დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-554(2კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-554(2კ-24) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ...“, სს „...ი“ (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „დ...“-მა და სს „...მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი წარადგინეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მერია“), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „ინსპექცია“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები ან „კასატორები“ ) მიმართ და მოითხოვეს ინსპექციის 22.04.2021 წლის N000989 დადგენილებისა და მერიის 29.07.2021 წლის N1081 ბრძანების ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის 22.04.2021 წლის N000989 დადგენილება და მეორე მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის 29.07.2021 წლის N1081 ბრძანება.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. ინსპექციის 22.04.2021 წლის N000989 დადგენილებით მოსარჩელეები დაჯარიმდნენ 25 000 ლარით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, მასივი დიღომი, კვარტალი III, ქუჩა ... N9), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ, ფასადებზე შეცვლილია კარ-ფანჯრის რაოდენობა, ასევე დამატებულია საკომუნიკაციო წყალშემკრები და მილები, დამატებულია გათბობა-კონდიცირების დანადგარები ლითონის სავენტილაციო კონსტრუქციით, სამხრეთ ფასადზე კიბის ნაწილზე მოწყობილია კაპიტალური პანდუსი და კედლები, სარდაფის სართულზე ჩრდილოეთით შეცვლილია გარე კედლების კონფიგურაცია, I სართულზე ქუჩის მხარეს დამატებულია კაპიტალური მიშენება კიბით, ასევე დამატებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები და კიბე სარდაფის სართულზე ჩასასვლელად, რომლებიც ნაწილობრივ ცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის დაურეგისტრირებელ სახელმწიფო ტერიტორიაზე, ამასთან, ქუჩის მხარეს შიდა ფართის ნაწილზე მოწყობილია ანტრესოლის სართული კიბით. ამავე დადგენილებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს დაევალათ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა (ტ.1, ს.ფ. 37-40).

4.2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი, ასევე უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ამდენად, დასაშვებია პასუხისმგებლობის დაკისრება მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის იმ პირობებშიც, თუ ის არ არის უძრავი ნივთის მესაკუთრე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები დაჯარიმებული არიან არა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტები (დამკვეთი პირები), არამედ როგორც შენობა-ნაგებობის მესაკუთრეები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაერთი კომერციული თუ სხვა დანიშნულების მქონე ობიექტი, ხოლო, თავის მხრივ, სამართალდარღვევად მიჩნეულია მხოლოდ I კლასის მშენებლობის მარტივ შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ შენობა-ნაგებობების (კიბე, პანდუსი, გათბობა/გაგრილების აგრეგატები, სავენტილაციო მილები და სხვ.) განთავსება/მონტაჟი, რომელიც უმეტესად განკუთვნილია სწორედ აღნიშნული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის. სასამართლოს განმარტებით, კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია დადგინდეს მშენებლობის განხორციელების დრო, რამეთუ გარკვეულ პერიოდში კანონმდებლობა პირს არ აკისრებდა მშენებლობის დაწყებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულებას (არათუ მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას).

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ არსებული ობიექტი ამჟამინდელი იერსახით არ იყო შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმასთან, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომელმაც კანონიერად განაპირობა ობიექტის პირვანდელი იერსახისგან განსხვავებული სახით არსებობა. პალატის მოსაზრებით, საინვენტარიზაციო გეგმასთან ობიექტის შეუსაბამობა იმთავითვე არ გულისხმობს მის უკანონობას, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, რიგი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მართლზომიერებას და იმ ფაქტს, რომ რიგი ცვლილებები მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულმა უძრავმა ნივთმა საინვენტარიზაციო გეგმის შედგენის შემდგომ კანონშესაბამისად განიცადა, კერძოდ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.10.2015 წლის N2252069 გადაწყვეტილებით, სამსახურმა დაადასტურა I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (კონდიციონერების და სავენტილაციო მილის მოწყობის, სარეკლამო აბრების განთავსების, ფასადის სამღებრო სამუშაოების განხორციელების, ღიობების რეკონსტრუქციის, ბანკომატისა და დეკორატიული ფორმების ობიექტების განთავსების) განხორციელების შესაძლებლობა (ტ.1, ს.ფ. 251-253); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.01.2021 წლის N5263195 და 10.02.2021 წლის N5275273 გადაწყვეტილებებით, თანხმობა გაიცა ქ. თბილისში, დიღმის მასივის III კვარტალში, ... ქუჩა N9-ში მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ფართების ფასადებზე კონდიციონერის გარე აგრეგატების და სავენტილაციო მილების მოწყობაზე (ტ.1,ს.ფ. 279,280; 301,302). საგულისხმოა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპირდაპირედ მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობას 2006 წლიდან დღემდე არ შეუცვლია იერსახე, მათ შორის არ შეცვლილა ფასადზე კარ-ფანჯრების რაოდენობა, სარდაფის სართულზე ჩრდილოეთით გარე კედლის კონტური, ასევე I სართულზე ქუჩის მხრიდან კაპიტალური მიშენება კიბით და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები და სარდაფში ჩასასვლელი კიბე. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს არ დაუდგენიათ, საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები თუ ვინ, როდის და რა მოცულობით განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა განხორციელებული საქმიანობა მშენებლობის ნებართვას (შეტყობინებას) და წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას.

4.4. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტიდან ასევე არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ I სართულზე ქუჩის მხარეს დამატებული კაპიტალური მიშენება კიბით, მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები და კიბე სარდაფის სართულზე ჩასასვლელად, ნაწილობრივ სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა დაურეგისტრირებელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები აღნიშნულს არ ეთანხმებოდნენ და განმარტავდნენ, რომ პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი გადადიოდა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არამედ - მეორე მოსარჩელის ტერიტორიაზე. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნულმა მოცემულობამ განაპირობა უძრავი ნივთის მესაკუთრეთა დაჯარიმება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებლობას ადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისთვის. ამ მიმართულებით, გარდა მოსარჩელეთა განმარტებისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.08.2021 წლის 10 აგვისტოს N5535591 ბრძანებით, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. პ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, დიღმის მასივის III კვარტალში, ... ქუჩა N9-ში უნებართვოდ მიშენებული/დაშენებული ფართი (51.2 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 57,58), ირკვევა, რომ ლეგალიზებულია შენობის გარკვეული ნაწილები, მათ შორის, I სართულზე ქუჩის მხარეს დამატებული კაპიტალური მიშენება კიბით. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მართალია, ლეგალიზების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სრული მოცულობით არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შენობა-ნაგებობა აღარ გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების და ასევე მხარეთა განმარტების პირობებში, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულების საფუძველი, ადგილზე დათვალიერების, სპეციალისტის მოწვევის ან ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული საშუალების გამოყენებით დაადგინოს, რამდენად აღმოიფხვრა სამართალდარღვევა მითითებულ ნაწილში (შენობა-ნაგებობა გადადის სახელმწიფო საკუთრებაში).

4.5. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ინსპექციის განმარტება, რომ ვინაიდან ლეგალიზების შესახებ ბრძანება მიღებულია 10.08.2021 წელს, ხოლო სადავო აქტები - ამავე წლის 22 აპრილსა და 29 ივლისს, დაუსაბუთებელია ლეგალიზების დოკუმენტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხზე ხელახლა მსჯელობის დავალება. პალატა განმარტავს, რომ დარღვევის გამოსწორება, როგორც სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოება, იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. დაინტერესებული პირის სასარგებლოდ იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, წარმოადგენს საკითხის ხელახლა განხილვის საფუძველს. ამასთან, სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის, დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებას, შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ინსპექციის და მერიის სადავო აქტები. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შეცვლილ ვითარებაზე, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სავალდებულოდ უნდა იმსჯელოს საკითხის ხელახალი განხილვისას.

4.6. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ინსპექციამ საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რათა დაადგინოს უშუალოდ მოსარჩელეთა მხრიდან განხორციელდა თუ არა სათანადო შეთანხმების გარეშე რაიმე სახის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია და რომელ პერიოდში. ასევე უნდა განისაზღვროს, თუ რომელი კონდიციონერების აგრეგატების, სავენტილაციო მილების განთავსებაზე და ღიობების რეკონსტრუქციაზეა გაცემული შესაბამისი თანხმობები და ლეგალიზების განხორციელების შედეგად, რა ნაწილებში აღმოიფხვრა სამართალდარღვევა. ამასთან, მოსარჩელეები მითითებულნი არიან უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად, მათ საკუთრებაში არსებული ფართები გამოყოფილია რეალური წილებით (პირველი მოსარჩელის საკუთრებაშია 1023 კვ.მ., ხოლო მეორე მოსარჩელის – 1982 კვ.მ.) და შესაბამისად, მათი საკუთრების ობიექტები იდენტიფიცირებადია. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ცალკეულ სუბიექტთან მიმართებით დარღვევის შინაარსი და ასევე განსაზღვროს რომელი მათგანის საკუთრებაში არსებული უკანონო მიშენება გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ამგვარის დადასტურების პირობებში). გარდა ამისა, იმ გარემოების დადასტურება, თუ სადავო შენობა-ნაგებობა აღარ გადავა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განაპირობებს სამართალდარღვევის ნაწილობრივ გამოსწორებას, რაც ასევე გასათვალისწინებელი იქნება ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

4.7. საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მართებულად ცნო ბათილად 22.04.2021 წლის N000989 დადგენილება და მეორე მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სწორად იქნა ბათილად ცნობილი ასევე პირველი მოპასუხის 29.07.2021 წლის N1081 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვა მისი გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელეების დაჯარიმების შესახებ 22.04.2021 წლის N000989 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერიის 29.07.2021 წლის N1081 ბრძანების კანონიერება. სამშენებლო სამართალდარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე (სუსგ №ბს-555(კ-20), 12.01.2023წ.).

9. სამშენებლო სამართალი მოიცავს, როგორც საჯარო, ისე - კერძო სამშენებლო სამართალს (ტურავა პ., ყალიჩავა კ., სამშენებლო სამართალი, თბილისი, 2020, გვ.17-18.). კერძო სამშენებლო სამართლის საგანია მშენებლობის პროცესში შემკვეთსა და მენარდეს შორის წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობები (თ.ზამბახიძე/უ.ჰაგენლოხი, მშენებლის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა ნაკლიანი შესრულებისათვის საქართველოსა და გერმანიაში, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 9/2024, გვ. 1-28), საჯარო სამშენებლო სამართალი კი, უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის განხორციელებადობას. ის ასევე, გარკვეულწილად, განსაზღვრავს, რომელი სამშენებლო სამუშაოები ექვემდებარება სამეზობლო სამართლის ფარგლებში თმენის ვალდებულებას (vgl. zu den Auswirkungen öffentlich-rechtlicher Bauvorschriften auf nachbarrechtliche Unterlassungsansprüche aus §§ 1004, 906 BGB: BGH, Urteil vom 21. Januar 2022 - V ZR 76/20 - BGHZ 232, 252, juris Rn. 16; BGH, Urteil vom 28. Januar 2022 - V ZR 99/21 - NJW 2022, 2400, juris Rn. 23.). საჯარო სამშენებლო სამართალი, როგორც ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილი, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც საჯარო ინტერესების გათვალისწინებით აწესრიგებს მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნით გამოყენების საკითხებს (ტურავა პ., სამშენებლო სამართლის ძირითადი ცნებები და ინსტიტუტები, ჟურნ. „სამართლის ჟურნალი”, №2, 2009, გვ.121), რომელიც, მოიცავს სამშენებლო დაგეგმვისა და სამშენებლო წესრიგის სამართალს (ჭურღულია დ., სამშენებლო დაგეგმვისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას მომიჯნავე ქონების მესაკუთრეთა უფლებების დაცვის პრობლემატური საკითხები, ჟურნ. „სამართლის ჟურნალი”, №2, 2017, გვ.317).

10. ამდენად, საჯარო სამშენებლო სამართალი აწესრიგებს მიწის სამშენებლოდ განვითარებასთან, შენობა-ნაგობის ხარისხობრივ მოთხოვნებსა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. თავის მხრივ, საჯარო სამშენებლო სამართალი იყოფა სამ ძირითად ნაწილად - სივრცითი დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის და მშენებლობის წესრიგის სამართლად (ტურავა პ., ყალიჩავა კ., სამშენებლო სამართალი, თბილისი, 2020, გვ. 22-26). განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო სამშენებლო სამართლიდან, კერძოდ, მშენებლობის წესრიგის სამართლიდან, რომელიც არეგულირებს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესებს (სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ.).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021წ.).

12. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდეგში „კოდექსი“). კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ინსპექციის 22.04.2021 წლის N000989 დადგენილებით მოსარჩელეები კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდნენ 25 000 ლარით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის (ფასადებზე შეცვლილია კარ-ფანჯრის რაოდენობა, ასევე დამატებულია საკომუნიკაციო წყალშემკრები და მილები, დამატებულია გათბობა-კონდიცირების დანადგარები ლითონის სავენტილაციო კონსტრუქციით, სამხრეთ ფასადზე კიბის ნაწილზე მოწყობილია კაპიტალური პანდუსი და კედლები, სარდაფის სართულზე ჩრდილოეთით შეცვლილია გარე კედლების კონფიგურაცია, I სართულზე ქუჩის მხარეს დამატებულია კაპიტალური მიშენება კიბით, ასევე დამატებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები და კიბე სარდაფის სართულზე ჩასასვლელად, რომლებიც ნაწილობრივ ცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის დაურეგისტრირებელ სახელმწიფო ტერიტორიაზე, ამასთან, ქუჩის მხარეს შიდა ფართის ნაწილზე მოწყობილია ანტრესოლის სართული კიბით). ამავე დადგენილებით, მოსარჩელეებს დაევალათ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა (ტ.1, ს.ფ. 37-40). დადგენილია, რომ მოსარჩელეები დაჯარიმდნენ არა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტები, არამედ როგორც შენობა-ნაგებობის მესაკუთრეები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაერთი კომერციული თუ სხვა დანიშნულების ობიექტი, ხოლო სამართალდარღვევად მიჩნეულია I კლასის მშენებლობის მარტივ შეტყობინებას დაქვემდებარებული იმ შენობა-ნაგებობების (კიბე, პანდუსი, გათბობა/გაგრილების აგრეგატები, სავენტილაციო მილები და სხვ.) განთავსება/მონტაჟი, რომელიც უმეტესად განკუთვნილია სწორედ აღნიშნული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ/ინსპექციამ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ არსებული ობიექტი ამჟამინდელი იერსახით არ იყო შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმასთან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რიგი ცვლილებები უძრავმა ნივთმა საინვენტარიზაციო გეგმის შედგენის შემდგომ კანონშესაბამისად განიცადა, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.10.2015 წლის N2252069 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (კონდიციონერების და სავენტილაციო მილის მოწყობის, სარეკლამო აბრების განთავსების, ფასადის სამღებრო სამუშაოების განხორციელების, ღიობების რეკონსტრუქციის, ბანკომატისა და დეკორატიული ფორმების ობიექტების განთავსების) განხორციელების შესაძლებლობა (ტ.1, ს.ფ. 251-253); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.01.2021 წლის N5263195 და 10.02.2021 წლის N5275273 გადაწყვეტილებებით, თანხმობა გაიცა ქ. თბილისში, დიღმის მასივის III კვარტალში, ... ქუჩა N9-ში მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ფართების ფასადებზე კონდიციონერის გარე აგრეგატების და სავენტილაციო მილების მოწყობაზე (ტ.1,ს.ფ. 279,280; 301,302). ამდენად, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეებს არ დაუდგენიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თუ ვინ, როდის და რა მოცულობით განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა განხორციელებული სამუშაოები მშენებლობის ნებართვას (შეტყობინებას), წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას.

14. საშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ ლეგალიზებული იქნა შენობის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.08.2021 წლის N5535591 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. პ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, დიღმის მასივის III კვარტალში, ... ქუჩა N9-ში უნებართვოდ მიშენებული/დაშენებული ფართი (51.2 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 57,58). ამდენად, მართებულია სასამართლოს დასკვნა, რომ უნდა განისაზღვროს, რამდენად აღმოიფხვრა სამართალდარღვევა იმ ნაწილში, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოწყობილი ნაგებობები ნაწილობრივ სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა დაურეგისტრირებელ სახელმწიფო ტერიტორიაზე (იხ: ინსპექციის 22.04.2021 წლის N000989 დადგენილება, ტ.1, ს.ფ. 37-40).

15. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მჯელობა მასზე, რომ ვინაიდან სადავო აქტები წინ უსწრებს ლეგალიზების შესახებ ბრძანებას, საფუძველს მოკლებულია ინსპექციას დაევალოს სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა (სუსგ №ბს-1293 (კ-23), 18.06.2025წ.). პალატა მიუთითებს, რომ საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, დარღვევის გამოსწორება/ ობიექტის ლეგალიზება იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყეტას (კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია; ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; გ) არ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი; დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში). პალატა აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ინსპექციის/მერიის სადავო აქტი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა სადავო აქტების გამოცემის შემდგომ შექმნილი შეცვლილი ობიექტური გარემოებების მნიშვნელობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის (შდრ. სუსგ №ბს-785-771 (კ-14), 05.05.2016წ.).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების - ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.; სუსგ №ბს-793(3კ-25), 26.02.2026წ.).

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ინსპექციამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რათა დაადგინოს უშუალოდ მოსარჩელეთა მხრიდან განხორციელდა თუ არა სათანადო შეთანხმების გარეშე რაიმე სახის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია და რომელ პერიოდში. ასევე უნდა განისაზღვროს, თუ რომელი კონდიციონერების აგრეგატების, სავენტილაციო მილების განთავსებაზე და ღიობების რეკონსტრუქციაზეა გაცემული შესაბამისი თანხმობები და ლეგალიზების განხორციელების შედეგად, რა ნაწილებში აღმოიფხვრა სამართალდარღვევა. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეები არიან სადავო შენობაში კონკრეტული ფართების მესაკუთრეები (პირველი მოსარჩელის საკუთრებაშია 1023 კვ.მ., ხოლო მეორე მოსარჩელის – 1982 კვ.მ.), მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ცალკეულ სუბიექტთან მიმართებით დარღვევის შინაარსი და ასევე განსაზღვროს რომელი მათგანის საკუთრებაში არსებული უკანონო მიშენება გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ამგვარის დადასტურების პირობებში). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გადაცდომის) წინაპირობების არსებობა/არარსებობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს თითოეული მოსარჩელის მიმართ.

18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება ესარგებლა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე