გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2026
საქმის ნომერი
ბს-88(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-88(კ-24) 10 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანება მ.კ-ას წარმომადგენლის, ზ.ხ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, ... ... №...-ში სახლთმფლობელობის მესაკუთრეს წარმოადგენს მ.კ-ა. არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, ..., სოფელი ... მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის შესაძლებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა №000254 მითითება, რომლითაც მოსარჩელეს განესაზღვრა 25 კალენდარული დღე ქ. თბილისში, ... ... №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და უნებართვო ობიექტების (კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობა, კაპიტალური დამხმარე ნაგებობა, ღობე ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის და 2 ლითონის ჭიშკარი) დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. 2019 წლის 18 მარტის შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილებით მ.კ-ა დაჯარიმდა 8000 ლარით, მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ.კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისში, სოფელ ...ში (ამჟამად ...ის ... №...) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2011 წლის 31 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.კ-ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1500.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი №..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №... საერთო ფართით 27,9 კვ.მ, №... საერთო ფართით 50,1 კვ.მ; ბ) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ.კ-ას 2012 წლის 21 სექტემბრის №... განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი-..., სოფელი ..., მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), I კლასის შენობა-ნაგებობის (დამხმარე სათავსოს) მშენებლობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის შესაძლებლობა; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ.კ-ას მიმართ 2019 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №000254, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით აშენებულია ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა და ამასთან, უნებართვოდ მოწყობილია ღობე (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკარი. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ.კ-ას დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის) არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვო ობიექტების, კერძოდ, კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა; დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000254, რომლითაც დადგინდა ამავე სამსახურის 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ... ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 19 მარტის №346 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებაში დაფიქსირებული დარღვევის სახეობა და შინაარსი არასრულად არის აღწერილი. კერძოდ, არ არის მითითებული შემდეგი დარღვევები: დამატებით აშენებულია (მოწყობილია) ხის შენობა-ნაგებობა კაპიტალური საძირკვლით და დამხმარე ნაგებობა; ვ) 2019 წლის 4 აპრილის №000254 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დროს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მ.კ-ას წარმომადგენელმა ზ.ხ-ამ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მისი და მ.კ-ას მიერ. მანვე ითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №-3/76-გ/19 ბრძანებით გაგრძელებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განხილვის ვადა 2 (ორი) თვით, კერძოდ, 2019 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით; ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 17 ივლისის №735 მოხსენებითი ბარათის თანახმად, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტი არ არის დემონტირებული და არ არის წარდგენილი მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 17 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება №000254 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, მ.კ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, საკ. კოდი №...-ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევისათვის (აშენებულია ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) და ამასთან, უნებართვოდ კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი; ი) 2019 წლის 1 აგვისტოს მ.კ-ას წარმომადგენელმა, ზ.ხ-ამ №19/01192131302-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მ.კ-ას წარმომადგენლის, ზ.ხ-ას 2019 წლის 1 აგვისტოს №19/01192131302-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება.

სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმისწარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. პროცედურების დარღვევით ჩატარებული წარმოება კი, წარმოადგენს აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესის დარღვევას, რაც მისი ბათილობის საფუძველს ქმნის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი არაკანონიერად მიიჩნევს მ.კ-ას მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას დაჯარიმების შესახებ და განმარტავს, რომ სამართალდამრღვევ სუბიექტს წარმოადგენს არა მ.კ-ა, არამედ თვითონ. საყურადღებოა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. ვინაიდან არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული სამშენებლო სამუშაოების დამკვეთს წარმოადგენდა მ.კ-ა, ამავე გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის მ.კ-ას პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც დამკვეთს. რაც შეეხება უნებართვოდ კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის მშენებლობას, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის მ.კ-ას პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, ვინაიდან ქ. თბილისში, ...ის ..., №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მ.კ-ა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი გააჩნდა სწორედ მ.კ-ას, როგორც ობიექტის მესაკუთრეს და სწორედ ის წარმოადგენდა სადავოდ გამხდარი ობიექტების მშენებლობის მწარმოებელ პირს.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, გასაჩივრებულ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ რატომ იქნა მიჩნეული მ.კ-ა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 4 აპრილს ადმინისტრაციული წარმოების დროს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მ.კ-ას წარმომადგენელმა - ზ.ხ-ამ თავადვე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მისი და მ.კ-ას მიერ. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის თავიდანვე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ, თუმცა მათი მხრიდან კვლევის საგანი არ ყოფილა ის გარემოება, თუ რომელმა პირმა კონკრეტულად რა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა. ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების ობიექტს, მოპასუხეს არ აძლევდა უფლებას, არ დაინტერესებულიყო და არ გამოეკვლია ვინ იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზ.ხ-ა არ უარყოფს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტს. უფრო მეტიც, 2022 წლის 15 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ.კ-ას წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია უძრავი ქონება მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა 2008 წლიდან სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს ზ.ხ-ა ოჯახთან ერთად. ეს უკანასკნელი ასევე უთითებს, რომ არის დევნილი პირი და ვინაიდან არ ჰქონდა თავშესაფარი, მ.კ-ამ ნება დართო ესარგებლა მისი უძრავი ქონებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებლად იყო უვარგისი, გადაწყვიტა ნელ-ნელა გაეუმჯობესებინა საცხოვრებელი პირობები, რის შემდგომაც მშენებლობის ნაწილი განახორციელა მ.კ-ას სახელზე გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ხოლო ნაწილი უნებართვოდ. შესაბამისად, არ დგინდება, რატომ იყო შეუძლებელი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენა ან რა გარემოებები გამოიკვლია და შეაფასა მოპასუხემ იმისათვის, რომ დაედგინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირ(ებ)ი.

სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (საჭიროების შემთხვევაში მოწმეებს, მეზობლებს), დაადგინოს, კონკრეტულად რა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა მოსარჩელე მ.კ-ამ, ხომ არ დასტურდება მის გარდა კიდევ სხვა პირის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის ფაქტი და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, დემონტაჟის დავალების ნაწილში. ამავე დროს, საკითხის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, შესაბამისად, გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მ.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათ ნაწილს არ მიეცა სწორი შეფასება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სამშენებლო სამუშაოები ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ნაწარმოებია ნებართვის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს როგორც მ.კ-ა, ასევე ზ.ხ-ა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს დასახელებულ ფართში. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი სამართალდარღვევის სუბიექტი და იგი მიიჩნევს რომ კანონის მიზნებისათვის, იგი არც დამკვეთია და არც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩატარებული სამუშაოები გაყო ორ ნაწილად და მ.კ-ას პასუხისმგებლობა დააკისრა 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებისთვის, როგორც დამკვეთს, ხოლო უნებართვოდ კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის და ორი ლითონის ჭიშკრის მშენებლობისათვის, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, ვინაიდან უძრავი ქონების მესაკუთრე არის მ.კ-ა და მასვე გააჩნდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი.

სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში - სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. პალატამ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ.კ-ას 2012 წლის 21 სექტემბრის №... განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი - ..., სოფელი ..., მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), I კლასის შენობა-ნაგებობის (დამხმარე სათავსოს) მშენებლობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის შესაძლებლობა. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის თაობაზე დადგენილება შედგენილია 2019 წლის 5 თებერვალს და მასში დაფიქსირებულია 2012 წლის 26 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით აშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ამასთან, უნებართვოდ მოწყობილი ღობე (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკარი. 2019 წლის 19 მარტის №346 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებაში დაფიქსირებული დარღვევის სახეობა და შინაარსი არასრულად არის აღწერილი. კერძოდ, არ არის მითითებული შემდეგი დარღვევები: დამატებით აშენებულია (მოწყობილია) ხის შენობა-ნაგებობა კაპიტალური საძირკვლით და დამხმარე ნაგებობა. ადმინისტრაციული წარმოების დროს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მ.კ-ას წარმომადგენელმა - ზ.ხ-ამ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მისი და მ.კ-ას მიერ. მანვე ითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დარღვეულია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპები. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, მ.კ-ა რამდენად წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. კანონის მიზნებისთვის მშენებლობაზე ინტერესის მქონე პირის გამოვლენა საკვანძო საკითხია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სწორად მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში ზ.ხ-ა არ უარყოფს მის მონაწილეობას აღნიშნულ სამუშაოებში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მ.კ-ას ჩართულობას. ის, რომ მ.კ-ამ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზევე იყო ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ხოლო ზ.ხ-ას სიტყვიერი მითითება, რომ მხოლოდ მას აქვს დასახელებული ქონების სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, ვერ იქნება საკმარისი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრე არის მ.კ-ა, შესაბამისად, ქონების ღირებულების გაზრდისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით სარგებელს იღებს და დაინტერესებულია სწორედ მესაკუთრე. უნებართვო მშენებლობის განმახორციელებლ პირზე მითითება არ გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც მშენებლობას აწარმოებს. სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. მ.კ-ას გააჩნდა გარკვეული სამუშაოების წარმოების ინტერესი, რასაც ადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი მიმართვა, ხოლო ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ნებართვა მოიაზრებდა, დადასტურებულია სადავოდ გამხდარი დადგენილებებით. უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უპირატესია მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა, ხოლო ნებართვის არსებობის პირობებში, პირველ რიგში, პასუხისმგებელია პირი, რომელიც დაინტერესებული იყო ნებართვის მოპოვებით, წარმოადგენს ფართის მესაკუთრეს და აქვს მის საკუთრებაში წარმართულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა. მითითების ფარგლებშიც მხარეს დაევალა, შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობაში მოეყვანა ობიექტი და ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუვალებია შენობის სრული დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საქმეზე ხელახლა მსჯელობის ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის №964-Iს საქართველოს კანონის გამოყენების საკითხზე და განმარტა, რომ დასახელებული კანონით დადგენილი შეღავათის სამშენებლო სამართალდარღვევების მიმართ გავრცელებისათვის, აუცილებელია მითითებული კანონით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად (ერთობლივად) არსებობა: 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე; 2. ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე; გამოქვეყნების თარიღი - 01.10.2019წ.) არ უნდა იყოს აღსრულებული; 3. ფიზიკური პირი უნდა წარმოადგენდეს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. გარდა აღნიშნულისა, სამშენებლო სამართალდარღვევა უნდა იყოს დასრულებული, კერძოდ, 2019 წლის 15 იანვრისათვის ადმინისტრაციულ გადაცდომას უნდა ჰქონდეს დასრულებული სახე, იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს სამართალდარღვევის ჩადენის დრო და დასახელებული კანონის სუბიექტი. განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შემოწმების აქტით №000254 დგინდება, რომ მშენებლობა გამოვლენის მომენტისთვის იყო მიმდინარე, ამრიგად, მოცემული კანონის დანაწესი წინამდებარე საქმეზე ვერ გავრცელდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ამ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად განმარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 და მე-15 მუხლები სამართალდარღვევად მესაკუთრის მიჩნევის ნაწილში და არასწორად დააკისრა პასუხისმგებლობა მ.კ-ას, რომელსაც არ უწარმოებია „ნებართვის“ დარღვევით სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, საქმე ისე განიხილა ორივე ინსტანციის სასამართლომ, რომ საქმეში არ ყოფილა მოწვეული მესამე პირად შპს „...“, სს „...“, შპს „ ს...“. აღნიშნული კომპანიების მართვაში და საკუთრებაში არსებული გაზის მილები კვეთს მ.კ-ას უძრავ ქონებას. ქ. თბილისის მერიამ მ.კ-ას შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი და მოლოდინი, რომ მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის მოთხოვნის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. კასატორმა სს „...-სგან“ მიიღო წერილი 05/03/2019 წელს იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო დაუშვებელია და მოეთხოვა, მოეხდინა აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი (გაფრთხილების წერილის მიღების პერიოდი ემთხვევა მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პერიოდს). სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 10.07.2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სს „...-ამ“, აღნიშნული გაფრთხილების წერილი ცნო ბათილად, რადგან აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად უვარგისი და უმოქმედო მილებია დარჩენილი მ.კ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, შესაძლებელია მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვის აღება. მესამე პირად ხსენებული კომპანიების ჩართვა, ჯერ კიდევ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და შემდეგ - პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ხელს შეუწყობდა შესაბამისი ნებართვის აღებას მოსარჩელის მიერ და თავიდან იქნებოდა აცილებული კერძო საკუთრებაში ისეთი უხეში ჩარევა, როგორიცაა დემონტაჟი. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, რა დროსაც დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. პროცედურების დარღვევით ჩატარებული წარმოება კი, წარმოადგენს აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესის დარღვევას, რაც მისი ბათილობის საფუძველს ქმნის. მუნიციპალური ინსპექციის, ასევე ზემდგომი ორგანოს და საქმის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო მესამე პირების არსებობის შესახებ. აღნიშნულს ადასტურებდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული სადავო დადგენილება, როცა ზ.ხ-ამ ითხოვა ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება, რომ მოეგვარებინა ხსენებულ კომპანიებთან მილების გადატანის პრობლემური საკითხი (სხდომის გადადების შუამდგომლობა დააკმაყოფილა საჩივრის განმხილველმა ორგანომ), ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზ.ხ-ას პასუხისმგებლობა და ინტერესი მშენებლობასთან დაკავშირებით დაუკავშირა ფორმალურად ნებართვის მიმღებს (დამკვეთს), თუმცა, ზ.ხ-ა საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აცხადებდა, რომ მასზე არის გადაცემული უძრავი ქონება მფლობელობაში/სარგებლობაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს ჯარიმისგან გათავისუფლების ნაწილში უნდა გამოეყენებინა საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლების შესახებ“, რომელიც ათავისუფლებს ფიზიკურ პირებს ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისაგან, შესაბამისი საურავისაგან. სამართალდარღვევაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო საქმისწარმოება 2019 წლის 5 თებერვალს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მშენებლობის მიმდინარეობაზე 2019 წლის 15 ინვრიდან 2019 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში. ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლოები ეყრდნობიან ზ.ხ-ას აღიარებას, რომ მან სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 2007-2012 წლებში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მშენებლობის მწარმოებელი პირი და მისი ინტერესი სადავო მშენებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლო არა არსებით დარღვევად მიიჩნევს მოპასუხეების მიერ სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას დაფიქსირებული დარღვევის არასრულად მითითებას, კერძოდ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 19 მარტის №346 მოხსენებით ბარათში 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებაში დაფიქსირებული დარღვევის სახეობა და შინაარსი არასრულად არის აღწერილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.კ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით, მ.კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 1 ივლისის განჩინებით, მ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ.კ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელ ... (ამჟამად ...ის ... №...), საკადასტრო კოდი... (ნაკვეთის წინა ნომერი...), ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1500.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 27,9 კვ.მ, №2 საერთო ფართით 50,1 კვ.მ, 2011 წლის 31 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.კ-ას სახელზე (ს.ფ 140-141, 15); ბ) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ.კ-ას 2012 წლის 21 სექტემბრის №... განცხადება და დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი-..., სოფელი ..., მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), I კლასის შენობა-ნაგებობის (დამხმარე სათავსოს) მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა (ს.ფ 16-17); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ.კ-ას მიმართ 2019 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №000254, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით აშენებულია ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა და ამასთან, უნებართვოდ მოწყობილია ღობე (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკარი. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ.კ-ას დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის) არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვო ობიექტების, კერძოდ, კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა (ს.ფ 117-118); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000254, რომლითაც დადგინდა ამავე სამსახურის 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა (ს.ფ 119-120); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 19 მარტის №346 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 თებერვლის №000254 მითითებაში დაფიქსირებული დარღვევის სახეობა და შინაარსი არასრულად არის აღწერილი. კერძოდ, არ არის მითითებული შემდეგი დარღვევები: დამატებით აშენებულია (მოწყობილია) ხის შენობა-ნაგებობა კაპიტალური საძირკვლით და დამხმარე ნაგებობა (ს.ფ 144); ვ) 2019 წლის 4 აპრილის №000254 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დროს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მ.კ-ას წარმომადგენელმა ზ.ხ-ამ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მისი და მ.კ-ას მიერ. მანვე ითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №-3/76-გ/19 ბრძანებით გაგრძელებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 (ორი) თვით, კერძოდ, 2019 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით (ს.ფ 145, 146); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...-...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 17 ივლისის №742 მოხსენებითი ბარათის თანახმად, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტი არ არის დემონტირებული და არ არის წარდგენილი მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ს.ფ 154); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 17 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება №000254 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, მ.კ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, საკ. კოდი...-ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევისათვის (აშენებულია ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) და ამასთან, უნებართვოდ კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი (ს.ფ 20-23); ი) 2019 წლის 1 აგვისტოს მ.კ-ას წარმომადგენელმა, ზ.ხ-ამ №19/01192131302-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.კ-ას წარმომადგენლის, ზ.ხ-ას 2019 წლის 1 აგვისტოს №19/01192131302-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება (ს.ფ 80-85, 24-31).

მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილების კანონიერება, რომლითაც მ.კ-ა დაჯარიმდა 8000 ლარით და დაევალა ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობისა (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი, მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ.

ზემოაღნიშნული დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.

ზემოთ დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში, საკ. კოდი...-ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევა (აშენებულია ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) და უნებართვოდ კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობისა (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის მშენებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომაზე მ.კ-ას წარმომადგენელმა ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოპოვებული აქვს შესაბამისი სამშენებლო ნებართვა და აღნიშნული შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობასა და კაპიტალურ დამხმარე ნაგებობასთან მიმართებით კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული ნაგებობები აგრეთვე, რეგისტრირებული აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. რაც შეეხება ღობეს და ლითონის ჭიშკრებს, კასატორმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კონსტრუქციები აშენებულ იქნა 2007 წლამდე და დღეის მდგომარეობით ძირითადად დემონტირებულია (იხ. 11.06.2025წ. სხდომის ოქმი 12:35-დან).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სასამართლოში საქმის განხილვა ადასტურებს, რომ დავა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე არ არის დასრულებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის №ბს-360-357(2კ-17) განჩინება; 2022 წლის 13 ივლისის №ბს-504-504(3კ-18) გადაწყვეტილება). „ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის №ბს-504-504(3კ-18) გადაწყვეტილება).

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებულ საქმის წარმოებას, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართლის ღონისძიების განხორციელების საფუძვლების შემოწმება მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას. მშენებლობის ნებართვის უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან. ის, როგორც საფრთხის თავიდან აცილების პრევენციული საშუალება, შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი პროცედურების გავლით გამოირიცხოს მშენებლობის განხორციელებით დამდგარი საფრთხეები. სამშენებლო საქმიანობის ფორმალური კანონიერება უნდა შეფასდეს მატერიალური კანონიერებისგან დამოუკიდებლად. შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა – მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა არ არის საკმარისი მის გამოსაყენებლად. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით, არის ლეგალური, თუმცა დარღვეულია ფორმალური კანონიერების კრიტერიუმი, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ მომხდარა მისი კანონთან შესაბამისობის შემოწმება. ფორმალური კანონიერების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ფორმალური კანონიერების ფარგლებში მოქცევა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული დადგენილებით ორსართულიან კაპიტალურ შენობა-ნაგებობასთან მიმართებით მ.კ-ას დაევალა არა აღნიშნული ობიექტის დემონტაჟი, არამედ ობიექტის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7307484 ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ... №... არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამდენად, ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა ფორმალური თვალსაზირისითაც მოექცა კანონიერ ჩარჩოში - ახალი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში, რომელთან შესაბამისობის საკითხიც ამ ეტაპზე მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შეცვლილი ობიექტური გარემოებები და გასაჩივრებული დადგენილება, ისევე როგორც, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ამდენად, მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მ.კ-ასთვის ობიექტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის დავალების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - “იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ”) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი“ (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §55). იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევის დადგენის საფუძვლად არ მიიჩნიოს, საჭიროა მოცემული ჩარევა პირველ რიგში იცავდეს კანონიერების პრინციპს (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §58). კანონიერების პრინციპი ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ამაზე მეტყველებს ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილება - „ბელანე ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ” (Béláné Nagy v. Hungary, no. 53080/13), რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხსენებულ უფლებაში ნებისმიერ ჩარევა მოცემულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

საკასაციო სასამართლო, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი არის აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1112(კ-18)) .

„შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის, გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 31 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით... საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.კ-ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1500.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 27,9 კვ.მ, №2 საერთო ფართით 50,1 კვ.მ და №3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ასევე კაპიტალური საძირკვლის ხის და დამხმარე ნაგებობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ.კ-ას საკუთრებად მარეგისტრირებელ ორგანოში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის და კაპიტალური დამხმარე ნაგებობის დემონტაჟის დავალება არ ემსახურება შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს და არ წარმოადგენს მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას. წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კერძო ინტერესს, ვინაიდან მითითებული შენობების დემონტაჟი არ გამომდინარეობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან და ამავდროულად, მათი დემონტაჟით საერთაშორისო კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება უკანონოდ იქნება დარღვეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული დადგენილება ამ ნაწილში აგრეთვე, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ ღობე და ლითონის ჭიშკრები განთავსებულია 2007 წლამდე პერიოდში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით) მე-60 მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე. მითითებული დადგენილების მე-60 მუხლში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულების შესახებ ცვლილება განხორციელებულია 2008 წლის 27 ოქტომბერს, აღნიშნულ პერიოდამდე კი, მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე, კანონმდებლობის, კერძოდ, სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სათანადოდ არ არის დადასტურებული ღობისა და ლითონის ჭიშკრების უნებართვო მშენებლობად მიჩნევის საკითხი, რაც ასევე გამორიცხავს ამ ნაწილში მ.კ-ასთვის დემონტაჟის დავალების საფუძვლების არსებობას.

რაც შეეხება მ.კ-ას დაჯარიმების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ჯარიმის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება კასატორის მითითებას „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (18/09/2019წ. 4964-Iს), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ.კ-ას მიერ გადახდილია სადავო დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა. შესაბამისად, არ არსებობს მითითებული კანონის მოცემულ შემთხვევაზე გავრცელებისა და მოსარჩელის ჯარიმისაგან გათავისუფლების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი მ.კ-ასთვის ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობისა (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის დავალების ნაწილში. შესაბამისად, მ.კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში მ.კ-ას მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ 33), სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ს.ფ 312), ხოლო საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი (ს.ფ 450), რომლის გადახდაც ჯამში - 550 ლარის ოდენობით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, უნდა დაეკისროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მ.კ-ას სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. მ.კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკევეთის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2047 ბრძანება ობიექტის (ორსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 სექტემბრის №368015 გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური საძირკვლის მქონე ხის შენობა-ნაგებობის, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის, ღობის (ნაწილობრივ კაპიტალური და ნაწილობრივ მსუბუქი კონსტრუქციის) და ორი ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის დავალების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

6. დანარჩენ ნაწილში მ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მ.კ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე