დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1034-1269-05 14 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ძის მიმართ მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მოსარჩელის ნაკვეთამდე მისასვლელი აუცილებელი გზის გახსნისა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ც.ქ-ძე იყო თერჯოლის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,90 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოპასუხე ცხოვრობდა ც.ქ-ძის მეზობლად. სადავო 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ნაკვეთი წარმოადგენდა მხარეთა საერთო სარგებლობის ფართს და მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ ნორმალურ გზას, რაც მოპასუხემ უკანონოდ დაკეტა და თავის ნაკვეთს მიუერთა. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ზ.მ-ძე გზის გახსნაზე უარს აცხადებდა. სკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა სადავო გზის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და თავისი ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
ზ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობასა და სახლის პროექტში სადავო გზა არ შედის. მოსარჩელის მიერ აუცილებელ გზად მიჩნეული მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა, ც.ქ-ძეს კი თავის ნაკვეთთან მისასვლელი სხვა გზა გააჩნია.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ.მ-ძეს დაევალა მისი ეზოს გასწვრივ 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის სადავო გზის გახსნა, რათა მოსარჩელეს თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა მისცემოდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ც. ქ-ძის სარჩელი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. მ-ძის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ძის სახელზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹893 სარეგისტრაციო მოწმობა 58,7X0,16X0,87 მეტრი მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში და მიწის სარეგისტრაციო ¹895 მოწმობა 141,3X2,84X2,13 მეტრი ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 4 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და მოცემული საქმის წარმოება განახლდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ც.ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გასწვრივ მდებარე მის მიერ დაკეტილი სადავო გზის გახსნა, რომელიც მოიცავდა ზ. მ-ძისათვის 2002წ. 22 აგვისტოს გაცემულ ¹893 და ¹895 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში აღნიშნულ იმ მიწის ნაკვეთებს, რა ნაწილშიც ეს სარეგისტრაციო მოწმობები ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოცემულ საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ც. ქ-ძის მიერ სადავო გზად მიჩნეული 58,7 მეტრის სიგრისა და 0,16X0,87 მეტრი სიგანის სადავო მიწის ნაკვეთი შევიდა ზ. მ-ძის სახელზე 2002წ. 22 აგვისტოს გაცემულ ¹893 და ¹895 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ნაკვეთის ზ.მ-ძისათვის მიკუთვნების ნაწილში ზემოხსენებული მოწმობები ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას და ზ. მ-ძის საკუთრება არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ სადავო გზის დაკეტვით მას კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელი ეშლებოდა და სასამართლომ სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ც.ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილება, რომ ზ.მ-ძეს დაეკისროს 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის სადავო გზის გახსნა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატამ არ გაიზიარა მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა განმარტება იმის შესახებ, რომ წლების მანძილზე სადავო გზა იყო 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის. სასამართლომ დაარღვია სკ-ის 180-ე მუხლი და საერთოდ არ იმსჯელა, იყო თუ არა სადავო გზა ც.ქ-ძის ნაკვეთთან ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი. სასამართლოს აღნიშნულის გასარკვევად უნდა ჩაეტარებინა განმეორებითი ექსპერტიზა და ადგილზე დათვალიერება, რაც მას არ განუხორციელებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: ზ. მ-ძის სახელზე 2002წ. 22 აგვისტოს გაცემული ¹893 და ¹895 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები მოიცავს ც. ქ-ძის მიერ სადავო გზად მიჩნეული მიწის ნაკვეთს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე, ც. ქ-ძის სარჩელის გამო, თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. მ-ძის მიმართ ც.ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ძის სახელზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹893 სარეგისტრაციო მოწმობა 58,7X0,16X0,87 მეტრი მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში და მიწის სარეგისტრაციო ¹895 მოწმობა 141,3X2,84X2,13 მეტრი ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში. სადავო გზის საშუალებით ც. ქ-ძეს შეუძლია თავის მიწის ნაკვეთთან დაკავშირება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 266-ე მუხლი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ‚ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება _ სადავო გზის მოცულობა, რომელიც დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებდა.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ იმსჯელა, იყო თუ არა სადავო გზის მოცულობა საკმარისი მისი ჯეროვანი სარგებლობისათვის. აღნიშნულ საკითხზე უკვე არსებობდა იმავე მხარეებს შორის დავაზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა‚ თუ რა მოცულობის მიწის ნაკვეთი შეადგენდა მოპასუხის მიერ უკანონოდ მითვისებულ გზას, რომელიც ზ.მ-ძეს არასწორად მიეკუთვნა. ზემოხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და შედეგის გაზიარებით, ც.ქ-ძე დაეთანხმა ადმინისტრაციული პალატის მიერ დადგენილ სადავო გზის მოცულობას. ამდენად, სადავო ნაკვეთის ზომის თაობაზე კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.