დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1125(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1125(კ-25) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2025 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ჭ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კომისია“ ან „კასატორი“) მიმართ, მოითხოვა კომისიის 04.03.2022 წლის №210 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... დასახლება №15 და ... ნაკვეთის მიმდებარედ, უფლებათა სპორადული რეგისტრაციის თაობაზე და აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება მოსარჩელის საკუთრებად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2025 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 04.03.2022 წლის №210 განკარგულება და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში 27.02.2025 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე (10:11:41სთ), მოსარჩელემ დააზუსტა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: დაევალოს კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება №15 და ნაკვ. ...-ის მიმდებარედ, 907 კვ.მ), საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

4.2. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ..., №15, 83 კვ.მ, ს/კ: ..., 20.06.1997 წლის №2რ-103 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.

4.3. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..., ნაკვეთი ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 768 კვ.მ (ს/კ: ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...), 14.03.2014 წლის №6/6-2014 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.

4.4. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, 20.12.2011 წლიდან 25.03.2014 წლამდე რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ სახელზე, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.07.1995 წლის დადგენილება №..., საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.01.1999 წლის ბრძანება №1-3/7, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 11.07.2006 წლის ბრძანება №1-3/477, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.12.2000წ; 17.10.2001წ; 23.08.2002წ; 22.01.2003წ; 13.03.2003წ. 22.02.2005წ. და 07.03.2005 წლის დადგენილებები (რეგისტრაციის №7ა/5-40). ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 15.02.1999 წლის დადგენილება (რეგისტრაციის №7ა/5-40) და სხვა.

4.5. 29.11.2021 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით (№...) მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 907 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისი, ... დასახლება №15 და ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, განცხადება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ფოტოსურათები და მინდობილობა.

4.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 17.12.2021 წლის №... სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის, ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრე: სახელმწიფო).

4.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2021 წლის №... მიმართვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, კომისიაში გადაიგზავნა მოსარჩელის წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია.

4.8. კომისიის 04.03.2022 წლის №210 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე, ქ. თბილისი, ... დასახლება №15 და ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, ფართი 907 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „...ას“, როგორც ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მოქმედი კანონმდებლობით 01.01.2012 წლიდან დაკარგული ჰქონდა მიწის ნაკვეთის აღიარების უფლება და, შესაბამისად, იგი ვერ გადასცემდა მყიდველს (მოსარჩელეს) იმ სამართლებრივი სიკეთის მიღების მოთხოვნის უფლებას, რაც თავად აღარ გააჩნდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, 2005-2010 წლების ორთოფოტოებისა (აეროფოტოგადაღებების) და ფოტოსურათების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისის ... დასახლება №15 და ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი - 907.00 კვ.მ), საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე არ დადგინდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მეორე უძრავი ქონების (მის: ქალაქი თბილისი, დასახლება ..., №15, საერთო ფართობი - 83.00 კვ.მ, ს/კ: ...) ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

4.9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად განმცხადებელი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ: ... და ს/კ: ...) მომიჯნავედ მდებარეობასა და ერთიან სივრცეში მოქცეული სამივე მიწის ნაკვეთის (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები) 1997 წლიდან ფაქტობრივ ფლობაზე მიუთითებდა.

4.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების აღიარებისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას, რაც მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით უნდა დასტურდებოდეს ან იგი უნდა იყოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და პირს თვითნებურად უნდა ჰქონდეს იგი დაკავებული. ამასთან, მოცემული ორივე შემთხვევისათვის კანონი განსაზღვრავს აუცილებელ პირობას - მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას კანონის ამოქმედებამდე.

4.11. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება და მოპასუხეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ: ... და ს/კ: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. დადგენილია ასევე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 20.06.1997 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 15.07.2007 წელს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.). აღსანიშნავია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ: ...) ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არ მდებარეობდა კანონის ამოქმედებამდე.

4.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ორთოფოტოებზე და აღნიშნა, რომ 2005-2010 წლების ორთოფოტოების დაბალი ხარისხის გამო და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთები დაფარულია მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, მყარი სასაზღვრო მიჯნა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო, რაც ადასტურებს საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას. ამასთან, 2014, 2020 და 2024 წლის ორთოფოტოებზე ნათლად ფიქსირდება, რომ მიწის ნაკვეთები (ს/კ: ..., ს/კ: ... და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი) განთავსებულია ერთიან მყარ სასაზღვრო მიჯნაში. მოსარჩელე დამატებით ასევე განმარტავს, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა/გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.

4.13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოების არსებობის შესახებ არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია, ასევე, არ დაუბარებია და გამოუკითხავს მოწმეები, ტერიტორია ადგილზე არ დაუთვალიერებია, არ გამოუკითხავს სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები და ა.შ., რაც საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ თანახმად, მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა.

4.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის სზაკ-ით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 04.03.2022 წლის №210 განკარგულების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

10. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).

11. კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ.). საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის აღიარების შემთხვევაში ასეთი აუცილებლობა (ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა) კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (შდრ. სუსგ №ბს-1030(კ-25), 05.02.2026წ.).

13. კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე ნორმის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტებს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

14. საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ..., №15, 83 კვ.მ, ს/კ: ... და ქალაქი თბილისი, ..., ნაკვეთი ..., 768 კვ.მ, ს/კ: ...) მომიჯნავე 907 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

16. სადავო განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მდებარე, ქ. თბილისი, ... დასახლება №15 და ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, ფართი 907 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „...ას”, როგორც ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეს, მოქმედი კანონმდებლობით 01.01.2012 წლიდან დაკარგული ჰქონდა მიწის ნაკვეთის აღიარების უფლება და, შესაბამისად, იგი ვერ გადასცემდა მყიდველს (მოსარჩელეს) იმ სამართლებრივი სიკეთის მიღების მოთხოვნის უფლებას, რაც თავად აღარ გააჩნდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, 2005-2010 წლების ორთოფოტოებისა (აეროფოტოგადაღებების) და ფოტოსურათების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) განთავსებულია კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე არ დადგინდა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მეორე უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ..., №15, 83.00 კვ.მ, ს/კ: ...) ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 22-25).

17. დადგენილია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ: ... და ს/კ: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 19). მართალია, სადავო განკარგულებაში ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მითითებულია ნაკვეთის წინა მესაკუთრის, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ კანონის 74 მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების უფლების 01.01.2012 წლიდან დაკარგვაზე (შდრ. სუსგ №ბს-1302 (კ-18), 08.04.2020წ; №ბს-430(2კ-22), 15.12.2022წ; №ბს-1106(კ-21), 26.01.2023წ.) და, შესაბამისად, ამ უფლების მოსარჩელისთვის 2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემის შეუძლებლობაზე ((შდრ. სუსგ №ბს-710(კ-24), 18.02.2025წ.) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლების საჯაროსამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით ასევე იხილეთ: სუსგ №ბს-915(კ-20), 22.02.2023წ; №ბს-343(კ-24), 27.11.2024წ; №ბს-644(კ-25), 09.10.2025წ.), თუმცა სათანადოდ დასაბუთებული არ არის რატომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მეორე უძრავი ქონების (ს/კ: ...) მომიჯნავედ არსებობის საფუძვლით. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 20.06.1997 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 15.07.2007 წელს (ს.ფ. 115), კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა/გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.

18. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, სზაკ-ის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

19. საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო კანონითა და სზაკ-ით გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, მათ შორის ადგილზე დაეთვალიერებინა მიწის ნაკვეთი, დაეკითხა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, საჭიროების შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გამოეთხოვა სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია და სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი.

20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2005-2010 წლების ორთოფოტოების დაბალი ხარისხის გამო და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთები დაფარულია მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, მყარი სასაზღვრო მიჯნა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო, რაც ადასტურებს საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას. ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მყარი სასაზღვრო მიჯნის და ერთიან სივრცეში მოქცევის არარსებობა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს და მისი დადგენა უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით (შდრ. სუსგ №ბს-1037(კ-20), 28.09.2021წ.).

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდეგში სსკ) მფლობელობის დაფუძნებას უკავშირებს სუბიექტური და ობიექტური ელემენტების თანაარსებობას: მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი) (ქეთევან ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება - ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, თბილისი, 2013წ., გვ.122). ამდენად, მფლობელობის მოპოვება გულისხმობს, ერთი მხრივ, ნივთის მატერიალურ დაუფლებას, და, მეორე მხრივ, ფლობის განზრახვას. ერთხელ მოპოვებული მფლობელობა გრძელდება, ვიდრე არ დამტკიცდება, რომ იგი შეწყდა მფლობელის მიერ საკუთარი ნებით, ან მესამე პირის მფლობელობით. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის წინაპირობა ამ ნივთთან სივრცობრივი კავშირია. ეს კავშირი უნდა იყოს განგრძობადი, რომ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა ნივთთან მიმართებით განახორციელოს გარკვეული ქმედებები, იმოქმედოს ამ ნივთზე ნებისმიერ დროს თავისი სურვილის შესაბამისად (იხ: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 146-148). მფლობელობის შეძენის სურვილი არ მოითხოვს გარიგების დადების სამართლებრივი სურვილის ხარისხს. საკმარისია ე.წ. ბუნებრივი ნება. მფლობელობის სურვილი აშკარად გამოხატული, შესამჩნევი უნდა იყოს. პირს უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის ნება, სურვილი. ნივთის ფლობის ნება ძირითადად გამოიხატება ნივთის დაუფლებით, მისი სარგებლობით, მისი გამოყენებით (იხ.იქვე, გვ.149).

22. ამდენად, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის უნდა დადგინდეს, რომ კანონის ამოქმედებამდე მას ნებელობით მოპოვებული ჰქონდა მომიჯნავე ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობა. აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს, მაგალითად, როგორც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში მოქცევითა და მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრით, ისე მიწის ნაკვეთზე ზემოქმედებით, მფლობელობის სხვაგვარად დადასტურებით. მფლობელობის მხოლოდ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრით და ერთიან სივრცეში მოქცევით დადასტურების წინაპირობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სუსგ №ბს-230(კ-24), 14.02.2025წ; №ბს-1037(კ-20), 28.09.2021წ.).

23. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (შდრ. სუსგ №ბს-1299(კ-20), 17.02.2022წ.).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

25. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე