გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-508(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: ნ. გ-იმა 2019 წლის პირველ ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ნ. გ-ი 1975 წლიდან უწყვეტად ფლობდა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი). მოსარჩელეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მითვისების დროიდან შემოსაზღვრული ჰქონდა ერთიანი ღობით, უძრავ ქონებას ყოველთვის იყენებდა საცხოვრებლად, აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, პერიოდულად ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს და იხდიდა გადასახადებს.
ნ. გ-იმა 2009 წელს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თვითნებურად დაკავებულ 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. მოსარჩელის მითითებით, კომისიამ შეიყვანა შეცდომაში, კერძოდ, განუმარტა, რომ 600 კვ.მ-ზე მეტს ვერ დაუკანონებდა, რის შედეგადაც, 2010 წელს მას საკუთრების უფლება ეღიარა მხოლოდ 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). მისივე განმარტებით, იგი უწყვეტად აგრძელებდა მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული სრული - 1494 კვ.მ ფართის ფლობასა და სარგებლობას.
ნ. გ-იმა 2019 წელს კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა სადავო აქტით მას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რასაც იგი არ დაეთანხმა და სასამართლო წესით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი-595.00 კვ.მ, ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი-594.00 კვ.მ) ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ნ. გ-იმა 2009 წელს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნ. გ-ის მიერ 1975 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დაადასტურეს მეზობლებმა: რ. ფ-ამ, ა. ა-იმა, ქ. ნ-ემ, ლ. თ-იმა. ადმინისტრაციულ ორგანოში 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარდგენილ იქნა ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, რომლითაც დასტურდებოდა დასარეგისტრირებლად წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ერთიან საზღვრებში მოქცევა;
- ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2009 წლის 19 ნოემბრის წერილით ნ. გ-ის ეცნობა, რომ მისი 2009 წლის 5 ოქტომბრის განცხადება მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ №525 ბრძანებულების მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ 2009 წლის 16 ოქტომბერს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №163) საკუთრების უფლების აღიარების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი.
- ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №195 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №76) აღიარებულ იქნა ნ. გ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავის ქონების ნ. გ-ის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილიდან - 1494 კვ.მ-დან შემცირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეადგენდა 595 კვ.მ-ს. 2010 წლის 16 ივნისს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ გაიცა №4107 საკუთრების უფლების მოწმობა, თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად;
- დასახელებული მოწმობის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილებით 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...);
- 2019 წლის 8 ივლისს ნ. გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 594 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია (ს.ფ. 66). აღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად გადააგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში;
- საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 6 აგვისტოს წერილის თანახმად, ნ. გ-ის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-2) და სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 სექტემბრის წერილის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N...) 2009 წელს ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), 2014 წელს - სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), 2018 წელს - სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), 2019 წელს - როგორც სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), ასევე საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)-ით განსაზღვრული ფუნქციური ზონები;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს №48 ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულებით, ნ. გ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად კომისიამ განკარგულებაში მიუთითა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა. აგრეთვე, არ დგინდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე;
- საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, მთავარ სხდომაზე ნ. გ-ის მიერ წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 18 სექტემბრის გაცემული №006691723 დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებული 595.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და დასარეგისტრირებლად წარდგენილი ნ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 594 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით მოქცეულია ერთი, მიწაში მყარად ჩამაგრებული ღობის შიგნით და ქმნის ერთიან შიდა სივრცეს. აგრეთვე ტერიტორიაზე, როგორც ღობის გასწვრივ, ასევე ღობის შიგნით, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული 595 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და დასარეგისტრირებლად წარდგენილი მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 594 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობისა და ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტის დასადგენად წარმოდგენილია 1996 წლის აეროგადაღება-ფოტო და 2006 წლის ორთოფოტო, რომელთა თანახმადაც, ფიქსირდება ორივე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში შემომსაზღვრელი ღობე და შენობა-ნაგებობები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღობე და შენობა-ნაგებობები 1996 წლამდეა აშენებული.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა არა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არსებობა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ფაქტი, არამედ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული 595 კვ.მ მიწის ნაკვეთისა ((ს/კ ...) მასზე არსებული შენობა-ნაგებობების) და დასარეგისტრირებლად წარდგენილი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით), როგორც ერთიანი უფლების ობიექტის მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების შეფასება, ვინაიდან მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი 1996 წლიდან ფლობდა მიწაში მყარად ჩამაგრებული ღობის შიგნით მოქცეულ მიწის ნაკვეთს, როგორც ერთიან შიდა სივრცეს საერთო შენობებითა და საერთო საზღვრებით.
სასამართლომ საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მეზობლების 2009 წლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის აღიარებამდე პრეტენზიას აცხადებდა დარჩენილ არააღიარებულ მიწის ნაკვეთზე მანამდეც და ითხოვდა მათი, როგორც ერთ სივრცეში გაერთიანებული მიწის ნაკვეთის ერთ უძრავ ქონებად აღიარებას. სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებული 595.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და დასარეგისტრირებულად წარდგენილი ნ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 594.კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით მოქცეულია ერთი, მიწაში მყარად ჩამაგრებული ღობის შიგნით და ქმნის ერთიან შიდა სივრცეს. გარდა ამისა, ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობისა და ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტის დასადგენად წარმოდგენილი, 1996 წლის აეროგადაღებითა და 2006 წლის ორთოფოტოთი ფიქსირდება ორივე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში შემომსაზღვრელი ღობე და შენობა-ნაგებობები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ღობე და შენობა-ნაგებობები 1996 წლამდეა აშენებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებაში აღიარებულ საზღვრებში, რომლის ერთიანი კონფიგურაციით და საზღვრებში აღიარების მოთხოვნით მოსარჩელემ 2009 წელს მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სასამართლომ ჩათვალა, რომ საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთის შემცირებულ ფართზე დაუსაბუთებლად შეუსაბამო იყო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების რეგულაციებთან. ამდენად, არსებობდა გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობისა და ნ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 595 კვ.მ, ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 389 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნ. გ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 10 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენლის მიერ შემცირდა (დაზუსტდა) სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) (205 კვ.მ). შესაბამისად, მოთხოვნა ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 595 კვ.მ, ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ..., მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 389 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) მოქცევის გამო, დანარჩენ 389 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. გ-იმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თავდაპირველად 2009 წელს მიმართა, რა დროსაც პრეტენზიას აცხადებდა 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის მიერ მას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ნ. გ-ის მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სრულად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, 2010 წლის 16 ივნისს აღიარების კომისიის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ნ. გ-ის სახელზე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილის აღიარებას დაეთანხმა თავის დროზე ნ. გ-ი და მას თავდაპირველი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე 2019 წლამდე პრეტენზია არ განუცხადებია.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის მომიჯნავედაც პრეტენზიას აცხადებს ნ. გ-ი, სწორედ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ აქვს მას აღიარებული და შემდეგ რეგისტრირებული. შესაბამისად, ნ. გ-ისთვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა მითითებული საფუძვლის გათვალისწინებითაც მართებულია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა და კანონმდებლის მიზნებიდან გამომდინარე, გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის მომიჯნავეობის საფუძვლით მიწის ნაკვეთების დაუსრულებელი ათვისება და მასზე საკუთრების უფლების აღიარება.
გარდა ამისა, საქმეზე დადასტურებული მტიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, ვერ ადასტურებს უფლებააღიარებული და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთიან სივრცეში არსებობისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის ქონის ფაქტს. ამდენად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ვერ ცერთ კატეგორიას, რის გამოც სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ. გ-იმა 2009 წლის 5 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ს დასახლებში მიმდებარე 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნ. გ-ის მიერ 1975 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დაადასტურა რამდენიმე მეზობელმა. ადმინისტრაციულ ორგანოში 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარდგენილ იქნა ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, რომლითაც დასტურდებოდა დასარეგისტრირებლად წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ერთიან საზღვრებში გაერთიანება. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2009 წლის 19 ნოემბრის წერილით ნ. გ-ის ეცნობა, რომ მისი განცხადება კომისიამ 2009 წლის 16 ოქტომბერს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №163) საკუთრების უფლების აღიარების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საქმის მასალებში დაცული ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №195 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №76) დასტურდება, რომ 2010 წლის 2 თებერვალს ნ. გ-იმა კვლავ მიმართა აღიარების კომისიას იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი ამჯერად შეადგენდა 595 კვ.მ-ს. დასახელებული საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ნ. გ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავის ქონების ნ. გ-ის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილიდან - 1494 კვ.მ-დან შემცირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეადგენდა 595 კვ.მ-ს. ამასთან, 2010 წლის 16 ივნისს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ გაიცა №4107 საკუთრების უფლების მოწმობა, თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების მოწმობა ნ. გ-ის სადავოდ არ გაუხდია. უფრო მეტიც, აღნიშნული მოწმობის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილებით უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრების უფლება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა აგრეთვე ის, რომ 2019 წლის 8 ივლისს ნ. გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 594 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად გადააგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. ამავე კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულებით (ოქმი №48), ნ. გ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 595 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მიეთითა, რომ ნ. გ-ი განცხადებით ითხოვდა კომისიის მიერ უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გაუმართლებელი და მიზანშეუწონელი იყო. უარის თქმის საფუძვლად ასევე მიეთითა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა, აგრეთვე, არ დგინდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. გ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა. ამ თვალსაზრისით კი, შესაფასებელია სადავო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.
კონკრეტულ შემთხვევაში ნ. გ-ი ქალაქ თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს თვითნებურად დაკავების საფუძვლით. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს და საკითხი არ ეხება მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, მან უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, არამედ უნდა დაადასტუროს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი შენობა (დღეს მოქმედი რეგულაციით, ორივე მათგანი შეიძლება იყოს აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ხოლო თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე და საკითხი არ ეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი სახლით ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობით, მან უნდა დაამტკიცოს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე (დღეს მოქმედი რეგულაციით კი, საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში - 5 ჰექტარს).
განსახილველ შემთხვევაში, ნ. გ-ი ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე. ხსენებულ მოთხოვნაზე კი ადმინისტრაციული ორგანოს უარი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა, აგრეთვე, არ დგინდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღიარებამოთხოვნილ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ნ. გ-ის მოთხოვნილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2009 წელს, რა დროსაც მოთხოვნა წარდგენილი იყო 1494 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მასზე ნ. გ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სრულად ფლობის დაუდასტურებლობის საფუძვლით. 2010 წელს ნ. გ-იმა თავად დააკორექტირა მოთხოვნა და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა მხოლოდ 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. ნ. გ-ის ეღიარა საკუთრების უფლება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, რაზეც გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ. გ-იმა 2009 წელს 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თავად წარადგინა კორექტირებული მოთხოვნა, დაეთანხმა ამ მოცულობით საკუთრების უფლების აღიარებას და მიღებული აქტები მას სადავოდ არ გაუხდია. უფრო მეტიც, მის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. გ-ის სახელზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიღებულია ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე, შესულია კანონიერ ძალაში. განმცხადებელს (მოსარჩელეს) ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც იმთავითვე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მითითებული აქტების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას და, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის სარჩელის უარყოფის საკმარის საფუძველს.
აღნიშნული მოსაზრების მიუხედავად, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით გამოყენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების შემოწმებას. სადავო აქტში მითითებულია რომ ნ. გ-ი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა კომისიის მიერ საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაც, კომისიის მოსაზრებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გაუმართლებელი და მიზანშეუწონელი იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე შესაფასებელია ის საკითხი, წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნილი მიწის აღიარებისათვის შემაფერხებელ გარემოებას მის მომიჯნავედ მოსარჩელის საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთის არსებობის ფაქტი, რომელიც აღიარების საფუძველზე ერთხელ უკვე იქნა საკუთრებაში გადაცემული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე „...დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე...“, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მითითებული საფუძვლით, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად მიჩნევისთვის აუცილებელია განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის (შენობით ან მის გარეშე) ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რომლის ფართობიც ნაკლები იქნება საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საკასაციო სასამართლო აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვის დასაბუთებისთვის მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე. კერძოდ, სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 2010 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 08 ივლისის №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველი გახდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების მოწმობა №4107 (დამოწმების თარიღი 16.06.2010წ.). აღნიშნული მოწმობის გაცემას კი, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო აღიარების კომისიის 2010 წლის 27 აპრილის №195 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია (სასყიდლიანი) და მოსარჩელეს ეღიარა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. ამრიგად, უდავოდ დასტურდება, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა 2010 წელს აღიარების საფუძველზე. აღნიშნული გარემოება კი, მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელე ითხოვს მისთვის აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პრინციპებს, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს მითითებული „კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შესაძლებლობა ექნება საკუთრების უფლების აღიარების გზით გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კვლავ მოითხოვოს უკვე გაერთიანებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, აღნიშნული ასევე ქმნის მიწის ნაკვეთების დაუსრულებლად აღიარების მოთხოვნის შესაძლებლობას (ერთხელ უკვე აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, შემდგომ უკვე გაერთიანებული ახალი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ა.შ.)“ (სუსგ საქმე №ბს-1304(კ-19) 25.11.2021წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის მომიჯნავეობის საფუძვლით დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც, არ აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ის ვერ ჩაითვლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამასთან, საკაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. გ-ისათვის ქ. თბილისში, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული - 389 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2165 განკარგულება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე