დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.07.2006
საქმის ნომერი
ას-1115-1361-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1115-1361-05 7 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანამესაკუთრედ ცნობა და წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ჯ-შვილ-ხ-ვამ და ი. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... ¹101-ში მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და რეალური წილის გამოყოფა.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სადავო ბინა პრივატიზებული და რეგისტრირებულია ნ. ჯ-შვილის სახელზე, პრივტიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყვნენ მოსარჩელეები, თითოეულს ეკუთვნოდა 1/3; ნ. ჯ-შვილი გარდაიცვალა 2003 წელს; ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილს, ნ. ჯ-შვილის გარდაცვალებამდე, სასამართლომ გამოუყო ბინის ნაწილი, მათ სადავო ბინიდან, როგორც თანამესაკუთრეებს, ეკუთვნით წილი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-შვილ-ხ-ვასა და ი. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს: ქ. ჯ-შვილ-ხ-ვასა და ი. ჯ-შვილს უარი ეთქვათ ქ.თბილისში, ... ¹1 კორპუსის ბინა ¹101-ის 1/4¼-1/4-ების თანამესაკუთრედ მათ სახელზე აღრიცხვის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის 1/4 -ის მესაკუთრეა მოპასუხე ხ.ჩ-ძე-ჯ-შვილი, ხოლო 3/4¾ ნაწილი, როგორც აწ გარდაცვლილი ნ.ჯ-შვილის საკუთრება, შესულია სამკვიდრო მასაში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ქ. ჯ-შვილ-ხ-ვამ და ი. ჯ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა _ ი. ჯ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ¹1 კორპუსის, ბინა ¹101-ის ¼1/4-ის მესაკუთრედ. ქ. ჯ-შვილ-ხ-ვა ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ¹1 კორპუსის ბინა ¹101-ის ¼1/4-ის მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება რეესტრის ჩანაწერებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ჯ-შვილ-ხ-ვა და ი. ჯ-შვილი არიან გარდაცვლილი ნ. ჯ-შვილის ოჯახის წევრები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით სადავო ბინა უსასყიდლოდ გადაეცა ოჯახის ყველა წევრს საკუთრებაში. სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა ნ. ჯ-შვილის სახელზე რიცხული 3/4-დან თითოეულის 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ და დაადგინა, რომ 1998წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ხ. ჩ-ძემ ¼1/4-ზე საკუთრება სადავო ბინიდან მიიღო პრივატიზების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადავო ბინაში ჩაწერილი 4 პირის გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ 1998წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანისას ი. და ქ. ჯ-შვილები არ იყვნენ სადავო ბინის ნაწილის მესაკუთრეები კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 266-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან, მისი განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები, რომლითაც დასტურდება სასარჩელო განცხადების უსაფუძვლობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს‚ მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამასთან ერთად‚ კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მხოლოდ საჯარო რეესტრში 1/4-1/4-ის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციას და არა მესაკუთრედ ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1995წ. 17 ივნისს ქ.თბილისში, .., ბინა ¹101-ში, პრივატიზების დროს ჩაწერილები იყვნენ ი. ჯ-შვილი, ნ. ჯ-შვილი და ქ. ჯ-შვილი, რომლებიც იყვნენ ოჯახის წევრები. საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე მოიპოვა ნ. ჯავაშვილმა. 1998წ. 30 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/4-ის მესაკუთრედ, მისი წილის რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრში. ნ. ჯ-შვილი გარდაიცვალა 2003 წელს.

საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. განსახილველი ნორმის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილიგირებულ მდგომარეობაში.

განსახილველი ნორმატიული აქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან მისი ოჯახის წევრები გამოთქვამენ ნებას, თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის მიზნით, საკუთრებაში მიიღონ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში.

აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1983წ. 4 ივნისის «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი” (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, კერძოდ, «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” მე-60 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს _ საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციისა და დამქირავებელს _ მოქალაქეს შორის‚ რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია‚ ასევე‚ იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე აბზაცის მე-2 წინადადების თანახმად, ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით განისაზღვრა უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” თანახმად‚ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი, რაც გააჩნიათ‚ ასევე‚ დანარჩენ ოჯახის წევრებს. ამასთან ერთად‚ გასათვალისწინებელია, რომ სარგებლობის უფლება‚ ერთ შემთხვევაში, წარმოიშობა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში და მათ გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი. ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ვრცელდება დამქირავებელთა ერთად მცხოვრები ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე, საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება. აღნიშნული დებულება დაცულია‚ ასევე დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცით, რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ნ. ჯ-შვილზე, არ ნიშნავს იმას, რომ მასთან მცხოვრები ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საკუთრების უფლების მოპოვებაზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრივატიზაციის განხორციელებაზე ყველა ოჯახის წევრის ნების არსებობა (რაც დავის საგანს არ წარმოადგენს) გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ყველა ოჯახის წევრის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთ დამქირავებელზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთრების ინსტიტუტი განვმარტოთ მხოლოდ უძრავი ნივთების შეძენის იურიდიული დეფინიციის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში მას გააჩნია სოციალური დანიშნულება, რაც პოზიტიურ-სამართლებრივი სახით ვლინდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველ აბზაცში, ანუ საქართველოს მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის, დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნის მიღწევაში.

ამრიგად, მხოლოდ ერთ-ერთი დამქირავებლის სახელზე (სხვა ოჯახის წევრების არსებობის შემთხვევაში) პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაციის ფაქტი არ ნიშნავს მხოლოდ მასზე საკუთრების უფლების გასხვისებას. ამ შემთხვევაში საკუთრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნები ვრცელდება ყველა დამქირავებელზე, ანუ ის დამქირავებელი, რომლის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება‚ ვერ გამოიყენებს ამ საკუთრების უფლებას დანარჩენ ოჯახის წევრებთან მიმართებაში ისე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკუთრების უფლება გასხვისებული იქნებოდა მხოლოდ მასზე.

ამრიგად, საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებით დანარჩენი ოჯახის წევრებს წარმოეშობათ უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ (შესაბამის წილის გათვალისწინებით) საკუთრების უფლება. (აღნიშნული საკითხი ასევე დარეგულირებული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის ¹ 1 დადგენილების მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებამ გააუქმა ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვს ბინის პრივატიზაციის დროისათვის).

საჯარო რეესტრის ცნების განმარტებისათვის აუცილებელია‚ სწორად შეფასდეს საჯარო რეესტრის დანიშნულება და ფუნქცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ინსტიტუტი და აქედან გამომდინარე რა მნიშვნელობა ენიჭება რეესტრის რეგისტრაციის ფაქტს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოდ საჯარო რეესტრის დანიშნულებაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფას, დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი _ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიან უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელ მესაკუთრის, ასევე ახალ შემძენის უფლებებს.

ამრიგად, ნ. ჯ-შვილის მიერ აღნიშნული ფართის პრივატიზაციის შედეგად თავის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ გამორიცხავს დანარჩენ ოჯახის წევრების სასარგებლოდ ამ უფლების შეძენის ფაქტს, რადგან ამ უფლების რეგისტრაციით (ანუ შეძენის ინსტიტუტით გათვალისწინებული წესების რეალიზაციით) მან უზრუნველყო საკუთრების უფლება, რაც მან მოიპოვა ყველა ოჯახის წევრების სასარგებლოდ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 266-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან, მისი განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები, რომლითაც დასტურდება სასარჩელო განცხადების უსაფუძვლობა.

სსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 წინადადება არეგულირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგებს, რომლის თანახმად‚ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

დადგენილ ფაქტებში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ის კონკრეტული გარემოებები, რომლებსაც იურიდიული ნორმა უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში იგულისხმება სამართლის ნორმის საფუძველზე პირთა შორის ინდივიდუალურ-საზოგადოებრივი კავშირი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მათი უფლება-ვალდებულებების არსებობა‚ ანუ განსახილველი ნორმით გათვალისწინებულია ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლითაც დგინდება ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები და არა სასამართლოს მიერ ნორმის სამართლებრივი შეფასებები.

ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დადგენილი იყო საკასაციო სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით ეხებოდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორების საქმის განხილვაში მხარედ მონაწილეობის უფლების არსებობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხ. ჩ-ძესა და ნ. ჯ-შვილის შორის წარმოშობილი დავა ეხებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფას.

ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორები არ იყვნენ სადავო ბინის მესაკუთრეები (იგულისხმება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი), რაც გახდა მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, არ ნიშნავს რომ მათ არ გააჩნიათ უფლება მოითხოვონ მესაკუთრედ ცნობა (იგულისხმება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი). ამასთან ერთად‚ სასამართლო ამავე განჩინებით ადგენს, რომ ხ. ჩ-ძე ბინის პრივატიზაციამდე ნ. ჯ-შვილის ოჯახის წევრი იყო, ამასთან ერთად სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მას აძლევდა ¼-ის საკუთრების მოთხოვნის უფლებას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ჯავაშვილის გარდაცვალების შემდეგ ბინის ნაწილი შევიდა სამკვიდრო მასაში არ ართმევს პრივატიზაციამდე მცხოვრებ ოჯახის წევრებს უფლებას მოითხოვონ მათი ამ ქონებაზე საკუთრების ცნობა (გათვალისწინებული წილების შესაბამისად) და ამით განსაზღვრონ სამკვიდრო ქონება. დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება აღრიცხულია აწ გარდაცვლილი ნ. ჯ-შვილის სახელზე. სამკვიდრო მასა, ანუ სამკვიდრო ქონება, არის მამკვიდრებლის სამკვიდრო აქტივი და პასივი, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი). დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილი ნ. ჯ-შვილის სახელზე. ამდენად, დავის საგანს ზუსტად ის გარემოება წარმოადგენს, რომ სამკვიდრო მასაში შევიდა ქონების ის ნაწილი, რომელზედაც პრეტენზია გააჩნიათ მოსარჩელეებს.

ამდენად, სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი შემადგენლობა არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამასთან ერთად კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მხოლოდ საჯარო რეესტრში 1/4-1/4-ის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციას და არა მესაკუთრედ ცნობას.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის აღნიშნული მოსაზრება. დავის საგანს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა თანასაკუთრების ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნ. ჯავაშვილის მიერ აღნიშნული ფართის პრივატიზაციით მოსარჩელეებზე გავრცელდა საკუთრების უფლება (თანასაკუთრების ინსტიტუტი) და მათ აქვთ უფლება მოითხოვონ საკუთრების შეძენის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი) ინსტიტუტთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება. ამრიგად, საჯარო რეესტრში მათი უფლების რეგისტრაცია ნიშნავს თავიანთი უფლების (საკუთრების) უზრუნველყოფას საჯარო რეესტრის ინსტიტუტით. აღნიშნული საკითხის თავისებურების გათვალისწინებით საკუთრების უფლების წარმოშობა არ შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ინსტიტუტს. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია (და რაც წარმოადგენს დავის საგანს), რომ მოსარჩელეებმა მოიპოვეს თავისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც განისაზღვრება მოსარჩელეების მოთხოვნა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის შესახებ, ანუ იმ უფლების, რაც წარმოადგენდა დავის საგანს _ თანამესაკუთრედ ცნობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატა იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ჩ-ძე-ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.