დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1019-1258-04 10 მაისი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: პრივატიზაციისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინის გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ქ-ისა და ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა გორში ... მდებარე ბინის საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანასაკუთრების ნატურით გაყოფა და მისთვის 1/2-ის მიკუთვნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი კუთვნილი ქონების ნაწილში; მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხესთან 1954 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი მ. ქ-ი; 70-იან წლებში ოჯახური დანაზოგით ააშენეს კოოპერატიული ბინა გორში ... 1986 წლიდან ვ.ს-ი ამოეწერა სადავო ბინიდან და ჩაეწერა გორის რ-ნის სოფ. ...ში; ამოწერა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ის 2000 წლამდე აგრძელებდა მუშაობას და ცხოვრებას გორში საერთო საკუთრების კოოპერატიულ ბინაში;O1998-99 წლებში მოპასუხესთან კონფლიქტის გამო გასცილდა მას, თუმცა ოჯახის აღდგენის მიზნით საერთო ქონების არ გაყოფილა.
2003წ. მარტ-აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ქ-ს უსარგებლია ბინიდან მისი ამოწერით და მოუხდენია კოოპერატიული ბინის პრივატიზება თავის სახელზე, ხოლო შემდეგ მისი გაჩუქება, ასევე, მისი მონაწილეობის გარეშე ქორწინება შეუწყვეტია და აუღია განქორწინების მოწმობაც.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა გორში მდებარე ბინის გაყოფის ნაწილში ხანდაზმულობის გამო, საკუთრების მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში უსაფუძვლობის გამო
სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ს-ის რწმუნებულმა მ. ქ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოდავე მხარეებს ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ქორწინება შეწყვეტილია 1990წ. 12 აგვისტოს, სკ-ის 1171-ე და 130-ე მუხლების მიხედვით, აპელანტის მოთხოვნა მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე ხანდაზმულია, სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა. ქ-ი და მას სკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, განეკარგა იგი.
ვ. ს-ის წარმომადგენელმა მ. ქ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ა. ქ-სა და ვ. ს-ას შორის ქორწინების რეგისტრაცია ისე შეწყდა, რომ ამ უკანასკნელისათვის არაფერი ყოფილა ცნობილი; თანასაკუთრების ქონების ჯერ პრივატიზება, შემდეგ კი გასხვისება მოპასუხის მიერ მოხდა 2003წ. მარტ-აპრილში; თანასაკუთრებაზე ვ. ს-ას უფლების დარღვევაც წარმოიშვა იმავე მომენტიდან და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუეძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გორის რ-ნის სასამართლოს 1990წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ქ-სა და ვ. ს-ას შორის ქორწინება შეწყდა. ქორწინების შეწყვეტა რეგისტრირებულია გორის მმაჩის განყოფილებაში 1990წ. 2 აგვისტოს ¹61-ე სააქტო ჩანაწერით;
ა. ქ-მა 2003წ. მარტში მოახდინა გორში, ... მდებარე კოოპერატიული ბინის პრივატიზაცია, ხოლო 2003წ. 11 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა თავის შვილს _ კ. ქ-ს;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისთვის ცნობლი არ იყო განქორწინების შესახებ. იგი არ მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე და არ ჩაბარებია გადაწყვეტილების ასლი; გორის რაიონული სასამართლოს 1990წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, ამდენად მას სავალდებულო ძალა აქვს; მოქმედი კანონმდებლობით იგი გაუქმებას ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ ექვემდებარება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელზე მეტი.
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისთვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა; სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მოტივაციას: ვ. ს-ეს წარმომადგენელი მ. ქ-ი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი დედა ვ.ს-ი 2000 წლამდე ა.ქ-თან ცხოვრობდა ერთ ოჯახად და მისთვის განქორწინების შესახებ ცნობილი გახდა 2003 წელს; აღნიშნულზე კასატორს არც სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოუდგენია ამდენად, სწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვ.ს-ასათვის განქორწინების შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო.
ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე ხანდაზმულია, მისი პრეტენზია ამ ქონებაზე საკუთრების მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ქონების თანამესაკუთრე და შესაბამისი წილის მფლობელი ვ.ს-აცაა, საფუძველსმოკლებულია;
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრის ფარგლებში; აღსანიშნავია, რომ საკუთრების მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ დაუყენებია;
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს-ას წარმომადგენლის მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.