დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1336(კ-24) 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილება გ.გ-ის, ბ.ბ-ის, დ.კ-ისა და ნ.ხ-ის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 3 22 00432832 გადაწყვეტილება პაციენტების - გ.გ-ის, ბ.ბ-ის, დ.კ-ისა და ნ.ხ-ის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილება გ.გ-ის და ნ.ხ-ის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 3 22 00432832 გადაწყვეტილება გ.გ-ისა და ნ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, პაციენტი, გ.გ-ი, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2022 წლის მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „...-ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ...), 06.03.2022 წლის 12:16:00-დან 09.03.2022 წლის 10:00:00-ის ჩათვლით: გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში: პროგრამული კოდი:... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა-/... სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 09.03.2022 წლის 10:00:00-დან 19.03.2022 წლის 15:00:00-ის ჩათვლით: ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში პროგრამული კოდი: 200016/-/-COVID-Positive - დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. დიაგნოზი: U07.1-/-ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ჩატარებული კვლევით (გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია): „ორმხრივ ფილტვში შუა და ქვედა წილში პერიფერიულ და სუბპლევრული გავრცელებით ისახება დაბურული მინის ტიპის ინფილტრაციული ცვლილებები“. აღნიშნული შეესაბამება COVID–19-ის კტ სურათს. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეესაბამება COVID–19-ის გაიდლაინ/პროტოკოლს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ელექტრონულ პორტალზე გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, მიჩნეულ იქნა, რომ პროგრამული შემთხვევა №... სრულად უნდა გადმოცემულიყო COVID-19-ის დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №... (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“).
პაციენტი, ნ.ხ-ი დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2022 წლის მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „...-ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ... 08.03.2022 წლის 16:27:00-დან 09.03.2022 წლის 23:50:00-ის ჩათვლით: გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში: პროგრამული კოდი:... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა-/...სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 09.03.2022 წლის 23:50:00-დან 10.03.2022 წლის 11:30:00-ის ჩათვლით: ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: 200016/V-/-COVID-Positive - დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, 10.03.2022 წლის 11:30:00-დან 12.03.2022 წლის 14:30:00-ის ჩათვლით: 200017/V-/-COVID-REANT II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: U07.1-/-ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეესაბამება COVID–19-ის გაიდლაინ/პროტოკოლს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ელექტრონულ პორტალზე გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, მიჩნეულ იქნა, რომ პროგრამული შემთხვევა №4209703738 სრულად უნდა გადმოცემულიყო COVID–19-ის დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევას №4209703738 (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“).
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილება გ.გ-ის და ნ.ხ-ის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 3 22 00432832 გადაწყვეტილება გ.გ-ისა და ნ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.
პაციენტ გ.გ-ისთან მიმართებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები: ა) სს „...-ს“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - გ.გ-ი 2022 წლის 06 მარტს მოთავსდა სს „...-ში“. დიაგნოზი: U07.1. - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული. J12.9. - ვირუსული პნევმონია, დაუზუსტებელი; J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა; I10 - ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია; I48 – წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა; Z95.5.-კორონალური ანგიოპლასტიური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი მიყვანილია 112-ის ბრიგადის მიერ, უჩივის ტემპერატურის მატებას, ზოგად საერთო სისუსტეს, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას, ჰაერის უკმარისობას. პაციენტის გადმოცემით ზემოაღნიშნული ჩივილები დაეწყო 4 დღის წინ, დინამიკაში იმატა ინტენსივობამ, რის გამოც მიმართა კლინიკას. ანამნეზი: აქვს მოციმციმე არითმია, 5 თვის წინ ჩატარებული აქვს ოპერაცია პროსტატაზე, 4 თვის წინ ჩატარებული აქვს სტენტირება. ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოპთერაპია; კარდიომონიტორინგი; ინტრავენური ინფუზია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, ჰორმონოთერაპია, სიმპტომური მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები (ს.ფ. 35-36); ბ) შპს ,,...’’-ში ჩატარებული 2022 წლის 05 მარტის სეროლოგიური კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ გ.გ-ისთვის ჩატარებული SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის/CoV-2 Ag Rapid Testt-ის შედეგი არის უარყოფითი (ს.ფ. 37); გ) სს ,,...-ში’’ 2022 წლის 09 მარტს გ.გ-ისთვის ჩატარებული სეროლოგიური კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის/CoV-2 Ag Rapid Testt-ის შედეგი არის დადებითი (ს.ფ. 38-39); დ) პაციენტი გ.გ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. 2022 წლის მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „...-ში’’. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ...), 06.03.2022 12:16:00-დან 09.03.2022 10:00:00-ჩათვლით: გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში: პროგრამული კოდი... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა -/- J96.0 -/- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 09.03.2022 10:00:00-დან 19.03.2022 15:00:00-ჩათვლით: ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID7-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: 200016/V-/- COVID-Positive დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, დიაგნოზი: U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ჩატარებული კვლევით (გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია) „ორმხრივ ფილტვში შუა და ქვედა წილში პერიფერიულ და სუბპლევრული გავრცელებით ისახება დაბურული მინის ტიპის ინფილტრაციული ცვლილებები“. აღნიშნული სურათი შეესაბამება covid-19-ის კტ სურათს. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეესაბამება COVID-19-ის გაიდლაინ/პროტოკოლს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ელექტრონულ პორტალზე გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, მიჩნეულ იქნა, რომ პროგრამული შემთხვევა №... სრულად უნდა გადაცემულიყო ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში. დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილებით, პროგრამულ შემთხვევას №... (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ვინაიდან წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (ს.ფ. 17-20, 91);
პაციენტ ნ.ხ-ისთან მიმართებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები: ა) სს „...-ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - ნ.ხ-ი 2022 წლის 08 მარტს მოთავსდა სს „...-ში“. დიაგნოზი: U07.1 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. J15.1- პნევმონია გამოწვეული Pseudomonas-ით; J12.8 – ვირუსული პნევმონია გამოწვეული SARS-CoV-2-ით; J94.8.- ორმხრივი ჰიდროთორაქსი; I50.1. – მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა; J96.0. –სუნთქვის მწვავე უკმარისობა; A41.9. სეპტიცემია, დაუზუსტებელი I31.3 გამონაჟონი (არაანთებითი) პერიკარდიუმში; R57.9 - შოკი, დაუზუსტებელი; I46.9. - გულის გაჩერება, დაუზუსტებელი. თანმხლები დაავადება: I34.0 - მძიმე ხარისხის მიტრალური (სარქველის) ნაკლოვანება +3-4; I10- ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია; I48 - წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა; I83.2 - ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი წყლულით და ანთებით. ჩატარებული მკურნალობა: ავექსონი 1 გ.; გლუკოზა 10 % 500 მლ.; დექსამეტაზონი 4 მგ/1მლ.; დიაზეპამი- 8ნ 5 მგ/მლ 2 მლ; ინსულ-აქტრაპიდი HM 10 მლ/100 მგ.; კალიუმის ქლორიდი 4% 200 მლ.; კეტამინი ZN 50 მგ/მლ 2 მლ; კლექსიპარინი 40 მ/0,4 მლ.; მეზატონი 1% 1 მლ.; ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 100 მლ.; რაბელოკი 20 მგ. საინექციო ხსნარის მოსამზ., ფლაკონი, რინგერი 500 მლ.; სერტოცეფი 1 გრ (ცეფტრიაქსონი); სოდა ბუფერი 42 მგ/1მლ 100 მლ. ხსნარი საინფუზიო; ტისამი (ამპიცილინი სულბაქტამი ) 1,5 მგ.; ფუროსემიდი 1% 2 მლ; გარდე (მეროპენემი) 1 გ.; დოფამინი 4% 5 მლ.; ვანკორი 1 გ. (ვანკომიცინი); კარდენორი 4 მგ/4 მლ. ი.ვ (Norepinefrini tartate); კურონი 50 მგ/5მლ 5 მლ. ი/ვ; ვიკასოლი 1% 1 მლ; კალცი გლუკონატი 10 % 10 მლ.; (WAA891) კარდიომონიტორინგი; (WAA721) თერაპია ჟანგბადით: (PHXA39) პერიფერიული ვენაში ვენური საინექციო კათეტერის შეყვანა; (KCXX20) შარდის ბუშტის კათეტერიზაცია: (WAA722) თერაპია ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევით (PEEP); (PHXA32) ლავიწქვეშა ვენაში ცენტრალური ვენური კათეტერის შეყვანა; (WAA704) ინტუბაცია; (WAA730) ფხვ.; (WAA752) სასუნთქი გზების სანაცია; (FXXA00) გულის დახურული მასაჟი; (ZXXX00, ZXXX08, ZXXX12, ZXXX20, ZXXX21, ZXXX92) კონსერვატიული მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიოთერაპია, ბრონქოდილატაციური ინჰალაციური თერაპია, სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპია, გასტროპროტექცია, ანტიკოაგულაცია, დიურეზის ფორსირება მარყუჟოვანი დიურეტიკით, B-კომპლექსური და ანტიოქსიდანტური ვიტამინოთერაპია, ვაზოინოტროპული მხარდაჭერა, სიმპტომური მკურნალობა. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: 2022 წლის 12 მარტს 14:30 საათზე კონსტანტირებულია ბიოლოგიური სიკვდილი (ს.ფ. 48-49); ბ) სს ,,...-ში’’ 2022 წლის 08 მარტს ნ.ხ-ისთვის ჩატარებული სეროლოგიური კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის/CoV-2 Ag Rapid Testt-ის შედეგი არის უარყოფითი (ს.ფ. 50-51); გ) სს ,,...-ში’’ 2022 წლის 11 მარტს ნ.ხ-ისთვის ჩატარებული სეროლოგიური კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის/CoV2 Ag Rapid Testt-ის შედეგი არის დადებითი (ს.ფ. 52-53); დ) პაციენტი - ნ.ხ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. 2022 წლის მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „...-ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ..., 08.03.2022 16:27:00-დან 09.03.2022 23:50:00 ჩათვლით. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში: პროგრამული კოდი: INT1-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა-/...სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 09.03.2022 23:50:00-დან 10.03.2022 11:30:00-ჩათვლით: ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: 200016/V-/-COVID-Positive დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, 10.03.2022 11:30:00-დან 12.03.2022 14:30:00- ჩათვლით: 200017/V-/-COVID-REAN1 - II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: U07.1-/-ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეესაბამება covid-19-ის გაიდლაინ/პროტოკოლს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ელექტრონულ პორტალზე გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით მიჩნეულ იქნა, რომ პროგრამული შემთხვევა N4209703738 სრულად უნდა გადმოცემულიყო ახალი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული COVID-19 დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში. დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილებით, პროგრამულ შემთხვევას N4209703738 (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში) განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ვინაიდან წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (ს.ფ. 17-20, 104);
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 09 სექტემბერს, სს „...-ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 21-27); სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 3 22 00432832 გადაწყვეტილებით სს „...-ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 58-63).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოთვლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით და დანართი №1.3-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი გ.გ-ი არის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, ხოლო პაციენტი ნ.ხ-ი - დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო; დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაყვანის მიზეზი; ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება.
დადგენილია, რომ პაციენტების - გ.გ-ისა და ნ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, კერძოდ, სამედიცინო შემთხვევები გადაცემულია არასწორი კომპონენტის ფარგლებში.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებასა და სადავო აქტებში მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ სადავო შემთხვევები თავდაპირველად გადაიცა სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში INT1-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა-/...სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დიაგნოზი შემდგომ დაზუსტდა და აისახა - U07.1-/-ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ პაციენტებს - გ.გ-ს და ნ.ხ-ს, ჰოსპიტალიზაციის პირველ ეტაპზე არ დაუდგინდათ კორონავირუსული ინფექცია. დიაგნოზი დადასტურდა ხელმეორე ტესტირების შედეგად, შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ორივე პაციენტს პირველადი კვლევით არ დაუდასტურდა CoVid-19-ის ვირუსი, ზემოაღნიშნული პაციენტები კლინიკურად ვერ ჩაითვლებოდნენ კოვიდინფიცირებულად. ამრიგად, დიაგნოზის დაზუსტების მიზეზით, არ შეიძლება კლინიკას უარი ეთქვას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე. სადავო ადმინისტრაციული აქტი კი, არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი მომსახურების მიმწოდებელს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, რის გამოც პაციენტების - გ.გ-ისა და ნ.ხ-ის ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილება და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გ.გ-ისა და ნ.ხ-ის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს NHA 3 22 00194468 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, სახეზეა მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 19 ოქტომბრის NHA 3 22 00432832 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2024წ. №37589 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა