არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-175(კს-26) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - ზ.ც-ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 7 აგვისტოს №000067 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ოქტომბრის №1510 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ.ც-ე გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 7 აგვისტოს №000067 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საურავის (ჯარიმის გადაუხდელობის გამო) გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ.ც-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ზ.ც-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა განსახილველად.
3. ზ.ც-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ლეგალიზების შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც აღძრული იყო შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №1184 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით ზ.ც-ის წარმომადგენლების მ.ნ-ის და გ.ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება (საქმე №3ბ/2666-25) ზ.ც-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრულ სარჩელზე (საქმე №3/9485-25) (მოპასუხეები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №1184 ბრძანება) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ №3/9485-25 ადმინისტრაციულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 18 სექტემბრის №1184 ბრძანებისა და არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ამავე სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №532616 ბრძანებით დგინდება, რომ მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა უნებართვო ავტოფარეხის ლეგალიზება. არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მას მოთხოვნის განხილვაზე ეთქვა უარი, რამდენადაც არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა გახდებოდა. შესაბამისად, გაუგებარია, რა პირდაპირი და უშუალო კავშირი შეიძლება გააჩნდეს მოცემული საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას №3/9485-25 ადმინისტრაციულ საქმესთან, იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შემადგენლობას და არა არსებითად უარის თქმის კანონიერების შეფასებას. სასამართლოს მხრიდან მსგავსი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად აჭიანურებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რამდენადაც №3ბ/2666-25 საქმის განხილვა შესაძლებელია №3/9485-25 საქმისგან დამოუკიდებლად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების კუთხით, საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობდა თუ არა აუცილებელი კავშირი განსახილველ საქმესა და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას (იხ. სუსგ №ბს-848(2კს-24), 21.11.2024წ.).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 7 აგვისტოს №000067 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ოქტომბრის №1510 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 7 აგვისტოს №000067 დადგენილებით, ზ.ც-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დასახლება ... მე–... მ/რ, მე–... კვ., ...ის ქუჩისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფო ტერიტორია ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობისათვის, რომლის ნაწილიც გადადის №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. ამავე დადგენილებით ზ.ც-ეს დაევალა ქ. თბილისში, დასახლება ... მე–... მ/რ, მე–... კვ, ...ის ქუჩა, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფო ტერიტორია ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზ.ც-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მისთვის დაკისრებული სანქციის კანონიერება.
საგულისხმოა, რომ ზ.ც-ის მიერ მოთხოვნილ იქნა განსახილველ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი იყო სარჩელი ავტოფარეხის ლეგალიზების თაობაზე შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №1184 ბრძანება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1292(კ-22)). უნებართვო მშენებლობის კანონიერ ფარგლებში მოქცევა - ლეგალიზება ზემოქმედებას მოახდენს სამართალდამრღვევი პირისათვის დემონტაჟის დავალების საკითხზე. საგულისხმოა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნებართვო მშენებლობა დენადი სამართალდარღვევაა. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით (იხ. სუსგ, ბს-126-125(კ-12), 12.06.2012წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წინამდებარე საქმის პარალელურად სასამართლოში განიხილება ზ.ც-ის სარჩელი იმ ავტოფარეხის ლეგალიზების შესახებ, რომელიც მიჩნეულ იქნა უკანონო ნაგებობად სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 7 აგვისტოს №000067 დადგენილების ფარგლებში. მართალია, წინამდებარე საქმეზე სადავო აქტების გამოცემის დროს ფართი არ იყო ლეგალიზებული, თუმცა პირის სასარგებლოდ ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის (ლეგალიზების საკითხის დაკმაყოფილების) პირობებში, აღნიშნული არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის გადაწყვეტა შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრულ სარჩელზე (საქმე №3/9485-25) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ დასკვნას არ ცვლის კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 27 ივნისის №7532616 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე ზ.ც-ეს მოთხოვნის განხილვაზე ეთქვა უარი, რამდენადაც უდავოდ დადგენილია, რომ ავტოფარეხის ლეგალიზების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა