დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1304(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023 წლის განჩინება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
პალატამ გამოარკვია:
შ.ა-ემ სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვა მისი განთავსება ისეთი ინფრასტრუქტურის შესაბამის დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი უფლებები, რომელი დაწესებულებაც მორგებული იქნება ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, პატივისა და ღირსების დაცვაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე; ასევე მოითხოვა სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო მორალური ზიანი 7 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 23.02.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შ.ა-ეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის _ 350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 8 იანვარს.
2026 წლის წლის 13 იანვარს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 12.01.2026) კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა შემოსავლების სამსახურიდან ცნობები იმის შესახებ, რომ 2019 წლისა და 2021 წლის მდგომარეობით შემოსავალი არ უფიქსირდება. აგრეთვე წარმოადგინა 2023 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 15 ივლის ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებულია ქ.ც-ისა და შ.ა-ის განქორწინების აქტი. წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე კასატორი განცხადებაში აღნიშნავს, რომ არ შეუძლია სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებით შ.ა-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 21 იანვარს.
2026 წლის 26 იანვარს საკასაციო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა 2025 წლის 17 ნოემბრის ბრძანება ბ.16 162532117 შ.ა-ის სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების შესახებ, 2025 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ს/კ... დათვალიერების ოქმი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 13 ნოემბრის N38 მითითება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 13 ნოემბრის N38 მითითებით შ.ა-ეს განემარტა გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის შესახებ და მიეცა 30 კალენდარული დღე დარღვევის გამოსწორების ვადად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განჩინებით შ.ა-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის _ 350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 16 თებერვალს.
2026 წლის 23 თებერვალს საკასაციო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა ...ის ანგარიშის ამონაწერი, სადაც ფიქსირდება 01.02.2026-16.02.2026 წლის პერიოდში, როგორც თანხის ჩარიცხვა, აგრეთვე თანხის გადარიცხვა. ასევე განცხადებაში შუამდგომლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი დანაწესით, სახელმწიფო ბაჟის შემცირებაზე, თუმცა კასატორს არ წარმოუდგენია შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. ასევე წარმოადგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების 2026 წლის 24 თებერვლის მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პაემანზე იმყოფებოდნენ კასატორის შვილები. განცხადებაში უთითებს, რომ ყავს 4 შვილი და მთელი მისი შემოსავალი სჭირდება მის შვილებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით შ.ა-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის _ 350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 18 მარტს.
2026 წლის 24 მარტს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 20.03.2026) საკასაციო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ...ის ანგარიშის ამონაწერი, სადაც ფიქსირდება 15.02.2026-16.03.2026 წლის პერიოდში, როგორც თანხის ჩარიცხვა, აგრეთვე თანხის გადარიცხვა. ასევე განცხადებაში შუამდგომლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი დანაწესით, სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე, თუმცა კასატორს არ წარმოუდგენია შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. დამატებით ასევე წარმოადგინა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2024 წლის 14 მარტის წერილი. სადაც აღნიშნულია, რომ კასატორის არასრულწლოვანი შვილი მ.ა-ე ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად, იღებს განათლებას, დადის საჯარო სკოლაში და დაკმაყოფილებულია მისი საჭიროებები. არასრულწლოვანთან განხორციელებული ვიზიტის შედეგად სოცილაური მუშაკის შეფასებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანი მ.ა-ე ცხოვრობს მშვიდ და კეთილ საიმედო გარემოში, ის დაცულია ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით (ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა) გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, რადგან იგი შეიძლება შეიზღუდოს. სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორს ხარვეზის დადგენის შემდეგ, სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ხოლო შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების ან შემცირების შესახებ, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც უშუალოდ ამ შუამდგომლობით მომართვის დროისათვის მის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა და შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების საფუძველს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, კასატორმა კი მიუხედავად რამდენიმეჯერ გაგრძელებული ვადისა, არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე