გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1076-1328-05 9 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: განქორწინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ა-ვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ. პ-ვას მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხესთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება 1998 წლიდან, ხოლო ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2001 წელს. ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ ერთი შვილი - 1999 წელს დაბადებული ტ. ა-ვი. ოჯახური კონფლიქტებისა და უსიამოვნებების ნიადაგზე მოსარჩელემ შეუძლებლად ჩათვალა ოჯახის შენარჩუნება და მოითხოვა განქორწინება.
ბ. პ-ვამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად ალიმენტის დაკისრება 50 ლარის ოდენობით, ხოლო მის სრულ გამოჯანმრთელებამდე სარჩოს - 115 ლარის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 სექტემბრის დროებითი განკარგულებით ზ. ა-ვს შვილის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. პ-ვამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტისას სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რომ მეუღლეთა შორის იყო კონფლიქტი, რაც ცუდ გავლენას ახდენდა ბავშვის აღზრდაზე; ოჯახი ფაქტობრივად დანგრეული იყო, მოპასუხე 2001 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. პ-ვამ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომრლიც ადასტურებს მის შრომისუუნარობას.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1998 წლიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში _ 2001წ. 13 ივლისიდან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ ერთი შვილი - 1999წ. 18 ნოემბერს დაბადებული ტ. ა-ვი.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომელიც ადასტურებს მის შრომისუუნარობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლი, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახამად, მეუღლეები მოვალე არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ანდა სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სარჩოს მიღების უფლება აქვს ასევე შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქმეში წარმოდგენილია სოციალური უზრუნველყოფის ფილიალის ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პ-ვა ბ. კ-ი მე-2 ჯგუფის ინვალიდია. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ მე-2 ჯგუფის ინვალიდობა არ ნიშნავს, რომ პირი შრომისუუნაროა და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას.
არსებობს ინვალიდობის სხვადასხვა ჯგუფი. ინვალიდობა არის შრომისუნარიანობის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის. ამდენად, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული შრომისუნარიანობის ცნებაში იგულისხმება პირის ისეთი მდგომარეობა, რომლის არსებობისას იგი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს შრომისუნარიანობას (ინვალიდობა).
სადავო ურთიერთობის ამ ნორმით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს კიდევ ერთი პირობა, რომელიც განსაზღვრავს კასატორის მატერიალურ მდგომარეობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილია ცნობები, რომლებშიც მითითებულია კასატორის უმუშევრობისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მითითებული ცნობები ადასტურებენ ფაქტს იმის შესახებ, რომ კასატორი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ გამოიტანოს ახალი
გადაწყვეტილება, რადგან საჭიროა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად, თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ცნობები, კერძოდ, მიუთითებენ თუ არა აღნიშნული ცნობები იმაზე, რომ პ-ვა ბ. კ-ი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას.
თუ სასამართლო დაასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, მაშინ სარჩოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1185-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. პ-ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.