დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1202(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1202(კ-25) 15 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1456 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილება შპს „...-ს“ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, შპს „...-“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1456 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილების შპს „...-ს“ დაჯარიმების ნაწილში ძალაში დატოვების თაობაზე. შპს „...-ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის განმარტებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №000137 დადგენილებით გ.კ-ე და ამხანაგობა „ ...“ დაჯარიმდნენ 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის მ/რ-სა და ...ის მ/რ-ს შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებისთვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმის სამმაგი ოდენობით. დადგენილია, რომ 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000 ლარით ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №000137 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელის სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების კანონიერების შეფასება იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, მშენებლობის წარმოებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სანებართვო სამართლის ინსტიტუტების სწორად გამოყენება. აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას. შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშენებლო სფეროში, მიტოვებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მაღალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოშობის რისკი. სხვა დარღვევების მსგავსად, სუბიექტის ნების შესაბამისად, შესაძლებელია გამოსწორებას დაექვემდებაროს კონსერვაციის წესების დარღვევაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი ქმედების მცირემნიშვნელოვნად მიჩნევის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ საკითხი შეეხება კონსერვაციის წესების დარღვევას, რაც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს და არსებული დარღვევებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ამდენად, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ დარღვევის გამოვლენის შემდეგ არსებული ფაქტობრივი მოცემულობა (სანქციის დაკისრების შემდეგ, დარღვევის გამოსწორება, მშენებლობის გაგრძელება ახალი პროექტის მიხედვით, სხვა პირებისათვის ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობა), არამედ შესაძლო უარყოფითი შედეგის სერიოზულობის გააზრება. ქმედების მცირემნიშვნელოვნად შეფასების ფარგლები უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ქმედებით გამოწვეული ზიანის მცირე მნიშვნელობის მქონედ შეფასებას, არამედ იმ უარყოფითი შედეგის დადგომის რეალური საფრთხის გაანალიზებას, რაც არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დარღვევის გამოვლენამდე. საგულისხმოა, რომ სამშენებლო კოდექსი, ამ ქმედებით განპირობებული შესაძლო რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სხვა სამართალდარღვევებისაგან განსხვავებულად ადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცედურას, კერძოდ, გათვალისწინებული არ არის სამართალდარღვევის გამოვლენისას მითითების შედგენის შესაძლებლობა. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გათვალისწინებული სანქციის სიმკაცრეზე, თუმცა ნათელია, რომ ამ მუხლის შინაარსის მთავარი განმსაზღვრელი სიტყვა - „მცირემნიშვნელოვნება“ თავისთავად კავშირშია ცალკეული დარღვევის ხასიათის, მისი საშიშროების ხარისხის შეფასებასთან. დადასტურებული სამართალდარღვევის არსებობის პირობებში, დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვის საკითხის გადაწყვეტისას, საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოებათა მხედველობაში მიღება, რომლებიც კავშირშია დარღვევის გამოვლენის შემდგომ არსებულ ვითარებასთან (სამართალდარღვევის ჩადენის აღიარება, მისი გამოსწორება). მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასებული არ არის შესაძლო საფრთხეები, რაც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო კონსერვაციის წესების დარღვევისთვის. საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესის გამოყენების მიზნებისათვის, არის თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მხოლოდ ის გარემოება, რომ დარღვევის ჩადენის შემდეგ, მოსარჩელის აქტიური მოქმედებით ვითარება შეიცვალა (შეითანხმა პროექტი და გააგრძელა).

კასატორის განმარტებით, 2010 წელს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია 02.03.2020, №139) 90-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთს წარმოეშობა ვალდებულება სამშენებლო ობიექტზე კონსერვაციის პირობების დაცვასთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს კონსერვაციის აქტი. მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კი, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება. ხოლო სამშენებლო კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანია დაჯარიმდა ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობისთვის, რაც გულისხმობს მის მიერ წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის არსებობას. რაც შეეხება გადაცდომის ხასიათს, როგორც განიმარტა, მიტოვებული შენობა წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და არსებული დარღვევებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილშიც, დაუსაბუთებელია სასამართლოს მხრიდან უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება, ვინაიდან აღნიშნულ სადავო ურთიერთობას არ ეხება.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია მშენებლობის ნებართვები და აღნიშნულით სამართალდარღვევა იქნა აღმოფხვრილი. კერძოდ, მიტოვებული შენობა წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და არსებული დარღვევებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ამასთან, საგულისხმოა სამართალდამრღვევის მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის განმეორებითობა, რაც გასაჩივრებული აქტების კანონიერებას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის მიზანს წარმოადგენს, მოახდინოს მოცემული სამართალდარღვევის პრევენცია და არ დადგეს ის მავნე შედეგი, რაც, შესაძლოა, სახეზე იყოს სამშენებლო კონსერვაციის წესების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ სამშენებლო კონსერვაციის წესების დარღვევა, თუ მას არ მოჰყოლია მავნე შედეგი, ჩაითვალოს მცირე მნიშვნელობის დარღვევად და მხარეს გამოეცხადოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემული დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1456 ბრძანების კანონიერების შეფასება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №000137 დადგენილებით გ.კ-ე და ამხანაგობა „...“ დაჯარიმდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის მ/რ-სა და ...ის ... მ/რ-ს შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებისათვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმის სამმაგი ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 142-146); ბ) საჯარო რეესტრის 2010 წლის 4 მარტის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ..., მიკრო/რაიონი ... და ...ის ... მ/რ-ს შორის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ე.ს ამხანაგობა „...“ (ს.ფ. 176-177). 2017 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ... მ/რ სა და ...ის ... მ/რ შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს „...-ს“ საკუთრება (უფლების რეგისტრაციის თარიღი 2017 წლის 29 მარტი) (ს.ფ. 178-179). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ... მ/რ -სა და ...ის ... მ/რ შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებად, რომელთა მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „...“ (ტ.1, ს.ფ. 190, 182-183, 184-186, 187-189); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...-ს“ მიმართ 2020 წლის 20 თებერვალს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000119, რომლის თანახმად, დაფიქსირდა შპს „...-ს“ მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №000137 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობა. აღნიშნული შემოწმების აქტი ჩაბარდა პირადად მინდობილ პირს - ი.ნ-ას 2020 წლის 25 თებერვალს (ტ.1, ს.ფ. 170-171); დ) მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2020 წლის 16 აპრილის №4-3/102-გ/20 ბრძანებით შპს „...-ს“ მიმართ, ამავე ინსპექციის მიერ 2020 წლის 20 თებერვლის №000119 შემოწმების აქტით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 (ორი) თვით, 2020 წლის 16 აპრილიდან 2020 წლის 16 ივნისის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 164); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის №0000119 შემოწმების აქტით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, 2020 წლის 30 ივნისს გაიმართა ზეპირის მოსმენის სხდომა, სადაც გამოცხადდა შპს „...-ს“ წარმომადგენელი, ი.ნ-ა, რომელმაც დაადასტურა შემოწმების აქტის ჩაბარება. მისი განმარტებით, მიმდინარეობდა დოკუმენტაციის მოწესრიგება, გეგმავდნენ მშენებლობის დოკუმენტების მოპოვებას და სამუშაოების გაგრძელებას. არიან გრგ-ს შეთანხმების ეტაპზე და აპირებენ ობიექტის (კორექტირებულ) შეთანხმებას (ტ.1, ს.ფ. 165); ვ) მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 31 ივლისის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ობიექტის დამატებით გადამოწმებისას შპს „...-ს“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №000137 დადგენილებით დაკისრებული სამართლებრივი საფუძვლები (ტ.1, ს.ფ. 156); ზ) მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №დ-404-10 №000137 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო (ტ.1, ს.ფ. 153-155); თ) 2020 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილების ბათილად ცნობა. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 წლის 25 სექტემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1456 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ დირექტორის, გ.კ-ის 2020 წლის 27 აგვისტოს №20/01202401978-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილება (ს.ფ. 142-146, 149, 150-152); ი) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5194366 ბრძანებით, ქ. თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ... და ...ის ... მ/რ-შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანების მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის სტადიაზე, მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში გათვალისწინებულ უნდა იქნას დამცავი შპუნური ფარდის/კედლის მოწყობა (ტ.1, ს.ფ. 70-72); კ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერის №5188276 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ... და ...ის ... მ/რ-შორის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ტ.1, ს.ფ. 73-75); ლ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ... და ...ის ... მ/რ-შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ტ.1, ს.ფ. 76-78); მ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213914 ბრძანებით გაიცა ქალაქი თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ... და ... მ/რ-ს შორის არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ 79-81); ნ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5214009 ბრძანების თანახმად, გაიცა ქალაქი თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ... და ... მ.რ შორის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ 82-85); ო) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანების თანახმად, გაიცა ქალაქ თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ... და ... მ.რ შორის შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 30/11/2020 წლის №5204688 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ. 86-88); პ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6491365 ბრძანების თანახმად (ს/კ №... მიწის ნაკვეთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა №19), ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21/10/2022 წლის №6173533 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 05 ივნისიდან 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 286-288); ჟ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 ნოემბრის №6743036 ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.) მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 03 ნოემბრიდან 2025 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 289-292); რ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 ნოემბრის №6739901 ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №21ა-ში, არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადად კი განისაზღვრა 2023 წლის 01 ნოემბრიდან 2025 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 282-285).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 1321 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება არ გაუსაჩივრებია შპს „...-ს“, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. საყურადღებოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული შპს „...-ს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისას (ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობა), რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება, ხოლო ასეთის არსებობის პირობებში, რამდენად იძლეოდა წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შპს „...-ს“ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა მიჩნეული ყოფილიყო მცირე მნიშვნელობის მქონედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-320 (2კ-21) საქმეზე განმარტა შემდეგი (2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ წინამდებარე დავაზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (სუსგ 20.12.2019წ. №ბს-638-634(2კ-17); სუსგ 20.12.2019წ. №ბს-926-922(2კ-17)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.). ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

საკასაციო პალატის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრინციპები ყველა სახის სამართალდარღვევაზე ვრცელდება (თუ სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული), ამავდროულად პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი... აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: 1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება; 2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; 3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო; 4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ; 5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართალია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტისთვის სახეზე იყო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა (ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობა), თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალიწინებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა, კერძოდ, საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიცვალა არსებული მდგომარეობა, მოპოვებულია და გახანგრძლივებულია სამშენებლო ნებართვები. შესაბამისად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულიყო მცირემნიშვნელოვან დარღვევად და გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს... ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (სუსგ 19.10.2017წ. №ბს-360-357(2კ-17); სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)).

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1456 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 31 ივლისის №000119 დადგენილება, დასახელებული დადგენილების გაუქმებისა და მოსარჩელისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების პირობებში, ასევე არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული ბრძანების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველიც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა