დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.11.2005
საქმის ნომერი
ას-1033-1264-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1033-1264-05 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: გაკოტრების მმართველის გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის განჩინებით შპს “ო.-ის” გაკოტრების მმართველად დაინიშნა გ. ხ.-ე. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ნ.ლ.-ემ. ამავე სასამართლოს 2005წ. 22 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ლ.-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა ამავე სასამართლოს 15 აპრილის განჩინება გ.ხ.-ის გაკოტრების მმართველად დანიშვნის ნაწილში და გაკოტრების მმართველად დაინიშნა კ.ლ.-ი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ.ხ.-ემ და მ.ა.-მა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 14 ივნისის განჩინებით გ.ხ.-ისა და მ.ა.-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა გ.ხ.-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ.ხ.-ე საქმის წარმოებისას ნამდვილად წარმოადგენდა კრედიტორთა ინტერესებს, რაც დადასტურებულია მისი კერძო საჩივრითაც, სადაც იგი არ უარყოფს ამ ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ 2005წ. 15 აპრილისათვის მას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობები კრედიტორებთან.

სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა გ.ხ.-ის მოსაზრება მის მიერ კრედიტორებთან წარმომადგენლობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან მან ვერ დაადასტურა აღნიშნული.

სააპელაციო პალატამ გ.ხ.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი კონვერტები ამ ფაქტის დამადასტურებლად არ მიიჩნია, რადგან 2005წ. 31 მაისს განცხადებაში იგი თავადვე აღნიშნავს, რომ ისინი ადრესატებს არ გადასცემიათ. პალატამ მიიჩნია, რომ რწმუნებულებების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, გაკოტრების მმართველობიდან გ.ხ.-ის გათავისუფლება კანონიერია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან გ.ხ.-ე ნამდვილად იცავდა საქმეზე მ.ა.-ის, მ.ლ.-ის, ნ.წ.-ისა და სხვა კრედიტორთა ინტერესებს, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ გ.ხ.-ე სწორად მიიჩნია დაინტერესებულ პირად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გ.ხ.-ისა და მ.ა.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კ.ლ.-ს, როგორც სს „ს.-ისა” და შპს “ვ.-ის” მმართველს, არა აქვს უფლება, ამავე დროს იყოს შპს “ო.-ის” გაკოტრების მმართველი, რადგან ასეთი რამ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონით აკრაძალული არ არის. პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია გ.ხ.-ისა და მ.ა.-ის მოსაზრებები კ.ლ.-ის მიერ მისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შესახებ, რადგან იგი ემყარება მხოლოდ ვარაუდს. ამასთან, ასეთი გარემოების წარმოშობისას გაკოტრების სასამართლოს უფლება აქვს, გადაწყვიტოს ეს საკითხი “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მიხედვით.

სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ არ არსებობს თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 და 22 აპრილის განჩინებების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ხ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

გ.ხ.-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო იყო ტენდენციური და მიკერძოებული, რადგან არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, მოესმინა მხარეების ახსნა-განმარტებები, დაეკითხა მოწმეები და ისე გადაეწყვიტა დავა.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან გ.ხ.-ემ წარმოადგინა შეტყობინებები რწმუნებათა შეწყვეტის შესახებ, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა.

კასატორი მიუთითებს სკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული ნორმა უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ არ არსებობს კანონის მითითებულ დარღვევას.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საპროცესო ნორმები და ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი. პალატა მიუთითებს სსკ-ის 419-ე მე-2 ნაწილზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საპროცესო ნორმა არ დაურღვევია, რადგან აღნიშნული ნორმით, ზემდგომ სასამართლოს შეუძლია განიხილოს კერძო საჩივარი მოსმენის გარეშეც, თუ კერძო საჩივარი დაუშვებელი ან აშკარად უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ გ.ხ.-ის მოთხოვნა აშკარად უსაფუძვლოა და მას სასამართლომ სწორად უთხრა უარი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოების გამო:

დადგენილია, რომ გ.ხ.-ე გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში მინდობილობების საფუძველზე წარმოადგენდა საქმეზე კრედიტორთა ინტერესებს. ამ გარემოების დადგენისას სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობებზე. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ გ.ხ.-ე კერძო საჩივარშიც არ უარყოფდა ამ ფაქტს. სასამართლომ სწორად არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ.ხ.-ემ 2005წ. 15 აპრილიდან შეუწყვიტა კრედიტორებს აღნიშნული მინდობილობები. პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მ.ხ.-ეს უნდა დაედასტურებინა აღნიშნული გარემოება. თუმცა ის გარემოება, რომ გ.ხ.-ე გარკვეული პერიოდი (2003წ. აპრილიდან) იყო კრედიტორების წარმომადგენელი გაკოტრების საქმის წარმოებაში, უკვე იძლეოდა იმის საფუძველს, რომ იგი გაკოტრების მმართველად არ უნდა დანიშნულიყო. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დასანიშნი გაკოტრების მმართველი უნდა იყოს გამოცდილი, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, ე.ი. გ.ხ.-ის გაკოტრების მმართველად დანიშვნა უკვე დაუშვებელი იყო მას შემდეგ, როდესაც იგი კრედიტორების წარმომადგენელად იქნა საქმის წარმოებაში ჩაბმული.

აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი. პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა, რადგან იგი არეგულირებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გააუქმებდა თუ არა გ.ხ.-ე 2005წ. 15 აპრილს კრედიტორებთან დადებულ დავალების ხელშეკრულებებს (მინდობილობები), ამას გასაჩივრებული განჩინებისაგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვებოდა.

ამდენად, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასაამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.