გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-1030-1295-05 ¹ ას-1030-1295-05 2 ოქტომბერი, 2006 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა 2004წ. 2 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება. ბ.გ-ვას თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ძემ 2004წ. 2 სექტემბერს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზუგდიდის სს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „მ-ის“ 2004წ. 2 ივლისის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება.
მ. მ-ძემ მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა 2004წ. 2 ივლისის საერთო კრების გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივებით: კრება ჩატარდა საზოგადოების წესდების მე-6.3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან მისი ჩატარების თაობაზე აქციონერებისათვის არ იყო ცნობილი. ტელევიზიის მორბენალ სქრიტონშიც არავის წაუკითხავს კრების ჩატარების შესახებ.
საზოგადოების ძველი სამეთვალყურეო საბჭოს შეუწყვიტეს საქმიანობა, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის საკითხი კი სასამართლოში იხილება, რის გამოც საზოგადოების მმართველობაში ვაკუუმია.
საზოგადოების წესდების შეცვლილი პროექტი წინასწარ არ გამოქვეყნებულა და იგი აქციონერებმა პირდაპირ კრებაზე მოისმინეს, რაც ეწინააღმდეგება წესდების მე-6 მუხლს.
სადავო კრებას თავმჯდომარეობდა არა ბ. გ-ვა, როგორც ეს სანოტარო აქტით დადასტურებულ კრების ოქმშია აღნიშნული, სინამდვილეში კრების თავმჯდომარე იყო თ. ნ-ია.
ნოტარიუსმა აქციონერთა კრების ოქმში არ შეიტანა მოსარჩელის 2004წ. 2 ივლისის განცხადება, რომელიც მან კრებაზე წაიკითხა. მოსარჩელემ საზოგადოებას წარუდგინა ასევე 2004წ. 10,18 და 21 ივნისის განცხადებები, რომელიც კრებისათვის არ იყო ცნობილი.
ბ. გ-ვამ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის მოთხოვნა და საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი თვითონ აირჩია.
თ. ნ-იამ აქციონერებს არ განუმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ერთი მესამედი შეიძლება არჩეულ იქნეს მუშა-მოსამსახურეთაგან.
ზუგდიდის სააქციო საზოგადოება „მ-ის“ წესდების ცვლილებებიც არასწორად, ნაჩქარევად იქნა სასამართლოში რეგისტრირებული, რადგან კრების გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა მოსარჩელეს, საზოგადოების წესდების მე-9.4 მუხლის დარღვევით კანონსაწინააღმდეგოდ აირჩიეს „ზუგდიდ-აუდიტი“.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი სს „მ-ის“ აქციონერთა 2004წ. 2 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მ. მ-ძემ 2004წ. 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს იმავე სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით უარყოფილ იქნა მ. მ-ის შენიშვნები იმავე სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა მ. მ-ძის სარჩელი, გაუქმდა სს „მ-ლის“ აქციონერთა 2004წ. 12 ივლისის საერთო კრების ¹4 ოქმი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „მ-ლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევა თავდაპირველად დანიშნული იყო 2004წ. 21 ივნისისათვის. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.2 მუხლის თანახმად კრება მოიწვევა ოცი დღის ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნით, რომელთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლო ცვლილებები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ტელევიზიის მორბენალ სტრიქონებში გამოცხადება არ პასუხობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.2 მუხლის მოთხოვნებს. კანონი ითხოვს ბეჭვდით ორგანოში გამოცხადებას, რაც იმითაა განპირობებული, რომ გარდა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციისა, გამოცხადებული უნდა იყოს დღის წესრიგი და რეკომენდაციები, შესაძლო ცვლილებები. სასამართლოს არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ მათ მიერ წერილობითი შეტყობინების საშუალებით მოწვეული ჰყავდათ ყველა აქციონერი, რადგან საქმის მასალებით ეს არ დასტურდება.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2004წ. 21 ივნისს დანიშნული კრება არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი ოქმი წარმოდგენილი არ ყოფილა, განსაზღვრული იქნა კრების მოწვევის მორიგი ვადა 2 ივლისი, თუმცა აღნიშნული კრების შესახებ არც განცხადება გამოქვეყნებულა ბეჭვდით ორგანოში და არც აქციონერები ყოფილან მოწვეული დადგენილი წესით. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.5 მუხლის თანახმად კი აუცილებელი იყო ამ კანონის 54.2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა - ბეჭვდით ორგანოში გამოცხადება აქციონერთა მოწვევა დღის წესრიგის, რეკომენდაციების, შესაძლო ცვლილებების გადაგზავნით.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულია უსაფუძვლოდ, არავითარი მტკიცებულებითი ძალა აღარ აქვს ამავე სასამართლოს სხდომის ოქმის და ოქმზე მ.მ-ძის მიერ შეტანილი შენიშვნების შესახებ ამავე სასამართლოს 3 დეკემბრის განჩინებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბ.გ-ვას მიმართ სისხლისსამართლებრივი და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების თაობაზე, სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციასა და თვით სარჩელის ფარგლებს. ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა მ.მიქანძის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით ბ. გ-ვაზე 500000 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან მას ამ მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით, სათანადო საფუძვლის არსებობისას აღნიშნული საკითხი საერთო სასარჩელო წესით უნდა გადაწყდეს.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მ.მ-ძის მოთხოვნა საქმის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების შესახებ, რადგან სსკ-ის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების გარეშე განიხილოს სარჩელი და მიიღოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის განჩინებით განმარტებული იქნა იმავე სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება იმგვარად, რომ აქციონერთა 2004წ. 2 ივლისის საერთო კრების ¹4 ოქმის გაუქმება ნიშნავს, რომ ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონშეუსაბამოა.
მ. მ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ამ ნაწილში საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი არასწორადაა ჩამოყალიბებული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად არ იმსჯელა მის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, რადგან არ გადაწყვიტა საკითხი ბ. გ-ვას მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების, ბ. გარდავასათვის 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრების; ბ. გ-ვას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ბ. გ-ვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძრისა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში არაფერი მიუთითა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ე.ი. გადაწყვეტილება არ გამოიტანა. ბ. გ-ვას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე კი სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ. გ-ვამ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54,2 და 54,5 მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლო თვითონ არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა ზუგდიდის სს „მ-ლის“ 2004წ. 2 ივლისის კრების გადაწყვეტილება, რადგან საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაებრუნებინა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
კასატორი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის სხდომაზე იშუამდგომლა მისი 2004წ. 3 დეკემბრის კერძო საჩივრის განხილვა, რომელიც შეიტანა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის სხდომის ოქმზე; სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
მ. მ-ძე საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან 2002წ. 29 ივლისის სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ 5.1 „გ“ პუნქტის ამოღება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით; მან ასევე მოითხოვა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნა და დირექტორ ბ. გ-ვას და ნ. პ-იას (მდივნის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა კანონის შესაბამისად; მოითხოვა ასევე 2002წ. 21 მაისის შრომითი შინაგანაწესის გაუქმება, რადგან საზოგადოების წესდებით არ არის დამტკიცებული ამ შინაგანაწესის დამტკიცებისა და შეცვლის პროცედურა. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად ჩამოაყალიბა მ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც იგი დაუსაბუთებელია და კანონდარღვევითაა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მ. მ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება ბ. გ-ვას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ. მ-ძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის ბ. გ-ვასათვის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. მ-ძემ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ იგი ზრდის სარჩელს და მოითხოვს მორალური ზიანის 500 000 ლარის ანაზღაურებას ბ. გ-ვასაგან სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, ასევე ბ. გ-ვას თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას; აპელანტის მოსაზრებით, ბ.გარდავას არ ჰქონდა უფლება შეეცვალა საზოგადოების წესდება და მიესაკუთრებინა სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები. მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა კრების გადაწყვეტილების გაუქმება; ასევე მოითხოვა წესდების გაუქმება; ბ.გარდავას თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა; ასევე მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა ქმედებისათვის სამართლებროივი შეფასების მიცემა. მ.მიქანძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მოქმედი სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადადება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 7 თებერვლის განჩინებით წარმოებაში ისე მიიღო მ.მიქანძის სააპელაციო საჩივარი, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა და მისი გაზრდილი სასარჩელო განცხადების თაობაზე სპეციალურად არ იმსჯელა.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბ. გ-ვას მიმართ სისხლისსამართლებრივი და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტა სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციას და თვით სარჩელის ფარგლებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ჯერ უნდა დაეზუსტებინა სსკ-ის შესაბამისად მ.მიქანძის სასარჩელო მოთხოვნები შემდეგ კი კონკრეტულად უნდა ემსჯელა ამ მოთხოვნების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება ბ.გარდავას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ. მიქანძის სასარგებლოდ ბ.გარდავასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 000 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.