დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-468(2კ-25) 23 ივნისი, 2026 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ.გ-ი, შ.წ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.გ-იმა და შ.წ-იმა 2021 წლის 23 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ.გ-ის და შ.წ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეებმა 2022 წლის 15 თებერვალს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებად განსაზღვრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვეს: ა) ქ. თეთრიწყაროში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე, 2000 წლის 16 მაისს გამართულ აუქციონში გამარჯვებული მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივლისის №6/48096 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) „მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თეთრიწყაროში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე, 2000 წლის 16 მაისს გამართულ აუქციონში გამარჯვებული მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელეები ჯერ კიდევ 2002-2003 წლიდან უშედეგოდ ცდილობდნენ აღნიშნული ფართის საკუთრებაში აღრიცხვას. მათ შესაბამისი მოთხოვნებით მიმართეს საჯარო რეესტრს და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საბოლოოდ გამოირკვა, რომ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამ უკანასკნელმა სადავო აქტში მიუთითა მოსარჩელეთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი ხელშეკრულების წარუდგენლობასთან დაკავშირებით, ხოლო ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უმართებულოდ აღნიშნა, რომ მოკლებული იყო საჩივარში გადასაწყვეტი საკითხის განხილვის შესაძლებლობას, ვინაიდან მისი განხილვა, დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროებდა არა საჩივრის წარდგენას ადმინისტრაციულ ორგანოში, არამედ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გ.გ-ისა და შ.წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივლისის №6/48096 გადაწყვეტილება, ქ.თეთრიწყაროში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე, 2000 წლის 16 მაისს გამართულ აუქციონში გამარჯვებული მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილება, მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თეთრიწყაროში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე, 2000 წლის 16 მაისს გამართულ აუქციონში გამარჯვებული მოსარჩელეების - გ.გ-ისა და შ.წ-ის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო აუქციონის ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საპრივატიზაციო ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რაც განაპირობებდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აუქციონის ოქმზე, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილების მიზნებისათვის აუქციონის ოქმი უთანაბრდებოდა ხელშეკრულებას და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ქმნიდა საკუთრების უფლების დადასტურების სამართლებრივ საფუძველს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი აუქციონის ოქმი არასწორად არ მიიჩნია პრივატიზაციის ხელშეკრულებად და უკანონოდ უთხრა უარი მოსარჩელეებს საკუთრების უფლების დადასტურებაზე იმ პირობებში, როდესაც აუქციონის ოქმი წარმოადგენს პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებასთან გათანაბრებულ დოკუმენტს (იხ. 24.04.2024წ. განჩინება, პუნქტი 9.5).
სააპელაციო პალატამ, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მასზედ, რომ საჩივარში დასმული საკითხის განხილვა არ იყო შესაძლებელი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (იხ. 24.04.2024წ. განჩინება, პუნქტი 9.9). სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა სარჩელის აღძვრა ასკ-ის 22-ე და ასკ-ის 23-ე მუხლებით და გაიზიარა ასკ-ის 32-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივლისის №6/48096 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ასევე დაეთანხმა ასკ-ის 33-ე მუხლით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასამართლოს მსჯელობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრების ფარგლებში კასატორთა მიერ აღინიშნა, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ (კონსოლიდირებული ვერსია: 24.12.1998-20.07.2001) კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტი, რომლის მიხედვით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი“, თუმცა არასწორად განმარტა მისი მოთხოვნები და უმართებულოდ მიუსადაგა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორი მიუთითებს საქმის მასალებზე და აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადში მკაფიოდ მიეთითა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების საჭიროებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე კი, აუქციონში გამარჯვების ოქმი არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების აუცილებლობას ხაზი გაესვა 2000 წლის 16 მაისის №8.2. აუქციონის ოქმითაც. ამასთანავე, ზემოაღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უშუალოდ ხელშეკრულების წარდგენას საკუთრების უფლების დადასტურების მიზნებისათვის. სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს აუქციონში გამარჯვების ოქმის შედგენისა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ითვალისწინებდა მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების დადებას, რომელიც წარმოადგენდა აუქციონში გამარჯვების ოქმისაგან განსხვავებული ფუნქციის მატარებელ დამოუკიდებელ იურიდიულ დოკუმენტს, რის გამოც არ იყო მართებული აუქციონში გამარჯვების ოქმისა და ხელშეკრულების იდენტურობაზე (ერთგვაროვნებაზე) მსჯელობა. ამავდროულად, კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ წინამდებარე დავა წარმოადგენს ასკ-ის 251 მუხლით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო დავას, აღნიშნული დავის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა და არა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენა, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიაჩნია, რომ არსებობდა 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ყველა მოსაზრებას, თუმცა მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმის გადაწყვეტა საჭიროებს დავის საგნის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის გამორკვევას, შესაფასებელია მოსარჩელის მიერ შერჩეული პროცესუალური საშუალებით, შეცილებითი და მავალდებულებელი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ასევე, გამოსარკვევია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერება, იმაზე მითითებით, რომ აუქციონში გამარჯვების ოქმი არ უთანაბრდება ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესიდან“ გამომდინარე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ 2000 წლის 16 მაისს მოწყობილ აუქციონში, სადაც საპრივატიზაციო ობიექტს წარმოადგენდა თეთრიწყაროს სახელმწიფო მეურნეობის მემცენარეობის განყოფილება (ქ. თეთრიწყარო, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №01/1 შენობა-ნაგებობა) გამარჯვებულებად გამოვლინდნენ მოსარჩელეები - შ.წ-ი და გ.გ-ი და გაფორმდა აუქციონში გამარჯვების ოქმი. აღნიშნული აუქციონის ოქმის საფუძველზე, 2000 წლის 16 ივნისს შედგა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელეებმა - შ.წ-იმა და გ.გ-იმა სრულად გადაიხადეს პრივატიზებული ქონების საფასური. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებასა და მოსარჩელეებს შორის პრივატიზების ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მათი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა შ.წ-იმა და გ.გ-იმა, წარუდგინეს აუქციონის ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საპრივატიზაციო ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ითხოვეს საკუთრების უფლების დადასტურება აუქციონში პრივატიზებულ უძრავ ნივთზე, კერძოდ, ქ.თეთრიწყაროში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 790 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივლისის №6/48096 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებასა და მოსარჩელეებს შორის პრივატიზების ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივლისის №6/48096 გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა მათი ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავის განხილვის უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-6 და 61 მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს აგრეთვე მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხელს უწყობს დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ქონების განკარგვად მიიჩნევს ამ ქონების პრივატიზებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-6 და 61 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი“. აღნიშნული „წესის“ 1-ელი მუხლი განსაზღვრავს მისი მიღების მიზანს და აყალიბებს „წესით“ განსაზღვრული დებულებების განმარტების პრინციპს. ნორმის მიზნის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულება განპირობებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის ხელშეწყობის, ბაზრისა და მიწის ფონდის ათვისების, ქონების რაციონალურად გამოყენებისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის პატივსადები, სამართლებრივი დაცვის ღირსი ლეგიტიმური მიზნებით. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები განაპირობებს საქართველოს მთავრობის მიდგომას, საკუთრების უფლების დადასტურებით, ხელი შეუწყოს პრივატიზების პროცესის დასრულებას. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული „წესის“ ცენტრალურ კონცეფციას წარმოადგენს მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების დადასტურების ცნება, რომელიც გულისხმობს უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულებასა და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. აღნიშნული „წესი“ ვრცელდება დაინტერესებულ პირებზე, მათში მოიაზრება ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკუთრების უფლების დადასტურებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს („წესის“ 2.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამასთან, აღნიშნულ „წესში“ უძრავი ნივთები გამოიყენება სპეციალური საკანონმდებლო მნიშვნელობით და უკავშირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის მქონე უძრავ ქონებას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ ქონებას, მაგ.: შენობა-ნაგებობებს („წესის“ 2.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). სახელმწიფო ორგანო, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ამ პროცესების ადმინისტრირებას, არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო („წესის“ 2.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული „წესის“ მიზნებისათვის საკუთრების უფლების დადასტურება საჭიროებს ამავე „წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული წინაპირობების კუმულატიურად დაკმაყოფილებას, ამავე „წესის“ მე-4 მუხლით მოწესრიგებული წესისა და პროცედურის დაცვით. საკუთრების უფლების დადასტურება ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ: ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების საპრივატიზებო საფასური გადახდილია სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 50% (მათ შორის, ვადის გადაცილებით); გ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და დ) სრულად შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) („წესის“ 3.1 მუხ. „ა“-„დ“ ქვ.პ.). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები, მაგრამ სრულად არ არის გადახდილი საპრივატიზებო საფასური, სააგენტო განუსაზღვრავს დაინტერესებულ პირს ვადას დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად. თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს საკუთრების უფლების დადასტურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს, ამ წესის შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები ან/და გაწეული დანახარჯები („წესის“ 3.2 მუხ.). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საკუთრების უფლების დადასტურების ნეგატიური წინაპირობებიც, რომლის დროსაც საკუთრების უფლება არ ექვემდებარება დადასტურებას. მათგან ერთ-ერთის არსებობა ავტომატურად გამორიცხავს „წესის“ მოქმედებას. მათ შორის კი გამოიყოფა, შესაბამისი პრივატიზების განხორციელების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობა/ვადაგადაცილებით გადახდა, ან/და სხვა საფუძვლით, პრივატიზების შედეგების გაუქმება ან/და ხელშეკრულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეწყვეტა (“წესის” 5 მუხ. “ა” ქვ.პ.), უძრავი ნივთის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვა და დაინტერესებული პირის მიმართვის დღისთვის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნის არარსებობა (“წესის” 5 მუხ. “ბ” ქვ.პ.), კანონით განსაზღვრული სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა ან/და ქონებაზე საკუთრების დადასტურების შეუძლებლობა (“წესის” 5 მუხ. “გ” ქვ.პ.).
საკუთრების უფლების დადასტურების წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების დადასტურებას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო („წესის“ 3.1 მუხ.). აღნიშნული მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) უძრავი ნივთის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; ბ) უძრავი ნივთის პრივატიზების პროცესის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, შესაბამის ხელშეკრულებას; გ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ წესის შესაბამისად; დ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტს, თუ ეს საჭიროა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის („წესის“ 4.2 მუხ. „ა“-„დ“ ქვ.პ.). წარდგენილი განცხადებისა და განცხადებაზე დართული დოკუმენტაციის, აგრეთვე შესაბამისი გარემოებების შესწავლის გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების დადასტურების ან საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე („წესის“ 4.3 მუხ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის საგანი, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესიდან“, შეესაბამება ადმინისტრაციულ-სახელშეკრულებო სამართლებრივი დავის საგნის კატეგორიას (ასკ-ის 2.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ., 251 მუხ.; შდრ სუსგ, №ბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.)). თავად „წესი“ შემუშავებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დაუსრულებლობით გამოწვეული სირთულეების აღმოსაფხვრელად, რის წინაშეც აღმოჩნდნენ პოტენციური მესაკუთრეები - პრივატიზებით დაინტერესებული პირები. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წარსულში, პრივატიზება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა, პრივატიზების პროცესში, პრივატიზების მაძიებელთან სახელმწიფოს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, ასევე, პრივატიზების მაძიებელი იხდიდა გარკვეული ოდენობით კანონით დადგენილ საფასურს, დარჩენილი იყო მხოლოდ საპრივატიზებო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, რომელიც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუცემლობის საფუძვლით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების დასრულება ვერ ხერხდებოდა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუცემლობის მიუხედავად, რომელიც თავისი ბუნებით რეალაქტის განხორციელებას გულისხმობს, პრივატიზების კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების პირობებში, ითვლებოდა, რომ პრივატიზების მაძიებელი პირი სახელმწიფოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა. სახელმწიფო ქონების პრივატიზება, თავისი ბუნებით, კომპლექსურ პროცესს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა მოქმედების შესრულებას გულისხმობს, მათ შორის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას, თუმცა პროცესი გვირგვინდება პრივატიზების ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით, რის გამოც სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე დავა სახელშეკრულებო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „წესი“ კი საკუთრების უფლების დადასტურების მეშვეობით აღმოფხვრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუცემლობით გამოწვეულ ხარვეზს, რაც აბრკოლებდა მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთანავე, მართალია, „წესის“ მოთხოვნათა მიხედვით, პრივატიზების პროცესი სრულდება საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, მაგრამ, აღნიშნული აქტი ეფუძნება მისსავე საფუძვლად არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. საკუთრების უფლების დადასტურების თითოეული საფეხური უშუალოდ შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, რომელიც სისტემური თვალსაზრისით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუცემლობის ფაქტამდე მიდის. საკუთრების უფლების დადასტურება საჭიროებს შესაბამისი ხელშეკრულების წარდგენას (3.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ქონების საპრივატიზებო საფასურის გარკვეული პროპორციით გადახდას (3.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის არგაცემის ფაქტზე მითითებას (3.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.), ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სხვა ვალდებულების შესრულებას (3.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ამდენად, „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ნათლად ირეკლავს „წესის“ შემუშავებამდე არსებულ, პრივატიზების მაძიებელთა სამართლებრივ მდგომარეობას. სადღეისოდ კი, საკუთრების უფლების დადასტურების მეშვეობით ხორციელდება პრივატიზების მაძიებელთა სამართლებრივი მდგომარეობის რეტროსპექტიული აღდგენა, მათი იმ სამართლებრივ მდგომარეობასთან გათანაბრება, რომელშიც ისინი ბუნებრივად იქნებოდნენ პრივატიზების უხარვეზოდ წარმართვის შემთხვევაში. ამდენად, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ზემოაღნიშნულ საჯარო-სამართლებრივ ფუნქციას ასრულებს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საკუთრების უფლების დადასტურების გზით, თუმცა, საკუთრების უფლების დადასტურება ეფუძნება დაინტერესებული პირის მიერ „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესრულებას. საკუთრების უფლების დადასტურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პრივატიზების პროცესის დასრულებას, გამომდინარეობს პრივატიზების მაძიებელსა და სახელმწიფოს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უნდა დასრულებულიყო, თუმცა არ დასრულებულა. შესაბამისად, ამჟამინდელი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, საკუთრების უფლების დადასტურებით ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო ამ მიზნით საკუთრების უფლების დადასტურება მოითხოვს დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების ორგანოს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. ამდენად, ფაქტობრივ-სამართლებრივი სინამდვილე, რომელიც თან ახლდა „წესის“ შემუშავებას, განაპირობებს ამ “წესის” საფუძველზე წარმოშობილი დავების სახელშეკრულებო დავებად მიჩნევას.
ზემოხსენებული მსჯელობა ცხადყოფს იურიდიულ მოცემულობას მასზედ, რომ მოსარჩელემ უსწოროდ შეარჩია უფლების დაცვის პროცესუალური საშუალებები (ასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები) და მართებულია კასატორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილებაში მითითებული შეფასებები აღნიშნული დავის ასკ-ის 251 მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო დავებისადმი კუთვნილების შესახებ, თუმცა, აღნიშნული, ცალკე აღებული, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლებს, რამეთუ საკასაციო საჩივრებს მატერიალურ-სამართლებრივი დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნიათ. სარჩელის საფუძვლიანობაზე მეტყველებს თავად სადავო უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცედურის დასრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. ამასთან, მართალია, საკუთრების უფლების დადასტურებით პრივატიზების პროცედურის დასრულება ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, თუმცა პრივატიზების პროცესი, კომპლექსური პროცედურის განხორციელებასთან ერთად, პრივატიზების ბოლო ეტაპზე ითვალისწინებდა მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების დადებას, რის გამოც პრივატიზებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობა მთლიანად სახელშეკრულებო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების სფეროში ექცევა. ამრიგად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაცვისა და მოთხოვნის მატერიალური კანონიერების პირობებში, სადავო შემთხვევის კაზუალურობიდან გამომდინარე, წინამდებარე დავაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება მატერიალური უფლების დაცვის მექანიზმის უსწოროდ შერჩევას, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით გამოიხატა. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ არ დაიშვება ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა (ზაკ-ის 177-ე მუხ.), საჩივრის შეტანა შესაძლებელია აქტის ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ (ზაკ-ის 2.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.). ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში კი სუბსიდიურობის პრინციპის მოთხოვნაა, რომ სასამართლოში მიმართვამდე, პირმა თავდაპირველად იმ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება შესაბამისი მოქმედების შესრულება, შემდგომ კი დაშვებულია სარჩელის აღძვრა სასამართლოში და არა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (შდრ. სუსგ, №ბს-767-759(კ-16), 15.02.2018წ.; №ბს-549(კ-21), 25.12.2023წ.). საკასაციო პალატა აქვე შენიშნავს, რომ დავის სახელშეკრულებო ბუნება იწვევს აღნიშნული კატეგორიის დავების მიმართ ხანდაზმულობის სახელშეკრულებო რეჟიმის გამოყენებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების დადასტურების პროცესში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარდგენას. ნიშანდობლივია, რომ ასეთი სახის „ხელშეკრულების“ ცნების საკანონმდებლო მნიშვნელობა განეკუთვნება დეფინიციურ ნორმათა კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების ცნებაში ნაგულისხმევია ხელშეკრულების მარტოოდენ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობა. შესაბამისად, „წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს ხელშეკრულების უშუალოდ იმ მნიშვნელობას, რომლითაც ეს ტერმინი გამოიყენება მთლიანად აღნიშნულ „წესში“. „წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება არის დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება/ოქმი. „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით კი, დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება/ოქმი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს გაფორმებული. ამჟამინდელი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 21.07.2010წ. №3512–რს კანონის 51-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული კანონი გამოქვეყნებისთანავე, 09.08.2010წ. ამოქმედდა. ამავდროულად, აღნიშნული კანონის 50-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 30.05.1997წ. №743-IIს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15). მაშასადამე, აღნიშნული „წესის“ მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ისეთ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულების ხელშეწყობა, რომელიც „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 30.05.1997წ. №743-IIს კანონით ან შესაბამისი მომიჯნავე კანონმდებლობით ექვემდებარებოდა პრივატიზებას. საგულისხმოა ისიც, რომ „ხელშეკრულების“ ცნების ზემოაღნიშნული „წესით“ განმარტების მიუხედავად, იგი საჭიროებს გარკვეულ დაზუსტებას. ამასთანავე, განმარტების კაუზალური ბუნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების ჭრილში „შესაბამისი ხელშეკრულების/ოქმის“ ცნების განმარტებაზე.
საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით განმარტებისას, ცხადია იურიდიული მოცემულობა მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცავს ორ ალტერნატივას: ა) ხელშეკრულება არის დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება და ბ) ხელშეკრულება არის დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ოქმი. საფუძველს მოკლებულია „წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსის იმგვარი განმარტება, რაც განაპირობებს შესაბამისი ხელშეკრულების/ოქმის ერთმანეთის სინონიმებად მიჩნევას იმ საფუძვლით, რომ იგი ტექსტუალურ-სემანტიკური თვალსაზრისით, ფორმულირებულია ერთგვარი მაკავშირებლის („/”-ის) მეშვეობით. „წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება და ოქმი ნორმატიული მნიშვნელობის თვალსაზრისით არაა იდენტური, არც კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა მათი ანალოგიური მნიშვნელობით გამოყენება, რაც დასტურდება აღნიშნული ნორმის გენეალოგიური განმარტებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ისტორიულ-გენეალოგიური განმარტება ობზერვაციული ბუნების შემცველია. იგი აკვირდება ნორმატიული მნიშვნელობების აღწერილობით, დეფინიციურ ცვალებადობას დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რის შედეგადაც ახდენს იურიდიულ მნიშვნელობათა კლასიფიცირებას, რომლითაც ხორციელდება სადავო ცნების მნიშვნელობის ინდუქციის მეთოდით დაზუსტება, სხვადასხვა პერიოდში გამოყენებას დაქვემდებარებული კერძო შემთხვევებიდან, კონკრეტული განზოგადებული დასკვნის გამოტანით. საკასაციო პალატა ზემოხსენებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შენიშნავს, რომ დროთა განმავლობაში იცვლებოდა სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმების წესები, რაც გათვალისწინებული იყო „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის №743-IIს კანონით (ძალადაკარგულია 2010 წლის 21 ივლისის №3512-რს კანონით). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის" 3.1 მუხლის "ა" პუნქტით, აღნიშნული "წესი" იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ შესაბამისი ხელშეკრულება "სახელმწიფო ქონების შესახებ" 2010 წლის 21 ივლისის №3512-რს კანონის ამოქმედებამდეა გაფორმებული, რის გამოც საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის №743-IIს კანონში სხვადასხვა პერიოდში შეტანილ ცვლილებებზე. დასახელებული კანონის თავდაპირველი რედაქციის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ითვალისწინებდა მყიდველსა და გამყიდველს შორის დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნულის შემდგომ, კანონში განხორციელებული მორიგი ცვლილებით განისაზღვრა მყიდველსა და გამყიდველს შორის სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულების დადების ვალდებულება (იხ. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1451, პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998წ.,). საბოლოოდ, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის (ცვლილებამდელი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონი) მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტში შეტანილი ნოვაციით, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ჩაითვალა წერილობით ხელშეკრულებად (იხ. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348). შესაბამისად, ზემოხსენებული „წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში გაწერილი ხელშეკრულება/ოქმი ვერ მიიჩნევა ერთმანეთის სინონიმებად იმდენად, რამდენადაც აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი 2007 წლის 3 აგვისტოს ამოქმედებული ცვლილებით უთანაბრდებოდა თვით წერილობით ხელშეკრულებას და საფუძველს იქნებოდა მოკლებული ნორმაში ხელშეკრულების შემდგომ ოქმის განმეორებით მოხსენიება. ამასთან, ნორმის განმარტების პროცესში, საზოგადოდ, პრეზუმირებულია, მასში გამოყენებული ტერმინების დამოუკიდებელი ფუნქცია და მნიშვნელობა, არცერთი მათგანი, სარწმუნო დასაბუთების გარეშე, არ მიიჩნევა ზედმეტად (ოქმის მოხსენიება ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების ცნების იურიდიულ კონკრეტიზაციად, ვინაიდან ხსენებული საკანონმდებლო ცნების მნიშვნელობა ისედაც განსაზღვრული იყო ზემოხსენებული სპეციალური კანონმდებლობით). შესაბამისად, პრეზუმირებულია იურიდიული კონსტრუქცია მასზედ, რომ „წესში“ ოქმის სახელდებით მოხსენიება ავტონომიური ნორმატიული დატვირთვის შემცველია. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ „წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში „/-ის“ შემდეგ მითითებული ,,ოქმი" არ გულისხმობს მხოლოდ „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტში შეტანილი ნოვაციით ჩამოყალიბებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს, რომელიც კანონმდებელმა წერილობით ხელშეკრულებად მიიჩნია, არამედ ოქმში იგულისხმება სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებისას შედგენილი დოკუმენტი (მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ხელმოწერილი აუქციონის ოქმი), რომელშიც აისახებოდა ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ "წესის" მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი ხელშეკრულების განმარტების მიზნებისათვის, ამ ცნებაში იგულისხმება როგორც პრივატიზების პროცესის დამაგვირგვინებელი ხელშეკრულებები, აგრეთვე, 2007 წლის 3 აგვისტოს ცვლილებამდელი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონით დადგენილი აუქციონის ოქმი დამოუკიდებლად ასეთი ხელშეკრულებებისაგან. ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ დასკვნას და ზემოაღნიშნულ მსჯელობას განამტკიცებს აგრეთვე „წესის“ მიზანიც, ხელი შეუწყოს პრივატიზების პროცესის დასრულებას, რომელიც ვერ მიიღწევა ნორმის მოქმედების მასშტაბის შემცირებით, მაშასადამე, ნორმის ტელეოლოგიური განმარტება ადასტურებს გენეალოგიური განმარტების შედეგებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევა ექვემდებარება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესით“ განსაზღვრულ მოწესრიგებას. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ 2000 წლის 16 მაისის №8.2 ოქმზე. ნიშანდობლივია, რომ აუქციონში გამარჯვების ოქმი წარმოადგენდა საკვანძო საფეხურს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების პროცესში, ხოლო მისი მნიშვნელობა და ზეგავლენა დასახელებულ პროცესში, სხვადასხვა პერიოდში, დაზუსტდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის №743-IIს კანონში შეტანილი არაერთი ცვლილების კვალდაკვალ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით („სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“, რომელიც სხვადასხვა დროს დამტკიცდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1-1/1244 ბრძანებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებით.). სადავო პერიოდში მოქმედებდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“, რომლის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის 1-ელი წინადადების მიხედვით, სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2000 წლის 16 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული „დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტი არის პრივატიზების პროცესის განუყოფელი ნაწილი. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი უნდა ყოფილიყო აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რომელიც ფორმდებოდა შესაბამის ხელშეკრულებასთან ერთად („დებულების“ 7.6 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, თვით პრივატიზების პროცესის დაწყების ფაქტი სადავო არ არის და კანონიერ ძალას ინარჩუნებს აუქციონში მოსარჩელეთა გამარჯვების ოქმი და უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. საკასაციო პალატა შენიშნავს იმასაც, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს მოსარჩელეთა მიერ უფლებაასაღიარებელი უძრავი ნივთის ფლობას, საწინააღმდეგო საქმის მასალებით არ დგინდება. ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... წერილი მიუთითებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებზე, რომლითაც დგინდება სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრება, მოსარგებლეებად კი, ფიქსირდებიან სწორედ მოსარჩელეები. ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტორიც, რომ სადავო უძრავი ნივთის ფლობა არ არის შეწყვეტილი, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული მონაცემები არ გაუქმებულა, ისინი კვლავინდებური იურიდიული ძალის მატარებელია (შდრ: „წესის“ 5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ზემოხსენებული „დებულების“ მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტი ითვალისწინებდა დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან მყიდველის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასის შესაბამის საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანის ვალდებულებას. აღნიშნული თვალსაზრისით, სადავო არაა და საქმის მასალები შეიცავს წერილობით მტკიცებულებებს ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს (შდრ: „წესის“ 5 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა წარმოადგინეს 2000 წლის 16 მაისის აუქციონში გამარჯვების ოქმი №... რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ და რომელიც მხარეებს აკისრებს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერის ვალდებულებას, ასევე, 2000 წლის 16 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს გადაეცათ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება და აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტის დამადასტურებელი ქვითრები. ამდენად, მიღწეულია შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, გადახდილია შესაბამისი საფასური, ხელშეკრულების საგანი კი, მხარეს გადაეცა ფაქტობრივ მფლობელობაში, რომლითაც მხარე, სარჩელის შეტანამდე 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში სარგებლობს და ეწევა გარკვეულ საქმიანობას, ხოლო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუთხოვია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და არც სადავოდ გაუხდია უძრავი ქონების მოსარჩელეების მხრიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწორედ მსგავსი შემთხვევების რეგულირების მიზნით იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი", რათა ფაქტობრივად განკარგული და ფორმალურად ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე დაწყებული პრივატიზაციის პროცესი, მოპოვებული საკუთრების უფლების დადასტურების გზით დასრულებულიყო. ამრიგად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება „წესის“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა პოზიტიური წინაპირობის არსებობა, კონკრეტულად - მიღება-ჩაბარების აქტთან, უძრავი ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემასთან, ასევე, ფლობისა და სარგებლობის უწყვეტ ფაქტებთან ერთობლიობაში, ამასთანავე კი, არ ფიქსირდება „წესის“ მე-5 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ნეგატიური წინაპირობის არსებობა, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუქციონის ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საპრივატიზაციო ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სრულად აკმაყოფილებს „წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრულ საკუთრების უფლების დადასტურების კანონისმიერ წინაპირობებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებს არ გააჩნიათ მატერიალურ-სამართლებრივი წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე