დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1335(კ-25) 10 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ს-ი; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 2 ოქტომბერს მ.ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2023 წლის 3 მაისის №... წერილის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებისა და „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2023 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მ.ს-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით, უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2023 წლის 3 მაისის №... წერილი; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება და ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მ.ს-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2020 წლის 30 იანვარს მ.ს-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, 1992 წელს გაცემული №37 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლითაც მის მამკვიდრებელს ჰ.ს-ის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეცა 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2023 წლის 3 მაისის №... წერილიდან ირკვეოდა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე, ვინაიდან შესაძლებლად მიიჩნია ე.წ. ,,ყვითელ ფენებში“ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტურობის დადგენა. ამასთან, მიუთითა, რომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციები და მისი აღრიცხვის საფუძვლები ...ის რაიონის გამგეობაში დაცული არ იყო და ასევე გამგეობას არ გააჩნდა შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა პოზიცია მიწის ნაკვეთთა იდენტურობის თაობაზე. ვინაიდან, ...ის რაიონის გამგეობა ვერ ადასტურებდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 10 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მოსთხოვა იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რისი წარუდგენლობის გამოც 2023 წლის 20 ივნისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად მიმართა, ...ის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სავალდებულო ღონისძიებების ჩატარების, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების, ასევე მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისგან ინფორმაციის მოპოვებისა და დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის გარეშე ფაქტობრივად უარი ეთქვა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე. სადავო ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენისას, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა მეზობელ ნაკვეთებთან მისი ფარგლების ურთიერთშეჯერება სასაზღვრო მიჯნის გათვალისწინებით, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის განსაზღვრა.
ამასთან, მიუხედავად გამგეობის მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ვალდებულებისგან მარეგისტრირებელი ორგანო არ თავისუფლდებოდა. მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდგომ შეწყვეტის შესახებ, თუ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის ხელთ არსებული მონაცემების ერთობლივი შეფასებით ვერ იქნებოდა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (10.05.2023 წ.) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო ადგილმდებარეობის იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარუდგენლობის გამო ამავე სააგენტოს №... (20.06.2013) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან (დღეის მდგომარეობით: ს/კ №...), რომელიც წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხულია/რეგისტრირებულია კანონმდებლობის საფუძველზე და მისი სრული დაცვით, რაც ასევე დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (თავდაპირველი კოდი №..., 11/03/2011წ. მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რეგ. №..., უფლების დამდგენი დოკუმენტი - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011 №06-8/1888 მიმართვა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიერ №... განცხადებით მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, მხარეს სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში მხარისათვის სასურველი იურიდიული შედეგი ვერ მიიღწევა.
სასამართლო უთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა განცხადება, მათი რეგისტრაციის საფუძვლები და მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის/მისი ჩართულობის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ) მ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობა.
2020 წლის 30 იანვარს მ.ს-იმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, 1992 წელს გაცემული №37 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლითაც მის მამკვიდრებელს ჰ.ს-ის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეცა 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არაერთხელ იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდებოდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთა იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2023 წლის 3 მაისის №... წერილის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე, ვინაიდან შესაძლებლად მიიჩნია ე.წ. ,,ყვითელ ფენებში“ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტურობის დადგენა. ამასთან, მიუთითა, რომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციები და მისი აღრიცხვის საფუძვლები ...ის რაიონის გამგეობაში დაცული არ იყო და ასევე გამგეობას არ გააჩნდა შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა პოზიცია მიწის ნაკვეთთა იდენტურობის თაობაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 10 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მოსთხოვა იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რისი წარუდგენლობის გამოც 2023 წლის 20 ივნისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
„ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2023 წლის 12 ივნისის №145087/17 ადმინისტრაციული საჩივარი. საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის საჯარო რეესტრში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციას, ამასთან, არც მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და საჯარო რეესტრში დაცულ სხვა მონაცემებზე დაყრდნობით არ დგინდებოდა სარეგისტრაციო და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, ...ის რაიონის გამგეობამ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და 2020 წლის 5 თებერვლიდან საჯარო რეესტრის მიერ გაგზავნილი არაერთი წერილის მიუხედავად არც დაადასტურა და არც უარყო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, ვერ იქნებოდა გამოყენებული რეგისტრაციის მიზნებისათვის.
ამასთან, დადგენილია ის გარემოება, რომ დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ №... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის მონაცემების სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონების მონაცემებთან ზედდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება- მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დადგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე-23-ე მუხლებით. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ მითითებული, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი არ მოახდინოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სხვა შემთხვევებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად განხორციელების ვალდებულებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, უარი უთხრას დაინტერესებულ პირს უფლების რეგისტრაციაზე.
განსახილველ საქმეში, უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მ.ს-ის ჰქონდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, თუმცა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა აზომვით ნახაზზე არსებულ და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დაუდგენლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში არსებული პოზიტიური ვალდებულებების კუთხით, სასამართლო ხაზს უსვამს ,,კარგი მმართველობის” პრინციპის პრაქტიკულ მნიშვნელობას, რაც მოითხოვს, რომ როდესაც საზოგადო ინტერესის საგანი არის სასწორზე, კერძოდ, როდესაც ზიანი ადგება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა იმოქმედონ დროულად, შესაბამისი და, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრული ფორმით (Beyeler v. Italy [დიდი პალატა], § 120; Megadat.com SRL v. Moldova, § 72; Rysovskyy v. Ukraine, § 71; Moskal v. Poland, § 72; Maria Mihalache v. Romania, § 70) კერძოდ, საჯარო ხელისუფლების ვალდებულებაა, განახორციელონ შიდა პროცედურები, რომლებიც აძლიერებენ მათი მოქმედებების გამჭვირვალობასა და სიცხადეს, მინიმუმამდე დაჰყავთ შეცდომების რისკი (იხ, Lelas v. Croatia, № 55555/08, § 74, 20.05.2010, და Toşcuţă and others v. Romania, no. 36900/03, § 37, 25.11.2008) და ხელი შეუწყოს სამოქალაქო ტრანზაქციების სამართლებრივ სიცხადეს, სტაბილურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ქონებრივ ინტერესებზე (იხ. Öneryıldız საქმე, § 128, და Beyeler საქმე, § 119).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე განსაკუთრებით შემზღუდველი ხასიათისაა, რამდენადაც უდავოა მოსარჩელის საკუთრების უფლების იურიდიული საფუძველი - 1992 წელს გაცემული №37 მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოცემულ აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, ფაქტობრივად მოსარჩელე ვერ ახდენს უფლების რეალიზებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვალდებული იყო გაეტარებინა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით საჭირო ღონისძიებები. თუმცა, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ს.ს-ის საკუთრების უფლება - №35 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დამოწმების თარიღი - 15.05.1993 წ. საფუძველზე. მოცემული მიღება-ჩაბარების აქტით ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ს-ის, ისევე როგორც მოსარჩელის მამკვიდრებელს გამოეყო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ს.ს-ი ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილში უთითებდა, რომ სოფ. ...ში, ე.წ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიღება-ჩაბარების აქტებით მიწის რეფორმის პროექტის ფარგლებში მოხდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთების გამოყოფა. მის მომიჯნავედ ჰ.ს-ის გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ღობე მავთულის ბადით ჰქონდა შემოვლებული და ამუშავებდა მას, მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა.
2025 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის მ.ს-ის ჩვენებით, მას და მოსარჩელე მ.ს-ის მამას ერთად გამოუყვეს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთები ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი უფლების დამდგენი დოკუმენტის ნომერია 36. მოსარჩელის მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მისი ნაკვეთის წინ და მათ შორის არის გზა. მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტია №37, ხოლო მ.ს-ის - №36.
2025 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე ზ.ს-ი, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის მამას ნამდვილად მითითებულ ადგილას გამოეყო მიწის ნაკვეთი და მისი ოჯახი დღემდე უწყვეტად ახორციელებდა მის მფლობელობას.
2025 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხა იმავე ბლოკში ზ.ს-ის დასავლეთით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე გ.ჩ-ი, რომელსაც მსგავსი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე 90-იან წლებში გამოეყო იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთების განაწილების რეფორმა. გ.ჩ-იმა აღნიშნა, რომ მას ახსოვს, როგორ დაურიგდათ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები მოსახლეობას და მათ შორის, იყო მოსარჩელის ოჯახი, რომელსაც გამოეყო აღნიშნული ნაკვეთი და მისი ოჯახი დღემდე ფლობდა მას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, მათ შორის, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო არეალში მცხოვრები პირების სარეგისტრაციო მონაცემების გათვალისწინებით, შეეძლო შეეფასებინა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა და მისი შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტაციასა და აზომვით ნახაზთან. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მ.ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდება ის, რომ მოსარჩელეს განსახილველ საქმეში ცალკე გასაჩივრებული არ აქვს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი საფუძველი, რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ სახელმწიფოს მ.ს-იზე უკვე ჰქონდა განკარგული შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რაც შემდგომში გამორიცხავდა ამავე ნივთის ხელახლა განკარგვის შესაძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთი გადაცემულია არა სახელმწიფო ქონების განკარგვის ზოგადი წესით, პირობადებული გარიგებით, აუქციონით და ა.შ. არამედ საკუთრების უფლების გადაცემით მუნიციპალური ორგანოსთვის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის განკარგვა მისი სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით არ მომხდარა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად არ არის მოწყვეტილი სახელმწიფოს. ადგილობრივი თვითმმართველობა რთული და კომპლექსური მოვლენაა, ის ადგილობრივი საჯარო ხელისუფლებაა და არა მოსახლეობის თვითორგანიზაციის მარტივი ფორმა. მუნიციპალური საკუთრება არის ქონებრივი კომპლექსი, რომელშიც შედის მიწის ნაკვეთები, მოძრავი და უძრავი ქონება. სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემა წარმოადგენს ხელისუფლების ორგანოებს შორის ქონების განაწილებას, სახელმწიფო ხელისუფლების ერთი ორგანიზაციული ნაწილიდან სხვა ნაწილზე გადაცემა ვერ გახდება ქონებაზე საკუთრების აღიარების უფლების გაუქმების საფუძველი“ (იხ. სუსგ №ბს-928(კ-20) 19.05.2021 წ.). შესაბამისად, სახელმწიფო ქონების გადაცემა თვითმმართველობის ორგანოსთვის ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა