დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.04.2026
საქმის ნომერი
ბს-373(2კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-373(2კ-23) 27 აპრილი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხეები)

მესამე პირი – ხ.ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბ.გ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მერია“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ინსპექცია“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ინსპექციის 25.11.2019 წლის №000672 დადგენილების ბათილად ცნობა;

1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერიის 31.12.2019 წლის №2076 ბრძანების ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი: 30.11.2009 წ.), ქ. თბილისი, ქუჩა ..., მიმდებარედ (ნაკვეთი...) (ს/კ:...) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მიწის ნაკვეთი“) მესაკუთრეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული.

2.2. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 04.08.2017 წელს გაცემული №002704 მითითების თანახმად, მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები (საძირკვლის მოწყობის სამუშაოები) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით სამართალდამრღვევს განესაზღვრა ხუთი კალენდარული დღის ვადა და დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი. 14.08.2017 წელს შედგენილი №002704 შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა. 14.09.2017 წელს გაიმართა ზეპირი სხდომა, სადაც გამოცხადდა მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ საძირკველი მოწყობილია ხ.ბ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე პირი“) მიერ, რომელსაც მიმართული აქვს მიწის აღიარების კომისიისათვის მიწის დაკანონების მოთხოვნით. 21.09.2017 წელს გამართულ ზეპირ სხდომაზე კვლავ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირი შემხებლობა არ გააჩნია მოცემულ მშენებლობასთან, იგი აშენებულია მესამე პირის მიერ, რომელიც არ იმყოფება საქართველოში.

2.3. 22.11.2017 წლის №631 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 13.10.2017 წელს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას კვლავ დაფიქსირდა 04.08.2017 წლის №002704 მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, კერძოდ, მოსარჩელემ არ წარადგინა მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ობიექტი არ არის დემონტირებული. მოხსენებით ბარათს ერთვის ფოტომასალა.

2.4. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.11.2017 წლის №002704 დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარით მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების (საძირკვლის მოწყობის სამუშაოები) განხორციელებისათვის; მასვე დაეკისრა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების (საძირკვლის სამუშაოების) დემონტაჟი. ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, 11.04.2018 წელს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2.5. 23.10.2017 წლის მოხსენებითი ბარათისა და ფოტოსურათების შესაბამისად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №შ-131/17 დადგენილებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული დარღვევა, რის გამოც ამავე დადგენილებით შეჩერდა უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (მონოლითური საძირკვლის მოწყობა). ამავე დადგენილების მე-3 პუნქტით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 5000 ლარით.

2.6. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.11.2017 წლის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოსარჩელის ობიექტზე, რომელზეც შედგენილია შეჩერების დადგენილება და მითითება, გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები: საძირკველზე დაწყებულია ბლოკის წყობა. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2017 წლის №001166 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 23.10.2017 წლის №შ-131/17 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, ვინაიდან გაგრძელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მონოლითურ საძირკველზე დაწყებული იყო კაპიტალური კედლების მშენებლობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ აქტის თანახმად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2017 წლის №001166 შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ფასადზე, ვინაიდან მოსარჩელე არ იმყოფებოდა ადგილზე, ხოლო სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ადგილზე ვერ მივიდოდა.

2.7. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 16.11.2017 წელს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ეცნობა, რომ 29.11.2016 წლის №4-1/დ1672-16 №001983 დადგენილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების (საძირკვლის მოწყობა) განხორციელების ფაქტზე მესამე პირი დაჯარიმდა 10000 ლარით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილებით დაკისრებული დემონტაჟი აღსრულდა სამსახურის 05.12.2016 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.08.2017 წლის №002704 მითითების საფუძველზე, მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იმავე მისამართზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტზე (უნებართვოდ განხორციელებულია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები). ამავე წერილით განიმარტა, რომ მოსარჩელე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. გასათვალისწინებელია, რომ ორივე შემთხვევაში მოსარჩელე და მესამე პირი მოქმედებენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად ახორციელებენ ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას.

2.8. 12.12.2017 წელს გამართულ №001166 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, რომელმაც განაცხადა, რომ არ ჩაუბარებია შემოწმების ატი. ასევე აღნიშნა, რომ არ წარმოადგენდა მშენებლობის მწარმოებელ პირს, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი იყო მესამე პირი, შესაბამისად, მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო სამართალდარღვევის წარმოება. 15.12.2017 წლის №001166 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე. სხდომას ესწრებოდა მესამე პირიც, რომელმაც აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა თავად და მშენებლობას არ ახორციელებდა მოსარჩელე. მოსარჩელემ დააკონკრეტა, რომ მას არ განუხორციელებია სამშენებლო სამუშაოები და მის მიმართ წარმოების შეწყვეტა ითხოვა.

2.9. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.01.2018 წლის №001166 დადგენილებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 5 000 ლარით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №4-1/დ1429-17 №შ-131/17 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, რაც გამოიხატა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებაში: მონოლითურ საძირკველზე დაწყებულია კაპიტალური კედლების მშენებლობა. აღნიშნული დადგენილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2.10. 05.11.2019 წლის №000672 შემოწმების აქტით დგინდება, რომ დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, კერძოდ, გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები (მონოლითურ საძირკველზე დაწყებული კაპიტალური კედლების მშენებლობა დასრულებულია, შენობა-ნაგებობა გადახურულია, მოწყობილია კაპიტალური აივანი, კიბე, მოაჯირები, კარის და ფანჯრის ღიობები. ასევე განხორციელდა კაპიტალური მიშენება).

2.11. 19.11.2019 წლის №000672 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელმაც განაცხადა, რომ შემოწმების აქტი არ ჩაბარებია, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს უკვე მარტი-აპრილის თვიდან. მხარემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ არ განხორციელებულა. განაცხადა, რომ მიშენება მოწყობილია მას მერე, რაც იქ აღარ ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი დარღვევები არსებობდა ორი წლის წინაც და სამსახურს მასზე რეაგირება მაშინ არ მოუხდენია. მანვე განაცხადა, რომ ის სამუშაოები, რომელიც განხორციელდა ორი წლის წინ, აწარმოა მესამე პირმა და მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ აქვს.

2.12. ინსპექციის 25.11.2019 წლის №000672 დადგენილებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 50 000 ლარით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №4-1/დ1429-17 №შ-131/17 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (მონოლითურ საძირკველზე დაწყებული კაპიტალური კედლების მშენებლობა დასრულებულია, შენობა-ნაგებობა გადახურულია, მოწყობილია კაპიტალური აივანი, კიბე, მოაჯირები, კარისა და ფანჯრის ღიობები. ასევე განხორციელდა კაპიტალური მიშენება).

2.13. 10.12.2019 წელს მოსარჩელემ მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. მერიის 31.12.2019 წლის №2076 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა ინსპექციის 25.11.2019 წლის №000672 დადგენილება.

2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილება. სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“.

2.15. სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების (მონოლითური საძირკვლის მოწყობა) შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემისა და შემოწმების აქტის შედგენის დროისთვის მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთზე გაგრძელდა უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები, რაც გამოიხატა მონოლითურ საძირკველზე დაწყებული კაპიტალური კედლების მშენებლობის დასრულებაში, შენობა-ნაგებობის გადახურვაში, კაპიტალური აივნის, კიბის მოაჯირების, კარისა და ფანჯრების ღიობების მოწყობაში. ასევე, განხორციელდა კაპიტალური მიშენება. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დგინდება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ფაქტი იმ პერიოდში, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის 23.10.2017 წლის №შ-131/17 დადგენილებით შეჩერებული იყო უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.01.2018 წლის №001166 დადგენილებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 5000 ლარით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №4-1/დ1429-17 №შ-131/17 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, რაც გამოიხატა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებაში: მონოლითურ საძირკველზე დაწყებულია კაპიტალური კედლების მშენებლობა. ამასთან, აღნიშნული დადგენილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2.16. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ იგი არ წარმოადგენს მშენებლობის განმახორციელებელ და, შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განმარტება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, კერძოდ, მოსარჩელე, ერთი მხრივ, განმარტავს, რომ მას საერთოდ არ უწარმოებია მშენებლობა და იმ ადგილთან მიახლოებულიც არ იყო, არამედ მესამე პირის დახმარების მიზნით, მხოლოდ ტაქსის მძღოლს გაატანა სამშენებლო მასალა და ტერიტორიიდან მოშორებით ელოდებოდა სამსახურებრივ ავტომანქანაში. ამასთან, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული და ლოგიკური განმარტება, თუ რატომ მოხდა მის მიმართ რაიმე სახის აქტის შედგენა 2017 წელს, თუ ის მშენებლობის ადგილზე საერთოდ არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ 10.12.2019 წელს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მოსარჩელე განმარტავს, რომ, რადგან თავად აწარმოა მონოლითური საძირკვლის მოწყობა, ეთანხმება მის დაჯარიმებას და აღნიშნულის გამო იხდის ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 62). მოსარჩელის განმარტება წინააღმდეგობაშია ადმინისტრაციულ ორგანოში 19.11.2019 წელს №000672 ზეპირი მოსმენის სხდომაზე მის განცხადებასთანაც, სადაც განმარტავს, რომ აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს უკვე (2019 წლის) მარტი-აპრილის თვიდან; სამშენებლო სამუშაოები მის მიერ არ განხორციელებულა; მიშენება მოწყობილია მას მერე, რაც იქ აღარ ცხოვრობს. მანვე განაცხადა, რომ ის სამუშაოები, რომლებიც განხორციელდა ორი წლის წინ, აწარმოა მესამე პირმა და, შესაბამისად, მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ აქვს (ტ.1, ს.ფ. 76). ის, რომ მოსარჩელე სადავო მშენებლობის ადგილზე ცხოვრობდა, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევის, მათ შორის კონფლიქტის გამო, აღარ ცხოვრობს, თავად მესამე პირმაც დაადასტურა. ამასთან, ვერც მოსარჩელემ და ვერც მესამე პირმა ვერ განმარტეს თუ რა პერიოდში იმყოფებოდა მესამე პირი ქვეყნის გარეთ; 04.08.2017 წლის მითითების შედგენის, 23.10.2017 წლის მშენებლობის შეჩერების შესახებ №შ-131/17 დადგენილების გამოცემის შემდეგ და მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების მიუხედავად, მშენებლობის პროცესი, ფაქტობრივად, არ შეჩერებულა.

2.17. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობის საფუძველზე გამოავლინოს უკანონო მშენებლობის ფაქტი და ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც აქტის ადრესატს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს თავისი პოზიცია და ამ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მოსარჩელის მიერ, ადმინისტრაციულ საჩივარში დაფიქსირებული განმარტების გარდა, არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მისი პოზიციის სისწორე. ამასთან, ასეთი მტკიცებულება არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის შესაბამისად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღო 25.11.2019 წლის №000672 დადგენილება. უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მერიის 31.12.2019 წლის №2076 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზეც. საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არაერთი ღონისძიების გამოყენების მიუხედავად, კვლავ და კვლავ ხორციელდებოდა უკანონო სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), დამრღვევად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. სამშენებლო სამართალი მოიცავს, როგორც საჯარო, ისე - კერძო სამშენებლო სამართალს (ტურავა პ., ყალიჩავა კ., სამშენებლო სამართალი, თბილისი, 2020, გვ.17-18). კერძო სამშენებლო სამართლის საგანია მშენებლობის პროცესში შემკვეთსა და მენარდეს შორის წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობები (თ.ზამბახიძე/უ.ჰაგენლოხი, მშენებლის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა ნაკლიანი შესრულებისათვის საქართველოსა და გერმანიაში, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 9/2024, გვ. 1-28.), საჯარო სამშენებლო სამართალი კი, უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის განხორციელებადობას. ის ასევე, გარკვეულწილად, განსაზღვრავს, რომელი სამშენებლო სამუშაოები ექვემდებარება სამეზობლო სამართლის ფარგლებში თმენის ვალდებულებას (vgl. zu den Auswirkungen öffentlich-rechtlicher Bauvorschriften auf nachbarrechtliche Unterlassungsansprüche aus §§ 1004, 906 BGB: BGH, Urteil vom 21. Januar 2022 - V ZR 76/20 - BGHZ 232, 252, juris Rn. 16; BGH, Urteil vom 28. Januar 2022 - V ZR 99/21 - NJW 2022, 2400, juris Rn. 23.). საჯარო სამშენებლო სამართალი, როგორც ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილი, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც საჯარო ინტერესების გათვალისწინებით აწესრიგებს მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნით გამოყენების საკითხებს (ტურავა პ., სამშენებლო სამართლის ძირითადი ცნებები და ინსტიტუტები, ჟურნ. „სამართლის ჟურნალი”, №2, 2009, გვ.121), რომელიც, მოიცავს სამშენებლო დაგეგმვისა და სამშენებლო წესრიგის სამართალს (ჭურღულია დ., სამშენებლო დაგეგმვისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას მომიჯნავე ქონების მესაკუთრეთა უფლებების დაცვის პრობლემატური საკითხები, ჟურნ. „სამართლის ჟურნალი”, №2, 2017, გვ.317). გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ სამშენებლო სამართალი სამართლის ჰიბრიდული დარგია, ვინაიდან ის აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე - კერძოსამართლებრივ ელემენტებს (გეგენავა დ., სამშენებლო სამართალი და მისი სამართლებრივი ბუნება, ჟურნ. „სარჩევი”, №1, 2011, გვ.24-32.) სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ., პ.18).

9. ამდენად, საჯარო სამშენებლო სამართალი აწესრიგებს მიწის სამშენებლოდ განვითარებასთან, შენობა-ნაგებობის ხარისხობრივ მოთხოვნებსა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. თავის მხრივ, საჯარო სამშენებლო სამართალი იყოფა სამ ძირითად ნაწილად - სივრცითი დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის და მშენებლობის წესრიგის სამართლად ((ტურავა პ., ყალიჩავა კ., სამშენებლო სამართალი, თბილისი, 2020, გვ. 22-26) სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ., პ.19).

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ ინსპექციის 25.11.2019 წლის №000672 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერიის 31.12.2019 წლის №2076 ბრძანების კანონიერება. სამშენებლო სამართალდარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე (სუსგ №ბს-555(კ-20), 12.01.2023წ.). შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო სამშენებლო სამართლიდან, კერძოდ, მშენებლობის წესრიგის სამართლიდან, რომელიც არეგულირებს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესებს (სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ.).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021წ.).

12. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე, კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა გამოსცეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (სუსგ №ბს-468-465(კ-17), 21.01.2020წ; №ბს-1293 (კ-23), 18.06.2025წ.).

13. სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილება ((ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წლის №139 დადგენილებით) შემდეგში ტექსტში „№57 დადგენილება“) მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს (პირველი მუხლის პირველი პუნქტი).

14. №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

15. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით.

16. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

17. დადგენილია, რომ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №შ-131/17 დადგენილებით შეჩერდა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (მონოლითური საძირკვლის მოწყობა) (ტ.1, ს.ფ. 101-102). მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2017 წლის №001166 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებაში: მონოლითურ საძირკველზე დაწყებულია კაპიტალური კედლების მშენებლობა (ტ.1, ს.ფ. 216-217). მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.01.2018 წლის №001166 დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 5 000 ლარით, 23.10.2017 წლის დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (ტ.1, ს.ფ. 98-100).

18. 05.11.2019 წელს შედგა შემოწმების აქტი №000672, რომლითაც დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ 23.10.2017 წლის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, კერძოდ, გაგრძელებულ იქნა სამშენებლო სამუშაოები (მონოლითურ საძირკველზე დაწყებული კაპიტალური კედლების მშენებლობა დასრულებულია, შენობა-ნაგებობა გადახურულია, მოწყობილია კაპიტალური აივანი, კიბე, მოაჯირები, კარისა და ფანჯრის ღიობები. ასევე განხორციელდა კაპიტალური მიშენება) (ტ.1, ს.ფ. 96-97). ინსპექციის 25.11.2019 წლის №000672 დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 50 000 ლარით მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.10.2017 წლის №4-1/დ1429-17 №შ-131/17 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (ტ.1, ს.ფ. 93-95). ამ დადგენილებაზე მოსარჩელემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 61-64). მერიის 31.12.2019 წლის №2076 ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 56-60).

19. სადავოა მოსარჩელის სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებელ სუბიექტად განსაზღვრის საკითხი. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

20. ამდენად, კანონმდებლობა ამომწურავად მიუთითებს იმ სუბიექტთა წრეზე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს (სუსგ №ბს-1220(კ-24), 18.02.2026წ.).

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებისა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.16. პუნქტი) და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მისი მითითება, რომ არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელ და, შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს. მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ დაემორჩილა 23.10.2017 წლის დადგენილებას და შეაჩერა მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი საქმიანობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 4), თუმცა მხარის განმარტება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მასალებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია 16.01.2018 წლის №001166 დადგენილება 5 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც საქმეზე დადგენილ გარემოებებთან ერთობლიობაში გამორიცხავს მისი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022 წლის განჩინება.

3. ბ.გ-ის (პ/ნ:...) უკან დაუბრუნდეს ნ.გ-ის (პ/ნ:...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №..., გადახდის თარიღი 05.06.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე