ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 30.06.2026
საქმის ნომერი
ბს-321(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-321(კს-26) 30 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაზე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შ. ა-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სპეციალური პენიტენციური სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. ა-ემ 2024 წლის 15 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 17 სექტემბრის №MES 4 24 0001145011 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოსარჩელის მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით განსაზღვრულ უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური ფორმით სწავლების დაწყების უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხეებისთვის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. ა-ეის მიერ, რომელმაც ამავდროულად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის განახევრებასა და ერთი თვით გადავადებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით შ. ა-ეის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; კერძოდ დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარმოედგენა სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში.

2026 წლის 03 თებერვალს შ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო პალატას, განცხადებას თან დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობები და განქორწინების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობა. განცხადებაში შ. ა-ე აღნიშნავდა, რომ იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იყო მეუღლესთან განქორწინებული და არ გააჩნდა ოჯახის მხარდაჭერა. აღნიშნავდა, რომ საქმე ეხებოდა განათლების უფლებას, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებით შ. ა-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან განთავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის განახევრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მასვე დამატებით მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

2026 წლის 26 თებერვალს შ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება. განცხადებას თან ერთოდა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, რომელიც მიემართებოდა 01.02.2026წ.-16.02.2026წ. პერიოდს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები და პენიტენციური სამსახურის დაწესებულების 2026 წლის 24 თებერვლის წერილი, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია მასზედ, რომ შ. ა-ესთან გრძელვადიან პაემანზე იმყოფებოდნენ მისი შვილები. შ. ა-ე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ჰქონდა არაერთი მიმდინარე სასამართლო დავა, რომლის ფარგლებშიც უწევდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სხვა დავის ფარგლებშიც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განახევრებას, ასევე აღნიშნავდა, რომ იყო მრავალშვილიანი მამა, რომლებსაც მათი კეთილდღეობისთვის ესაჭიროებოდათ მხარდაჭერა, მათი ფინანსური უზრუნველყოფა მეტწილად მასზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის კონკრეტული ოდენობა და ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინებით შ. ა-ეის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი. პალატამ მიიჩნია, რომ შ. ა-ეის მიერ 2026 წლის 26 თებერვალს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ ადასტურებდა მის გახადისუუნარობას, შესაბამისად, რადგან შ. ა-ემ განჩინებით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შ. ა-ეის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ არაერთი არგუმენტისა და მტკიცებულების წარდგენისა, სასამართლომ მაინც განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარებზე (წიგნი I), და მიიჩნევს, რომ სასამართლო შეღავათების მინიჭების/არმინიჭების საკითხში მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის სტატუსს - ვინაიდან იგი არის უვადო პატიმარი, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული და გაენახევრებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არის 4 შვილის მამა, აქვს არაერთი მიმდინარე სასამართლო დავა. მას დაუსაბუთებლად ეზღუდება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება და ითხოვს შესაბამის რეაგირებას, რათა შეძლოს მისი უფლებებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებით შ. ა-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის პირველი წინადადების თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით სარგებლობს გარკვეული შეფასების ზღვარით (იხ. Garcia Manibardo v. Spain, no. 38695/97, § 36, ECHR 2000-II; Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, no. 46129/99, § 47, 12 ნოემბერი 2002). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სამართალწარმოების ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვას საპროცესო ნორმატიული წესრიგი, პროცესუალურ-სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს სწორედ მათზე დაყრდნობით და ამ გზით, უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივი კომპონენტებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება. აღნიშნული განსაკუთრებით მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლებისათვის შემადგენელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლის მეშვეობით მხარეები ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ მატერიალურ-პროცესუალურ ხარვეზებზე რეაგირების ქმედითი შესაძლებლობით აღიჭურვებიან. აღნიშნული შესაძლებლობის ეფექტური რეალიზებისათვის საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელი დაბრკოლების/ბარიერის შექმნა ილუზორულს ხდის მხარისათვის მინიჭებულ გასაჩივრების უფლებას და აცლის მას არსს, რამდენადაც ასეთ პირობებში, მართალია, ფორმალურად არსებობს უფლების განმამტკიცებელი საკანონმდებლო მოწესრიგება, თუმცა მოშლილია ამ პროცესუალური მექანიზმის გამოყენების ქმედითი, ეფექტური შესაძლებლობა (იხ. სუსგ №ბს-636(კს-24), 21.11.2024წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, §§29-30). მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება განიხილება სამართალწარმოების „სამართლიანობის ჭრილში (Hirvisaari v. Finland, §§30-33), სტრუქტურულად, ის ასევე შეესაბამება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, ვინაიდან ორივე მოითხოვს კონკრეტულ საქმეში აპლიკანტის მიერ წამოჭრილი შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დადგენა (Chervol v. France). დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს (Fomin v. Moldova §§22-34). უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში (Suominen v. Finland §§25-38). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ა-ე სააპელაციო საჩივრითა და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებასა და 1 თვით გადახდის გადავადებას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ 2026 წლის 21 იანვრის განჩინებაში, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებასა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2026 წლის 05 მარტის განჩინებაში იმსჯელა შ. ა-ეისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ, თუმცა შეფასების მიღმა დატოვა შ. ა-ეისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხი, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს შ. ა-ეის შუამდგომლობის ფარგლებში გააჩნდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2026 წლის 05 მარტის განჩინება დაუსაბუთებელია, შესაბამისად, შ. ა-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინება და საქმე შ. ა-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გამოიწვევს იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არსებობდა. შესაბამისად, აღდგება ხარვეზის დადგენის შემდგომი ვითარება, რომლის ფარგლებშიც, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს შ. ა-ეისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ა-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინება და საქმე შ. ა-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა