დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-301(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 19 ივნისს ზ.შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 25 წელი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში მისი მხრიდან რაიმე სახის დისციპლინურ გადაცდომაზე ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა და ასევე არ გამოყენებულა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 2019 წლის 21 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა მოსარჩელე სამსახურიდან გაანთავისუფლა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა მოსარჩელესა და დ.გ-ეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩადენილ ფაქტთან დაკავშირებით წარიმართა დარღვევებით, კომისიამ არ იმსჯელა მოსარჩელისთვის ნაკლებად მძიმე დისციპლინური სახდელის შეფარდების მართებულობასა და ყველაზე უკიდურესი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ.შ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დავალებოდა განაცდურის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, ყოველთვიური - 4 000 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ზ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 1 აგვისტოს №11212/25 ბრძანებით, ზ.შ-ი დაინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის, ...ის - ...ის სამსახურის ...ის თანამდებობაზე, 2018 წლის 1 აგვისტოდან.
ზ.შ-იმა 2019 წლის 29 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს მიმართა მოხსენებითი ბარათით, რომელშიც მიუთითა, რომ 2019 წლის 28 მარტს იმყოფებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც დ.გ-ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხჰყოფა. მითითებულ ფაქტზე მას ჰქონდა ბუნებრივი რეაქცია და უპასუხა თანაბარზომიერი ფიზიკური მოქმედებით. ამავე ბარათში, ზ.შ-იმა მიუთითა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ მოსთხოვეს სამსახურის დატოვება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა კომისიამ, 2019 წლის 8 მაისის სხდომაზე შეისწავლა ...ის სამსახურის ...ის - ზ.შ-ისა და ამავე დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ას - დ.გ-ეს შორის, მ/წლის 28 მარტს, სამსახურის ...ის ოფისში მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაიკითხნენ სსიპ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მომუშავე პირები. საქმის მასალებით დადგინდა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს - ზ.შ-ისა და დ.გ-ეს წლების მანძილზე ჰქონდათ კონფლიქტი. პროფესიულ ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება მწვავე პიროვნულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებას პირადი ურთიერთობის გავლენისგან თავისუფლად. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი, რიგ შემთხვევაში უცენზურო ხასიათს ატარებდა - ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას უხამსი სიტყვების გამოყენებით, ასევე, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას. მსგავსი ინციდენტები მოხდა როგორც სამსახურის თანამშრომლების, ისე აუდიტის ობიექტის წარმომადგენლების თანდასწრებით, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასა და აუდიტის ობიექტის ადგილზე - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, შპს „...ის“, სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის აუდიტისა და ...ის აუდიტების შემთხვევებში. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კონფლიქტის პროვოცირება და გამწვავება ორივე მხრიდან ხდებოდა. ზ.შ-ისა და დ.გ-ეს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა სამსახურის კუთვნილი ქონება - სამუშაო ოთახის კარი. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ წინადადება მისცა დაპირისპირებულ მხარეებს, აეღოთ შვებულება და შემდეგ, პირადი განცხადებით წასულიყვნენ სამსახურიდან, ხოლო განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში, მიემართათ სამსახურის ხელმძღვანელისთვის.
დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელმა ორგანომ დაადგინა ზ.შ-ისა და დ.გ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები. კერძოდ მიჩნეულ იქნა, რომ მათი ქმედებები, რომელიც გამოიხატა ერთმანეთისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ზიანის მიყენებაში, მიმართული იყო როგორც ერთმანეთის, ისე სამსახურის დისკრედიტაციისკენ. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლეოდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გარემოებები - მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა სამუშაო საათებში, სამუშაო ადგილზე, შესაბამისად, მხარეებმა დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ ამ კონფლიქტს შესწრებოდნენ სამსახურის სხვა თანამშრომლები და გარეშე პირები, რომლებიც სტუმრობდნენ სამსახურს. ზემოაღნიშნული ფაქტები ერთმანეთის რეპუტაციის შელახვასა და სამსახურის რეპუტაციის მიმართ მათ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული შეფასება ემყარებოდა იმ გარემოებასაც, რომ მხარეებს კონფლიქტის გამო შენიშვნა მანამდეც ჰქონდათ მიღებული, თუმცა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სიტყვიერმა გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, მხარეთა დაპირისპირებამ უკიდურესად მძიმე ფორმა მიიღო. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის სამსახურის ... - ზ.შ-ი, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან. საფუძველი: დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი კომისიის 8.05.2019წ. №3825/35 დასკვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე, 93-ე-94-ე, 97-ე მუხლებზე, ასევე “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის N65/37 ბრძანებით დამტკიცებული (სადავო პერიოდში მოქმედი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეთიკის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი კომისიის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ ზ.შ-ისთვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ეს პიროვნება დისციპლინური წესით სახდელდაუდებელი იყო, ასევე ის ფაქტი, რომ იგი კოლეგების მხრიდან ხასიათდებოდა დადებითად, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული კუთხით. სააპელაციო პალატის მითითებით, ზ.შ-ისა და დ.გ-ეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მათ შორის რაიმე ფაქტთან მიმართებით ზ.შ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების არ დაწყებულა. ამდენად, დისციპლინური წარმოების ჩატარების გარეშე ზ.შ-ის მიმართ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ მხოლოდ ე.წ. "სიტყვიერი გაფრთხილების" მიცემის ფაქტი ვერ დაადასტურებს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის პროპორციულობას მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ზ.შ-ის მხრიდან სახელმწიფო ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით და მიუთითა მოწმის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კარი ანჯამიდან ამოვარდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კარის ანჯამიდან ამოვარდნა წარმოადგენს კარის იმგვარ გაუმართაობას, რომელიც აღმოიფხვრება მარტივი ძალისხმევით მითითებული მოძრავი ნივთის შეუცვლელად, ამდენად აღნიშნული ვერ შეფასდება სსიპ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი არ არის შესაბამისობაში მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას ზ.შ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან. მოპასუხემ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაში არგუმენტირებულად ვერ მიუთითა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება რატომ იყო აუცილებელი და უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მათ მიერ მითითებული მიზნების მიღწევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ გასაჩივრებული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 28 მარტის ინციდენტზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამორიცხადა ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი), ამასთან დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო ინტერესს (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს “დ” ქვეპუნქტი).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიამ შეისწავლა ზ.შ-ის წინა ყოფაქცევის ეპიზოდები, კერძოდ მას დ.გ-სთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო არაერთხელ ჰქონდა სიტყვიერი შენიშვნა მიღებული და მოეთხოვა თავი შეეკავებინა კონფლიქტური სიტუაციების გამწვავებისგან. კომისიამ შეაფასა მოსარჩელესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან განთავისუფლება იყო პროპორციული მის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან. კასატორი აღნიშნავს, რომ ზ.შ-ის ეკავა მენეჯერული პოზიცია, ევალა მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, მათ შორის კონფლიქტური სიტუაციების მენეჯმენტი, რასაც თავი ვერ გაართვა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ მოსარჩელესა და დ.გ-ეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ეპიზოდებს, რასაც არაერთხელ მოჰყვა სამუშაო პროცესის ჩაშლა. კასატორი ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ინციდენტის დროს დაზიანდა ოთახის კარი, რაც უსათუოდ მიანიშნებს კონფლიქტის სიმწვავეზე. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია ზ.შ-ის გადაცდომასთან დაკავშირებული გარემოებები და შეფარდებული დისციპლინური ღონისძიება პროპორციულად იქნა შეფარდებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ზ.შ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი კომისიის 8.05.2019წ. №3825/35 დასკვნა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კი მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანება) დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრულია აუდიტორის პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ურთიერთობის ეთიკა. კოდექსის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აუდიტორი პასუხისმგებელია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. აუდიტორი ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. მითითებული კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, აუდიტორს მოეთხოვება კომპეტენტურობა და მასზე დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობის შესრულება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიტორი უნდა იყოს თავაზიანი კოლეგებისა და სხვათა მიმართ. მან თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისაგან და პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და ღირსებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორმა: ა) ხელი უნდა შეუწყოს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას. იგი თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას; ბ) პროფესიული და კვალიფიციური დახმარება უნდა გაუწიოს იმ კოლეგებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ; გ) თავი უნდა შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან; დ) არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში; ე) ტაქტიანად უნდა მიუთითოს კოლეგას მის შეცდომებსა და ხარვეზებზე; ვ) უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კოლეგასთან მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო. ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8.05.2019წ. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მომუშავე პირები მიუთითებენ, რომ დ.გ-ესა და ზ.შ-ის შორის პროფესიულ ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება მწვავე პიროვნულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი, რიგ შემთხვევაში უცენზურო ხასიათს ატარებდა - ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას უხამსი სიტყვების გამოყენებით, ასევე, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას. ასეთი ინციდენტები მოხდა როგორც სამსახურის თანამშრომლების, ისე აუდიტის ობიექტის წარმომადგენლების თანდასწრებით, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების დესტრუქციული ქცევა შეუთავსებელი იყო სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფის ინტერესთან. კომისიამ მიიჩნია, რომ სამსახურის ინტერესებისადმი ასეთი დამოკიდებულება არყევდა მათი, როგორც მოხელეების მიმართ ნდობას - სამსახურის სახელით ახორციელებდნენ შესაბამის უფლებამოსილებას. ამასთანავე, სამსახურებრივი მოვალეობების გათვალისწინებით, რაც ზ.შ-ის შემთხვევაში მოიაზრებდა, მათ შორის მენეჯერულ პასუხისმგებლობას - ხელი შეუწყოს კოლეგიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას. კომისიამ მიიჩნია, რომ პროფესიული სტანდარტის შეუსაბამო ქცევიდან გამომდინარე, ამ პირების მიერ დაკავებულ თანამდებობებზე მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ ზ.შ-ისა და დ.გ-ის ქმედებათა შეფასებისას გაითვალისწინა მათი კონფლიქტის შედეგად სამსახურის ქონების დაზიანების ფაქტიც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული შეფასება ემყარებოდა იმ გარემოებასაც, რომ მხარეებს კონფლიქტის გამო შენიშვნა მანამდეც ჰქონდათ მიღებული, თუმცა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სიტყვიერმა გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ.შ-იმა და დ.გ-ემ ჩაიდინეს მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო - სამსახურიდან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა)დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ)დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ)დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ)დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის მიხედვით და მის მიმართ თანაზომიერების პრინციპის დაცვით მოხდეს შესაბამისი სახდელის შეფარდება, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდეგ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი.
სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)). საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი კომისიის დასკვნაში მითითებული გარემოებები სრულად ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული სახდელის შესაბამისობას არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტურად არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ წინარე პერიოდზე კონკრეტული გადაცდომის ჩადენის ფაქტი და აღნიშნულის გამო, მისი ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად მიჩნევა, დაუსაბუთებელია თუ რამ განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული პირისთვის უკიდურესად მძიმე სახდელის შეფარდება. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ ზ.შ-ის სამსახურიდან განთავისუფლება საფუძვლიანია, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ზიანი მიაყენა სამსახურის ქონებას. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება კარის ანჯამიდან ამოვარდნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა არ მოითხოვდა დიდ ძალისხმევასა და ფინანსურ დანახარჯებს. შესაბამისად, სახეზე არ არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც შესაძლოა შეფასებულიყო მძიმე დიციპლინურ გადაცდომად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მარტოოდენ სახდელდაუდებელი საჯარო მოხელის ერთჯერადი ქმედება გამოხატული კოლეგისადმი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების სახით, რაც შესაძლებელია გამხდარიყო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი. თუმცა, სახდელის შეფარდებისას მნიშვნელოვანია გადაცდომის ხასიათის და სიმძიმის შეფასება არა მხოლოდ ფორმალური ნიშნით, არამედ რეალურად დამდგარი შედეგის ან შექმნილი რისკის გათვალისწინებით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად პირის სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, უდაოდ წარმოადგენს ჩარევას ზ.შ-ის კონსტიტუციურ უფლებებში, ხოლო ძირითად უფლებაში ჩარევის გამართლება არა მხოლოდ ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველსა და მიზანზე მითითებას, არამედ ჩარევის თანაზომიერების დასაბუთებასაც საჭიროებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით დასაბუთების ხარისხი მაღლა იწევს პირის სამსახურიდან დათხოვნისას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან. განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანება არ შეიცავს გადაცდომის სიმძიმის შეფასებას და დასაბუთებულ მსჯელობას ზ.შ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით უტყუარად არ დასტურდება, რომ ზ.შ-ის ქმედებამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის იმ დონის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, მითუფრო გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თანამშრომლები მას ახასიათებენ დადებით და კომპეტენტურ პიროვნებად, სხვა პირთან ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირების ეპიზოდი არ გამოვლენილა, ხოლო უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე კოლეგა პირადი განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლდა, რითაც მასთან მომავალში კონფლიქტის რისკი გამოირიცხა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს, რადგან აქტის დასაბუთებით უნდა ირკვეოდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და იგი სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მივიდა ამ დასკვნამდე. გასაჩივრებული აქტი კი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელის მიმართ ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაბამისი არგუმენტებით ვერ დაასაბუთა მოსარჩელის მიმართ რატომ იქნა მიჩნეული ყველაზე მკაცრი სახდელის გამოყენება მიზანშეწონილად და რის საფუძველზე გამოირიცხა უფლების ნაკლებად მზღუდავი სახდელის შეფარდება. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაფასებელია მოსარჩელის მიმართ გამოყენებული სახდელის თანაბარზომიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს განსახილველი საკითხი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნეს ბათილად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 21 მაისის №004196/21 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ზ.შ-ის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა