დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-66(2კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ ...).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 18 მარტს სსიპ ...-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. ამავე სარჩელში მოსარჩელემ იშუამდგომლა გასაჩივრებული 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, სსიპ ...-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 5 დეკემბრის სსიპ ...-ში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი (არაგეგმიური) შემოწმების 2018/05/12 აქტის მოქმედება, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამასთან, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად თანამოპასუხედ დასახელდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნების არაერთხელ დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 5 დეკემბრის სსიპ ...-ში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი (არაგეგმიური) შემოწმების 2018/05/12 აქტი, მასში სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 22 მაისის N 2018/05/12-1 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებით, გარდა გასაჩივრებული აქტის მე-7 მუხლის 7.2. პუნქტისა; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის N10/6747 გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოცმომსახურების სამხარეო ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება 2019 წლის 17 იანვრის N43643 ადმინისტრაციული საჩივარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ ...-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 5 დეკემბრის სსიპ ...-ში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი (არაგეგმიური) შემოწმების 2018/05/12 აქტი, მასში სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 22 მაისის N2018/05/12-1 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებით, გარდა გასაჩივრებული აქტის მე-7 მუხლის 7.2. პუნქტისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის N 10.6747 გადაწყვეტილება; მოპასუხეებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლის შემდგომ ახალი გადაწყვეტილების მიღება, მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დააკმაყოფილოს მოსარჩელის 2019 წლის 17 იანვრის N43643 ადმინისტრაციული საჩივარი - ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების მე-12 მუხლზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული შემთხვევის დაწყების შესახებ დრო არ ემთხვევა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს და ჩატარებული ჰემოდიალიზის სეანსების დროს სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება ნეფროლოგის კონსულტაცია, გარდა ამისა, განმახორციელებელთან წარმოდგენილ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ნეფროლოგის კონსულტაციაზე გახარჯული თანხის ოდენობა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში, რომელშიც შემთხვევის შესახებ შეტყობინების ატვირთვის ვალდებულება აქვს პროგრამის მიმწოდებელს, ელექტრონულ პორტალზე მითითებული იყო სეანსის ჩატარების დრო შემოწმების აქტში ასახული შემთხვევების პერიოდში, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოითხოვება სეანსის დაწყების დროის მითითება. ამასთან, რაც შეეხება, პროგრამის მოსარგებლეთა მომსახურების მოცულობის თაობაზე არასრული, არასწორი მონაცემების ასახვას, სსიპ ...-ის დირექტორს წარედგინა დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის - ექიმი ნეფროლოგის ი.მ-ას N... მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, ჰემოდიალიზის სეანსზე მიმართვის ყოველ შემთხვევაზე არ ხდება ახალი ამბულატორიული ბარათის გახსნა, ამიტომ ოქმში სეანსის დაწყების დროები არ ემთხვეოდა პორტალზე ატვირთვის დროს, რადგან ზუსტი მითითება ამის შესახებ არ იყო. აგრეთვე, ელექტრონულ ჯანდაცვის პორტალზე მითითებული იყო სეანსის ჩატარების და არა სეანსის დაწყების დრო, რაც ბოლო პერიოდში შეიცვალა. ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვის დროს პაციენტი იმყოფებოდა კლინიკაში ან იყო ჩართული სეანსზე, ან იყო ჩართვის მოლოდინში. შესაბამისად, შემთხვევის მონაცემები ასახავს რეალურ მდგომარეობას. მოთხოვნები რეალურად არ არის მორგებული დიალიზის სამსახურის სპეციფიკასთან. მათ მიერ ნაწარმოებ ჰემოდიალიზის ოქმებში, გარდა თარიღისა და სეანსის დაწყების დროისა, მითითებულია მთელი რიგი მონაცემები, რომელიც ასახავს ნეფროლოგის კონსულტაციას და დასტურდება ნეფროლოგის ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს მსჯელობას ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სრულყოფილად არ იქნა დადგენილი, გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას. შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ შემოწმების აქტში მითითებული გარემოებების გამოკვლევა-შეფასება, კერძოდ, შემთხვევის შესვლის ზუსტ დროში ნაგულისხმევი ეტაპის მითითება, ამავე დროს უნდა შეფასდეს ნეფროლოგის მიერ გაწეული მომსახურება არის თუ არა ნეფროლოგის კონსულტაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების მე-12 მუხლზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აღნიშნული რეგულაციების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სააგენტოს მხრიდან მოხდა საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევა და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა სსიპ ...-ში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე (ვინაიდან სსიპ ...-ის მიერ, ჰემოდიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2009 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის ჩატარებული სეანსების აღრიცხვის დოკომენტაცია 621 პაპკა (ფაილი) ოქმები და 119 ამბულატორიული ბარათი, 2017 წლის 14 ოქტომბრის №11/9095-17 განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამართველოს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამართველოს მიერ. ასევე, 2018 წლის 10 ოქტომბრისთვის კლინიკას არ ჰქონდა მიწოდებული 2018 წლის აგვისტოს თვის შესრულება, შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 1 სექტემბრიდან - 2018 წლის 1 სექტემბრამდე) პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე შედგენილი იქნა 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში მიეთითა შერჩევითი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები). კერძოდ, 7.1 ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებული მონაცემების (შემთხვევის დაწყების და დამთავრების შესახებ ინფორმაცია) შერჩევითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, 86 ბენეფიციარის (5 806 შემთხვევა) სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებული მონაცემები შემთხვევის დაწყების შესახებ არ ემთხვევა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რის გამოც პროგრამის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნებას ექვემდებარება 238 046 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 23 804.60 ლარი. მითითებული შემოწმების აქტის 7.2 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ 925 (98 ბენეფიციარი) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, პროგრამის დანართი N15-ის მე-3 მუხლის (მომსახურების მოცულობა) მოთხოვნები, ჩატარებული ჰემოდიალიზის სეანსების დროს სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება ნეფროლოგის კონსულტაცია, გარდა ამისა განმახორციელებელთან წარმოდგენილ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ნეფროლოგის კონსულტაციაზე გახარჯული თანხის ოდენობა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება, რის გამოც პროგრამის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად უკან დაბრუნებას ექვემდებარება 468 917 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 46 891.7 ლარი. პროგრამის 22-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, ერთი შემთხვევის ფარგლებში ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული დამატებითი ფინანსური საჯარიმო სანქციის დაკისრებისას, ერთზე მეტი სანქციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო ხელმძღვანელობს უმეტესი ფინანსური ჯარიმის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტის მე-8 პუნქტში მიეთითა, რომ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 515 808.7 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 468 917 ლარი; დამატებითი ფინანსური ჯარიმა 46 891.7 ლარი.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N2018/05/12-1 გადაწყვეტილებით, 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტში შევიდა ცვლილებები, მათ შორის შემოწმების აქტის მე-7 პუნქტის 7.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,პროგრამის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ინფორმაცია N04/67670 წერილით, გადაეცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.“ ამასთან, ცვლილება შევიდა შემოწმების აქტის მე-8 პუნქტშიც და განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 261 850.6 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას დაექვემდებარა - 238 046 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 23 804.60 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტი სსიპ ...-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის N10/6747 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მითითებული შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი იყო სარჩელი და მიმდინარეობდა დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ...-ის თერაპიული სამსახურის თერაპიისა და ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილების ექიმი - ნეფროლოგის, ამავდროულად, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის - ი.მ-ას მოხსენებითი ბარათი, სადაც იგი 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტის 7.1 პუნქტში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული - ,,პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო“ არ შეიძლება გაიგივებულ იქნას ჰემოდიალიზის სეანსის დაწყების დროსთან. ჰემოდიალიზის სეანსზე მომართვის ყოველ შემთხვევაზე არ ხდება ახალი ამბულატორიული ბარათის გახსნა. ოქმში სეანსის დაწყების დროები არ ემთხვეოდა პორტალზე ატვირთვის დროს, მაგრამ არცერთ დადგენილებაში არ არის მითითებული, რომ პორტალზე უნდა ყოფილიყო ატვირთული სეანსის დაწყების დრო. ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე ასევე მითითებული იყო სეანსის ჩატარების დრო და არა სეანსის დაწყების დრო, რაც ამჟამად არის და ბოლო პერიოდშია შეცვლილი. ექიმ - ნეფროლოგის განმარტებით, ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე ატვირთულ დროს პაციენტი იმყოფებოდა კლინიკაში - ან იყო ჩართული სეანსზე, ან იყო ჩართვის მოლოდინში. შესაბამისად, შემთხვევის მონაცემები ასახავს სინამდვილეს და მოთხოვნები რეალურად არ არის მორგებული დიალიზის სამსახურის სპეციფიკასთან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტის კანონიერებას, შემოწმების აქტში სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N2018/05/12-1 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებით, გარდა აქტის მე-7 მუხლის 7.2 პუნქტისა. ასევე, სადავოა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის N10/6747 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტის 7.2 ქვეპუნქტში სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N2018/05/12-1 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ამ ნაწილში სამედიცინო დაწესებულებას საჯარიმო სანქცია აღარ ერიცხება (ინფორმაცია, შესაბამისი წერილის საფუძველზე გადაიგზავნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში), რაც ასახულია და დასტურდება შემოწმების აქტის მე-8 პუნქტში მითითებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობითაც. ამასთან, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სადავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის N2018/05/12 შემოწმების აქტის კანონიერება, მასში სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N2018/05/12-1 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებით, გარდა აქტის მე-7 მუხლის 7.2 პუნქტისა. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას შემოწმების აქტის 7.2 პუნქტში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ ნაწილში განხორციელებული ცვლილებისა და წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმების აქტში აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე მითითებულ დარღვევებზე მსჯელობის საფუძვლები არ იკვეთება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა სსიპ ...-ში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება. ბენეფიციარების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებული მონაცემების (შემთხვევის დაწყების და დამთავრების შესახებ ინფორმაცია) შერჩევითი შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, 86 ბენეფიციარის (5 806 შემთხვევა) სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებული მონაცემები შემთხვევის დაწყების შესახებ არ ემთხვევა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რის გამოც პროგრამის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნებას ექვემდებარება 238 046 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 23 804.60 ლარი (7.1 პუნქტი). ამდენად, სამედიცინო დაწესებულებისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში მითითებული შემთხვევის დაწყების შესახებ დრო არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია, დააფიქსიროს პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო. ამასთან, მითითებული პროგრამის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია (თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. აღნიშნული მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით. ანალოგიურ რეგულაციებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მითითებული ნორმებიც.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.)
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის შედგენისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, სსიპ ...-ის დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ პროგრამის მოთხოვნები რეალურად არ არის მორგებული დიალიზის სამსახურის სპეციფიკასთან და პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული - ,,პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო“ არ შეიძლება გაიგივებულ იქნას ჰემოდიალიზის სეანსის დაწყების დროსთან, ვინაიდან ჰემოდიალიზის სეანსზე მომართვის ყოველ შემთხვევაზე არ ხდება ახალი ამბულატორიული ბარათის გახსნა. მისივე განმარტებით, ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე სადავო პერიოდში მითითებული იყო ,,სეანსის ჩატარების დრო“ და არა ,,სეანსის დაწყების დრო“, რაც ბოლო პერიოდში შეიცვალა. ამასთან, პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე ატვირთულ დროს პაციენტი იმყოფებოდა კლინიკაში - ან იყო ჩართული სეანსზე, ან იყო ჩართვის მოლოდინში. შესაბამისად, შემთხვევის მონაცემები ასახავს სინამდვილეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება სამედიცინო დაწესებულების მიერ დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეულ მომსახურებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს მოსარჩელის შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები. ამასთან, გამოკვლევას და შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე სადავო პერიოდში მითითებული იყო თუ არა ,,სეანსის ჩატარების დრო“, რომელიც შემდგომ შეიცვალა ,,სეანსის დაწყების დრო“-ით. ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო თუ არა იმ მიზნით, რომ დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურებების სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზუსტებულიყო თუ რომელი ეტაპი იგულისხმება მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ,,პაციენტის შემოსვლის ზუსტ დრო“-ში. ამასთან, გამოსაკვლევი და შესაფასებელია სადავო პერიოდში ,,სეანსის ჩატარების დრო“-ის მითითების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ატვირთული მონაცემები არღვევს თუ არა ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 13 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 18 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 13 თებერვალს N03231 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 18 დეკემბერს N09404 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე