესწავლას, რომელიც გამგეობას არ გააჩნია და ვერ იქნა მოძიებული.

კასატორის მოსაზრებით, გამგეობა თავს არ არიდებს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტას, პირიქით, კვალიფიციურად უდგება საკითხს, იგი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რისი დადასტურებაც ან უარყოფაც პრაქტიკულად არ შეუძლია. კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში გამგეობის მიერ გამოკვლეული იქნა საქმის გარემოებები და მიღებულ იქნა კანონიერი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული, 21.11.1993 წელს გაცემული №129 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ო.კ-ეს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, ...ში მდებარე 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა პ.წ-ას მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - ჯ.გ-ის მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან - გზა. ო.კ-ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1998 წელს დაუთმო თავის ნათესავს - ნ.მ-ეს. ამ გარემოებაზე უთითებს საქმეში დაცული ო.კ-ის მემკვიდრის, ცოლის - ლ.კ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მისმა ქმარმა ნათესავ ნ.მ-ეს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაიცა ახალი მიღება-ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 21.12.1998 წელს ნ.მ-ის სახელზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი №129. ო.მ-ემ, როგორც ნ.მ-ის მემკვიდრემ, 20.04.2022 წელს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, 21.11.1993 წლის №129 მიღება-ჩაბარების აქტისა და 21.12.1998 წლის №129 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია 964 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ... მე-2 გასავლელი, №...-ის მიმდებარედ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას, გადაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებული დოკუმენტაცია და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სთხოვა, დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - 21.12.1998 წელს გაცემული №129 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 15.06.2022 წლის №... წერილით აცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაედგინა მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან გამგეობას არ ჰყავდა შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სპეციალური აპარატურით დაადგენდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე, შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მომხდარიყო ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადასტურება, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა, ხოლო ნაძალადევის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენდა უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემ ორგანოს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავდა ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ასევე განმარტა, რომ გამგეობა შეიქმნა 01.03.2013 წელს და შესაბამისად, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მხოლოდ მითითებული პერიოდიდან წარმოებული დოკუმენტაცია ინახებოდა, 2013 წლის 01 მარტამდე წარმოებული დოკუმენტაცია გადაცემული იყო საქართველოს ეროვნული არქივის ქალაქ თბილისის ცენტრალური არქივისთვის. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014 წლის დადგენილებით, ნაძალადევის რაიონს მიუერთდა ახალი ტერიტორიები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო (2014 წლამდე არსებული) მონაცემები ნაძალადევის რაიონის გამგეობას არ გადასცემია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წერილით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და მიერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოითხოვა მათ ხელთ არსებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია (მათ შორის განაწილების გეგმა, სია, საკომლო მონაცემი და ა.შ.) და ინფორმაცია, რაც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცული არ აღმოჩნდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2022 წლის გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ო.მ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარედგინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან სხვა სამართლებრივი აქტი (დასტური მიწის ნაკვეთის მდებარეობის თაობაზე). მარეგისტრირებელი ორგანოს 25.07.2022 წლის გადაწყვეტილებით, ო.მ-ის განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ო.მ-ემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.2022 წლის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჩათვალა, რომ ვინაიდან უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ვერ დაადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ამასთან, დაინტერესებულმა პირმაც, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა კანონიერი იყო. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე იმსჯელა მიწის რეგისტრაციის გამომრიცხავ დამატებით საფუძვლებზეც. სააგენტომ დაადგინა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ერთი ნომრით (№...) გაცემული იყო ორი მიღება-ჩაბარების აქტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირზე, კერძოდ, 121.11.1993 წელს ო.კ-ის, ხოლო 21.12.1998 წელს ნ.მ-ის სახელზე. ამასთან, ო.მ-ის №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 34.05%-ით ემთხვეოდა პ.წ-ას სახელზე, ხოლო 40.28%-ით - ბ.ბ-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 15.06.2022 წელს მიღებული №... გადაწყვეტილების მართლზომიერება, რამეთუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ აქტებთან მიმართებით, ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

განსახილველ შემთხვევაში, ო.მ-ეს სპორადული რეგისტრაციის წესით აქვს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.06.2022 წლის №... წერილს, რომლის თანახმად, გამგეობამ მიწის ნაკვეთის ინდენტურობის დადგენაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ არ ჰყავდა შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სპეციალური აპარატურით დაადგენდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავდა ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ამასთან, საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობას ადმინისტრაციული ორგანო ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობა შეიქმნა 01.03.2013 წელს და შესაბამისად, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მხოლოდ მითითებული პერიოდიდან წარმოებული დოკუმენტაცია ინახებოდა. გამგეობის მითითებით, ის ტერიტორია, სადაც მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია იყო მოთხოვნილი, ნაძალადევის რაიონის გამგეობას 2014 წელს შემოუერთდა, ხოლო ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ვერ შეძლო საარქივო დოკუმენტაციის მოძიება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, ჩაეტარებინა ადგილზე დათვალიერება, გამოეკითხა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მოეძიებინა დამატებითი დოკუმენტაცია, გამოერკვია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსი და მიეღო სხვა კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულია მეზობლების - ი.დ-სა და პ.წ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც უთითებენ, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ემიჯნება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც არასდროს ყოფილა სადავო და გამოთქვამენ თანხმობას, რომ მიწის ნაკვეთზე ო.მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, საარქივო დოკუმენტაციის შესწავლის, ადგილზე დათვალიერების და სხვა მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კონკრეტული დარგის სპეციალისტისა და ინსტიტუციური მეხსიერების არარსებობა, აგრეთვე, კასატორის მითითება მასზედ, რომ ის არ წარმოადგენს უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემ ორგანოს, გამგეობის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას იმთავითვე არ გამორიცხავს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რაც სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2025 წლის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე