დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-84(კ-26) 20 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ნ.ქ-ი, ა.გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 22 აგვისტოს ნ.ქ-იმა და ა.გ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელეების მითითებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს, რომელიც დევნილობის მანძილზე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2 წელი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, ბ.ლ-ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ განცხადებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა 2023 წლის 13 ივლისის ბრძანებით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს, რაც მოსარჩელეთა მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის და ა.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.ქ-ის და ა.გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანებით, ნ.ქ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს - ა.გ-ეს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კერძოდ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოზიციის თანახმად, ნ.ქ-იმა განაცხადში მიუთითა ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით, თუმცა მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე დახვდა ლ-ების ოჯახი, რომელმაც განაცხადა, რომ არც ნ.ქ-ის იცნობდა და არც მის შვილს - ა.გ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 12 აპრილის მონიტორინგის ფორმაზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2022 წლის 19 მაისს და 2023 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ ამონაწერებზე, სადაც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, ... ...ის გამზირი, კორპუსი - ..., სართული 1. ამასთან, აღნიშნული მისამართი ფიქსირდებოდა შპს სამედიცინო ცენტრი „...ის“ მიერ ნ.ქ-ის სახელზე 2023 წლის 20 აპრილს გაცემულ №450 ცნობაში. დასახელებული მისამართზე ჰქონდა გაგზავნილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანების ასლი ნ.ქ-ისთვის. ამასთან, სასამართლოს მითითებით, იგივე მისამართი ჰქონდათ მოსარჩელეებს სარჩელში მითითებული და სასამართლოს გზავნილი ქ. თბილისში, ...ის ..., ბინა №...-ში მოსარჩელეებს თავად ა.გ-ეს და ნ.ქ-ის პირადად ჩაჰბარდათ. მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დადასტურებულად მიიჩნევს ნ.ქ-ის და ა.გ-ის ქ. თბილისში, ... ...ის №..., ბინა №...-ში ცხოვრების ფაქტს.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან დაუდგენელი იყო რომელ სახლში იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი 2023 წლის 13 თებერვალს, აღნიშნული გასაუბრების ოქმი ვერ დაედებოდა საფუძვლად ნ.ქ-ის მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდების დასკვნას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ როგორც მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, ...ის №... ნომერში 200-250 ოჯახი ცხოვრობდა და მათ შორის ძალიან ბევრი ოჯახი იყო გვარად ლ-ა. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელეების მიერ მისთვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნ.ქ-ი და მისი ოჯახი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი, თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო რესურსიდან და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე ოჯახს ამ ეტაპზე ეთქვა უარი და მომდევნო ეტაპზე შესაბამისი წესისა და პროცედურის გათვალისწინებით იქნებოდა შესწავლილი და შეფასებული ოჯახის განსახლების საკითხი. ამასთან, კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მითითებას საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში მიიღო და სწორედ მას დააყრდნო შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძოდ, მიიჩნია, რომ განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო საცხოვრებელთან დაკავშირებით, რაც დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორი მიიჩნევს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს შეიქმნება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში, სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა და კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. კერძოდ, აღნიშნულ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ კომისიის უარი საბოლოო არ იყო და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდებოდა საერთო წესით.
კასატორი მიიჩნევს, რომ მან გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა. კერძოდ გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები და აქტი იყო მიღებული და დასაბუთებული კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის 53-ე მუხლის დაცვით. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ განცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით (წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულათა ჯამზე და, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს („affirmanti, non negati, incumbit probatio“). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადა. წილება მოდავე მხარეებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, ნ.ქ-ისა და ა.გ-ეს, როგორც დევნილებს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი მონაცემების წარდგენა, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის 12 აპრილს განხორციელდა ნ.ქ-ის ოჯახის ადგილზე გადამოწმება მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ..., I სართული და შეივსო გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჯგუფი ჯერ მისული იყო აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე, თუმცა არავინ დახვდა. შემდეგ ტელეფონზე ესაუბრნენ ნ.ქ-ის, რომელმაც აცნობა საცხოვრებელი მისამართი. ნ.ქ-იმა ჯგუფს განუმარტა, რომ 5 დღეა რაც აღნიშნულ მისამართზე ქირით გადმოვიდნენ. ქირას - 300 ლარს ხელზე იხდიდა. მანამდე ქუთაისში ჯერ ...ის ქუჩა №59-ში ცხოვრობდნენ, შემდეგ ქუთაისში ...ის №6, ბინა ...-ში. ამჟამინდელ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ბ.ლ-ა, რომელთა ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ.
2023 წლის 13 თებერვლის გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ.ქ-ის დამატებითი მოკვლევის მიზნით მისულ მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ლ-ების ოჯახი - ა.ლ-ა, ა.-ს მეუღლე - გ.გ-ა. ჰყავთ ორი შვილი. მონიტორინგის ჯგუფს მათ განუმარტეს, რომ ნ.ქ-ის და მის შვილს ა.გ-ეს არ იცნობენ და მათ შესახებ არა. ირ ინფორმაციას არ ფლობენ. ა.ლ-ა კი წარმოადგენდა სახლის მეპატრონის ბიძაშვილს.
საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 12 აპრილის მონიტორინგის ფორმაზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2022 წლის 19 მაისს და 2023 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ ამონაწერებზე, სადაც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, ... ...ის გამზირი, კორპუსი - ..., სართული 1. ამასთან, აღნიშნული მისამართი ფიქსირდებოდა შპს სამედიცინო ცენტრი „...ის“ მიერ ნ.ქ-ის სახელზე 2023 წლის 20 აპრილს გაცემულ №450 ცნობაში. დასახელებული მისამართზე ჰქონდა გაგზავნილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 0 23 00001948 ბრძანების ასლი ნ.ქ-ისთვის თავად ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, იგივე მისამართი ჰქონდათ მოსარჩელეებს სარჩელში მითითებული და სასამართლოს გზავნილი ქ. თბილისში, ...ის ..., ბინა №...-ში მოსარჩელეებს თავად ა.გ-ეს და ნ.ქ-ის პირადად ჩაჰბარდათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და დადასტურებულად მიიჩნევს ნ.ქ-ის და ა.გ-ის ქ. თბილისში, ... ...ის №..., ბინა №.... -ში ცხოვრების ფაქტს. ამასთან, მართებულია სასამართლოების შეფასება, რომ ვინაიდან დაუდგენელია რომელ სახლში იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი 2023 წლის 13 თებერვალს, აღნიშნული გასაუბრების ოქმი ვერ დაედება საფუძვლად ნ.ქ-ის მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდების დასკვნას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეების მიერ სააგენტოსთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ იყო კანონიერი. ხოლო, საქმის მასალებით გამოკვეთილი მოსარჩელის ოჯახის ქულათა რაოდენობის და სხვა დადგენილი გარემოებების და მახასიათებლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა