დამთავრდა მორიგებით
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-123(კ-25) 30 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - მარიამ ზარიძე
საკასაციო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - ე. გ-ე, მ. მ-ი
წარმომადგენლები - თ. გ-ე, ს. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენლები - ვ. ბ-ი, ს. ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 01 მაისს ე. გ-ემ და მ. მ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვეს დადგინდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მ. მ-ის და ე. გ-ეის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მ. მ-ისა და ე. გ-ეის მიმართ განხორციელებული ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება უსინათლო პირებისათვის ადაპტირებული სასამართლო ფორმების დამტკიცება; დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მ. მ-ისა და ე. გ-ეისათვის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის, თითოეულ მოსარჩელეზე 2500 ლარის, ოდენობით გადახდა.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 9 მარტს №533-ო განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აცნობეს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სარჩელის, პასუხის (შესაგებელის) და საჩივრის თანდართული ფორმების არსებული ელექტრონული ვერსიები არ იყო ადაპტირებული უსინათლო მოქალაქეების საჭიროებებზე, პროგრამამ ვერ მოახერხა დოკუმენტის წაკითხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვეს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდებოდა ცვლილებები სასამართლო ფორმების დამტკიცების შესახებ რეგულაციებში და უსინათლო მოქალაქეებს მიეცემოდათ დამოუკიდებლად, სხვების თანასწორად, კონსტიტუციური უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 მაისის №647/533-03-ო წერილით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გათავლისწინებული იყო 2017-2021 წლების მართლმსაჯულების სტრატეგიის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის პროექტში, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა და რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. პროგრამა მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების ადაპტირების გარემოს შეფასებას, გეგმის მომზადებასა და გარემოს პერიოდულ ადაპტირებაზე მუშაობის დაწყებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სარჩელისა და შესაგებელის ფორმებში შესაბამისი ტექნიკური ცვლილებების განხორციელება, რათა ისინი წაკითხვადი იყოს აპრობირებული პროგრამებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომელსაც სასამართლოს წინაშე ხელი მოაწერეს უშუალოდ მოსარჩელეებმა - ე. გ-ემ და მ. მ-იმა, ასევე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ვ. ბ-იმა და ს. ზ-იმა და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციის და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი. დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები (იხ.: სუსგ №ბს-123(კ-20), 10.06.2021წ.; №ბს-888(კ-21), 06.10.2022წ.; №ბს-855(3კ-23), 09.07.2024წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი: საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე N ბს--123(კ-25) მხარეები - ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წარმოდგენილი ვ. ბ-ის და ს. ზ-ის სახით და მეორე მხრივ - ე. გ-ე პ/ნ: ... და მ. მ-ი პ/ნ: ... შეთანხმდნენ მორიგებაზე შემდეგი პირობებით:
1.1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ვალდებულებას 3 თვის ვადაში უზრუნველყოს უსინათლო პირებისთვის სასამართლო ფორმების ადაპტირება, რათა მიღწეული იყოს სრული მისაწვდომობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის შესაბამისად.
1.2. საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ვალდებულებას საბჭოს მიერ შექმნილი უსინათლო პირებისთვის მისაწვდომი ფორმები განათავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდზე და საერთო სასამართლოების ვებ გვერდებზე შემდეგი დასახელებით: „მისაწვდომი ფორმები თუ მოსარჩელე ან მოპასუხე უსინათლო პირია“.
1.3. საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ვალდებულებას უსინათლო პირებისთვის შექმნილი მისაწვდომი ფორმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდზე, საერთო სასამართლოების ვებ გვერდებზე და საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ რომელიმე მხარე უსინათლო პირია, შესაძლებელია მოხდეს მისაწვდომი ფორმების გამოყენება.
1.4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ვალდებულებას მოსარჩელეებს ე. გ-ეს და მ. მ-ის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია თითოეულისთვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელეების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. ე. გ-ე ..., მიმღები ბანკი - ლ...; მ. მ-ი ..., მიმღები ბანკი ს....
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინება.
3. შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-123(კ-25).
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე