დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-47(კ-25) 23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თ.ო-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.წ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე ნ.წ-ის სასარგებლოდ, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 15 680 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ.ო-ე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.წ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ.წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.წ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრიდან ამონაწერს, რომლითაც დასტურდებოდა მსესხებლის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. მოსარჩელის მიერ იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემდეგ მოპასუხემ დაიწყო იმის შემოწმება, რამდენად სწორად იყო თ.ო-ის საკუთრება რეგისტრირებული, რაც დაუშვებელია. საკუთრების უფლება გაუქმდა იმაზე მითითებით, რომ რეგისტრაციის პროცესში სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რაც წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას, თუმცა მოპასუხის შეცდომის გამო ზიანი ადგება ნ.წ-ეს. მითითებული გარემოებები შეფასების გარეშე იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ და ყურადღება გამახვილდა ისეთ ფაქტებზე, რაც მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა. რეალურად, სადავო იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების მომენტი - იპოთეკის გაფორმებამდე, თუ მას შემდეგ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.წ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2012 წლის 9 ივლისს (რეგისტრაციის თარიღი 13 ივლისი), თ.ო-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე გარდაბანი სოფელი ..., საკადასტრო კოდი .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ.ო-ის განცხადება და უძრავი ქონება, მდებარე გარდაბანი სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1539,00, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, საკუთრების უფლებით აღირიცხა თ.ო-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2012 წლის 9 ივლისის განცხადება, საკომლო წიგნი (ტ.1, ს.ფ 58, 59, 60-61); ბ) 2014 წლის 24 მარტს, ნ.წ-ესა და თ.ო-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თ.ო-ემ ნ.წ-ესგან ისესხა 4000 აშშ დოლარი (ეროვნულ ვალუტაში 6972 ლარი). სესხი გაცემული იყო 3 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 3,6%-ს, ხოლო პირგასამტეხლოს, გადასახდელი თანხის 0,2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ.ო-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გარდაბანი სოფელი ..., საკადასტრო კოდი .... სესხის ხელშეკრულების დადებისას თ.ო-ემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მომზადების თარიღი იყო 24.07.2012 წელი (ტ.1, ს.ფ 9-10); გ) 2014 წლის 24 მარტს, ნ.წ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ს. ... (ტ.1, ს.ფ 63, 64); დ) 2014 წლის 28 მარტს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 24.07.2012 წლის №... გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოების მასალების შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაში არ იყო დაცული რაიმე სახის დოკუმენტაცია და არც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე (მისამართი გარდაბანი, სოფელი ...) თ.ო-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 15, 73); ე) ნ.წ-ის №... განცხადებაზე, სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ 2014 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე განხორციელდა საკუთრების უფლების გაუქმება, ხოლო №... განაცხადზე მოთხოვნილია საკუთრების ან მარლთზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის დასრულებამდე სარეგისტრაციო შეჩერებულია (ტ.1, ს.ფ 76); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ 79); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით, ნ.წ-ეს უარი ეთქვა გარდაბანი, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციაზე, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საფუძვლად გამოყენებული რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაუქმდა (ტ.1, ს.ფ 80); თ) 2014 წლის 7 ივლისს, ნოტარიუს თ.ე-ის მიერ გაიცა ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მოვალე თ.ო-ემ აღიარა ნ.წ-ის მიმართ 4000 აშშ დოლარის ვალის არსებობა და მანვე იკისრა ვალდებულება, რომ კრედიტორს მითითებულ ვალს გადაუხდიდა 2014 წლის 24 დეკემბერს. 2017 წლის 23 მარტს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა - ნ.წ-ე, ხოლო მოვალეს - თ.ო-ე. ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2014 წლის 7 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ 33-35, 30-32); ი) 2018 წლის 12 მარტს, ნ.წ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თ.ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე, გარდაბანი, ს. .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 მარტის №... და №... წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არიქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან თ.ო-ის ფაქტობრივი მისამართის, კომლის შემადგენლობის, მის სახელზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლამდე მდგომარეობით. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა №... და №... წერილებზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1, ს.ფ 109); კ) შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 მარტის №21-02-1/33913 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ს. ...ში, თ.ო-ის სახელზე აღრიცხული იყო 0,14 ჰა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., თუმცა მამის სახელი არ ფიქსირდებოდა (ტ.1, ს.ფ 113); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ რეგისტრაციის აღდგენის საფუძვლები ვერ მოიძებნა. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 ივნისის №04/5537 წერილის მიხედვით, ვერ ხდება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა საკადასტრო აზომვითი ნახაზის არარსებობის გამო. (ტ.1, ს.ფ 144); მ) 2018 წლის 8 ნოემბერს, ნ.წ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 10 560 ლარის ანაზღაურება. 2018 წლის 6 დეკემბერს, ნ.წ-ემ დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 23 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თ.ო-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10 560 აშშ დოლარის და 106 ლარის გადახდა, 25.12.2014 წლიდან, 23.02.2017 წლის ჩათვლით. №A17034087 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მის ანგარიშზე არ მომხდარა არანაირი თანხის დარიცხვა, რის გამოც განიცადა დიდი მატერიალური ზიანი, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა 10 560 აშშ დოლარის და 106 ლარის, როგორც მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას (ტ.1, ს.ფ 148-149, 151-152); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ნ.წ-ის 2018 წლის 8 ნოემბრის №606414/17 ადმინისტრაციული საჩივარი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ძირითადი საფუძველი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. დელიქტური ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი (ტ.1, ს.ფ 157-158); ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების 2023 წლის 14 თებერვალის №MIA 3 23 00431023 წერილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის №012211117005 საქმე, თ.ო-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2017 წლის 30 ნოემბერს შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქმე შესანახად გადაეგზავნა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და არქივის განყოფილებას (ტ.1, ს.ფ 319); პ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 2 ივნისის №37498 წერილით დგინდება, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №A17034087 სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი - №170295427, გაცემული №140705961 ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც კრედიტორი იყო ნ.წ-ე და მოვალე თ.ო-ე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით, ვინაიდან არ გადაიხადა სააღსრულებო წარმოების გაგრძელების საფასური (ტ.1, ს.ფ 327); ჟ) ,,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ’’ 2017 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით (დოკუმენტის №0010367871) შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №012211117005 საქმეზე, თ.ო-ის მიერ ნ.წ-ის მიმართ შესაძლო თაღლითობის განხორციელების ფაქტზე, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (ტ.2, ს.ფ 74-76).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. ამასთან, მოსარჩელე მის მიმართ დამდგარ ზიანს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ თ.ო-ის სახელზე არსებული, მოქმედი რეგისტრაციის არსებობის პირობებში, ის ენდო საჯარო რეესტრის ჩანაწერს და დადო სესხის ხელშეკრულება, უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფით. აღნიშნული რეგისტრაცია გაბათილდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნ.წ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე მისი იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. „..სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის ზოგადი დანაწესი ემსახურება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების ინტერესის დაცვას. აღნიშნულის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება კი, მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. სზაკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი, აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან; ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი (ის. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-26(კ-24)).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ნ.წ-ის იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე უძრავ ქონებაზე გაუქმდა თ.ო-ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მოპასუხემ აღარ დაარეგისტრირა 2014 წლის 24 მარტს, ნ.წ-ესა და თ.ო-ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის იპოთეკის უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ თ.ო-ის საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერება მხარეთა მიერ არ გამხდარა დავის საგანი და არც განსახილველი დავის ფარგლებში წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. ასეთ პირობებში, ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ იპოთეკის რეგისტრაციამდე მოხდა საჯარო რეესტრის უსწორო ჩანაწერის გაუქმება, საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსაგან ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ვერ იქნება განხილული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანად, ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახური მოქმედებდა მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში. შესაბამისად, არ დგინდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.“ (სუსგ №ბს-590-590(კ-18), 16.05.2019წ.). ,,ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი, სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული“ (სუსგ №ბს-312-308(კ-14), 30.10.2014წ.).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დელიქტური ვალდებულება და მასზე ვრცელდება დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისათვის დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარად არის განმარტებული მითითებული საკითხი უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (სუსგ. Nბს-365(კ-20), 21.10.2020წ.; Nბს-362(კ-21), 21.09.21წ.; Nბს-492(კ-23), 10.04.2024წ.). დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ზოგადი წესის მსგავსად, ასევე დაწესებულია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წინაპირობები, რაც გულისხმობს დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ დაზარალებულის ინფორმირებას. მას შემდეგ, რაც უფლებაშელახული პირი შეიტყობს დელიქტით მიყენებული ზიანის ან ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობას, მას აქვს სამი წლის ვადა დარღვეული უფლების აღსადგენად. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სასამართლო წესით მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მოთხოვნის შესაძლებლობა, ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის შეტყობის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2014 წლის 24 მარტს, ნ.წ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ს. ... 2014 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს - ნ.წ-ეს ეცნობა, რომ 2014 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე განხორციელდა საკუთრების უფლების გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით, ნ.წ-ეს უარი ეთქვა გარდაბანი, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციაზე, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საფუძვლად გამოყენებული რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაუქმდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში მოსარჩელეს მისი უფლების იძულებით დაცვა არ მოუთხოვია. შესაბამისად, არსებობს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველიც.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა