ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-330(კს-26) 10 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ.ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნლი ბიურო
მესამე პირი - ი.ხ-ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ.ხ-იმა 2023 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 7 ივნისის №01/01-14/10-838 განკარგულების არარად აღიარება მოითხოვა. ამასთან, დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი.ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით ბ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მითუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე და 74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა ბ.ხ-ის წარმომადგენელს - ი.ხ-ის მისამართზე - თბილისი, ...ის ქუჩა №... აღნიშნული გადაწყვეტილება ადრესატს მითითებულ მისამართზე პირადად ჩაბარდა 2025 წლის 30 დეკემბერს 17:09:59 საათზე, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 208). შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მოსარჩელეს ამოეწურა 2026 წლის 13 იანვარს, ბ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი კი ... ფოსტას ჩაბარდა 2026 წლის 09 თებერვალს (ს.ფ. 221), ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.ხ-იმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2025 წლის 30 დეკემბერს ჩაჰბარდა არა 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, არამედ 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 203), სადაც დამატებით განყოფილებაში მითითებულია - „ი.ჩ-ა განჩინება“, ხოლო 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ი.ხ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაეგზავნა 2026 წლის 22 იანვარს, რომელიც ბ.ხ-ის ჩაჰბარდა 2026 წლის 29 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით, ხოლო მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაჰბარდა 27 იანვარს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ბ.ხ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო განჩინებაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს - ი.ხ-ის ჩაჰბარდა 2025 წლის 30 დეკემბერს, თუმცა საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გზავნილით (ს.ფ. 206) დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება 2026 წლის 21 იანვარს გაეგზავნა ბ.ხ-ის წარმომადგენელს - ი.ხ-ის მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №... და 2026 წლის 26 იანვარს ხსენებულ მისამართზე ჩაჰბარდა თავად მოსარჩელე ბ.ხ-ის, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურით (ს.ფ. 234). ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაგზავნად ფოსტას ჩაჰბარდა 2026 წლის 9 თებერვალს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით (ს.ფ. 221).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 27 იანვრიდან და ამოიწურა 2026 წლის 9 თებერვალს (ორშაბათი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 2026 წლის 9 თებერვალს. ამდენად, არ დასტურდება სააპელაციო საჩივრის 14- დღიანი ვადის დარღვევით წარდგენა.
რაც შეეხება, სააპელაციო პალატის მითითებას 2025 წლის 30 დეკემბრის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელს - ი.ხ-ის გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება (საქმეში ი.ხ-ის მესამე პირად ჩაბმის შესახებ), რომელიც მას ჩაბარდა 2025 წლის 30 დეკემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა