დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-15(კ-26) 22 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე.კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 23 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1115 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახილველად გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებითაც უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და ამასთან, მასზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობას არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით ასევე დგინდებოდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა.
მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა მოპასუხეთა წრე, სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 2 ნოემბრის №460 საოქმო გადაწყვეტილების ((დღის წესრიგის 83-ე საკითხი) კომისიის 2015 წლის 24 ივლისის №447 სხდომის ოქმის მე-9 საკითხით მიღებული გადაწყვეტილების, მისი ძალაში შესვლის დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 მაისის №731 განკარგულების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - საჯარო რეესტრში ე.კ-ის 2018 წლის 23 აპრილის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ე.კ-ის საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ე.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით ე.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, 51 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ ე.კ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღარ დასტურდებოდა აპელანტის (მოსარჩელის) საკუთრებაში არსებულის და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი გასაჩივრებული აქტების მიღების დროსაც და ამჟამადაც მოქცეულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ისე იქნა განმეორებით წარდგენილი განცხადება, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ადგილი არ ჰქონია, ამასთან ვინაიდან მოსარჩელის განცხადებას არ ერთოდა ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელთაც შეეძლოთ გამოეწვიათ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად უთხრა განცხადების არსებით განხილვაზე მოსარჩელეს უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.კ-მა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა ის გარემოება, რომ თავდაპირველად როდესაც უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, კანონი არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთზე დანგრეული არასაცხოვრებელი შენობების არსებობის პირობებში საკუთრების უფლების აღიარებას და ასევე კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას.
ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ქვემდგომი სასამართლოების მითითება, იმის თაობაზე, რომ თითქოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს განცხადების წარდგენისას ადგილი არ ჰქონია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას და ახლად გამოვლენილი გარემოების განცხადებაზე დართვას, ვინაიდან, განცხადების წარდგენისას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები (დასაშვები გახდა დანგრეული არასაცხოვრებელი შენობის არსებობისას საკუთრების უფლების აღიარება) ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნაც. ექსპერტიზის დასკვნით ირკვეოდა, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთს ფლობდა 1997 წლიდან და მასზე მდებარე შენობა იყო ხანდაზმული, იგი 2007 წელსაც არსებობდა. რაც შეეხება სატრანსპორტო ზონას, კასატორის განმარტებით, მიწის ის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა სატრანსპორტო ზონას, გამოკლებულია სადავო მიწის ნაკვეთს და იგი არ ექცევა სატრანსპორტო ზონაში. მიწის ნაკვეთი გზის მხარეს პერიმეტრში მთელი გზის სიგრძეზე დაქანებულია და მასზე ტრანსპორტი არ და ვერ გადაადგილდება. რუკაზე მოცემულობა პირობითია და არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. კასატორის განმარტებით, მომიჯნავეობა სახეზეა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთს ემიჯნება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მოხვედრილია სატრანსპორტო ზონაში და ამის გამო სერვიტუტითაა დატვირთული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით ე.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2026 წლის 5 მარტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა გადაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1 115.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე არ დასტურდებოდა, საკუთრებაში არსებულისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი, გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), რაც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ორ შემთხვევას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებშიც კი, როდესაც პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შესაძლოა, არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოება, კერძოდ, ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწათა კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მითითებული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. ამავე შინაარსის დათქმაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით. ამრიგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშეც, თავის მხრივ, წარმოადგენს საკმარის საფუძველს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 ივლისის №447 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-9 საკითხი), ე.კ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (მის: ქ. თბილისი, ..., ..., საერთო ფართი: 1 155 კვ.მ.), მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და აღიარებულ იქნა ე.კ-ის საკუთრების უფლება. განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 02 ნოემბრის №460 საოქმო გადაწყვეტილებით, კომისიის 2015 წლის 24 ივლისის №447 სხდომის ოქმის მე-9 საკითხით მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა ძალადაკარგულად, მისი ძალაში შესვლის დღიდან, რადგან ე.კ-ის მიერ დამატებით წარდგენილი კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აღარ ემიჯნებოდა განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ვინაიდან სატრანსპორტო ზონა გადიოდა საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვარზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 თებერვალს გამოცემული №321 განკარგულებით, ე.კ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართი: 1115.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ე.კ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) და ფოტოსურათებით არ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...) განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. გარდა ამისა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
ე.კ-მა 2018 წლის 23 აპრილს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ექსპერტიზის დასკვნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომართვა) საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ... ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის №197179 წერილით, ქ. თბილისის მერიას, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე.კ-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... .
ე.კ-მა 2020 წლის 06 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის №... წერილით, ქ. თბილისის მერთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა ე.კ-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... .
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 მაისის №731 განკარგულებით, ე.კ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 1 115.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ განმცხადებელს წარდგენილი ჰქონდა შპს „ე...“-ის 2018 წლის 17 აპრილის საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის ფრაგმენტებისა და ნაკვეთის შემომსაზღვრელი ღობის ხანდაზმულობის პერიოდის განსაზღვრის შესახებ. კომისიამ მიუთითა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ მითითებული ობიექტების ვიზუალურ დათვალიერებასა და განმცხადებლის მიერ წარდგენილ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებულ სანოტარო აქტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ განმარტა, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენდა ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ობიექტურად განსაზღვრულიყო დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა. კერძოდ, დადგენილიყო კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმებულიყო დროში მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავდა სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ასევე, არ დასტურდებოდა საკუთრებაში არსებულისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობითაც მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), რაც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ე.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ე.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლიც, რომლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული საქმის მასალებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ე.კ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, უტყუარად და ცალსახად არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე სადავო უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობისა და მასზე კანონის ამოქმედებამდე შენობის განთავსების ფაქტი. კომისიისთვის განმეორებით მიმართვისას ე.კ-მა ვერ წარადგინა ახალი მტკიცებულებები (გამოკვლეულ ორთოფოტოზე ასახული მონაცემებისაგან განსხვავებული, მოსარჩელის სასარგებლო ფაქტის დასადასტურებლად), რითაც დაადასტურებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად (სუსგ Nბს-412(კ-23), 18.03.2024წ.). ამასთანავე, ორთოფოტოები შეფასდა სასამართლოების მიერ და დადგინდა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არ არის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი გასაჩივრებული აქტების მიღების დროსაც და ამჟამადაც მოქცეულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა (ტზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) — სატრანსპორტო ქვეზონა მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს/შენობა-ნაგებობებს (მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომებს), ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს; ასევე, შპს „ს...ის“ (ს/ნ: ...) ჯიხურებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხება მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. ამასთან, ე.კ-ის მიერ, დამატებით წარდგენილი კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აღარ ემიჯნება განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ვინაიდან კორექტირებული ნახაზით, სატრანსპორტო ზონა გავიდა საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სადავო მიწის ნაკვეთის საზღვარზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის განკარგულება საკმარისად დასაბუთებულია. მიუხედავად სხვა წინაპირობების შესაძლო არსებობისა, სადავო მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო ზონაში მდებარეობა, გამორიცხავს მასზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე.კ-ის საკასაციო საჩივარზე 01.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე.კ-ის (პირადი ნომერი...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. ე.კ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.12.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე