დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1057-1306-05 14 აპრილი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 8 ნოემბერს ზ. და ლ. კ-ძეებმა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში ი. კ-ძის მიმართ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორში, ... ¹114-ში მდებარე სახლი ირიცხება მ. ბ-შვილის სახელზე, სახლის საცხოვრებელი ფართია 83.2 კვ.მ., დამხმარე – 23,50 კვ.მ, ასევე სახლზე უკანონოდ მიშენებულია 68.75 კვ.მ-იანი ოთახები.
მ. ბ-შვილი გარდაიცვალა 1990წ. 19 აპრილს, მას ჰყავდა სამი შვილი: შ., ნ. და ზ. ბ-ურები. მის სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლნენ თანმყოფი მემკვიდრეები – შ. და ნ. ბ-ურები; მართალია, ზ. ბ-შვილი სამკვიდროს არ დაუფლებია, მაგრამ შ. და ნ. ბ-შვილები წინააღმდეგი არ იყვნენ სამკვიდროდან 1\3 მისთვის დაეთმოთ.
ნ. ბ-ური გარდაიცვალა 1994წ. 30 დეკემბერს, რომელსაც დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე პირველი ქორწინებიდან შვილები – მოსარჩელეები ლ. და ზ. კ-ძეები და მეუღლე – მოპასუხე ი. კ-ძე. ი. კ-ძე მთლიანად დაეუფლა ნ. ბ-ურის სამკვიდროს, ხოლო ლ. და ზ. კ-ძეებმა (მოსარჩელეებმა) კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს ნოტარიუსს, მაგრამ სამკვიდროს მიღება ვერ განხორციელდა მოპასუხე ი. კ-ძის პრეტენზიის გამო.
ვინაიდან მ. ბ-შვილს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შ., ნ. და ზ. ბ-შვილები, რომლებიც დაეუფლნენ სამკვიდროს (თითოეულს 1\3-1\3), მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნ. ბ-ურის კუთვნილი 1\3-ის სამ პირზე განაწილება – ლ. და ზ. კ-ძეებსა და ი. კ-ძისათვის 1\3-1\3-ის გამოყოფა.
აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე ი. კ-ძემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მისი დედამთილის _ მ. ბოლოთაშვილის სამკვიდროზე მემკვიდრეებად მიჩნეული უნდა იქნენ მხოლოდ შ. და ნ. ბ-ურები, ვინაიდან ზ. ბ-ურმა დედისაგან 1989 წელს მიიღო თავისი წილი _ 5000 რუსული მანეთი. ამასთან, ზ. ბ-შვილს არასდროს გამოუთქვამს სამკვიდროზე პრეტენზია. მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა და მემკვიდრედ აღარ უნდა ჩაითვალოს.
მ. ბ-შვილის სამკვიდროს მთლიანად დაეუფლნენ შ. და ნ. ბ-შვილები, შესაბამისად, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის (ანუ 3 პირზე) უნდა განაწილდეს ნ. ბ-შვილის კუთვნილი 1\2. მას ბინაზე პრეტენზია არ ექნებოდა, თუ შეთანხმდებოდნენ და მოსარჩელეები უყიდდნენ ერთოთახიან ბინას გორში (გარეუბნების გარდა).
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ი. კ-ძემ შეიტანა შეგებებული სარჩელი ზ. და ლ. კ-ძეების მიმართ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის შესახებ. მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნა, რომ ნ. ბ-ურთან რეგისტრირებულ ქორწინებაშია 1990წ. 11 ნოემბრიდან, არის მეუღლის ქონების თანამესაკუთრე, შესაბამისად, ნ. ბ-ურის წილი უნდა გაიყოს შუაზე და ნახევარი მას უნდა მიეკუთვნოს, ხოლო დარჩენილი _ განაწილდეს ნ. ბ-ურის მემკვიდრეებზე – თვით ი., ზ. და ლ. კ-ძეებზე. ი.კ-ძემ მოითხოვა ასევე უკანონოდ მიშენებული 62,75 კვ.მ-ის ზემოთ აღნიშნული წესით გაყოფა.
რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა მესამე პირმა ნ. კ-ძემ და მიუთითა, რომ გორის სახალხო სასამართლოს 1986წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარგებლობის უფლებით გამოეყო გორში, ... ¹114-ში მდებარე სახლიდან ¹2 ოთახი დამხმარე სათავსებით და შესახლებულ იქნა ამ ბინაში. მან მოითხოვა მემკვიდრეებს შორის დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ იქნეს ეს გარემოებაც და ¹2 ოთახი დარჩეს მის სარგებლობაში.
ი. კ-ძემ შესაგებლით ნ. კ-ძის დამოუკიდებელი სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ ნ. კ-ძე 1988წ. 5 ივლისიდან ამოეწერა სადავო ბინიდან, ჩაეწერა და ცხოვრობდა მეორე მეუღლესთან ერთად ქალაქ გორში, მას ამ ფართით არ უსარგებლია 1986წ. მაისიდან და ამდენად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.
2003წ. 12 თებერვალს რაიონულ სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართეს შ. და ზ. ბ-რებმა, ლ. და ზ. კ-ძეებმა მოპასუხე ი. კ-ძის მიმართ (მესამე პირები ნ. კ-ძე, გორის ნოტარიუსი ლ. გ-შვილი) და მოითხოვეს სამკვიდრო ქონების მათ მიერ მიღებულად ცნობა, ამავე დროს სამკვიდროს განაწილება იდეალურად – 1/3-1/3 შ. და ზ. ბ-ურებზე, ხოლო 1/3 წილი ნ. ბ-ურის შვილებზე – ლ. და ზ. კ-ძეებზე.
აღნიშნულ დამატებით სარჩელზე ი. კ-ძემ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც მიუთითა, რომ შ. და ზ. ბ-ურები (ა-ძე) თავდაპირველ სარჩელში მითითებული არიან როგორც მესამე პირები, ამიტომ მათ უნდა წარმოედგინათ არა დამატებითი, არამედ დამოუკიდებელი სარჩელი, რის გამოც დარღვეულია სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. გორში, .. ¹114-ში მდებარე სახლი არ ყოფილა მთლიანად მ. ბ-ურის საკუთრება, არამედ ეკუთვნოდა მის მეუღლესაც ნ. ბ-ურს და ითხოვა მათი წილების გამიჯვნა, ხოლო შემდეგ მემკვიდრეთა წილების განსაზღვრა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ი. კ-ძემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა ზ., ლ. კ-ძეების და ზ. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისთვის ნ. ბ-ურის სამკვიდროს მიღებულად ჩათვლა.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ბ-ურის, ზ. და ლ. კ-ძეების სარჩელი ი. კ-ძის მიმართ, სამკვიდროს მიღებულად ცნობის, სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
მესამე პირის _ ნ. კ-ძის დამოუკიდებელი სარჩელი ი. კ-ძის მიმართ ფართის მის სარგებლობაში დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
ი. კ-ძის შეგებებული სარჩელი ზ. და ლ. კ-ძეების მიმართ (მესამე პირი ზ. ბ-ური) სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრისა და რეალურად გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა: ი. კ-ძეს მიღებულად ჩაეთვალა გორში, ... ¹114-ში მდებარე სახლის ძირითადი და დამხმარე ფართი ეზოთი.
ზ. ა-ძის, ლ. კ-ძის, ზ. კ-ძის, ნ. კ-ძისა და შ. ბ-ურის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ძის საჩივრის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის არსებითი განხილვა. რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კვლავ მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, სადავო საკითხი გადაწყდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მსგავსად.
მოსარჩელეთა და მესამე პირის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.05წ. განჩინებით გაუქმდა. შ. ბ-ურის გარდაცვალების გამო საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაება მისი მეუღლე ე. ბ-ური. იმავე პალატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ურის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა გორში, ... ¹114-ში მდებარე მ. ბ-ურის დანაშთი საცხოვრებელი სახლის 1/2 იდეალური წილის მესაკუთრედ;
ზ. და ლ. კ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ისინი ცნობილი იქნენ გორში, ... ¹114-ში მდებარე მ. ბ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ თითოეული 1/6 წილზე;
ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. კ-ძის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა გორში, ... ¹114-ში მდებარე მ. ბ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1\6-ის მესაკუთრედ;
ზ. ბ-ური -ა-ძის სარჩელი გორში, ... ¹114-ში მდებარე მ. ბ-ურის საცხოვრებელი სახლის 1/3-ის მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო;
ნ. კ-ძეს გორში, ... ¹114-ში მდებარე მ. ბ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ¹2 ოთახის და დამხმარე სათავსის მოსარგებლედ ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი მ. ბ-შვილი გარდაიცვალა 1990 წელს, რომელსაც დარჩა პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. გორში, ... ¹114-ში, რომელიც შედგებოდა 4 ოთახისაგან – საცხოვრებელი ფართი 83,20 კვ.მ, დამხმარე – 23,53 კვ.მ. აღნიშნულ სახლზე 68,75 კვ.მ უნებართვოდაა მიშენებული.
მამკვიდრებელ მ. ბ-შვილს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შ. და ნ. ბ-ვები და ზ. ბ-ვა-ა-ძე. შ. და ნ. ცხოვრობდნენ დედასთან თავიანთ ოჯახებთან ერთად, დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს და, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად, მათ სამკვიდრო მიღებულად ჩაეთვალათ 1/2-1/2 წილზე.
მ. ბ-შვილის ერთ-ერთი მემკვიდრე ნ. ბ-ვი გარდაიცვალა 1994წ. 30 დეკემბერს და, სააპელაციო პალატის აზრით, მისი სამკვიდრო გაიხსნა ქ. გორში, ... ¹114-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მის კუთვნილ 1/2 წილზე. მას ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ი. კ-ძე და შვილები პირველი ქორწინებიდან – ზ. და ლ. კ-ძეები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი. კ-ძის მოსაზრება, რომ ზ. და ლ. კ-ძეებმა გაუშვეს სამკვიდროს მიღების ვადა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერებით და ნოტარიუს ლ. გ-შვილის განმარტებით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნ. ბ-ვის გარდაცვალების შემდეგ, ზ. და ლ. კ-ძეებმა შ. ბ-ურმა, ი. კ-ძემ და ზ. ა-ძემ სანოტარო ბიუროს მიმართეს განცხადებით სამკვიდროს მისაღებად 1995წ. 12 მაისს, თუმცა მხარეთა თხოვნით, ერთმანეთში მორიგების მიზნით, ნოტარიუსმა რეგისტრაცია გააუქმა, ხოლო რადგან ისინი ვერ მორიგდნენ, განმეორებით მიმართეს იმავეწ. 4 ივლისს, რის გამოც მათ სამკვიდროს მიღების ვადა არ გაუშვიათ.
პალატამ ასევე არ გაიზიარა ი. კ-ძის მოსაზრება, რომ ლ. კ-ძე სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანისას არასრულწლოვანი იყო და განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება არ ჰქონდა. პალატამ მიიჩნია, რომ თვითონ ნოტარიუსს უნდა გამოესწონებინა ეს ხარვეზი და მოეთხოვა კანონიერი წარმომადგენლის შესაბამისი განცხადება. ამასთან, ლ. კ-ძის მოქმედება მოიწონა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. კ-ძემ (დედამ), ხოლო მისი ნამდვილი ნება დადასტურდა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სარჩელის სასამართლოში შეტანით. პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ ი. კ-ძე სარჩელის დაზუსტებამდე მოითხოვდა მ. ბ-შვილის სამკვიდროს გაყოფას თანაბარ წილად შ. და ნ. ბ-ურებს შორის, ხოლო ნ. ბ-ურის 1/2 წილის სამ მემკვიდრეს შორის გაყოფას, მათ შორის‚ ლ. კ-ძისათვისაც მიკუთვნებას.
რაც შეეხება ნ. კ-ძის დამოუკიდებელ სარჩელს ¹2 ოთახის მოსარგებლედ აღიარების შესახებ, სააპელაციო პალატის მიერ მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან პალატამ დადგენილად ცნო, რომ, მიუხედავად სასამართლოს 1986წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებისა, მას ამ ოთახით არ უსარგებლია (ანუ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა) და შვილებთან ერთად ცხოვრობდა სხვაგან. მან მეუღლესთან განქორწინების შემდეგ შეწყვიტა ამ ბინის მფლობელობა და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, დაკარგა მასზე ფაქტობრივი ბატონობა, რადგან მას ეს უფლება 16წ. განმავლობაში არ გამოუყენებია.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ. კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას ზ. და ლ. კ-ძეების სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ზ. და ლ. კ-ძეები 1995წ. 12 მაისის სანოტარო ბიუროში წარდგენილი განცხადებით ითხოვდნენ მამის ქონებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ზ. და ლ. კ-ძეებმა აღნიშნული განცხადებები უკან წაიღეს ისე, რომ სამკვიდრო მოწმობები არ აუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს მ. ბ-ვის სამკვიდროზე, ხოლო იმავე შინაარსის განცხადებით 1995წ. 4 ივლისს მიმართვისას უკვე გაშვებული იყო სამკვიდროს მიღების ვადა, სასამართლოს კი ხანდაზმულობის შესახებ არ უმსჯელია.
კასატორს ასევე უკანონოდ მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას, ზ. და ლ. კ-ძეებს თანაბარწილად ეკუთვნით ნ. ბ-ვის სამკვიდრო, რადგან იგი იმყოფებოდა ნ. ბ-ვთან რეგისტრირებულ ქორწინებაში და იმ დროს მოქმედი საქორწინო საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლის საფუძველზე კი, მათი ქონება იყოფა თანაბრად.
აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით, სასამართლოს მისთვის უნდა მიეკუთვნებინა ნ. ბ-ვის საკუთრებაში არსებული ქონებიდან (მთლიანი ბინის 1/2-დან) ჯერ 1\2, ხოლო დარჩენილი 1\2-დან (ანუ მთლიანი ბინის 1\4-დან) კიდევ მესამედი – ზ. და ლ. კ-ძეების წილის გათვალისწინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ გორში, ... ¹114-ში მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ბ-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1990წ. 19 აპრილს. მას ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შ., ნ. და ზ. ბ-ურები. შ. და ნ. ბ-ურები ცხოვრობდნენ დედასთან ერთად მის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს. 1994წ. 30 დეკემბერს გარდაიცვალა ნ. ბ-ური, რომელსაც დარჩა ასევე სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილები პირველი ქორწინებიდან – ზ. და ლ. კ-ძეები და მეუღლე ი. კ-ძე. ი. კ-ძემ, როგორც თანმყოფმა მემკვიდრემ, სამკვიდრო სახლის ფაქტობრივი ფლობით, მიიღო მემკვიდრეობა მეუღლის კუთვნილი 1/2 წილიდან სახლის 1/6, ხოლო ზ. და ლ. კ-ძეებმა მიიღეს ამ 1\2 წილიდან 1/6-1/6, რადგან დადგენილ 6-თვიან ვადაში მიმართეს სანოტარო ბიუროს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხავენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი. კ-ძის მოსაზრებას, რომ ნ. ბ-ურის შვილების _ ზ. და ლ. კ-ძეების მიერ გაშვებულია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა. საქმის მასალებით, მხარეების, აგრეთვე, ნოტარიუს ლ. გ-შვილისა და თვით ი. კ-ძის განმარტებით, ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა განცხადებებით ნოტარიუსს მიმართეს 1995წ. 12 მაისს ანუ მამკვიდრებლის (მხედველობაშია ნ. ბ-ური,რომელიც გარდაიცვალა 1994წ. 30 დეკემბერს), გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. ვინაიდან მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სადავო ბინაზე და შესაძლებელი იყო მათ შორის მორიგება, ნოტარიუსმა, მათივე თხოვნით განცხადებებს მსვლელობა არ მისცა. ნოტარიუსთან განცხადებების 1995წ. 12 მაისს წარდგენის ფაქტი დადასტურებულია როგორც სანოტარო მოქმედებათა ჟურნალის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ვიზუალური დათვალიერებით და თვით ნოტარიუს ლ. გ-შვილის განმარტებით, ასევე‚ თვით ი. კ-ძის განმარტებითაც, რასაც არ უარყოფს არც საკასაციო საჩივარში.
ამდენად, დადგენილი და დადასტურებულია, რომ ზ. და ლ. კ-ძეებმა კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში გამოხატეს ნება ნ. ბ-ურის სამკვიდროს მიღებაზე და დააფიქსირეს ნოტარიუსთან განცხადებების წარდგენის გზით, რასაც თვით მოდავე მხარეთა თხოვნით არ მიეცა მსვლელობა, ხოლო განმეორებით მათ ნოტარიუსს ანალოგიური განცხადებით მიმართეს 1995წ. 4 ივლისს. სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა შეფასებული და იურიდიულად დასაბუთებული ის გარემოება, რომ ლ. კ-ძის მიერ გამოხატული ნება სამკვიდროს მიღებაზე მოწონებულ იქნა მისი კანონიერი წარმომადგენლის (დედის) – ნ. კ-ძის მიერ, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მან ეს ნება სარწმუნოდ დაადასტურა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ი. კ-ძემ თავდაპირველად ზ. და ლ. კ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღიარებდა, რომ მასთან ერთად ნ. ბ-ურის მემკვიდრეები იყვნენ მოსარჩელეები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი. კ-ძის მოსაზრებას, რომ ნ. ბ-ურის ქონება წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. დადგენილია, რომ სადავო ქონება ნ. ბ-ურს მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობით დაქორწინებამდე. იმ დროს მოქმედი საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსის 21-23-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1161-ე მუხლების თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თუნდაც ქორწინების განმავლობაშია მიღებული მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზ. და ლ. ბ-ურებს არ მოუთხოვიათ მამის _ ნ. ბ-ურის სამკვიდრო ქონება, ისინი მოითხოვდნენ ბებიის დანატოვარ ქონებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. და ლ. კ-ძეები თავიანთი სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ სადავო სახლის გაყოფას მ. ბ-შვილის სამ პირველი რიგის მემკვიდრეზე, ხოლო ამის შემდგომ ნ. ბ-შვილის წილის გაყოფას სამ პირველი რიგის მემკვიდრეზე. ამდენად, მოსარჩელეებს მოთხოვნა განსაზღვრული ჰქონდათ და სასამართლო არ გაცდენია მათი მოთხოვნის ფარგლებს, შესაბამისად, სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზეც, რადგან, სსკ-ის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამკვიდროს გახსნის დროისათვის (1990 წ. 30 დეკემბერი) მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები (მათ შორის _ შვილობილები), მეუღლე და მშობლები (მშვილებლები). ამდენად, ი. კობერიძე, ზ. და ლ. ბ-ურები წარმოადგენენ გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს და სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ისინი თანასწორი წილის უფლებით ნ. ბ-ურის მემკვიდრეებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასაართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.