დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-409(კ-24) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - შპს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილება დაზუსტებულ საზღვარში ს/კ... რეგისტრაციის შესახებ; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილება დაყოფის შედეგად ს/კ... რეგისტრაციის შესახებ, შპს „...-ს“ (ს/ნ...) სახელზე 6,3 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების ნაწილში; ვ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 07 მარტის განაცხადით მოთხოვნილი სარეგისტრაციო წარმოების დასრულება.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება შპს „...“.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ტ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი.ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ტ-ემ.
კასატორის განმარტებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების ან ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში. თუკი წინამორბედმა მესაკუთრემ - ბ.ს-ემ არასწორად და შეცდომით მოახდინა საზღვრების დაზუსტება, ამჟამინდელ მესაკუთრეს - ი.ტ-ეს არ შეიძლება წაერთვას უფლება მოითხოვოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა. საყურადღებოა, რომ 2000 წლის 29 ივნისს გაცემული სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ბ.ს-ის სახელზე აღირიცხა 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №.... აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ... და არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, გეგმაზე №1-ით ასახულია 6,3 კვ.მ გაუშენებელი ფართი, №2-ით - 9 კვ.მ ნაგებობა, №...-ით 22 კვ.მ ნაგებობა და №...-ით - 6,4 ნაგებობა. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009050921 დასკვნა ადასტურებს სადაო ფართის მოსარჩელისადმი კუთვნილებას. ექსპერტმა ცალსახად განმარტა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები (ს/კ...) არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სავაჭრო პავილიონის გეგმა და ადგილზე დათვალიერების დროს ყურადღება არ მიაქციეს რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ტ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ბ.ს-ემ 2000 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა ჭიათურის მთავარ რეგისტრატორს და მოითხოვა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 44 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ...ის საკუთრების უფლებით რეგისტაცია. აღნიშნული უძრავი ნივთი განთავსებულია ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში და წარმოადგენს ... დაკავებულ 44 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 2000 წლის 29 ივნისს გაცემული სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ ბ.ს-ის სახელზე აღირიცხა 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... (ტ.1, ს.ფ. 79, 78, 83, 84); ბ) 2011 წლის 11 ივლისს ბ.ს-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავი ნივთის დაზუსტებულ საზღვრებში რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 44 კვ. მეტრი, №... შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 37,4 კვ.მ, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი №...), საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ.ს-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 198-204); გ) 2013 წლის 16 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი მდებარე ჭიათურა, ...ის ქ. №..., დაზუსტებული ფართობი 44 კვ. მეტრი, №... შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 37,4 კვ.მ, საკადასტრო კოდით №..., აღირიცხა ი.ტ-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 205-208); დ) 2022 წლის 07 მარტს ი.ტ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება (საკადასტრო კოდი...) (ტ.1, ს.ფ. 64); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებით საჯაროდ გამოქვეყნდა ქალაქი ჭიათურაში, ... ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 47 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების №... (13.04.2022) ოქმი. ამასთან, განიმარტა, რომ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარმოადგინოს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე 2 მომიჯნავე ან/და 3 არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების კანონის შესაბამისად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დადასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და ადგილზე დათვალიერების ოქმში №... ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 7 მარტს განმცხადებელმა ი.ტ-ემ წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ..., №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. 2022 წლის 13 აპრილს საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ..., №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი №.... ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ. ადგილზე დათვალიერებას დაესწრო მხოლოდ დაინტერესებული პირი. ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან ს/კ..., მესაკუთრე - შპს ,,...’’ (ს/ნ...). ადგილზე დათვალიერების დროს დადგინდა, რომ აზომილი 47 კვ.მ-დან აზომილი მიწის ნაკვეთიდან ნაწილზე - 44 კვ.მ ფართობზე უფლება რეგისტრირდება უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო 3 კვ.მ-ზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი და ექვემდებარება თვითნებურად დაკავებულის წესით აღიარებას. აღიარებისთვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მფლობელის (მოსარგებლის) მიერ წერილობით დადასტურება, რომ დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს ფლობდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს (ტ.1, ს.ფ. 104, 73); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ი.ტ-ის განცხადებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 105); ზ) ი.ტ-ემ 2022 წლის 10 მაისს №145972/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილების გაუქმება; თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება №... გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით (ტ.1. ს.ფ. 95-97); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით ი.ტ-ეს განემარტა, რომ წარმოსადგენია თანხმობა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კორექტირების თაობაზე (ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით) ან/და ზედდების ნაწილში ან წარსადგენია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (საკადასტრო კოდი..., მესაკუთრე შპს ,,...’’). დადგენილი ზედდება წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისათვის/ცვლილებისათვის (საკადასტრო კოდი...) (ტ.1. ს.ფ. 107); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილებით ი.ტ-ეს განემარტა, რომ წარმოსადგენია თანხმობა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კორექტირების თაობაზე (ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით) ან/და ზედდების ნაწილში ან წარმოსადგენია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვარში (საკადასტრო კოდი:..., მესაკუთრე: შპს ,,...’’). დადგენილი ზედდება წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისათვის/ცვლილებისათვის (საკადასტრო კოდი...) (ტ.1, ს.ფ. 108); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 28 ივლისის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ი.ტ-ის განცხადებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 109); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი.ტ-ის 2022 წლის 28 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2022 წლის 28 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (ტ.1, ს.ფ. 110-111, 112, 114-116); ნ) 2010 წლის 30 მარტს შპს „...-ს“ (ს/ნ...) წარმომადგენელმა - თ.გ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთის მდებარე ჭიათურა ...ის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებულ საზღვარში რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ...ის წერილი რეგისტრაციის თანხმობაზე (№... 30.03.2010) და შპს „...-ს“ მომართვა დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ განცხადება დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთს დაზუსტებული რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა ს/კ..., გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 188-197, 203); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 25 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შპს „...-ს“ წარმომადგენელმა - მ.გ-ემ და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ...) მდებარე ქ. ჭიათურა, ...ის ქუჩა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შპს „...-ს“ პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 163-181); პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ განცხადება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო სამ საკადასტრო ერთეულად (ნაკვეთად): 1) ს/კ №... (5 936 კვ.მ); 2) ს/კ №... (41 კვ.მ); 3) ს/კ №... (165 კვ.მ) (ს.ფ. 182, 183-187, 140); ჟ) სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ს/კ... მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფაქტიური მდებარეობა, ამავე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებთან მიმართებაში მოცემულია დანართში №2. წარმოდგენილ გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (44,0 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ექსპერტიზის მიერ გაორიენტირებული მდებარეობა ს/კ... უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებთან მიმართებაში მოცემულია დანართში №3. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაპირი (შესასვლელის წინ მდებარე ტერიტორია) შენობის დასავლეთი კედლიდან დაშორებულია 1,80 მ-ით. დეტალური ინფორმაცია მოცემულია კვლევით ნაწილში და დანართებში №1-3. სასამართლოს სხდომაზე მოწვეული ექსპერტის განმარტებით, მან მოცემული დასკვნის გაცემისას იხელმძღვანელა პავილიონის გეგმით. ათვლის წერილი აღებულ იქნა დამკვეთის მითითების შესაბამისად (ს.ფ. 68-72, ექსპერტის ჩვენება (05.04.23წ ოქმი, 15:35:46-15:43:00).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება მდებარე ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №..., ფართობი 44 კვ. მეტრი, №... შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 37,4 კვ.მ, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი №...), დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა ბ.ს-ის სახელზე. აღნიშნული უძრავი ნივთი იმავე საკადასტრო მონაცემებით, საზღვრებითა და კონფიგურაციით, როგორც ეს აღრიცხული იყო ბ.ს-ის სახელზე, 2013 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ი.ტ-ის საკუთრებად. ამდენად, ი.ტ-ემ ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო იმ საკადასტრო მონაცემებით, რაც არსებობდა წინა მესაკუთრის შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ, დაეთანხმა, მის მიერვე წარდგენილი ნახაზების შესაბამისად, მოცემული კონფიგურაციით რეგისტრაციას და სადავო არ გაუხდია. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შპს „...-ს“ სახელზე 2010 წელს რეგისტრაციის დროს, ისევე როგორც, აღნიშნული უძრავი ნივთის სამ საკადასტრო ერთეულად (ს/კ №... (5 936 კვ.მ); 2) ს/კ №... (41 კვ.მ); 3) ს/კ №... (165 კვ.მ)) დაყოფა და კომპანიის სახელზე რეგისტრაცია 2016 წელს ისე განხორციელდა, რომ არ დადგენილა ზედდება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით არ გამოვლენილა რაიმე არსებითი ხასიათის ახალი გარემოება. მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს მონაცემებს რაც დაადასტურებდა რომ კომპანიის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით, მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ ბ.ს-ემ ქონების გასხვისებამდე დააზუსტა საკუთარი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, რაც შემდგომში სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის არგუმენტები სადაო რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და შესაბამისად, არ დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 მარტის №... და 2016 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილებების უკანონობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დადგინდა ზედდება, სარეგისტრაციო სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს მართებულად დაევალა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კორექტირების თაობაზე თანხმობის (ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით) ან/და ზედდების ნაწილში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2022 წლის 28 ივლისს ასევე მართებულად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, რის გამოც მართებულია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. ი.ტ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2024წ. №... საგადახდო დავალებით ნ.კ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა