დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1193(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1193(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-იმა 2024 წლის 13 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „რ. კ-ის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 01 მაისის №2023/3 გადაწყვეტილებს ბათილად ცნობა, „ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 5 24 00320263 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „საპენსიო დავალიანების დარიცხვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის №SSA 7 23 01157492 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „გასაცემლიდან თანხის დაქვითვის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის 2023 წლის 28 ივლისის №2023/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რ. კ-ისთვის პენსიის შეწყვეტის დღიდან 2023 წლის 1 მაისიდან პენსიის აღდგენამდე - 2023 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, რ. კ-ისთვის 2023 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაქვითული პენსიის (ყოველთვიურად 83 ლარი) ანაზაურების დავალება სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა რ. კ-ისთვის პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან პენსიის აღდგენამდე - 2023 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება და 2023 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაქვითული პენსიის ანაზღაურება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ი 2019 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე დასაქმებული იყო ...ის ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე. 2023 წლის 01 მაისამდე იღებდა პენსიასაც და ხელფასსაც. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ...ის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. ამრიგად, მოსარჩელის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მუშაობა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე არ განიხილება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ რ. კ-ი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხირციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდებოდა მისთვის სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება. კასატორის მითითებით, სახლ-მუზეუმი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრისა 2023 წლის 01 მაისის N2023/3 გადაწყვეტილებით რ. კ-ის შეუწყდა პენსია იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავდროულად, სააგენტოს 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს დაეკისრა გაცემული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში დაბრუნება. 2024 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა. 2024 წლის 19 მარტის SSA 5 24 00320263 გადაწყვეტილებით, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, განუხილველად დარჩა მისი განცხადება. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის 2023 წლის 28 ივლისის 2023/4 გადაწყვეტილების საფუძველზე რ. კ-ის 2023 წლის 1 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე ექვითება პენსიის 20% გეგმა გრაფიკის მიხედვით.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ რ. კ-ი 2019 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე დასაქმებული იყო ...ის სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით (სუსგ 2020 წლის 3 დეკემბრის საქმე N744(კ-20)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამდენად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ახორციელებდა თუ არა რ. კ-ი საჯარო საქმიანობას და მისი სამუშაო ადგილი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახელობის მუზეუმი - წარმოადგენს თუ არა იმგვარ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს, მათ შორის, ...ის სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, პოპულარიზაცია და მართვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაცვა და მართვა, საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების განხორციელება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, შესაბამისი რეესტრების წარმოება და ნორმატიული ბაზის შექმნა, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და სხვა). ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სრულმასშტაბიან მართვას, დაცვასა და პოპულარიზაციას – სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებით (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმოჩენა, დაცვა, აღრიცხვა, კვლევა, რეაბილიტაცია, პოპულარიზაცია და რეგულირება; სპეციალისტების მომზადება, ინფორმაციის გავრცელება და საერთაშორისო თანამშრომლობა; მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა). ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმებს შორისაა ...ის სახლ-მუზეუმი. დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიაკუთვნეს მუზეუმში რ. კ-ის საქმიანობა საჯარო საქმიანობას. ხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერები ადასტურებს, რომ მუზეუმის საქმიანობა, მისი მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას („მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ. „ა“ ქვ.პ.), აღნიშნული კი, თავის მხრივ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამასთანავე, ამავე ნორმით საჯარო საქმიანობას არ მიეკუთვნება შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის მუზეუმში განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მნიშვნელობა ენიჭება არა მთლიანად ორგანიზაციის სამართლებრივ ფორმას, არამედ იმ კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციურ ბუნებას, სადაც პირი არის დასაქმებული. ამდენად, მართალია, მუზეუმში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში დასაქმებულ პირს, თუმცა, მისი საქმიანობა შემოიფარგლება მუზეუმის მიზნებითა და ფუნქციებით და ვერ გაიგივდება საჯარო საქმიანობასთან, ვინაიდან მუზეუმი მიეკუთვნება ორგანიზაციას, რომელიც ცალსახად გამონაკლისს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განმარტებიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ პენსიის შეწყვეტა, საპენსიო დავალიანების დარიცხვა და პენსიის დაქვითვა იყო უკანონო, რამდენადაც მასზე არ ვრცელდებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამ პირობებში კი, მართებულია უკანონოდ მიუღებელი, ასევე დაქვითული პენსიის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება. ამასთან, პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით. ვინაიდან დადასტურებულია ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში წარდგენა, სააგენტოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვება, ვადის გასვლის მოტივით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე