დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-500(კ-26) 04 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ.ა-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველო
დაინტერესებული პირი - ს.თ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინება
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის კანონიერება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების განხილვის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაქვემდებარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ.ა-იმა 2023 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოსა და დაინტერესებული პირის - ს.თ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს მიერ 2023 წლის 25 ივნისს მის მიმართ გამოცემული №... შემაკავებელი ორდერის გაუქმება და შსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის იმგვარად გაუქმება, რომ განთავსებული ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის ძალაში ყოფნის ფაქტის აღქმას არ იწვევდეს, რომელიც განხორციელდება ინფორმაციის წაშლით ან უშუალოდ განთავსებულ ინფორმაციაზე გაუქმების სტატუსის თვალსაჩინოდ მინიჭებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს მიერ 2023 წლის 25 ივნისს გამოცემული №... შემაკავებელი ორდერი ფიზიკური ძალადობისა და მოძალადისთვის მსხვერპლის სამსახურთან მიახლოების აკრძალვის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ.ა-ის 2025 წლის 17 დეკემბრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ.ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით დ.ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.ა-იმა, რომელმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის დავალება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინების გაუქმებას, რომლითაც დ.ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, შესაფასებელია დასაშვებია თუ არა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრება და შედის თუ არა შემაკავებელი ორდერის კანონიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია; კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ №ბს-988(კს-25), 06.10.2025წ.; სუსგ №ბს-904(კს-25), 12.08.2025წ.) შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან წარმოადგენს კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლითაც რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. მითითებული კოდექსის 2114 მუხლის შესაბამისად, შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლოში ორსაფეხურიანია, მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, დავის კატეგორიის გათვალისწინებით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა არამხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მოცემული კატეგორიის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება, ამავდროულად გასაჩივრებულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ის განჩინება, რომლის საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 396 და 399-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა