გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1170-1415-05 2 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. თ-ია მუშაობდა შპს «ბ. ნ-ის» ცენტრალური საწყობის გამგედ. შპს «ბ. ნ-ის» საინვენტარიზაცო კომისიის მიერ 2004წ. 22 ნოემბრის შუალედური აქტით ნავსადგურის ცენტრალურ მატერიალურ საწყობში აღმოჩენილი იქნა საპოხი მასალა „ლიტოლ-94“ დანაკლისი 825 კილოგრამის ოდენობით რომლის ღირებულებამ შეადგინა 4950 ლარი. ამის გამო შპს «ბ. ნ-ის» დირექტორის 2004წ. 21 დეკემბრის ბრძანებით შ. თ-ია‚ როგორც საწყობზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი‚ განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტით 2004წ. 21 დეკემბრიდან.
შ. თ-იამ 2005წ. 15 აპრილს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს «ბ. ნ-ის» მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდური თანხის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ სამუშაოდან მისი დათხოვნის ბრძანება უკანონოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შ. თ-იას მოთხოვნა; შ. თ-იას მიერ გაშვებული ხანდაზმულობის ვადა ჩაითვალა საპატიოდ და იგი აღდგენილ იქნა შპს «ბ. ნ-ის» ცენტრალური საწყობის გამგედ. შპს «ბ. ნ-ს» დაეკისრა შ. თ-იასთვის გათავისუფლებიდან მის სრულ აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასი ანაზღაურება საწყობის გამგისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ. ნ-ის» დირექტორმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ბ. ნ-ის“ სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ შ. თ-იამ აღმოაჩნია რა საწყობში საქონლის დანაკლისი‚ შეატყობინა ამის შესახებ საწარმოს ადმინისტრაციას და მომწოდებელ ფირმა შპს „ნტნ-ს“, რომელმაც თ-იას მოთხოვნის საფუძველზე აანაზღაურა 825 კგ. საპოხი მასალის დანაკლისით მიყენებული ზიანი 4950 ლარი. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის „თ“ პუნქტით შ.თ-იას სამუშაოდან გათავისუფლების იურიდიული საფუძველი _ ნდობის დაკარგვა _ აღარ არსებობდა და მისი ქმედება ჩათვალა მარტივ გაუფრთხილებლობად. ასევე‚ სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. თ-იამ საპატიო მიზეზით გაუშვა ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ.თ-ია ავადმყოფობდა 2004წ. 15 დეკემბრიდან 2005წ. მაისის ბოლომდე; აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო თ-იას დაავადება იმ ხარისხის და ხასიათის, რომ მას შეეძლო წარედგინა სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობის ვადაში და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები.
შ. თ-იამ 2005წ. 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2005წ. 1 აგვისტოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. თ-იას განცხადება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება შპს «ბ. ნ-ის» ცენტრალური საწყობის გამგის თანამდებობაზე შ.თ-იას აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა. შ.თ-იას უარი ეთქვა განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ შ.თ-იას განცხადება დააკმაყოფილა შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის და სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ. ნ-მა“ და მოითხოვა 2005წ. 22 აგვისტოს განჩინების გაუქმება შ. თ-იას სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ბ. ნ-ის» კერძო საჩივარი და იგი გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ნ-ის» დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ.თ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, შ. თ-იას არასწორად აღუდგინა სარჩელის სასამართლოში წარდგენის გაშვებული ვადა‚ ასევე‚ არასწორად შეაფასა შ.თ-იას, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქმედება და პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისადმი, შ. თ-იამ‚ მიუხედავად იმისა რომ იცოდა მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, მაინც აღრიცხა იგი 4000 კილოგრამად, რაც უკვე თავისთავად აძლევდა ნავსადგურის ადმინისტრაციას მისადმი ნდობის დაკარგვის და შესაბამისად სამუშაოდან დათხოვნის საფუძველს, ამით სააპელაციო პალატამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 121-ე, 135-ე, 34-ე მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის და კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დათხოვნის საქმეთა გამო მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბრძანების ჩაბარების დღეს უნდა გაუთანაბრდეს ის დღე, როდესაც მუშაკმა უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე და აღნიშნულ ფაქტს სადავოდ არ ხდის არც ერთი მხარე. იმავე მუხლის მესამე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ თუ ამ მუხლით დადგენილი ვადები გასულია და მოსარჩელეს აქვს საპატიო მიზეზები, ისინი შეიძლება აღდგენილ იქნეს შესაბამისად შრომითი დავის კომისიის და სასამართლოს მიერ.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შ. თ-იას მოპასუხე ორგანიზაციის 2004წ. 21 დეკემბრის ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე საცხოვრებელ ბინაზე წარუდგინა ჩასაბარებლად შპს «ბ. ნ-ის» კურიერმა 2004წ. 22 დეკემბერს, რასაც ადასტურებს თვით შ. თ-იაც, რომელიც გაეცნო ბრძანებას და არ ჩაიბარა იგი; აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი.
საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შ. თ-ია სამედიცინო ფურცელზე იმყოფებოდა 2004წ. 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ასევე შ. თ-იას განთავისუფლებაზე თანხმობა განაცხადა ბ. ნ-ის პროფესიულმა კავშირმა.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შ. თ-ია ავადმყოფობდა 2004წ. 15 დეკემბრიდან 2005წ. მაისის ბოლომდე და ამის გამო მას სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ხანაზმულობის ვადის გაშვება საპატიოდ ჩაუთვალა. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცასაქმეში წარმოდგენილი ავადმყოფობის სამედიცინო ბარათი ¹105-ს, რომლითაც ირკვევა, რომ 2004წ. 31 დეკემბრიდან 2005წ. 2 თებერვლამდე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი არ არის გაკეთებული, ხოლო მოსარჩელის ავადმყოფობის დიაგნოზი საშუალო სიმძიმის შაქრიანი დიაბეტია.
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის შედგენილი ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. სასამართლომ არ გამოარკვია‚ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით ჰქონდა თუ არა მოსარჩელე შ. თ-იას შესაძლებლობა‚ კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში წარედგინა სარჩელი სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივარი, ვინაიდან სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით სასამართლოს შეუძლია‚ მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შ. თ-იას მოთხოვნა; შ. თ-იას მიერ გაშვებული ხანდაზმულობის ვადა ჩაითვალა საპატიოდ და იგი აღდგენილ იქნა შპს «ბ. ნ-ის» ცენტრალური საწყობის გამგედ. შპს «ბ. ნ-ს» დაეკისრა შ. თ-იას აუნაზღაუროს გათავისუფლებიდან მის სრულ აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასი საწყობის გამგისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით; ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შ.თ-იას განცხადება _ ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. ამდენად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს «ბ. ნ-ის» დირექტორის საკასაციო საჩივარი.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
არ დაკმაყოფილდეს შპს «ბ. ნ-ის» კერძო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.