განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-127(გ-26) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ვ. გ-ის საჩივართან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2026 წლის 30 იანვარს, ვ. გ-ის წარმომადგენელმა ე. პ-იმა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას - საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის №... ელექტრონული დადგენილების და 2026 წლის 22 დეკემბრის MIA 52600178673 დადგენილების ბათილად ცნობა.
საჩივრის თანახმად, 2025 წლის 22 დეკემბერს ვ. გ-ის მიმართ შედგენილ იქნა №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2026 წლის 20 იანვრის №MIA 5260017867 დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 2 თებერვლის დადგენილებით, ვ. გ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მათ საფუძველზე განმარტა, რომ სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. გ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში. ამავე სამმართველოს მიერ, 2026 წლის 20 იანვარს, მიღებულ იქნა №MIA 5260017867 დადგენილება, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 2025 წლის 22 დეკემბერს №... ელექტრონული დადგენილება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ 2025 წლის 22 დეკემბერს №... ელექტრონულ დადგენილებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ, ხოლო ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი, კერძოდ, რომ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში გორის რაიონულ სასამართლოში. ამავდროულად, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საჩივრის ავტორის საცხოვრებელ ადგილს ასევე არ წარმოადგენდა თბილისის მუნიციპალიტეტი.
გორის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საქმე ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საჩივარზე, სადაც საჩივრის ავტორის - ვ. გ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: ქალაქი თბილისი, ...ს რაიონი, ...ს ქუჩა №....
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულია ალტერნატიული განსჯადობა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენs საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და აქედან გამომდინარე, წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული განსჯადობა, რომლის დროსაც სასამართლოს არჩევის უფლება მოსარჩელეს/საჩივრის ავტორს ენიჭება.
ამდენად, რაიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორს სწორად ჰქონდა მიმართული სასამართლოსათვის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-430(გ-19), 28.05.2020წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა (სუსგ №ბს-1000(გ-19), 19.12.2023წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. გ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (შეუჩერდა მართვის უფლება 1 წლის ვადით), რაც გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რომლის 2026 წლის 20 იანვრის №MIA 5 26 00178673 დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ №... დადგენილებაში სავარაუდო დამრღვევის მისამართად მითითებულ იქნა გორი, ს. ... ...-ე ... ჩიხი ..., სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად კი დაფიქსირებულ იქნა - გორის რაიონი სოფელი ....
ასევე დადგენილია, რომ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივრის ავტორის და მისი წარმომადგენლის - ე. პ-იის მიერ და მასში ვ. გ-ის მისამართად მითითებული იქნა - ქ. თბილისი, ...ს რაიონი, ...ს ქ. №..., თუმცა საჩივარზე თანდართული 2025 წლის 1 სექტემბრის რწმუნებულებაში, ვ. გ-ის გაცხადებულ საცხოვრებელ ადგილას ასევე ფიქსირდება - გორი, სოფ. ... ...-ე ... ჩიხი ....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, კანონმდებლობა ასკ-ის 116-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს სწორედ ასკ-ის 116-ე მუხლი. ამდენად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს აქვს უფლება, რომ განსჯადი სასამართლო აირჩიოს სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, ერთი მხრივ ცალსახად დადასტურებულია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი - გორის რაიონი სოფელი ..., ხოლო რაც შეეხება საჩივრის ავტორის - ვ. გ-ის საცხოვრებელ ადგილს, საქმეში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში - სამართალდარღვევის ოქმსა და ვ. გ-ის მიერ ე. პ-იისთვის მინიჭებულ რწმუნებულებაში, მის საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულია - გორი, სოფ. ... ...-ე ... ჩიხი .... განსხვავებული მისამართი ფიქსირდება მხოლოდ წარმოდგენილ საჩივარში, სადაც ვ. გ-ის მისამართად მითითებული იქნა - ქ. თბილისი, ...ს რაიონი, ...ს ქ. №.... ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ ფიქსირდება ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა რომ ვ. გ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ამდენად მის, საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნას გორი, სოფ. ... ...-ე ... ჩიხი .... ამრიგად, მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე საქმე არის არა თბილისის საქალაქო სასამართლოს, არამედ გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საჩივარი, ტერიტორიულად გორის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საჩივარი მოპასუხე - საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა