დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.04.2026
საქმის ნომერი
ბს-32(2კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-32(2კ-26) 23 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)-ი. ბ-ი

მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - დ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 19 აპრილს ი. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.04.2020წ. N... ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, N14-ის მიმდებარედ (ს/კ ...) დ. ნ-ეის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე. მსოფლიოში გავრცელებული კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა პროექტის შეთანხმება, ნებართვების აღება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 2023 წლის 29 ნოემბრის და იმავე წლის 28 დეკემბრის განცხადებებით ი. ბ-იმა მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის N6818138 და 2024 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილებებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია უკვე ჩამოყალიბებულია და უშუალოდ მის მიმდებარედ არსებობს ექსპლუატაციაში მიღებული ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (N... და N... საკადასტრო კოდებზე). ზემოხსენებული გარემოება ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის N... გადაწყვეტილებისა და ამავე სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 მარტის N372 ბრძანების ბათილად ცნობა და არქიტექტურის სამსახურისთვის ი. ბ-ის ... და ... განცხადებებით წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაება დ. ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 მარტის N372 ბრძანება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. ბ-ის ... და ... განცხადებებით, წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების და ქ. თბილისში, ...ს დასახლება, №14, მიმდებარედ (...) (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთზე მოხდება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.04.2020წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ნ-ეის განცხადება და დამტკიცდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, N14, მიმდებარედ (...) საკადასტრო კოდი: ..., მე-3 კლასის საცხოვრებელი ობიექტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებაზე, სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2023წ. №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებელ ი. ბ-ის (პ/ნ...) 2023 წლის 29 ნოემბრის AR 11003272 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ს დასახლება, №..., მიმდებარედ (...) (საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. სამსახურმა, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება, რამეთუ საპროექტო საკადასტრო ერთეულები მდებარეობდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში. ხოლო, ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას (იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებით წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები). ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც ქ. “თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39(24.05.2016) დადგენილების შესაბამისად, დაუშვებელი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ-ის მოთხოვნა იმავე უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. მითითებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმაზე დაყრდნობით, რომ საპროექტო ტერიტორია მოქცეული იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში. ხოლო, ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას.

ი. ბ-იმა ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და ამავე სამსახურის 2024 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 მარტის №372 ბრძანებით ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის 93-ე, 101-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 22-ე მუხლზე, “ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილების მე-15 და მე-16 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საპროექტოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებით დადგენილია მიწის ნაკვეთის გამოყენება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და კორპუსის მშენებლობისათვის. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არქიტექტურის სამსახურმა ერთადაიმავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2020 წელს და 2024 წელს განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო ისე, რომ მოთხოვნილი საპროექტო-სამშენებლო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი რეგულაციები არ შეცვლილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას თუ რატომ იქნა უარყოფილი მოსარჩელის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული რუკებითა და ფოტოსურათებით ირკვეოდა, რომ მოთხოვნილი საპროექტო მონაკვეთის გვერდით არსებობდა დასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული მრავალსართულიანი ორი კორპუსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია მასზედ, რომ საპროექტო საკადასტრო ერთეული მდებარეობდა ინდივიდუალური სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში და ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა, ი. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებით საჯარო ინტერესის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც მაღალი ხარისხით დაცვის ღირსი იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებით დაუსაბუთებლად შეიზღუდა მოსარჩელის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების კუთხით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს სასამართლოთა არგუმენტაციას მასზედ, რომ ვინაიდან არქიტექტურის სამსახურმა 2020 წელს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოს გამოყენების პირობები დაადგინა, 2024 წელსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა იმავე მოთხოვნით წარდგენილი განცხადება. კასატორი აღნიშნავს, რომ 3-4 წლის განმავლობაში შესაძლებელია საპროექტო არეალის სამშენებლოდ განვითარებასთან მიმართებით შეცვლილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა, ხედვები და პრინციპები, რაც საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საპროექტო მონაკვეთის გვერდით მდებარეობს მრავალსართულიანი შენობები, თუმცა მნიშნვნელოვანია, რომ არქიტექტურის სამსახურს არ გაუცია ზემოაღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსების ნებართვა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელესთან მიმართებაში უთანასწორო მოპყრობა სახეზე არაა.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 9 და 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლები იყო თუ არა შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურის მიერ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად შეთანხმდა სასტუმრო, თუმცა მოგვიანებით სამსახურმა ბათილად ცნო მის მიერ გამოცემული აქტი, ხოლო მუნიციპალურმა ინსპექციამ 28.12.2023წ. Nბ17.01233621 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიიღო ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, N14 მიმდებარედ (ნაკვეთი ...) (ს/კ ...) სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობადამთავრებული ობიექტი. კასატორი აღნიშნავს, რომ ინტერაქტიული რუკით ცალსახად დადგენილია მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული საპროექტო მიწის ნაკვეთის ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში მოქცევა, შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლოს მიდგომა, რომ არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა მრავალბინიანი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპლიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 დეკემბრის N... და 2024 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილებებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 მარტის N372 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება, ი. ბ-ის ... და ... განცხადებებით წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დ. ნ-ეის საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, №14, მიმდებარედ (...). საკადასტრო კოდი .... საქმეში დაცული რუკების საფუძველზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენ-გეგმით განსაზღვრულია ფუნქციური ზონა - 3.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.04.2020წ. N... გადაწყვეტილებით დ. ნ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ს დასახლება N14, მიმდებარედ (...), საკადასტრო კოდი: ..., მიწის ნაკვეთის ნაკვეთი: ..., ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფუნქციური ზონა-საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3), დამტკიცდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, კერძოდ III კლასის საცხოვრებელი სახლის განთავსებაზე.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2023წ. №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებელ ი. ბ-ის 2023 წლის 29 ნოემბრის AR 11003272 განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. თბილისში, ...ს დასახლება, №14, მიმდებარედ (...) (საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული საპროექტო საკადასტრო ერთეულები მდებარეობდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში, სადაც სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას (იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებით წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები). შესაბამისად, სამსახურს მიზანშეუწონილად მიაჩნდა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა, რომ აღნიშნული საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14-39 (24.05.2016წ) დადგენილების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არ არის დასაშვები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთგანთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.01.2024წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, დასახლება ...N14, მიმდებარედ (ნაკვეთი ...), (ს/კ ...) მე-3 კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაეყრდნო იმ მოსაზრებას, რომ ჩამოყალიბებულ გარემოში სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გამოჩენა გამოიწვევდა გარემოს რადიკალურ ცვლილებას.

ი. ბ-იმა ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2023წ. N... და 22.01.2024წ. N... გადაწყვეტილებები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 მარტის №372 ბრძანებით, ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებად მიეთითა ორ გარემოებაზე: 1. საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში, ხოლო სივრცით მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევდა არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას; 2. საპროექტო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილების შესაბამისად აკრძალულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოს გამოყენების პირობების დამტკიცება ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული აქტები შეეხება მშენებლობის ნებართვის მოპოვების პირველ სტადიას, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწმდება საპროექტო ობიექტის თავსებადობა ქალაქმშენმებლობით დაგეგმარებასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის საკრებულოს 16.02.2018წ. N13-35 ბრძანებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის პირველ პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: არქიტექტურული პროცესების მართვა-დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილების შეტანა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. მითითებული "წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ შემდეგი ზოგად ფუნქციურ ზონებს, კერძოდ საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) — დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.

ზემოაღნიშნული წესების N1 დანართის მოიცავს ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია: ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები.

ამავე დადგენილების მე-16 მუხლი ადგენს კონკრეტული ფუნქციური ზონების რეგლამენტებს, რომლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სზ-3 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 კოეფიციენტი; კ-2 1,5 კოეფიციენტი; კ-3 0,3 კოეფიციენტი; საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები - მინიმალური ფართობი 300 / 400 * კვ.მ, მინიმალური სიგანე 9 / 12 * მეტრი. მინიმალური სიღრმე 20 / 25 * მეტრი, შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 * მეტრი.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ცალსახაა, რომ სზ-3-ის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობებს მიეკუთვნება განაშენიანების არამხოლოდ ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიც, როგორც არადომინირებული სახეობა.

ნიშანდობლივია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით. გეგმის ტექსტური ნაწილის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 22-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მიწათსარგებლობით გენერალურ გეგმაზე დატანილია შეზღუდვითი ზონები, ფენები და კონტურები, რომელთა მიზანია ასახოს ქალაქის ტერიტორიაზე საკანონმდებლო მოთხოვნებითა და საუკეთესო საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკით დადგენილი სამშენებლო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი ან დასაგეგმი განვითარებებით ქალაქის გარემოსდაცვითი, ლანდშაფტური, კულტურული და ტექნიკური ღირებულებების ხელყოფა ან ისეთი პარალელური განვითარების გაჩენა, რომლებიც წინააღმდეგობრივია ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი იმპერატიულად ადგენს, რომ შეზღუდვითი ზონების გათვალისწინება სავალდებულოა ყველა იმ განვითარებისათვის, რომელიც იგეგმება მოცემული ტერიტორიების ფარგლებში.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ არქიტექტურის სამსახური თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპია საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.

არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ქალაქმშენებლობით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი - კანონშესაბამისობის, არამედ მიზანშეწონილობის ასპექტებიც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-473(2კ-19) განჩინება), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების შეფასებას, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელმა გასაჩივრებულ აქტში არსებული მითითება, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთთა კატეგორიას მოცემული საქმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს თავადვე გამორიცხა შესაბამისად, აღნიშნულზე საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს.

ადმინისტრაციული ორგანოების მთავარ არგუმენტს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პირობების დადგენისა, წარმოადგენს ის გარემოება, რომ საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ინდივიდუალური სახლებით მოშენებულ სისტემურად ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში, რომელში მოცულობითად განსხვავებული ობიექტის გაჩენა გამოიწვევს არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ რუკებსა და ორთოფოტოებზე, რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ არსებულ ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე აშენებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რომელთაგან ერთი 11, ხოლო მეორე 8 სართულიანია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული მრავალბინიანი შენობის პარამეტრები მის მომიჯნავედ მდებარე კორპუსებთან შედარებით გაცილებით მცირეა. საპროექტო ობიექტის მიმდებარედ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას მასზედ, რომ მრავალბინიანი სახლის განთავსებით შეიცვლება ტერიტორიაზე არსებული სივრცით-მოცულობითი გეგმა, რამეთუ საქმეში დაცული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ უკვე არსებობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს კასატორთა მითითება, მასზედ, რომ არქიტექტურის სამსახურმა თავადვე გააუქმა მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებზე გაცემული მშენებლობის ნებართვა და კორპუსები ექსპლუატაციაში მიღებულია ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სანებართვო ნებართვის დარღვევის ამნისტირების შედეგად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა მითითება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ საპროექტო მონაკვეთის მომიჯნავე უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ვერ იქნება მოსარჩელესთან მიმართებაში მისაღებ გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოიცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სწორედ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დ. ნ-ეის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით 2020 წელს შეთანხმდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მოსარჩელის განმარტებით, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მესამე პირმა ვერ უზრუნველყო მშენებლობის წარმოება, რის გამოც არქიტექტურის სამსახურს კვლავ მიემართა სამშენებლო პირობების დასადგენად. 2023 და 2024 წლებში არქიტექტურის სამსახურმა მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილებები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს სათანადო მითითებასა და დასაბუთებას თუ რამ განაპირობა ერთი და იმავე ნაკვეთის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ადმინისტრაციული ორგანოები ვერ მიუთითებენ სამშენებლო საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებაზე, რომლითაც ახსნილი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსის (ფუნქციური ზონის) ცვლილების ფაქტი ან სამშენებლო საპროექტო ობიექტის იმგვარ ზონაში მოქცევა, რომელიც ცალსახად გამორიცხავს მასზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრებში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნორმატიულ დონეზე კონკრეტული საკითხის მოუწესრიგებლობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილება დააყრდნოს მარტოოდენ ახსნა-განმარტებას.

საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმების დადასტურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლები არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არღვევს თანასწორობის პრინციპს და არ არის არგუმენტირებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის სათანადოდ გამოყენებული, რამეთუ დაუსაბუთებლად იზღუდება მოსარჩელის უფლება საპროექტო მიწის ნაკვეთის განვითარების კუთხით ისე, რომ გამოკვეთილი არ არის საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია კომბინირებული სარჩელი გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე (შეცილებითი) და 23-ე (მავალდებულებელი) მუხლებით.

განსახილველ შემთხვევაში, სამშენებლო სამართლებრივ ურთიერთობაში სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე უფლების დაცვა გულისხმობს, როგორც სასამართლოსადმი მიმართვის გზით შექმნილი შემზღუდველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სამშენებლო პირობების დადგენაზე უარის თქმის გაუქმებას, ასევე სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, კერძოდ - მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. მოსარჩელის, როგორც მშენებლობის უფლების მომპოვებელი პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების შინაარსი ისაა, რომ მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამშენებლო სამართლის ნორმებს.

სასკ-ის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის დასაბუთებულობა მოწმდება სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დასაბუთებულობის ცენტრალური ელემენტია უკანონობა. სამშენებლო-სამართლებრივი შინაარსის მატარებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა მოწმდება ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომლის აღსრულებასაც ის ახდენს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს კანონიერი თუ ის მიმართულია ფაქტობრივად და სამართლებრივად შესაძლებელი შედეგისკენ. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველი მოცემულია სზაკ-ის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, მაშასადამე აქტის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემისას არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.

მშენებლობის მატერიალური კანონიერების შემოწმების საფუძველს ჰქმნის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები.

სასკ-ის 23-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის მიზანია სასართლოსთვის მიმართვის გზით ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნული სარჩელის სახე ემსახურება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის შეცვლას. სასკ-ის 33.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო აქტები ეწინააღმდეგებოდა მათი გამოცემისას არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2023წ. N... და 22.01.2024წ. N... გადაწყვეტილებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20.03.2024წ. N372 ბრძანება. ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მართებულად დაევალა ი. ბ-ის ... და ... განცხადებების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ს დასახლება N14, მიმდებარედ (...) (საკადასტრო კოდი: ...) მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა დადგინდეს ქალაქგეგმარების, ტექნიკური რეგლამენტების და მომიჯნავე საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასკ-ის 33.1 მუხლის საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის აქტის გამოცემის დავალება გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას (აქტის გამოცემისას) მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) საკასაციო საჩივარზე 05.12.2025წ. N01869 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;

3.კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს 5.12.2025წ. №01869 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა