დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-89(2კ-26) 28 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორი – ა. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 1 მაისს ა. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 405კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებას ერთვოდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' მიერ 2022 წლის 17 აგვისტოს მომზადებული საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობისა და მისი ხნოვანების შესახებ. ზემოაღნიშნული დასკვნის მიხედვით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარე №1 შენობა აშენებულია 2006 წლიდან 2010 წლამდე შუალედში, №2 ნაგებობა არ ფიქსირდება 2010, 2006 და 2005წლის ორთოფოტოებზე, №3 შენობა აშენებულია 2005 წელს ან უფრო ადრე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №49 განკარგულებით უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა სს „თ...ს“ 2021წლის 14 დეკემბრის №1214.218/21 წერილი, რომლის თანახმად ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს კვეთდა და მის მიმდებარედ გადიოდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „...“ ს/კ ...; მესაკუთრე სს „თ...“(ს/ნ:...). ზემოაღნიშნული გარემოება ასევე წარმოადგენდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომისიაში წარადგინა სს „თ...დან“ ახალი, 2022 წლის 24 ნოემბრის №1124/504/22 წერილი, მასთან ერთობლიობაში 01/11/2022წ. მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც ადასტურებდა რომ 110კვ.ელ გადამცემის საყრდენი ბოძი მიწის ნაკვეთიდან დაცილებულია 61 მეტრით; მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებული დოკუმენტები გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის ასახული. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2023 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ა. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიის 2023 წლის 15 მარტის №774 განკარგულებით არ დააკმაყოფილა ა. ჩ-ეის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, რამეთუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საფუძვლად დაედო ა. ჩ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის ხელსაყრელი შედეგი დადგებოდა იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო ჩაატარებდა სრულყოფილ ადმინისტრაციულ წარმოებას.
ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 15 მარტის №774 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ა. ჩ-ეის მოთხოვნა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 405.0კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 15 მარტის განკარგულება №774 „ახლადაღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიწის ნაკვეთზე ა. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 405კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ა. ჩ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ა. ჩ-ემ. ადმინისტრაციულმა ორგანომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ა. ჩ-ემ - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. ჩ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ჩ-ემ 2016 წლის 15 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №14/2653 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №539 საოქმო გადაწყვეტილებით ა. ჩ-ეს უარი ეთქვა მის მიერ მითითებულ, ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარე 410 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ა. ჩ-ეის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა. ჩ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №539 სხდომაზე მე-19 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ა. ჩ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ა. ჩ-ეის 2016 წლის 15 თებერვლის №14/2653 განცხადებაზე დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2171 განკარგულებით, ა. ჩ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განმცხადებლის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმ გარემოების ვარაუდის საფუძველს, რომ ა. ჩ-ე ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №49 განკარგულებით, ა. ჩ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე. გარდა ამისა, განკარგულებაში აღინიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით და სააქციო საზოგადოება „თ...ს“ 2021 წლის 14 დეკემბრის №... წერილით დადგენილია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს კვეთს და მის მიმდებარედ გადის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „...“ (ს/კ: ...; მესაკუთრე: სააქციო საზოგადოება „თ...“ ...). აღნიშნული გარემოება კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
ა. ჩ-ეის წარმომადგენელმა ხ. გ-ემ 2022 წლის 30 აგვისტოს №... განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე 405 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ა. ჩ-ეის მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის სააგენტოში“ წარდგენილი, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 15 მარტის №774 განკარგულებით, ა. ჩ-ეს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე კვლავ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სს „თ...ს“ 2022 წლის 24 ნოემბრის №1124/504/22 წერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს სს „თ...ს“ კუთვნილი 110კვ-ის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „...“, საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის მიმდებარედ დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ,,1. ნაკრძალებში, დასახლებათა გამწვანების ზონაში, პარკებში, საავტომობილო გზისა და რკინიგზის გასწვრივ ქარსაცავ ზოლში-ჰორიზონტალური მანძილით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურად გადახრილი განაპირა სადენებიდან ხეების ვარჯამდე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება, მუხლი 3, პუნქტი ა.გ ქვეპუნქტი ა.გ.გ.); 2. მანძილი სეგხ-ის განაპირა სადენებიდან ორივე მხარეს მაქსიმალური გადახრის შემთხვევაში საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის უკიდურესად გამოშვერილ ნაწილამდე არ უნდა იყოს 4 მეტრზე ნაკლები. მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნას მათი აშენება უწვადი მასალების გამოყენებით (ელ. დანადგართა მოწყობის წესების პ. 2.5.115); 3. აკრძალულია გხ გატარება შენობებზე დანაგებობებზე, გარდა უწვადი მასალებისგან დამზადებული სამრეწველო საწარმოების შენობა-ნაგებობებისა. მინიმალური მანძილი ვერტიკალში გხ-ის სადენის მაქსიმალური ჩაღუნვის ისრიდან შენობამდე და ნაგებობამდე უნდა იყოს არანაკლებ 4 მეტრი (პ.2.5.114 ); 4. აკრძალულია ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან 110კვ-ის ანძასთან მისასვლელი გზების ლიკვიდაცია ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი(მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის) (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება მუხლი 4, პუნქტი ე); 5. სეგხ–ის დაზიანების ან უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ხაზის დაცვის ზონაში (20 მეტრი განაპირა სადენიდან ორივე მხარეს). ყველა სახის სამუშაო წერილობით შეთანხმებული უნდა იყოს სს „თ...ს“ შესაბამის სამსახურთან (საქართველოს სააქციო საზოგადოება „თ...“ მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება. მუხლი 3, პუნქტი ა.ა.გ. და მუხლი 4 პუნქტი 2);'' ამავე წერილებში აღნიშნულია, რომ სს „თ...“ არ არის წინააღმდეგი აწარმოონ მშენებლობა, თუ დაცული იქნება ზემოთ აღნიშნული ნორმები.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დგინდება, რომ 110 კვ.ელ გადამცემის საყრდენი ბოძი ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიდან დაცილებულია 61 მეტრით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 17 აგვისტოს №005664422 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებული 405 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარე №1 შენობა აშენებულია 2006 წლიდან 2010 წლამდე შუალედში, №2 ნაგებობა არ ფიქსირდება 2010, 2006 და 2005 წლის ორთოფოტოებზე, №3 შენობა აშენებულია 2005 წელს ან უფრო ადრე.
სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ა. ჩ-ეის მიერ კომისიაში წარდგენილ სს „თ...ს“ 2022 წლის 24 ნოემბრის №1124/504/22 წერილთან ერთად მხარის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საიდანაც დასტურდება, რომ 110 კვ.ელ გადამცემის საყრდენი ბოძი ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიდან დაცილებულია 61 მეტრით. სასამართლოს შეფასებით, მითითებული დოკუმენტი წარმოადგენს სწორედ იმ მტკიცებულებას, რომელიც კომისიის მიერ მიჩნეული უნდა ყოფილიყო, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), ვინაიდან სწორედ მსგავსი დოკუმენტის არარსებობა გახდა წინა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სადავო განკარგულების გამოცემის დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება კვლევისა და შეფასების საგანი საერთოდ არ გამხდარა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით, იმავე საფუძვლებით, გაასაჩივრეს როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ასევე ა. ჩ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. ჩ-ეის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. ჩ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 15 მარტის №774 განკარგულების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ზემოაღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის აღიარების შემთხვევაში კი ასეთი აუცილებლობა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, უნდა დასტურდებოდეს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დააფუძლოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს; ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს იმპერატიული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამეთუ ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლასა და გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საკასაციო პალატას ნიშანდობლივად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილი სს „თ...ს“ წერილი, საკადასტრო ნახაზი და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 17 აგვისტოს №005664422 საექსპერტო დასკვნა, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა მიიჩნიოს ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად და მათი გაანალიზების საფუძველზე განმეორებით უნდა იმსჯელოს ა. ჩ-ეის მოთხოვნის კანონიერების თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის დანაწესიდან გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ განმეორებით უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობაზე ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა მხედველობაში მიღებისა და გაანალიზების საფუძველზე.
ამრიგად, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ეთანხმება სასამართლოთა დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ა. ჩ-ეის 2026 წლის 16 თებერვლის №ბ-174-26 განცხადებას დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ და აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ჩ-ეის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლბელობა ა. ჩ-ეს მიეცემა ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ევალება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მოთხოვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ჩ-ეის საკასაციო საჩივარზე ხ. გ-ეს 21.01.2026წ. საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 300 ლარისა გადახდილი აქვს 350 ლარი, ხ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 50 ლარი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, ჯამში - 260 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. ჩ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ა. ჩ-ეის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ხ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა. ჩ-ეის საკასაციო საჩივარზე 21.01.2026წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი 350 ლარიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, ჯამში - 260 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა