დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.07.2026
საქმის ნომერი
ბს-234(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-234(კ-26) 13 ივლისი, 2026 წელი ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ-რ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ-რმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი უკრაინის მოქალაქე ი.მ-რისთვის (M.Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი ... ... ...) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №MIA 8 22 03106216 ბრძანება; გ) დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკრაინის მოქალაქის ი.მ-რის (M.Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი ... ... ...) საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ი.მ-რის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი უკრაინის მოქალაქე ი.მ-რისთვის (M.Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი ... ... ...) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №MIA 8 22 03106216 ბრძანება. დაევალა მოპასუხე - საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკრაინის მოქალაქის ი.მ-რის (M. Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი ... ... ...) საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს მესაზღვრე- კონტროლიორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა პროცედურის გავლით. აღნიშნულზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან, ასევე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიუირება და სხვა ღონისძიებები. მოქმედი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პარტულ-ინსპექტორს უფლება აქვს, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე. კანონი არ განსაზღვრავს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის ამომწურავ ჩამონათვალს და უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ არსებობდეს კიდევ სხვა მიზეზი, რომლის გამოც კონკრეტული პირის შემოშვება საქართველოში მიზანშეწონილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო ქმედებების განხორციელება.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (სარფი) გამტარ პუნქტზე 2022 წლის 16 ოქტომბერს ი.მ-რს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ (არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები) ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეთა შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დაცვით. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას უფლებამოსილი თანამშრომელი, კერძოდ, მესაზღვრე-კონტროლიორი, იღებს ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული პირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, არსებული ფაქტორ(ებ)ისა და გარემოებ(ებ)ის ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. აღნიშნულში იგულისხმება სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან, ასევე სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიუირება და სხვა ღონისძიებები. განსახილველ შემთხვევაში, ი.მ-რმა ინსპექტირების გავლისას წარადგინა უკრაინული პასპორტი. მესაზღვრე-კონტროლიორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმებულ იქნა მისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გაცემული იყო რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ, ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ი.მ-რს არ ჰქონდა აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი. ამდენად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მხრიდან სრულყოფილად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოება ბრძანების გამოცემამდე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 16 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქე ი.მ-რი თურქეთიდან სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით ცდილობდა საქართველოში შემოსვლას უკრაინის მიერ გაცემული პასპორტის საფუძველზე (პასპორტის ნომერი:...). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე ი.მ-რს (M.Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი... ... ...) უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები (ს.ფ 16-17, 18); ბ) 2022 წლის 24 ოქტომბერს, ი.მ-რმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №MIA 8 22 03106216 ბრძანებით, ი.მ-რის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 91-92, 30-31); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ი.მ-რს არაერთხელ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი შემოსვლისა და გასვლის მიზნით, მათ შორის, ... უკრაინის პასპორტის საფუძველზეც (ს.ფ 111-112); დ) ი.მ-რის საკუთრებაში ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე სამი უძრავი ქონება (ს.ფ 24-29).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

ზემოხსენებული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება და უკან აბრუნებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, რომელიც ამავდროულად ზედამხედველობს სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე ი.მ-რს (M.Y, პასპორტის ნომერი..., დაბადების თარიღი... ... ...) უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნულის ფაქტობრივ საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი.მ-რმა ინსპექტირების გავლისას წარადგინა უკრაინული პასპორტი. მესაზღვრე-კონტროლიორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმებულ იქნა მისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გაცემული იყო რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილ პირს აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხემ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხე მხარის დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები არ არის სათადოდ დასაბუთებული და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. შესაბამისად, მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უსაფუძვლოა.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა