დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.04.2026
საქმის ნომერი
ბს-505(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-505(კ-23) 16 აპრილი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული

ოფისი

მესამე პირი – ლ. ე-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა. კ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სააგენტო“ ან „კასატორი“) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 22.09.2017 წლის №... გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სააგენტოს 13.11.2017 წლის №... გადაწყვეტილება;

1.3. დაევალოს სააგენტოს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრიროს უძრავი ნივთი, საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 22.09.2017 წლის №... გადაწყვეტილება და სააგენტოს 13.11.2017 წლის №... გადაწყვეტილება; სააგენტოს დაევალა, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელის სახელზე უძრავი ნივთის (საცხოვრებელი ბინა), მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში, რეგისტრაციის შესახებ.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. დადგენილია, რომ 25.02.1997 წლის უ-523 პრივატიზაციის ხელშეკრულებით, დ. კ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელის მამა“) მიიღო ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 55 კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

4.2. 11.08.2010 წელს მოსარჩელის მამამ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერს და მიუთითა, რომ 25.02.1997 წლის უ-523 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული ქონება მდებარეობდა არა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში, არამედ – №...-ში.

4.3. ქალაქ ქუთაისის მერის 20.09.2010 წლის №1372 ბრძანებით გასწორდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული შეცდომა და ნაცვლად მისამართისა: ქუთაისი, ...ის №..., მიეთითა ქუთაისი, ...ის ქუჩა №..., ხოლო 20.10.2010 წლის №1453 ბრძანებით გასწორდა ქუთაისის მერის №1372 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად დ. კ-ისა, მიეთითა დ. კ-ე.

4.4. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 21.09.2016 წელს. მას ანდერძი არ დაუტოვებია; გარდაცვალების შემდეგ დარჩა ერთი პირველი რიგის მემკვიდრე – შვილი, მოსარჩელე, რომელიც მამის გარდაცვალებისას ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში.

4.5. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 18.08.1978 წლის №19/36-485 გადაწყვეტილების, საარქივო ცნობითა და საინფორმაციო ბარათებით ირკვევა, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 18.08.1978 წლის №19/36-485 გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოფილ ...ს ქუჩაზე აგებულ 9-სართულიან, 126-ბინიან საცხოვრებელ სახლში მე-9 სართულზე მოსარჩელის მამას გამოეყო 5-ოთახიანი №61 ბინა 5 სულზე, სადაც შესახლდნენ მისი ოჯახის წევრები: ა. კ-ე, დ. კ-ე, ამ. დ.-ს ძე კ-ე, მ. დ.-ს ასული კ-ე და ქ. კ-ე. ამჟამად ოჯახი გაიზარდა და ცხოვრობენ რ. და ნ. კ-ეებიც. დღეის მდგომარეობით ბინაში რეგისტრირებულია შვიდი პიროვნება.

4.6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2017 წლის 27 ივლისის №7730-01 და 31 ივლისის №7861-01 ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ...ის ქუჩა №...-ში, ...-ბინიანი, 6 სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოს მე-9 სართულზე კიბის უჯრედიდან ხელმარჯვნივ და უჭირავს 5 ოთახი. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში მითითებულ №61 ოთახს, აღნიშნული ბინა მდებარეობს მე-8 სართულზე და იგი ეკუთვნის შ. ც-ეს. ასევე, დადგენილია, რომ ამჟამად ...ის ქუჩა №8 არის ყოფილი ...ს ქუჩა №8 და ასევე ...ს ქუჩა №9ა (ტ.1, ს.ფ. 49, 50).

4.7. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის „...ის“ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 04.08.2010 წლის №135 წერილით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინა ...ის ქუჩა №...-ში რეგისტრირებულია აწ. გარდაცვლილი მ. ხ-ეის სახელზე. ბინა ამჟამად დაკეტილია.

4.8. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში მოსარჩელემ №... განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქუთაისი, ...ის ქ. №..., ბინა №63. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, პრივატიზების ხელშეკრულების ასლი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის №1372 და №1453 ბრძანებები, რომლითაც გასწორდა პრივტიზაციის ხელშეკრულებაში მისამართში დაშვებული შეცდომა, სარეგისტრაციო ბინის შიდა აზომვითი ნახაზი.

4.9. სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 22.09.2017 წლის №... გადაწყვეტილებითა და სააგენტოს 13.11.2017 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

4.10. იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოსარჩელის მამისა და მისი მემკვიდრეების ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში ფაქტობრივად ცხოვრების იურიდიული ფაქტი, ამასთან, 25.02.1997 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (სანოტარო აქტი უ-523) მოსარჩელის მამის სახელზე პრივატიზებულ იქნა ...ს ქუჩა №... ბინა, სადაც შეცდომით მისამართად მითითებულ იქნა ქუთაისი ...ს ქუჩა №..., რაც ქუთაისის მერის 20.09.2010 წლის №1372 ბრძანებით გასწორდა და მიეთითა ...ის ქუჩა №..., მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც გაუქმებული არ არის.

4.11. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან, სააგენტოს 13.07.2017 წლის №278107 წერილით დადგენილია, რომ ...ის ქუჩა №... ბინაზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული ფაქტი საერთოდ არ არის გამოკვლეული და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მითითება, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში, რეგისტრირებულია სხვისი საკუთრების უფლება, სასამართლომ არ გაიზიარა. ამ საფუძვლით („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) რეგისტრაციაზე უარი დაუსაბუთებელია.

4.12. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მოსარჩელის მამის მიერ წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა სრულად გამოიკვლია საქმის მასალები და ისე განახორციელა რეგისტრაცია, ვინაიდან მითითებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელის მამას გადაეცა 55 კვ.მ საცხოვებელი ფართი, ხოლო საჯარო რეესტრმა მას დაურეგისტრირა 87.55 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გამოსაკვლევ გარემოებად ის, რომ 25.02.1997 წლის უ-523 პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელის მამამ მიიღო ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში 55 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ხოლო 22.10.2008 წელს გაასხვისა 87.55 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისში,...ის ქუჩა №...-ში.

4.13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ განსახილველი საქმე არ იძლეოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემადგენლობას. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად, გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სწორედ სააგენტოა ვალდებული სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (შემდეგში სზაკ) დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

4.14. პალატამ მიუთითა სზაკ-ის 96-ე, 97-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თაობაზე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 22.09.2017 წლის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 13.11.2017 წლის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

9. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე-23-ე მუხლებით განსაზღვრულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია პირს უარი უთხრას რეგისტრაციაზე, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ მოტივაციას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში, უკვე რეგისტრირებული იყო უფლება, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას) რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

10. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სააგენტომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე მიიღო. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 18.08.1978 წლის №19/36-485 გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 18-21), საარქივო ცნობითა (ტ.1, ს.ფ. 22) და საინფორმაციო ბარათებით (ტ.1, ს.ფ. 23-31) ირკვევა, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 18.08.1978 წლის №19/36-485 გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოფილ ...ს ქუჩაზე აგებულ 9-სართულიან, ...-ბინიან საცხოვრებელ სახლში მე-9 სართულზე მოსარჩელის მამას გამოეყო 5-ოთახიანი №61, 55 კვ.მ ბინა 5 სულზე, სადაც შესახლდნენ მისი ოჯახის წევრები. დღეის მდგომარეობით ბინაში რეგისტრირებულია და ცხოვრობს შვიდი პიროვნება (ტ.1, ს.ფ. 48). მართალია, პრივატიზების ხელშეკრულებაში თავდაპირველად მითითებული იყო ბინა №... (ტ.1, ს.ფ. 33-34), თუმცა ქალაქ ქუთაისის მერის 20.09.2010 წლის №1372 ბრძანებით ხელშეკრულებაში გასწორდა შეცდომა და ნაცვლად მისამართისა: ...ის №..., მიეთითა ...ის ქუჩა №... (ტ.1, ს.ფ. 47), ხოლო 20.10.2010 წლის №1453 ბრძანებით გასწორდა ქუთაისის მერის №1372 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად დ. კ-ისა, მიეთითა დ. კ-ე (ტ.1, ს.ფ. 39). შესაბამისად, 25.02.1997 წლის ხელშეკრულებით განხორციელებულია №... ბინის პრივატიზება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც ირკვევა, რომ მოსარჩელის მამის ოჯახი შესახლდა და დღემდე ცხოვრობს სწორედ №... ბინაში (იხ. წინამდებარე განჩინების 4.6 პუნქტი, ასევე, ტ.1, ს.ფ. 122). დაუსაბუთებელია მსჯელობა ამ ბინაზე უფლების უკვე რეგისტრაციის საფუძვლით („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) მოსარჩელის განცხადების უარყოფის შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (სუსგ №ბს-913(2კ-24), 24.12.2024წ.). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ტურავა პაატა, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2020, გვ. 176). აღნიშნული ემსახურება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლს, რამდენადაც ის იძულებული ხდება დასაბუთების ჩამოყალიბების პროცესში თავისი გადაწყვეტილება, სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით, ზუსტად მოიაზროს და გაამაგროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის დასაბუთება, მეორე მხრივ, აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას, და ბოლოს, ის ხელს უწყობს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს (იხ. იქვე).

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი) შესაბამისად. საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით (სუსგ №ბს-620(2კ-22), 02.12.2025წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

15. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი), საქმეში მესამე პირად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2023 წლის განჩინება.

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 202238621) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №22535, გადახდის თარიღი 23.05.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე