დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.05.2026
საქმის ნომერი
ბს-148(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-148(კ-26) 25 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები)– ზ. ნ-ე, ა. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი (ასკ-ის 16.2)- შპს “...ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 17 მაისს ზ. და ა. ნ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის - ზ. ნ-ის განმარტებით, 2017 წლის 28 მარტს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მამამისმა ჩაიბარა გამარტივებული საქმისწარმოების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გზავნილი, რომლითაც მხარეს 10 დღიანი ვადა მიეცა რეაგირება მოეხდინა და გამოეთქვა პრეტენზია. ზემოაღნიშნული პერიოდი დაემთხვა ა. ნ-ის ცუდად ყოფნას, რამაც შეუძლებელი გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში პოზიციის დროულად დაფიქსირება. მოსარჩელის მამას (ა. ნ-ეს) გადატანილი ინსულტის გამო უჭირს გადაადგილება და საჭიროებს შვილის მუდმივ მეთვალყურეობას. კანონით დადგენილი ვადა მოსარჩელემ მიიჩნია 10 სამუშაო და არა კალენდარულ დღედ და აღსრულების ეროვვნულ ბიუროში გამოცხადდა 2017 წლის 5 აპრილს. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და აღდგენა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 აპრილის SP230160131/1102901 ბრძანებით ზ. და ა. ნ-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 13875.81 ლარი.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 აპრილის SP230160131/1102901 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სარჩელში მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე იშუამდგომლეს სადავო ბრძანების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა შპს “...ი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების ა. ნ-ის და ზ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 აპრილის SP230160131/1102901 ბრძანების მოქმედება და მისი აღსრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის და ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ზ. ნ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით ზ. ნ-ის და ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 25 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარედგინა შპს "...ის“ NSP230160131/1102901 განცხადება/აპლიკაცია დავალიანების გადახდევინების შესახებ, რესპოდენტების - ზ. ნ-ისა და ა. ნ-ის მიმართ. მოთხოვნილი თანხა - 13875,81 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 თებერვლის N SP230160131/1102901 შეტყობინებებით, ზ. და ა. ნ-ეებს ეცნობათ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე შეტყობინებებით, რესპოდენტებს განემარტათ, რომ 2023 წლის 25 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რესპოდენტებს ეცნობათ, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლოთ განეხორციელებინათ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტათ, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

ზემოაღნიშნული შეტყობინებები ა. ნ-ეს (ზ. ნ-ის მამა) ჩაბარდა პირადად 2023 წლის 24 მარტს. ზ. ნ-ეს და ა. ნ-ეს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავთ.

2023 წლის 7 აპრილს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება N SP230160131/1102901 დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც რესპონდენტებს - ზ. ნ-ეს და ა. ნ-ეს დაეკისრათ აპლიკანტის შპს "...ის“ სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 13875,81 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლზე, 914 მუხლის პირველი პუნქტზე, 917 მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე მასზედ, რომ მამის მდგომარეობის გამო დროულად ვერ მოახდინა რეაგირება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2024 წლის 19 ნოემბერს სს "...ი“ - ...ის მიერ გაცემულ N2981 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე და აღნიშნა, რომ იგი შეიცავდა მითითებას ა. ნ-ის მიერ წარსულში ჰემორაგოული ინსულტის გადატანის თაობაზე. პალატის შეფასებით, არ დასტურდებოდა შეტყობინების ჩაბარების დროისათვის (2023 წლის 24 მარტი) ა. ნ-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის არსებობისა და ზ. ნ-ისათვის აღნიშნული შეტყობინების დროულად გადაცემის შეუძლებლობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არც აღსრულების ეროვნულ ბიუროში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საპატიო გარემოება, რის გამოც მათ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში ვერ შეძლეს წერილობითი პოზიციის წარდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სადავო აქტის კანონშესაბამისობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ა. ნ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე იძულებითი აღსრულების შეჩერება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, მამის-ა. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 19.11.2024წ. ცნობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული წერილობითი დოკუმენტი ადასტურებდა ზოგადად ა. ნ-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და არა იმ გარემოებას, რომ ა. ნ-ე 2023 წლის 24 მარტს, გამარტივებული საქმისწარმოების შესახებ გაგზავნილი უწყების ჩაბარების დროს ცუდად იყო. კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტი გამოცემულია მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების (10 დღიანი ვადის გასვლა) საფუძველზე, ისე, რომ შეფასება არ მიეცა მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ნ-ის და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებაში აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 აპრილის NSP230160131/1102901 დავალიანების გადახდევინების შესახებ სადავო ბრძანების მოქმედება და აღსრულება შეჩერებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 7 აპრილის SP230160131/1102901 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 25 იანვარს შპს ,,...მა“ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა NSP230160131/1102901 განცხადება/აპლიკაცია დავალიანების გადახდევინების შესახებ, რესპოდენტების - ზ. ნ-ისა და ა. ნ-ის მიმართ. მოთხოვნილი თანხა - 13875,81 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 თებერვლის N SP230160131/1102901 შეტყობინებებით, ზ. და ა. ნ-ეებს ეცნობათ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე შეტყობინებებით, რესპოდენტებს განემარტათ, რომ 2023 წლის 25 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რესპოდენტებს ეცნობათ, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლოთ განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტათ, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

ზემოაღნიშნული შეტყობინებები ა. ნ-ეს (ზ. ნ-ის მამა) ჩაბარდა პირადად 2023 წლის 24 მარტს. დადგენილია, რომ ზ. და ა. ნ-ეებს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავთ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.04.2023წ. N SP230160131/1102901 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით რესპონდენტებს - ზ. ნ-ეს და ა. ნ-ეს აპლიკანტის შპს "...ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანების გადახდა 13875,81 ლარი. აღნიშნული ბრძანება გაეგზავნათ რესპოდენტებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განაცხადოს წერილობითი პროტესტი თუ არ ეთანხმება მის მიმართ არსებულ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რესპოდენტის გამოიცემა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შეტყობინების მიღებაზეა დამოკიდებული რესპონდენტის მხრიდან ვალდებულების შესრულებაც და, შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისთვის დავალიანების გადახდევინების დაკისრებაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კასატორები სადავოდ არ ხდიან გამარტივებული საქმისწარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებების ჩაბარების მართლზომიერებას. კასატორების პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ მათ კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გაშვება უნდა ჩაეთვალოთ საპატიოდ, რადგან მოსარჩელის მამის - ა. ნ-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლეს საააღსრულებო წარმოების ფარგლებში მათ მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე პრეტენზიის გაცხადება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად, დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. დაინტერესებულმა მხარემ გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ „გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება საჩივრის განსახილველად უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვადის აღდგენის საკითხის განხილვისას შესაბამისმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება. უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია“ (სუსგ 30.09.2021წ. საქმეზე Nბს-308(კ-21)).

სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტანციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამასთან, მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე, 5.04.2023წ. ზ. ნ-ემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართული განცხადებაში აღნიშნა, რომ მან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მამის ავადმყოფობის გამო, აპლიკანტის მოთხოვნაზე ვერ წარადგინა პროტესტი. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებაზე თანდართული არ იყო არანაირი რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კანონით დადგენილ ვადაში რესპოდენტის მხრიდან შედავების ობიექტური შეუძლებლობა.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ საქმის სასამართლოში განხილვის დროს წარადგინა სს “...ის” - ...ის 18.11.2024წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, პაციენტის - ა. ნ-ის გადატანილ დაავადებებში მითითებულია: ჰემორაგიული ინსულტი (2021წ.), შაქრიანი დიაბეტი (2019წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ცნობა არ ასახავს კონკრეტულად სადავო აქტის გამოცემის პერიოდს და ასევე არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სადავო პერიოდისთვის ა. ნ-ის ჯანრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაბუთებულია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გაშვებული ვადის აღდგენის მოთხოვნის უფლება თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო, მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას მასზედ, რომ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენს უშუალოდ სააღსრულებო წარმოებისას, კერძოდ, ჩაბარების მომენტისთვის, გზავნილის მიმღები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ უშუალოდ სააღსრულებო საქმისწარმოების მასალების ჩაბარების დროისთვის, 2023 წლის 24 მარტს, ა. ნ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ხელეწიფებოდა შვილისთვის შეტყობინების გადაცემა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ წარმოუდგენია იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გამარტივებული საქმისწარმოების ფარგლებში კანონით დადგენილ ვადაში პრეტენზიის განუცხადებლობის ობიექტური შეუძლებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებები (ორივე რესპოდენტისთვის განკუთვნილი) ჩაბარდა ა. ნ-ეს, კასატორები უფლებამოსილნი იყვნენ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან შეტყობინების მიღების შემდგომ, 10 დღის ვადაში წარედგინათ პროტესტი, მოთხოვნის უარყოფის შესახებ, თუმცა კასატორებს არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არც გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისთვის რელევანტური მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე 23.01.2026წ. №31557351859 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. ნ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ნ-ისა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება;

3. ზ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.01.2026წ. №31557351859 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა