დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1220(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1220(კ-25) 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი- ლ.ს-ე (მოსარჩელე - ს.კ-ას უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (სასკ-ის მე-16.2) - ს.პ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 8 აგვისტოს ს.კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ...ის რაიონის სოფელ ...ში სადავო სახლში ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი დედა - კ.კ-ა. კომლს პირად საკუთრებაში 1986-1988 წლებში ერიცხებოდა 1984 წელს აგებული სახლი, 1986-1987წწ-ში 0,25 ჰა, 1988-1990 წლებში 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი. 1994-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ.კ-ა. 1990 წელს კ.კ-ა გაემგზავრა რუსეთში, სადაც გარდაიცვალა 12.03.1998წ. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. კ.კ-ას გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლა მისი შვილი - ს.კ-ა, რომელსაც დროებით მოუწია სამშობლოდან წასვლა. სადავო ბინაში უნებართვოდ შეიჭრა ს.პ-ი. 8.07.2018წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავ ნივთზე მდებარე: სოფელი ..., ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით მოთხოვნილი უძრავი ნივთი ზედდებაში აღმოჩნდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ს.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი და რეგისტრაცია დაეფუძნა მხოლოდ საგადასახადო სიებს.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი შემდეგი შედეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: 15.05.2002წ. N... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (სარეგისტრაციო ნომერით N...), რომლითაც ს.პ-ის ოჯახზე დარეგისტრირდა 0,110ჰა მიწის ნაკვეთი საგადასახადო სიის N... საფუძველზე თანმდევი შედეგებით; საგადასახადო სია N... და N..., რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2013წ. N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2019წ. N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.07.2019წ. N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2019წ. N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2019წ. ... გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხის დავალდებულება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილება.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით: ს.პ-ისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ...ის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით: ... გასხვისებისა და იპოთეკით ან/და სხვა ვალდებულებებით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ს.კ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 14 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ს.კ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა სადაო უძრავ ნივთზე მდებარე, ...ის რაიონის, სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით: ... ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ს.კ-ას წარმომადგენელის ი.მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინება ს.კ-ამ გაასაჩივრა საჩივრით.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ს.კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ს.კ-ას წარმომადგენლის ი.მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინება (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ) და ს.კ-ას 2019 წლის 14 აგვისტოს შუამდგომლობის ხელახლა განხილვის მიზნით, საქმე განსახილველად დაუბრუნდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ს.კ-ას წარმომადგენელის ი.მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე ს/კ... (მესაკუთრე ს.პ-ი) ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს.პ-ი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინებით N3/55-19 ადმინისტრაციულ საქმეზე, ს.კ-ას სარჩელის გამო, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის ს.პ-ის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, შეწყდა დაუშვებლობის გამო.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინება ს.კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.კ-ას კერძო საჩივარი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით ს.კ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ.ს-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ლ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 15.05.2002წ. N... სააღრიცხვო ბარათით ს/კ. .., ფართობი 0,110 ჰა რეგისტრირებულია ს.პ-ის საკუთრების უფლება, საფუძველი საგადასახადო სია N... . 15.05.2002წ. N1991/2002წ. ს/კ. .., ფართობი 0,110 ჰა რეგისტრირებულია ს.პ-ი საკუთრების უფლება, საფუძველი: საგადასახადო სია N... .

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2013 წლის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ს.პ-ის უფლება უძრავ ნივთზე მის.: ... , სოფელი ..., დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი. ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართობი 2210 კვ.მ., მის.: ..., სოფელი ..., ნაკვეთის წინა ნომრები: ... და ..., შენობა 158,90 კვ.მ. აღრიცხულია ს.პ-ის (პ/ნ...) სახელზე. საფუძველი: საგადასახადო სია N...; N.... სისტემური აღრიცხვის მონაცემებით, ... მიწის ნაკვეთზე მითითებულია პ.ს-ი, ხოლო ... მიწის ნაკვეთზე - პ.ნ-ი.

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 26 ივლისის N15/86159 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ...ის რაიონის სოფელ ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ას 1986-1993 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ.კ-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილი - დ.კ-ვ (გადავიდნენ) შვილიშვილი - ო.კ-ვ (გადავიდნენ); შვილიშვილი - ე.კ-ა; რძალი - ა.კ-ა (გადავიდნენ); შვილიშვილი - დ.კ-ვ. კომლს პირად საკუთრებაში 1986-1988 წლებში ერიცხება 1984 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1989-1993 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1987 წლებში 0.25 ჰა; ასევე 1988-1990 წლებში 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი (1991-1993 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1994-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ.კ-ა. საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1997-2008 წლების საკომლო წიგნებში არ მოიძებნა ჩანაწერი კ.კ-ას შესახებ. ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ას 1992-2007 წლების მიწების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

8.07.2019წ. ს.კ-ამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ..., სოფელი ....

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.07.2019წ. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილებით, ზედდების გამო დაინიშნა მედიატორი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2019წ. N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2019წ. N... გადაწყვეტილებით, წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზეზის წარმოუდგენლობის გამო შეწყდა წარმოება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის N21-02-1/76215 წერილის თანახმად, კ.კ-ა საგადასახადო სიებში არ ფიქსირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის N2/7077-19 დადგენილებით, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ: დედაშვილობის ფაქტი კ.კ-ასა (გარდაცვლილი 1998 წლის 12 მარტს, რუსეთში) და ს.კ-ას შორის; ამ უკანასკნელის მიერ დედის სამკვიდროს მიღების ფაქტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 აპრილის N60466 წერილის თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში ს.კ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არასდროს ყოფილა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-9, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტები - საგადასახადო სიები N... და N... დღესაც ძალაშია და არ გაუქმებულა. აპელანტს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც ზემოაღნიშნული დოკუმენტების უსწორობას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საკუთრების რეგისტრაციის სიყალბე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი არ არის, არ დასტურდება აპელანტის მოსაზრება ს.პ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ყალბი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ 26.07.2019წ. საარქივო ცნობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კ.კ-ას კომლს არავითარი ქონება აღარ ერიცხება 1991 წლიდან, ხოლო 1997 წლიდან კომლის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ იძებნება, რაც მიანიშნებს, რომ ასეთი კომლი აღარ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ის უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე ასახული უძრავი ქონება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ კ.კ-ას კომლს 1991 წლიდან არ ერიცხება არავითარი ქონება, ხოლო 1997 წლიდან კომლის შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობა კომლის არარსებობას უტოლდება. კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ინფორმაციის არსებობა-არარსებობის საკითხი სახელმწიფოს მტკიცების პრეროგატივაა. იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონებები სახეზეა გაუგებარია რატომ მიენიჭა უპირატესობა არარსებული საგადასახადო სიების საფუძველზე რეგისტრირებულ ს.პ-ის საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: 1)15.05.2002წ. N... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომერით N... , რომლითაც ს.პ-ის ოჯახზე დარეგისტრირდა 0,110 ჰა მიწის ნაკვეთი საგადასახადო სიის N... საფუძველზე თანმდევი შედეგებით; 2) საგადასახადო სია N... და N...; 3) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2013წ. N... გადაწყვეტილება; 4) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2019წ. N... გადაწყვეტილება; 5) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... გადაწყვეტილება; 6) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... და 31.07.2019წ. N... გადაწყვეტილებები; 7) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2019წ. გადაწყვეტილება; 8) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2019წ. გადაწყვეტილება ... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილება.

N1990/2002, 15.05.2002წ. მიწის სააღრიცხო ბარათის თანახმად, ს/კ ..., ფართობით 0,110 ჰა რეგისტრირებულია ს.პ-ის საკუთრების უფლება, საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სია N... .

N1990/2002, 15.05.2002წ. მიწის სააღრიცხო ბარათის თანახმად, ს/კ ... , ფართობით 0,110 ჰა, რეგისტრირებულია ს.პ-ის საკუთრების უფლება (გადახაზულია ნოვრუზი), საფუძველი: საგადასახადო სია N... .

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2013წ. N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ს.პ-ის უძრავ ნივთზე მის.: ..., სოფელი ... დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი. ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართობი 2210 კვ.მ., მის.: ..., სოფელი ..., ნაკვეთის წინა ნომრები: ... და ..., შენობა 158,90 კვ.მ. აღრიცხულია ს.პ-ის (პ/ნ ...) სახელზე. საფუძველი: საგადასახადო სია N...; ... .

2019 წლის 8 ივლისს ს.კ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ..., სოფელი ... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2019წ. N... გადაწყვეტილებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, სააგენტოს მიერ დაინიშნა მედიატორი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2019წ. N... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ზედდების გამო დაინიშნა მედიატორი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.07.2019წ. N... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ზედდების გამო დაინიშნა მედიატორი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2019წ. N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.08.2019წ. N... გადაწყვეტილებით, წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზეზის წარმოუდგენლობის გამო შეწყდა წარმოება.

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე (სადავო აქტების (მოსარჩელესთან დაკავშირებით გამოცემული მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები) მიღებისას მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია საკომლო წიგნიდან ამონაწერი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა საკომლო ჩანაწერების საფუძველზე.

დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად ყურადღება გაამახვილოს ზოგადად კომლზე, მის წევრობასა და ქონებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება - მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ. საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლოსამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად (იხ. საქმე Nას-139-132-10, 10 ივნისი, 2010 წელი).

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ საქმე Nას-211-203-2013, 03 ივნისი, 2013 წელი; Nას-464-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე“ (ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით). ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლით განისაზღვრული იყო მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაციის დამატებითი პირობები, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდებოდა საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელსაც უნდა მოეცვა კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო მონაცემებით. მსგავს დანაწესს შეიცავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების დღეს მდგომარეობით მოქმედი რედაქცია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 26 ივლისის N15/86159 წერილზე, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ...ის რაიონის სოფელ ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ას 1986-1993 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით, კომლის უფროსად ჩაწერილია კ.კ-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილი - დ.კ-ვ (გადავიდნენ) შვილიშვილი - ო.კ-ვ (გადავიდნენ) შვილიშვილი - ე.კ-ა რძალი - ა.კ-ა (გადავიდნენ); შვილიშვილი - დ.კ-ვ.

კომლს პირად საკუთრებაში 1986-1988 წლებში ერიცხება 1984 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1989-1993 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1987 წლებში 0.25 ჰა; ასევე 1988-1990 წლებში 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი (1991-1993 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). ...ის რაიონის ...-ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1994-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ. კ-ა. საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.

...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1997-2008 წლების საკომლო წიგნებში არ მოიძებნა ჩანაწერი კ. კ-ას შესახებ.

...ის რაიონის ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ას 1992-2007 წლების მიწების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარებისაქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის N21-02-1/76215 წერილის თანახმად, კ.კ-ა საგადასახადო სიებში არ ფიქსირდება.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საარქივო ცნობაზე, რომელშიც ქრონოლოგიულად, წლების მიხედვით მითითებულია კ.კ-ას კომლის შემადგენლობა და ქონებრივი მდგომარეობა. ზემოაღნიშნული წერილობითი დოკუმენტიდან ნათელად დგინდება, რომ კომლს 1986-1988 წლებში ერიცხებოდა 1984 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1989-1993 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1987 წლებში 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი; ასევე 1988-1990 წლებში 0.21 ჰა მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ საქმეში დაცული საარქივო ცნობით ცალსახად დასტურდება, რომ კირიაკია გეორგის ასულ კ.კ-პახჩევას კომლს ბოლო მონაცემებით, უფრო კონკრეტულად 1991 წლიდან აღარ უფიქსირდებოდა კონკრეტული უძრავი ქონება (არც საცხოვრებელი სახლი და არც მიწის ნაკვეთი). კომლის უკანასკნელი წევრი იყო თავად კ.კ-ა 1996 წლამდე, თუმცა არც ამ პერიოდისთვის არ დასტურდება, რომ კომლს საკუთრებაში რაიმე გააჩნდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებებს (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობებს (სამკვიდრო პასივი), რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

12.06.2019წ. N190673844 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ს.კ-ა არის 1998 წლის 12 მარტს გარდაცვლილი კ.კ-ას პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. სამკვიდრო მოწმობაში ნაანდერძევ მასაში მოქცეულ კონკრეტულ ქონებაზე მითითება არ არის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე და სახლზე რაიმე უფლება კირიაკია გეორგიას ასულ კ.კ-პახჩევას სიცოცხლეშივე წარმოეშვა. ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნა უსაფუძვლოა ვინაიდან სამემკვიდრეო მასაში ვერ შევიდოდა ის ქონება, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის არ გააჩნდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული საარქივო ცნობით (ტ.1, ს.ფ 297) დგინდება, რომ თავად მოსარჩელე კ.კ-ას კომლის წევრი არ ყოფილა, იგი გათხოვილი იყო იმავე სოფელში და ჩაწერილი იყო ქმრის კომლში. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ს.კ-ა ორი კომლის წევრი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მას მოთხოვნილ უძრავ ქონებასთან სამართლებრივი კავშირი არც პირადად არ უდასტურდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ მოთხოვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ წარადგინა ვერც საკუთრების და ვერც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

მოცემულ დავაში, სადავოდ არის გამხდარი მესამე პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციებისა და მათ საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონიერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირის - ს.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველად მითითებულია - მიწის საგადასახადო სიები, რომელსაც მოსარჩელე ყალბად მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნის მიზნით დადგინდა მიწის საკუთრებაში გაფორმების პროცედურა. მითითებული №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ. ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველს უცილობლად წარმოადგენდა საგადასახადო სიები.

საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მიწის სააღრიცხვო ბარათებით (... 15.05.2002 წელი, N... 15.05.2002 წელი) ...ში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ... და ს/კ... მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული იყო ს.პ-ის საკუთრების უფლება.

...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული 1100 კვ.მ (ს/კ...) და 1100 კვ.მ (ს/კ...) უძრავი ნივთები გაერთიანდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2013წ. რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ს.პ-ის საკუთრების უფლება 2210 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 20.03.2006წ.-დან) მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვრცელდება არა მხოლოდ რეესტრის ჩანაწერების მიმართ, არამედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერის მიმართაც, რომლითაც დასტურდებოდა მესამე პირთა (მათ შორის მათ მამკვიდრებლების) სანივთო უფლებები სადავო ფართის შესაბამის წილზე

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ზემოაღნიშნული კანონის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მარტოოდენ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი მითითება სადავოდ გამხდარი საგადასახადო სიების სიყალბესთან დაკავშირებით, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად არ არის განკუთვნადი მტკიცებულება.

განსახილველ შემთხვევაში, სააღრიცხვო ბარათებით დგინდება, რომ მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საგადასახადო სიები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მხრიდან მხრიდან წარმოდგენილი არ არის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი ნორმატიული ან სამართლებრივი აქტი, რომელიც დაასტურებდა სადავო უძრავი ნივთის უპირატესი ფლობის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის გაუქმების ვერც ერთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, "დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კ.კ-ენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, დავის მოგვარების მიზნით დაინიშნა მედიაცია, თუმცა შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა. შესაბამისად, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო წარდგენილი კორექტირებული აზომვითი ნახაზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას და სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება-გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმებისათვის სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ.ს-ეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ.ს-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

3. ლ.ს-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა