გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.03.2006
საქმის ნომერი
ას-1066-1308-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1066-1308-05 28 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 10 ივნისს მოსარჩელე ვ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ნ. ფ-ვას მიმართ და სკ-ის 170-ე, 172-ე, 559-ე მუხლის მესამე და 562-ე მუხლის მეორე ნაწილების თანახმად, მოითხოვა მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, შეადგენს ორ ოთახს და დამხმარე ფართს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 30 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ... მდებარე სახლის 21/1545. აღნიშნულ ფართში მდგმურის უფლებით ცხოვრობენ მოპასუხე ნ. ფ-ვა, თ. ფ-ვა და ი. ს-რი. მოსარჩელის განმარტებით, ბინა სჭირდება საცხოვრებლად, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, ნ. ფ-ვა არ ათავისუფლებს მის კუთვნილ და არც ბინის ქირას იხდის.

მოპასუხე ნ. ფ-ვამ სარჩელი არ ცნო, სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით ვ. მ-ძისა და გ. მ-იანის წინააღმდეგ და მოითხოვა 2002წ. 30 დეკემბერს, მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, სადავო ბინის რემონტისა და ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების კერძოდ, 1400 აშშ დოლარის და 400 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გ. მ-იანი მოქმედებდა როგორც ნასყიდობის საგნის მესაკუთრე გ. ბ-იანის მინდობილობით აღჭურვილი პირი. გ. ბ-იანი გარდაიცვალა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე თორმეტი დღით ადრე, რაც სკ-ის 109-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. ნ. ფ-ვას განმარტებით, სადავო ბინაში ცხოვრების პერიოდში მის მიერ არაერთგზის ჩატარებულ იქნა მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომელთა ღირებულებაა 1400 აშშ დოლარი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ფ-ვას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ვამ.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ფ-ვას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ადვოკატისა და ბინის რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 21/1545 გაასხვისა გ. მ-იანმა მესაკუთრე გ. ბ-იანის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. სასამართლომ ასევე დადასტურებულად ჩათვალა, რომ გ. ბ-იანი გარდაიცვალა 2002წ. 18 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სკ-ის 109-ე მუხლიდან გამომდინარე, გ. მ-იანს უფლებამოსილება სადავო ბინაზე გაქარწყლებული ჰქონდა უფლებამოსილი პირის გ. ბ-იანის გარდაცვალების გამო. ამდენად, სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2002წ. 30 დეკემბერს ვ. მ-ძესა და გ. მ-იანს შორის დადებული გარიგება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ. მ-ძე ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან სკ-ის 312-ე მუხლი ითვალისწინებს არა მინდობილობის, არამედ მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ამდენად, ვ.მ-ძე მოქმედებდა რა თავისი რისკით, უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და შეემოწმებინა მინდობილობის გამცემი პირის ნების ნამდვილობა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ნ. ფ-ვას განმარტება და დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ფ-ვამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები სადავო ბინის რემონტისა და სასამართლო ხარჯების გაღების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა განმარტა, რომ 2002წ. 30 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ... მდებარე ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო გ. ბ-იანის სახელზე მან სრულად გადაიხადა ბინის საფასური. კასატორმა ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრაციაში გაატარა საჯარო რეესტრში და სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხა თავის სახელზე. ვინაიდან იმ დროისთვის ბინაში ცხოვრობდნენ მდგმურები, ნ. ფ-ვა, თ.ფ-ვა და ი. ს-რი, იგი დათანხმდა გ. მ-იანის თხოვნას და რამოდენიმე თვით დატოვა ისინი საკუთარ ბინაში. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემდგომში, როდესაც ბინა თვითონ დასჭირდა საცხოვრებლად, მოთხოვა ნ. ფ-ვას ბინის დაცლა, თუმცა უარი მიიღო. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მესაკუთრე გ. ბ-იანის გარდაცვალების შესახებ შეიტყო სასამართლო განხილვის დროს, მისი განმარტებით, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს გ. მ-იანიც, რომელიც არ უარყოფს, რომ დაუმალა ბ-იანის გარდაცვალების ფაქტი.

სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ვამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი შეგებებული სარჩელის უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს 2002წ. 31 დეკემბრიდან, 2003წ. იანვარში მოპასუხე გ. მ-იანმა შესთავაზა ბინის ყიდვა და დართო ნება ჩაეტარებინა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები იმ პირობით, რომ ბინის მიყიდვის შემდეგ გაქვითავდა გაწეულ ხარჯებს, რომლებიც შეადგენს 1400 აშშ დოლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. მ-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 30 დეკემბერს ვ. მ-ძესა და გ. მ-იანს შორის დადებული გარიგება ბათილად ცნო აპელანტ ნ. ფ-ვას მოთხოვნით.

სსკ-ის 180-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგნისადმი, რაც უნდა დასაბუთდეს და აისახოს სარჩელში.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ფ-ვა აღიარებითი სარჩელით ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მისი იურიდიული ინტერესი, კერძოდ, გაურკვეველია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი მოჰყვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ვ. მ-ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობის საკითხშიც დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ვ.მ-ძე მოქმედებდა რა თავისი რისკით, უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და შეემოწმებინა მინდობილობის გამცემი პირის ნების ნამდვილობა. სასამართლოს ეს დასკვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რომელი კანონი უწესებს პირს ასეთ ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სრულყოფილად არ გამოკვლეულა ვ. მ-ძის კეთილსინდისიერების საკითხი სადავო ნივთის შეძენასთან მიმართებაში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აპელანტმა ნ.ფ-ვამ ვერ წარმოადგინა მის მიერ სადავო ბინის გარემონტებისა და მასზე გაწეული სხვა ხარჯების ამსახველი მტკიცებულებანი. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნ.ფ-ვამ სარჩელი დაამყარა გარემოებებზე, რომელთა მტკიცებულებად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დამოწმებულია გ. მ-იანის ხელმოწერით. სასამართლომ არ იმსჯელა რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. მ-ძისა და ნ. ფ-ვას საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.