დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-952(3კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.შ-ე
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 13 მარტს რ.შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის ოჯახს დიდი ხანია სარგებლობაში გააჩნია ...ის თემში, ...ის მიმდებარედ, მთაში სეზონური საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. 2018 წლის 6 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრმა დოკუმენტაცია გადააგზავნა ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ აღიარების კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის N16 განკარგულების გამოცემის საფუძველი გახდა ის არგუმენტი, რომ მიწა სახელმწიფოს მიერ უკვე განკარგულია, რამეთუ რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის №16 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის №01-22/391 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამინისტროს 2009 წლის 25 სექტემბრის №01-22/3268 მიმართვის, ასევე 2009 წლის 25 სექტემბრის №644 ბრძანების, რომლითაც ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე, 1332, 9 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 1922,9 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს/კ..., ხოლო შემდგომ ...; ბათილად ცნობა 3. №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2044 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ასევე 2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ს/კ..., რომლის შემდგომაც მიწის ნაკვეთების დაყოფის შედეგად მიენიჭა კოდი ..., ხოლო შემდეგ 2023 წლის 26 ივლისის ცნობის მიხედვით ..., ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რ.შ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე რ.შ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მოსარჩელემ 31.07.2023წ. დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის №16 განკარგულება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რ.შ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის №01-22/391 მიმართვა და სამინისტროს 2009 წლის 25 სექტემბრის №01-22/3268 მიმართვა, ასევე 2009 წლის 25 სექტემბრის №644 ბრძანება, რომლითაც ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე, 1332,9 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 1922,9 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს/კ..., ხოლო შემდგომ ...; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2044 განკარგულება, რომლითაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ს/კ..., რომლის შემდგომაც მიწის ნაკვეთების დაყოფის შედეგად მიენიჭა კოდი ..., ხოლო შემდეგ 2023 წლის 26 ივლისის ცნობის მიხედვით ....
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და 23-ე მუხლებზე, ასევე “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების” მე-9 მუხლზე, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის №01-22/391 მიმართვის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე 987,4 ჰა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 1332,9 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 1 922,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს.კ..., ...).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 25 სექტემბრის №01-22/3268 მიმართვისა და 2009 წლის 25 სექტემბრის №644 ბრძანების საფუძველზე მოთხოვნილი იქნა ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე 987,4 ჰა (ს.კ....), სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 1332,9 ჰა (ს.კ....) და ...ის მთაზე მდებარე 1922,9 ჰა (ს.კ....) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნაცვლად, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 1458,1 ჰა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 2109,2 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 4339,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
საჯარო რეესტრის 30.09.2009წ. ამონაწერის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია (...) დაზუსტებული ფართით -14581269 კვ.მ რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი -... (ნაკვეთის წინა ნომერი -...).
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2044 განკარგულებისა და ქონების გადაცემის შესახებ 2011 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, 14581269 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, (საკადასტრო კოდი;...). დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ.შ-ის მიერ მოთხოვნილი საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შედიოდა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტირებულ მიწის ნაკვეთში, ს.კ.-ით ..., რომელსაც მიწის ნაკვეთების დაყოფის შედეგად მიენიჭა არაერთი საკადასტრო კოდი, მათ შორის - ..., ხოლო შემდეგ, 19.09.2022 წლის მდგომარეობით და 2023 წლის 26 ივლისის ცნობის თანახმად - ... კვ.მ, რაც კვლავ რამდენიმე ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოიშვა.
დადგენილია, რომ რ.შ-ემ 2018 წლის 6 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ხულოში, კურორტ ... მდებარე 1843 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა კომპენტენციის ფარგლებში მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და განსახილველად გადაუგზავნა რ.შ-ის განცხადება.
ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის №16 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა რ.შ-ის მოთხოვნა სოფელ ...ში მდებარე 1843 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ 80.99 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, იმ დასაბუთებით, რომ რ.შ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, ასაღიარებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ უკვე განკარგული იყო, რადგან რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, საკადასტრო კოდით -....
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორთოფოტოზე, რომელიც ასახავს 2000 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთის მდგომარეობას. აღნიშნული ორთოფოტოთი დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდეც მდებარეობდა შენობა-ნაგებობა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და ამ გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღეს სადავო გადაწყვეტილებები, რადგან საჯარო რეესტრისადმი მიმართვის დროს, ხულოში, სოფელ ...ში მდებარე 1843 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო რ.შ-ის ფაქტობრივ მფლობელობა-სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა და ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოიცავდა მათ, თუმცა შენობა-ნაგებობები ამ ნახაზებზე დატანილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები სადავო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე ვალდებულნი იყვნენ გამოეკვლიათ ის გარემოება, სადავო ნაკვეთი იყო თუ არა თავისუფალ მდგომარეობაში, ხომ არ იყო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული სხვა პირთა მიერ თვითნებურად, ან მართლზომიერი მფლობელობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი მიუთითებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ “საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 3.07.2014წ. N428 დადგენილების შესაბამისად, ... საქართველოს კურორტების ნუსხაშია შეყვანილი. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ არსებობდა თუა არა სადავო მიწის ნაკვეთზე რ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები, კერძოდ, დასტურდებოდა თუ არა კანონის ამოქმედებამდე უძრავი ნივთის თვითნებურად სარგებლობის ფაქტი, ასევე, სადავოა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი/ფაქტობრივი საზღვრები. კასატორი მიიჩნევს, რომ უტყუარად არ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შეესაბამება თუ არა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით კერძო პირის საკუთრებაში მოსაქცევად აუცილებელია უძრავი ნივთი საკუთრების უფლების აღიარების დროისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ იყოს. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სახელმწიფოს ევალებოდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის გამოვლენა და მოძიება. სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციას ექვემდებარება ის ქონება, რომელზეც სხვა პირთა განკერძოებული საკუთრების უფლება არ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის დროს არ გამოვლენილა რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებები. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს კურორტ ..., რაც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებაა.
კასატორი - საქართველოს მთავრობა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აპელანტების მითითება მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, რადგან ... საქართველოს კურორტების ნუსხაშია შეტანილი. ქვედა ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებაში აპელანტების არგუმენტი ასახული არ არის და რ.შ-ისთვის სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვის ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია რა პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადასაცემ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობა ვინმეს საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროს შენობა-ნაგებობის არსებობა მიწის ნაკვეთზე არ იკვეთებოდა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: 1. ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის №16 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის №01-22/391 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სამინისტროს 2009 წლის 25 სექტემბრის №01-22/3268 მიმართვის, ასევე 2009 წლის 25 სექტემბრის №644 ბრძანების, რომლითაც ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე, 1332,9 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 1922,9 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს/კ ..., ხოლო შემდგომ ..., ბათილად ცნობა; 3. №... სარეგისტრაციო განცხადების ნაწილში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2044 განკარგულების, რომლითაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ბათილად ცნობა; 4. 2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის №... რ.შ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს რ.შ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში (კურორტი ...ის მიმდებარე) მდებარე 1843.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ 80.99 კვ.მ (განაშენიანების ფართი) საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოაღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2019 წლის 18 თებერვლის №16 განკარგულებით, რ.შ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ძველი ს/კ..., ახალი ს/კ ...).
დადგენილია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, ...ის მიმდებარედ, ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე, 1332,9 ჰა და ...ის მთაზე მდებარე 1922,9 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის N01-22/391 მიმართვისა და სამინისტროს 2009 წლის 25 სექტემბრის 01-22/3268 მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს/კ ... საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის 2044 განკარგულებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, ხოლო 2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად ს/კ ..., რომლის შემდგომაც მიწის ნაკვეთების დაყოფის შედეგად მიენიჭა კოდი: ...
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა ზემოაღნიშნული კანონის მიზნები, კერძოდ, „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება. ხსენებული კანონის მიღებით სახელმწიფომ გარკვეული პირობების არსებობის დადგენისას დაუშვა თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე პირის საკუთრებად აღიარების შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ მიწების თვითნებურად დაკავება და სარგებლობა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც არ არსებობდა განცალკევებულად ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება, მიწა იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება (საქმე Nბს-521(3კ-21), 25.11.2021წ., Nბს-504-501(კ-17), 28.10.2019; Nბს-89(კ-22), 11.07.2023წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, ე)დანიშნოს ექსპერტიზა, ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული და, მით უფრო, უარყოფილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე №ბს-698-698(კ-18)).
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, ნოტარიულად დამოწმებულ რ.შ-ის მეზობლების - მ.გ-ისა და მ.შ-ის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ისინი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1984 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ხულო, სოფელი ... (კურორტი ...), ნაკვეთის ფართობია: 1843,0 კვ.მ). (ტ.1, ს.ფ. 14-18; 21-23). საგულისხმოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2000 და 2006 წლების მდომარეობის ამსახველ ორთოფოტოებზე ცალსახად დგინდება, რომ სადავო ნაკვეთზე მდებარეობდა შენობა-ნაგებობა.
საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რ.შ-ე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ სახლს ფლობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებამდე ადმინისტრაციულ ორგანოებს სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამეთუ სადავო ადგილზე გასვლითა და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (ინტერაქტიული რუკები) მათ მარტივად შეეძლოთ დაედგინათ სადავო მიწაზე შენობა-ნაგებობის 2000 წლიდან არსებობის ფაქტი და ასევე ის გარემოება არსებობდა თუ არა დაინტერესებული პირი, ვისი უფლებაც შესაძლოა შელახულიყო სადავო უძრავი ნივთის ჯერ სახელმწიფოს სახელზე, ხოლო შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუფასებიათ ის გარემოება, სადავო ნაკვეთი იყო თუ არა თავისუფალ მდგომარეობაში, ასევე სახეზე ხომ არ იყო მიწის ნაკვეთის ნაწილის სხვა პირთა მიერ თვითნებური დაკავება ან მართლზომიერი მფლობელობა.
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პრეტენზიას აცხადებს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. კასატორი ასევე მიუთითებს ,,საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, ... საქართველოს კურორტების ნუსხაშია შეტანილი.
საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე რ.შ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება არ გამხდარა ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარეობდა საკურორტო ზონაში, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოები საქმის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მიუთითებდნენ ზემოაღნიშნულ საფუძველზე.
მართალია, "საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 3.07.2014წ. N428 დადგენილების შესაბამისად, კურორტი ... შეტანილია საქართველოს კურორტების ნუსხაში, თუმცა აღნიშნული გარემოება იმთავითვე არ ზღუდავს ...ის ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან, ეს გარემოება არც იმ მნიშვნელობით შეიძლება შეფასდეს, რომ საკურორტო ზონაში მდებარეობა წინააღმდეგობრივია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, შესაბამისობის საკითხის გათვალისწინებად იგულისხმება სათანადო წესით მიღებულ და დამტკიცებულ კონკრეტულ გეგმასთან არსებული თავსებადობა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები ვერ მიუთითებენ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის შეუსაბამობას კონკრეტული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან. ამასთან, საქმეზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალა არ შეიცავს იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულების და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა/არ არსებობის გამოკვეთას.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით რ.შ-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობის ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე უტყუარად დასტურდება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ რ.შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების პერიოდი წინ უსწრებს შესაბამისი ტერიტორიისთვის საკურორტო სტატუსის მინიჭებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი წანამძღვრები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა